მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-32(763)
გენერალმა წითელი ტელეფონის ყურმილი აიღო. შავ ღილაკს თითი დააჭირა და თქვა:
– სვერდლოვსკთან შემაერთეთ. ლენინის რაიონის სამძებროს უფროსს ოლეგ მასლოვს დამალაპარაკეთ.
ორიოდე წუთის შემდეგ ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა:
– პოდპოლკოვნიკი მასლოვი გისმენთ.
– კბილა, როგორ ხარ? – თქვა გენერალმა და გაჩუმდა.
– რომელი ხარ? – იკითხა მასლოვმა.
– გენერალი პოპოვი. ვერ მიცანი, ხომ?
– ვასილ ანდრეევიჩ, ძვირფასო... როგორ ხარ? საიდან სადაო, – ისე გაუხარდა პოპოვის ხმის გაგონება მასლოვს, რომ ლამის ყურმილში გამოძვრა.
– რა მიჭირს. შენ როგორ ხარ?
– ძველებურად.
– მეც ძველებურად, – მიუგო გენერალმა და ჰკითხა, – ისევ ისეთი რისკიანი და დაუდეგარი ხარ?
– აბა, როგორ?! სხვაგვარად ჩვენს საქმეში არაფერი გამოგივა. თქვენ რას შვრებით?
– პენსიაზე ვარ, ძვირფასო. მაგრამ გული ისევ ახალგაზრდული მაქვს.
– ეჭვიც არ მეპარება ამაში. სხვა? სხვა რა ხდება?
გენერალმა ხმა დაიდინჯა და მასლოვს უთხრა:
– ოლეგ, ძვირფასო, ლუდაჩკას გარდაცვალების ამბავი ახლახან გავიგე და მთელი არსებით ვიზიარებ შენს მწუხარებას. დიდებული გოგო იყო და ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
– გმადლობთ, ვასილ ანდრეევიჩ, – გაიხარეთ.
– ოლეგ, რა მშვენიერი ქალიშვილი გყოლია. ჩამოსხმული ლუდაჩკაა, ნამდვილი დედოფალია. ისეთი, რომ ავ თვალს არ დაენახვება.
– გალიაზე მეუბნები? – შეცბა პოდპოლკოვნიკი.
– ჰო. გალიჩკაზე, შენს ულამაზეს ქალიშვილზე.
– კი მაგრამ, საიდან იცნობ?
– წუხელ გავიცანი. თხუთმეტი წუთის წინ კი აეროპორტიდან გამოვაცილე. სვერდლოვსკში მოფრინავს და დახვდი. პირველის ნახევარზე ჩამოფრინდება.
– მოიცა, მოიცა, საიდან გამოაცილე?
– ადლერიდან.
– ადლერიდან, კი მაგრამ, ყამირზე არ გაემგზავრა?
– მოგატყუა. ასე მითხრა – მარტოობაში საკუთარი გამოცდა და ზღვაზე დასვენება მინდოდაო, – უთხრა პოპოვმა მასლოვს. შემდეგ კი, ყველაფერი დაწვრილებით უამბო, – კბილა, ლუდაჩკას ხსოვნას გაფიცებ და თუ ოდნავ პატივს მცემ, გოგონას ცუდად არ მოექცე. მან უკვე მიიღო გაკვეთილი. პირობაც დამიდო და დარწმუნებული ვარ, რომ შეასრულებს.
– უყურე ამ ძაღლიშვილს! ეს როგორ გაბედა?! – გაბრაზდა მასლოვი.
– კარგი, ნუ ცხარობ. დაელაპარაკე, მაგრამ ნუ დასჯი, – უთხრა გენერალმა, – მოკლედ, პირველის ნახევარზე აეროპორტში იყავი.
– კარგი. არ დავსჯი. აეროპორტში კი მე ვერ დავხვდები და ვინმეს გავგზავნი. წუთი წუთზე ოპერაციაზე გავდივარ. ინფორმაციას ველოდები.
– რა ხდება, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა.
– შენთან დასამალი რა მაქვს, – თქვა მასლოვმა, – ამას წინათ, მოსკოვში რომ ინკასაცია გასწიეს და ნახევარი მილიონი გაიტაცეს, ალბათ, გაიგებდი.
მასლოვის სიტყვებზე პოპოვს გული აუჩქარდა, მაგრამ თავი მოთოკა და მიუგო:
– ჰო. მოვკარი ყური.
– მოკლედ, ხუთმა მძარცველმა ინკასაცია გასწია მოსკოვში და ნახევარი მილიონი გაიტაცა. ოთხი მათ შორის ციხიდან გაქცეული ძებნილი იყო. სამი მძარცველი საქმის დროს დაიღუპა, ორმა კი ფულთან ერთად მოასწრო გაქცევა.
– გაქცეულების კვალს დააჯექით?
– მთლად გაქცეულების – არა. ისინი ერთ ქირუგთან იყვნენ ჩაყუჩებულები. შემდეგ, როგორც გაირკვა, იმ ქირურგმა მათი ფული გაიტაცა და გაიქცა. ჩვენმა ინფორმატორმა გაშიფრა ის და ქირურგის კვალს მივდევთ. ოპერაციას მოსკოვის ცენტრალური აპარატი ატარებს. საქმეში, ჩვენ გარდა, ქართველები და სხვათა შორის, შენები, ლენინგრადელებიც არიან.
– ამდენი ხალხი რა საჭიროა. ვერაფერს ვხვდები.
– აგიხსნი, – მიუგო მასლოვმა, – ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, მძარცველებიც კუდზე ასხდნენ იმ ქირურგს და თუ ასეა, მაშინ ყველას ერთად ავყრით. ერთ-ერთი მძარცველი თბილისელია და ქართველებიც ამიტომ ჩართეს საქმეში.
– თქვენ და ლენინგრადი?
– ჩვენ და ლენინგრადი კი იმიტომ, რომ ინფორმატორის ცნობით, ის ქირურგი შეიძლება, თქვენთანაც გამოჩნდეს და აქაც. მოკლედ, რაღაც-რაღაცეები ზუსტდება და სადმე მაინც მოვიხელთებთ. ყველას თუ არა, ქირურგს მაინც.
– ყველაფერი გასაგებია, – თქვა პოპოვმა და დაამატა, – კბილა, იცოდე, ფრთხილად იყავი. თუ სადმე მოიხელთებთ იმათ, ფრთხილად იმოქმედე და ტყვიებს შუბლს ნუ შეუშვერ, გალიჩკაზე იფიქრე. მას შენს მეტი არავინ ჰყავს და ერთმანეთს გაუფრთხილდით. გასაგებია?
– გასაგებია, ვასილ ანდრეევიჩ.
– ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერე და აუცილებლად დამირეკე. გალიჩკას კი მივეცი და შენიც გამოვართვი, მაგრამ შენც გეწეროს.
– კარგი. ყველაფრისთვის მადლობა. ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო მასლოვს პოპოვმა. ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო. ყავარჯნებს დაეყრდნო, კაბინეტიდან გავიდა და მაიორს უთხრა:
– გმადლობთ, მაიორო. ნახვამდის.
– ნახვამდის, ამხანაგო გენერალო, – გამოეჭიმა მალცევი პოპოვს და კაბინეტში შევიდა.
– მოხდა რამე, მამიკო? – ჰკითხა პოპოვს დიმკამ.
– მანქანაში მოგიყვებით. წავედით, – მიუგო გენერალმა და ქალ-ვაჟთან ერთად მოსაცდელი შენობა დატოვა.
განძის მაძიებლები რომ ადლერიდან გაემგზავრნენ, დილის თერთმეტი საათი იყო. პოპოვმა ქალ-ვაჟს დაწვრილებით უამბო პოდპოლკოვნიკ მასლოვთან საუბრის შინაარსი და ბოლოს თქვა:
– აი, რატომ უთქვამს ვასო ჩხიკვაძეს, შეიძლება, გენერალი მოვინახულო ლენინგრადშიო.
– ჩვენ არაფერი გვქონია სანერვიულო და ქირურგმა ზალკინმა იკითხოს. თუ ააგდეს, ისე აბურთავებენ, მიწაზე ფეხს ვერ დაადგამს. კაი მაგარ სროკსაც აჰკიდებენ და ზონაში ამოხდება სული ვირთხასავით, – თქვა დიმკამ და იკითხა, – ისე კი საინტერესოა, ზალკინზე როგორ გავიდნენ?
– მოკავშირე ხომ უნდოდა, რომ დამალულიყო და ინფორმაციამაც გაჟონა, – თქვა პოპოვმა, – მილიცია საბავშვო ბაღი ხომ არაა. პროფესიონალები მუშაობენ და ინფორმატორების კარგი ქსელიც აქვთ გაბმული.
– დაიჭერენ და აი, დარდი! ამ ჩემს ფეხებს... ღირსი კია, – თქვა დიმკამ.
– მაგრამ, ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რა იცი, რა ხდება და ჩვენზეც არ გამოვიდნენ, – თქვა პოპოვმა.
– თავისთავად, – დაეთანხმა დიმკა.
***
შავიზღვისპირეთიდან განძის მაძიებლებმა როსტოვისკენ აიღეს გეზი. შვიდასკილომეტრიანი მანძილი რვა საათში დაფარეს. გზაში მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ და ისიც, – ნახევარი საათით. ისადილეს და კვლავ გზას გაუდგნენ. ნუცა გამოცდილი მძღოლივით მართავდა მანქანას და „ვოლგას“ ლარივით გაჭიმულ გზატკეცილზე მიაქროლებდა. დონისპირა ქალაქში რომ შევიდნენ, საღამოს რვა საათი შესრულდა. გენერალმა მშობლიური ქალაქის მისადგომები რომ დაინახა, გახალისდა და მხიარულად შესძახა:
– აი, დედაროსტოვშიც ჩამოვედით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სამშობლოში.
– სად შევჩერდეთ? ღამე კვლავ ველურ, უკაცრიელი დონის ნაპირებზე უნდა გავატაროთ? – ჰკითხა გენერალს დიმკამ.
– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო პოპოვმა.
– აბა, სად?
– ვარიასთან.
– ეგ ვინაა?
– ჩემი ბავშვობის სიყვარული. ჩემ გამო დღემდე არ გათხოვილა, – თქვა გენერალმა, – ვარიჩკას კერძო სახლი აქვს. მანქანას ეზოში, უსაფრთხოდ გავაჩერებთ და კარგადაც მოვეწყობით. დილით კი გზას გავაგრძელებთ. ვარიჩკა ექთანია და შეიძლება, ცვლაში იყოს. მოდი ერთი, დავრეკავ და გავიგებ ამბავს.
– თუ ცვლაში იქნა, როგორ გაიგებ? – თქვა დიმკამ, – ვიღაცამ ხომ უნდა გიპასუხოს?
– დისშვილი ჰყავს, მართა და ის მაინც იქნება სახლში, – თქვა პოპოვმა და დააყოლა, – მოდი, შვილიკო, გადასვლაში მომეხმარე. სატელეფონო ჯიხურთან მივიდეთ.
პოპოვი ჯიხურში შევიდა. სამიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა და თქვა:
– მართამ მიპასუხა და ასე მითხრა, – დეიდა ცვლაშია და ცხრის მერე დაბრუნდებაო. მოდი, ასე ვქნათ, აქვე, ენგელსის ქუჩის კუთხეში სასადილოა და იქ ვივახშმოთ. ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებენ, თითებს ჩაიკვნეტთ. მანქანა ტროტუართან გავაჩეროთ და ვიტრინიდან შევხედავთ, რომ არავინ გაგვიწიოს.
– მასე იყოს, – მიუგო დიმკამ და პოპოვს მანქანიდან გადასვლაში დაეხმარა, მხარში ამოუდგა.
ნუცამ „ვოლგა“ ტროტუარზე შეაყენა. ჩაკეტა. გასაღები ჯიბეში ჩაიდო და პოპოვს მეორე მხრიდან ამოუდგა.
ტროტუარიდან, სადაც „ვოლგა“ ეყენა, სასადილოს შესასვლელამდე სულ რაღაც ათიოდე მეტრის მანძილი იყო. განძის მაძიებლები უკვე სასადილოს კარს აღებდნენ, როდესაც ნუცამ ძრავას ამოქმედების ხმა გაიგონა. შეტრიალდა და დაინახა, თუ როგორ მოწყდა ადგილს გენერლის „ვოლგა“ და დიდი სიჩქარით გაიჭრა ენგელსის ქუჩაზე.
– მანქანა მოგვპარეს... – აღმოხდა გოგონას და გაფითრდა.
გაფითრდნენ დიმკა და გენერალიც და ადგილზე გაქვავდნენ. პირველი მაინც პოპოვი მოეგო გონს და დიმკას შესძახა:
– ჩქარა, ტაქსი ან კერძო მანქანა გააჩერე.
– რა აზრი აქვს, ისე სწრაფად გავარდნენ, ვეღარ ვიპოვით, – ხელი ჩაიქნია ბიჭმა.
– დადევნებას არც ვაპირებ. უნდა წავიდეთ. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, – სხაპასხუპით თქვა გენერალმა.
– ვასილი ანდრეევიჩ, აქვს კი აზრი მილიციაში გაცხადებას? ოქროს კუბო რომ აღმოაჩინონ, უარესი არ იქნება ჩვენთვის? – უთხრა ნუცამ პოპოვს.
– ნუციკო, მილიციაში გაცხადება არც მიფიქრია. სხვაგან მივდივართ, – თქვა პოპოვმა და დიმკას გააყოლა თვალი, რომელიც კერძო „მოსკვიჩს“ წინ გადაუდგა და გააჩერა. მძღოლს ოცდახუთმანეთიანი შეაჩეჩა. შემდეგ გენერალს ჩაჯდომაში დაეხმარა. ნუცასთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა და უხმოდ მიაჩერდა პოპოვს, რომელმაც მძღოლს უთხრა:
– რაც შეიძლება ჩქარა, ვოროშილოვკაზე წაგვიყვანე.
მძღოლი წამით შეცბა, რადგან ვოროშილოვკა, იგივე ვოროშილოვის ქუჩა, როსტოვის „შავ უბნად” ითვლებოდა. იქ ბოროტმოქმედები იკრიბებოდნენ. მილიციაც კი ერიდებოდა იქ გამოჩენას და არც ტაქსისტებს ეხატებოდათ გულზე ის ადგილი, თუმცა, ოცდახუთმანეთიანის ხათრით „მოსკვიჩის“ მძღოლმა შიში დაძლია. მანქანა ადგილს მოწყვიტა და ათიოდე წუთის შემდეგ უკვე როსტოვის ყველაზე სახიფათო რაიონში მიიყვანა მგზავრები.
ჩაბნელებულ ქუჩაზე არც კაცის ჭაჭანება იყო და არც მანქანის. მხოლოდ აქეთ-იქით ჩამწკრივებული ხის ქოხებიდან გამოდიოდა შუქი. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა.
– აი, ამ ეზოსთან გააჩერე, – უთხრა პოპოვმა მძღოლს. შემდეგ ქალ-ვაჟის დახმარებით მანქანიდან გადავიდა და როგორც კი კარი მიხურა, „მოსკვიჩი“ ადგილს მოსწყდა და სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.
– გიჟია? – თქვა დიმკამ, – რა გადარეულივით მოწყვიტა მანქანა.
– არცაა გასაკვირი, – ჩაეცინა გენერალს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩვენ ახლა როსტოვის ყველაზე „შავ უბანში” ვიმყოფებით და აქ შემოსვლას მილიციას კი ერიდება.
– ვისთან მივდივართ?
– ქურდებთან.
– ქურდებთან? – გაიმეორა ნუცამ, – საშიში არაა?
– ნუ გეშინია, შვილო. ჩემთან ხარ.
– გასაგებია. „ვაზვრატზე“ ვჩალიჩობთ, – თქვა დიმკამ.
პოპოვმა არემარე შეათვალიერა. შემდეგ ¹21 სახლისკენ გაიშვირა ხელი და ქალ-ვაჟს უთხრა:
– იმ ეზოში შევიდეთ.
განძის მაძიებლები ეზოში შევიდნენ. ქოხს მიუახლოვდნენ და პოპოვმა პაროლით დააკაკუნა. ოციოდე წამის შემდეგ კარი გაიღო და ზღურბლზე ოცდახუთიოდე წლის ბიჭი გამოჩნდა. ახალმოსულები შეათვალიერა და იკითხა:
– ვინ გინდათ?
– „ცალთვალასთან“ ვარ. სახლში უნდა იყოს, – მიუგო პოპოვმა.
ბიჭმა პასუხის გაცემა დააყოვნა და ჩაფიქრდა, თან ყავარჯნებიან პოპოვს ათვალიერებდა. გენერალმა კი ბიჭს უთხრა:
– გენერალი ვარ. ცალთვალასთან მოვედი.
– გენერალი? – დუნედ გაიმეორა ბიჭმა და ვერ გადაეწყვიტა, შეეშვა თუ არა სტუმრები.
– ჰო. გენერალი. შენ რაღაც ვერ გცნობ. რა გქვია?
– „კოსტია მალი“, – მიუგო ბიჭმა.
– მალი, გენერალი ვარ, პოპოვი, ვასილი ანდრეევიჩი. არ გსმენია?
მალიმ ვერც ჰოს თქმა გაბედა და ვერც არასი. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი მოძებნა, განზე გაიწია. ახალმოსულებს გზა დაუთმო. ხელით შეიპატიჟა ქოხში და თქვა:
– შემოდით.
განძის მაძიებლები ქოხში შევიდნენ და კოსტია მალის დაელოდნენ, რომელმაც ქოხის კარი მიიხურა და ოთახისკენ დაიძრა. პოპოვმა ის გააჩერა და ჰკითხა:
– ბევრნი შეიკრიბნენ?
– ყველაა „დუტის“ გარდა და ისიც მალე უნდა მოვიდეს, – მიუგო ბიჭმა.
– აბა, კოსტია, შეგვიძეხი ხატაში, – უთხრა ბიჭს პოპოვმა და მალი წინ გაუშვა.
კოსტია პირველი შევიდა განათებულ ოთახში და სანამ განძის მაძიებლებიც იქ შედგამდნენ ფეხს, პოპოვს ცალთვალას ჩახლეჩილი ხმა მოესმა, რომელმაც ბიჭს ჰკითხა:
– მალიოკ, ვინაა? დუტი გაიჩითა?
– დუტი არა, გენერალი, – მიუგო ბიჭმა.
– ვინ გენერალი? შენ... – ცალთვალას სიტყვა შუაზე გაუწყდა, რადგან ამ დროს ოთახში პოპოვი და ქალ-ვაჟი შევიდნენ. მან ჯერ მწველი მზერა კოსტია მალის ესროლა, რომელიც მიხვდა, რომ ქოხში დაუპატიჟებელი სტუმრები შეუშვა, შემდეგ კი, ცალთვალამ ერთადერთი საღი თვალი პოპოვს მიაპყრო და უთხრა:
– ვასილ ანდრეევიჩ, შენ ხარ თუ მეჩვენება?
– მე ვარ. არ გეჩვენება, – მიუგო გენერალმა.
– აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
– საქმეზე მოვედი.
– სამტროდ თუ სამოყვროდ?
– შენთან ოდესმე სამტროდ მოვსულვარ? – ჰკითხა გენერალმა როსტოვისა და როსტოვის ოლქის მაყურებელ ქურდს, რომელსაც ქურდულ შეკრებაზე კოლეგები ჰყავდა დაბარებული.
– ყოველ შემთხვევაში, არც კეთილგანწყობა გეტყობა.
– ეს იმიტომ, რომ გამაბრაზეს. მშობლიურ ქალაქში რომ მოვდიოდი, გული სიხარულით მქონდა აღსავსე, მაგრამ როგორც კი ფეხი შემოვდგი აქ, მაშინვე მაწყენინეს.
– უცნაურია. განა არის აქ ისეთი ვინმე, ვინც ვასილ ანდრეევიჩის წყენინებას გაბედავს, – თქვა ქურდმა. მხრები აიჩეჩა. ხელები გაშალა, – აქ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.
– ჰოდა, მეც ამის გასარკვევად გეწვიეთ ამ სხოდკაზე.
– კარგი რა, ვასილ ანდრეევიჩ, რის სხოდკა. უბრალოდ, მეგობრულ ვახშამზე ვართ შეკრებილები. ესაა და ეს, – თქვა ცალთვალამ.
– ვახშამი საჭმლისა და სასმლის გარეშე? – ორიგინალურია. ალბათ, დუტი მოიტანს ჯადოსნურ სუფრას და რომ გადააფარებს, თავისით გაიშლება, – თქვა პოპოვმა და დაამატა, – ჩემი საქმე არაა თქვენი ამბების მოკითხვა. როგორმე თვითონ გაერკვევით. მე ჩემი მინდა, მივიღო და მეტი არაფერი. აი, ამისთვის მოვედი.
– თქვენი მიიღოთ? – გაიმეორა ცალთვალამ და მხრები აიჩეჩა. კოლეგებს გადახედა, რომლებიც აგრეთვე ვერაფერს მიხვდნენ და გენერალს ჰკითხა:
– ვასილ ანდრეევიჩ, გარკვევით გვითხარი, რა გინდა, რას მოითხოვ ჩვენგან?
– დრო არ ითმენს და მოკლედ გეტყვი. ნახევარიოდე საათის წინ, ენგელსის კუთხეში რომ სასადილოა, ვიღაც თავხედებმა „ვოლგა“ გამიწიეს ცხვირწინ. ისე შუსტრად წაიყვანეს, რომ დასლოკინებაც ვერ მოვასწარი. მაყუთი იქ არ არის და სიმდიდრე. საბარგული თბილისიდან წამოღებული სუვენირებითაა გატენილი. სალონში ჩემი გენერლის მუნდირია. „ბარდაჩოკში“ კი ორი ცალი რკინა, ერთი სიტყვით, მანქანა მთელი უნდა მივიღო.
– სულ ესაა? – შვებით ამოისუნთქა ცალთვალამ, – რაზეა ბაზარი. შენს ურემს ქალწულივით უბიწოს მოგიყვანენ, მაქსიმუმ, ერთ საათში.
– შევთანხმდით, – თქვა პოპოვმა.
– ვასილ ანდრეევიჩ, სულ მთლად გამოვშტერდი. ფეხზე რა გჭირთ?
– ავარიაში მოვყევი და მოვიტეხე.
– სამწუხაროა. დაბრძანდი, მოისვენე, სანამ მანქანას მოიყვანენ, – უთხრა მასპინძელმა გენერალს. სავარძელზე მიუთითა და ახალმოსულები რომ დასხდნენ, კოსტია მალის უთხრა:
– მალიოკ, დატრიალდი და რაც შეიძლება მალე გააჩინე აქ „ვოლგა“. ერთი განაკაწრიც რომ ჰქონდეს ან, თუნდაც, ქაღალდის ნაგლეჯიც რომ იყოს დაკარგული, ნურავინ დამენახვება. გასაგებია?
– გასაგებია. წავედი, – თქვა კოსტია მალიმ და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ კოსტია მალი უკანვე დაბრუნდა და საზეიმოდ განაცხადა:
– „ვოლგა“ ეზოს წინ დგას.
– ყოჩაღ, მალიოკ. კარგად გაისარჯე და ჯილდო გეკუთვნის, – უთხრა ცალთვალამ კოსტია მალის, – ამიტომ, იმ იაღლიშს გაპატიებ, ვასილი ანდრეევიჩი ქურდად რომ მიიჩნიე და წესიერად არ გაარკვიე მისი ვინაობა.
– დამნაშავე ვარ... – ხელები გაშალა კოსტიამ. ცალთვალამ კი უთხრა:
– დაიხსომე, მალიოკ, რომ ქურდი ქურდია და გენერალი კი – გენერალი. სად ჩვენ, ბროტმოქმედები და სად პატივცემული ვასილ ანდრეევიჩი. ამით შენ მას შეურაცხყოფა მიაყენე და ქურდებში აგერია. მომავალში გაითვალისწინე ეს.
– კი. აუცილებლად გავითვალისწინებ, – დაიმორცხვა კოსტიამ.
ცალთვალას ორაზროვანი, ირონიული ტონი არ გამოპარვია გენერალს და იმავე სტილში უთხრა მას:
– ძალიან მკაცრად ნუ განსჯი ჩვენს ახალგაზრდა მეგობარს. ჯერ ძალიან ნორჩია. ყველაფერი წინ აქვს და ქურდისგან გენერლის გარჩევასაც ისწავლის. ასე რომ, შეუნდე. არცოდნა არცოდვაა.
– ჩვენს საქმეში არცოდნა, შეიძლება, დიდი სროკი დაგიჯდეს კაცს, – თქვა ცალთვალამ. შემდეგ კი ღიმილით დაამატა, – ვაპატიებ, მხოლოდ თქვენი ხათრით, ვასილ ანდრეევიჩ, მხოლოდ თქვენი ხათრით.
– მადლობის მეტი რა მეთქმის. მალიოკს აპატიე, „ვოლგა“ დამიბრუნე. სიკეთით გადამეხადოს. ახლა კი, თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. ნახვამდის, – თქვა გენერალმა.
მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეკრებილი ქურდები ფეხზე წამოდგნენ და პოპოვს გამოემშვიდობნენ. ცალთვალამ კი სტუმარს გაუღიმა და უთხრა:
– სამწუხაროა, რომ ასე მალე გვტოვებთ, მაგრამ მესმის თქვენი. საქმე გიხმობთ. საქმის ღალატი კი არ იქნება. წამობრძანდით, გაგაცილებთ. თან, თქვენს ქალწულსაც შევავლებ თვალს.
ცალთვალა მანქანამდე გაჰყვა განძის მაძიებლებს და სანამ არ დარწმუნდა, რომ ყველაფერი სრულად ჩაბარდა პატრონს, ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან. პოპოვი რომ ნუცას გვერდით მოკალათდა, მან ფანჯარასთან ჩაიცუცქა და გენერალს სერიოზული სახით, ჩურჩულით ჰკითხა:
– ვასილ ანდრეევიჩ, მართალია, რომ სედოიმ და მისმა პაძელნიკებმა მოსკოვში ნახევარი ლიმონის ინკასაცია გასწიეს და მოტყდნენ?
– ო, მეც მოვკარი ამას ყური.
– ესე იგი, მართალია, – დაასკვნა ცალთვალამ.
– მერე, რა რო?
– მერე ის, გენერალო, რომ არავინ მოასვენებს და მთელი ცხოვრება დევნილი მგელივით უნდა იყოს. არადა, უკვე ახალგაზრდაც არაა. თუ მოახერხა და მილიციას ან კიდევ უარესს, ქვეყნიდან გაასწრო, ხომ კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალიან გაუჭირდება თავის უსაფრთხოდ შენახვა, ნახევარი ლიმონითაც კი, – მიუგო ცალთვალამ.
– შემთხვევით, სადმე ხომ არ გადაყრიხარ ამ ბოლო დროს სედოის?
ცალთვალას ჩაეცინა და გენერალს უთხრა:
– ვასილ ანდრეევიჩ, ვგავარ იმ კაცს, ვისაც ასეთ კითხვებს უსვამენ?
– კარგი, კარგი, ნუ გეწყინება, გეხუმრე. შენი დიდი მადლობელი ვარ. აბა, ნახვამდის, – მიუგო პოპოვმა ცალთვალას და ხელი გაუწოდა.
ქურდმა გენერალს ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– რის მადლობა, ვასილ ანდრეევიჩ. ნახვამდის. სედოი კი უკვე თითქმის ათი წელია, რაც აღარ მინახავს.
ნუცამ „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და როსტოვის ყველაზე სახიფათო უბანი დატოვა. ცალთვალა კი ქოხში დაბრუნდა.
***
ცალთვალასგან წამოსული განძის მაძიებლები ღამით გენერლის ბავშვობის შეყვარებულთან დარჩნენ. დილით კი უთენია ადგნენ. ლენინგრადისკენ აიღეს გეზი და შემდეგი დღის საღამოს უკვე ნევისპირა ქალაქში ჩააღწიეს.
ნუცამ „ვოლგა“ ავტოფარეხში გააჩერა. გენერალი მანქანაში დარჩა. ქალ-ვაჟმა კი სუვენირებით სავსე ჩანთები ამოალაგა და იქვე მიაწყვეს. ბოლოს ბრეზენტში გახვეული ოქროს კუბოც ამოიღეს. დიმკამ ის მხარზე მოიგდო. ნუცა გენერალს მიეხმარა და სამივე ლიფტით ავიდა პოპოვის ბინაში.
– როგორც იქნა, დაბრუნდით, – ახალმოსულებს შეეგება სედოი. დიმკას და პოპოვს გადაეხვია. ნუცა კი შეათვალიერა, მიესალმა და გენერალს ჰკითხა:
– ეს მშვენიერი ფერია ვინაა? – თუმცა, მე მგონი, ვხვდები. ნუცა მგელაძეა?
– კი. ჩვენი ნუციკოა, – მიუგო პოპოვმა.
– სად დაიკარგეთ ამდენ ხანს. გული კინაღამ გაგვისკდა თქვენს ლოდინში, – თქვა სედოიმ.
– ჩვენ თვითონ კინაღამ დავიხოცეთ ნერვიულობით. იმდენი რაღაც გადაგვხდა თავს ამ მოკლე დროში, ას კაცს ათასი წელი ეყოფა, – მიუგო პოპოვმა.
– ფეხზე რა გჭირს?
– ჯერ განძი განახოთ და მერე მოგიყვეთ ჩვენი ამბები თუ პირიქით? – ჰკითხა სედოის პოპოვმა.
– პირიქით, – მიუგო სედოიმ.
გენერალმა სიგარეტი გააბოლა და სედოისა და ფიგაროს დაწვრილებით უამბო ყველაფერი. ბოლოს ჰკითხა:
– რა დასკვნა გამოიტანე ამ ყველაფრიდან, სიომკა?
– დასკვნები ბოლოს. ახლა განძი ვნახოთ.
დიმკამ ოქროს კუბოს ბრეზენტი შემოაცალა. შემდეგ, ნუცამ და ბიჭმა განძის საცავს თავი მოხადეს და სედოისა და ფიგაროს ანახვეს.
– მაგარია! ეს იმაზე ბევრად მეტი და ძვირფასია, რაც ზალკინმა აგვახია, – თქვა სედოიმ, – ფიგარომ კი დაამატა:
– ზღაპრული სიმდიდრეა.
– ახლა შენი აზრი მაინტერესებს, სიომკა. რას იტყვი ჩემს მონაყოლზე. როგორ ფიქრობ, მილიციას აქვს შანსი, რომ ჩვენს კვალზე გამოვიდეს? – ჰკითხა გენერალმა სედოის.
– რაღაც მცირე შანსი ყოველთვისაა, ყველა საქმეში და ეს შენ ჩემზე არანაკლებად იცი. თუმცა, მეეჭვება, რომ ჩვენზე გამოვიდნენ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ მილიციას ამის შანსს, – თქვა სედოიმ.
– ზალკინზე როგორ გავიდნენ? – იკითხა დიმკამ.
– გავიდნენ, რო? – ჩაეცინა სედოის.
– ეგ რას ნიშნავს? – ჰკითხა დიმკამ.
– რაც ვთქვი, იმას. თუკი ქირურგის კვალს დაადგნენ, მაშინ კიდეც უნდა აეყვანათ. აიყვანეს?
– ჯერ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
– ჰოდა, ჯერ ეგ უნდა გავარკვიოთ. დანარჩენზე კი მერე ვიმსჯელოთ, – მიუგო ბიჭს სედოიმ და გენერალს მიუბრუნდა:
– ვასკა, ხომ გაქვს იმ მასლოვის ტელეფონი?
– კი, – უთხრა პოპოვმა.
– ჰოდა, დაურეკე და ფრთხილად გაარკვიე.
– მართალი ხარ, ახლავე, – თქვა პოპოვმა და ფიგაროს უთხრა:
– ტელეფონი მომაწოდე.
ფიგარომ სავარძელში მოკალათებულ გენერალს ტელეფონი მიუტანა. პოპოვმა სვერდლოვსკის კოდი აკრიფა, შემდე მასლოვების ბინის ნომერი და დაელოდა.
– გისმენთ, – გაისმა გალიას ხმა.
– გალიჩკა, შვილო, როგორ ხარ? – მოიკითხა გენერალმა გოგონა.
– გამარჯობა, ვასილ ანდრეევიჩ. მე კარგად ვარ. თქვენ?
– მეც არა მიშავს.
– ფეხი როგორ გაქვთ?
– უკეთესად.
– ძალიან გამიხარდა, რომ დარეკეთ.
– მეც.
– როდის ჩახვედით?
– ამწუთას შემოვდგი ბინაში ფეხი, – მიუგო პოპოვმა, – შენ როგორ იფრინე?
– კარგად. გმადლობთ.
– დაგხვდნენ, ხომ?
– კი, მაგრამ მამა – არა. საქმეზე იყო წასული და მისი თანამშრომელი დამხვდა.
– ახლა სადაა ოლეგი?
– ციმბირში.
– ციმბირში რა უნდა, როდის გაემგზავრა?
– ამ დილით, ვასილ ანდრეევიჩ.
– ხომ არ გაგიბრაზდა?
– ჯერ არა.
– ჯერ არა, რას ნიშნავს?
– რაც ჩამოვედი, მამა მხოლოდ ორი საათით ვნახე. ისიც, სხვისი თანდასწრებით. სხვათა შორის, ჩვენთან კაპიტანი ჩხიკვაძე იყო და მოგიკითხათ.
– ვასო?
– დიახ, ვასო. აი, ის, თქვენ რომ ფეხი მოგტეხათ.
– რაო, ვასომ?
– მამასთან ერთადაა ციმბირში. ვიღაცის დასაჭერად არიან წასულები და როდის ჩამოვლენ, არ იციან. ეგ ვასო ლენინგრადშიც ყოფილა, მაგრამ თქვენთან მოსვლა ვერ მოახერხა. იქიდან ჩვენთან გადმოფრინდა. შემდეგ კი, მამასთან ერთად, ციმბირში გაემგზავრა. მოკლედ, დიდი გაწამაწიაა.
– გასაგებია. შენ ხომ არ მოიწყინე მარტო?
– არა. წიგნებს ვკითხულობ, თან დღიურებს ვწერ.
– ძალიან კარგი. აბა, შენ იცი, ჭკვიანად იყავი, ჩემო გოგონა. დაგირეკავ კიდევ. კბილა რომ ჩამოვა, დამირეკე და შემატყობინე.
– კარგი, დაგირეკავთ.
– აუცილებლად დამირეკე, თორემ ძალიან ვნერვიულობ. მაგის ამბავი რომ ვიცი, გული გახეთქვაზე მაქვს.
– კარგი, არ ინერვიულოთ. ნახვამდის.
– ნახვამდის, შვილო, – მიუგო გალიას გენერალმა. ყურმილი დაკიდა და სედოის უთხრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში