კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: გარუჯვის შემდეგ ძალიან ხშირად იწყებს კანი აქერცვლას. არსებობს თუ არა ამისგან თავის დაცვის რაიმე საშუალება?
პასუხი: ეს რომ არ მოხდეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეცადოთ, რომ გაირუჯოთ სწორად, ანუ არ დაიწვათ. შემდეგი პრევენცია კი ის არის, რომ დროებით დაივიწყეთ ნებისმიერი სკრაბისა და საბანაო ღრუბლის („მაჩალკის“) გამოყენება; ბანაობისას საპონი წაისვით ხელით, წყლის გადავლების შემდეგ კი მთელ სხეულზე გადაისვით დამატენიანებელი კრემი. ოღონდ, პლაჟიდან შინ დაბრუნებისთანავე საპნის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასეთ დროს მხოლოდ წყლის გადავლებაც საკმარისია. არც ლოსიონით გაიწმინდოთ კანი – საპონი და ლოსიონი არღვევს კანის დამცავ ფენას.
კითხვა: გამიგია, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს კარგად გარუჯვას. თუ შეიძლება, მითხარით, რომელია ეს პროდუქტები და რა ფუნქცია ეკისრება მათ გარუჯვისას?
პასუხი: გარუჯვისთვის ორგანიზმის „შიგნიდან“ მზადება ხდება ორნაირად: ვიტამინებითა და საკვებით. შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ თევზის ქონის შემცველი ვიტამინი A, ოღონდ, მკაცრად უნდა დაიცვათ მისი მიღების დოზები. ასევე კარგია E და C ვიტამინების მიღება, რომლებიც იცავს კანს ფოტოდაბერებისგან, სელენი კი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც მზისგან დამცავ კრემებთან კომპლექსში შეუძლია, გაანეიტრალოს გამოსხივების მავნე ზემოქმედება. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ეს ვიტამინები უნდა მიიღოთ არა მხოლოდ შვებულებაში გასვლის წინ, არამედ, მთელი შვებულების განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც (დაახლოებით 1 თვე) – ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი ნამზეური დიდხანს გამოიყურებოდეს ლამაზად. რაც შეეხება საკვებს, თქვენს სადილ-ვახშამს ყოველდღე დაუმატეთ ცოცხალი გახეხილი სტაფილო, შეზავებული 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით – ცნობისთვის, ბეტა-კაროტინს აქვს ორგანიზმში დაგროვების უნარი და ის არა მარტო დაიცავს კანს სახიფათო თავისუფალი რადიკალებისგან, არამედ, ხელს შეუწყობს მელანინის გამომუშავებას და ასე დაეხმარება კანს თანაბარი და ლამაზი ფერის ნამზეურის მიღებასა და დიდხანს შენარჩუნებაში.