ვინ იყო ქართველი თაღლითი, რომელმაც გრიგორი რასპუტინის უახლოეს გარემოცვაში შეღწევა მოახერხა
თაღლითების დინასტია
ამბაკო სარჯველაძე გურიის ერთ-ერთ სოფელში, 1939 წელს დაბადებული თაღლითი იყო და ეს „პროფესია” მას ბაბუისა და მამისგან ერგო. ბაბუამისი, ამბაკო სარჯველაძე, ჯერ კიდევ ცარიზმის დროს მოღვაწეობდა. გარეგნულად ძალიან წარმოსადეგი, ნიჭიერი კაცი გახლდათ და ერთი პერიოდი, გრიგორი რასპუტინის უახლოეს გარემოცვაშიც კი შეაღწია. ის ბრწყინვალე თავადად ასაღებდა თავს. არაფრით ჩამოუვარდებოდა რასპუტინს ქალებთან ურთიერთობის მხრივ და ისევე, როგორც „მამა გრიგორი“, მაღალი საზოგადოების ქალბატონთა სიყვარულით სარგებლობდა. ამბაკო-უფროსი, სწორედ, ამ მოხიბლული ქალების გავლენას იყენებდა. ბანკებიდან სესხს იღებდა და არ აბრუნებდა, რისთვისაც პასუხს არავინ სთხოვდა. თუმცა, რასპუტინის მკვლელობის შემდეგ, ამბაკო თურქეთში გაიქცა და მხოლოდ რევოლუციის მერე დაბრუნდა უკან. 1923 წელს კი მან თავისი უკანასკნელი აფერა გაჩარხა. წითელი არმიის ერთ-ერთ სომხურ გარნიზონს, ამბაკომ 20 ათასი ოქროს მანეთი გამოართვა, სანაცვლოდ, ჯარისკაცები ერთწლიანი კვებით უნდა უზრუნველეყო. მან კი თანხა ჩაიჯიბა, ლენინგრადში გაემგზავრა და „დაამღერა“. თუმცა, „ჩეკამ“ ის დააპატიმრა და დახვრიტეს... ამბაკო-უფროსს 10 წლის შვილი, ერთადერთი ვაჟი – პორფილე დარჩა. ისიც მამის კვალს გაჰყვა და ჯერ 16 წლისაც არ იყო, რომ თაღლითობით ირჩენდა თავს. პორფილე აქტიორული ნიჭით გამოირჩეოდა. ის თბილისში მოღვაწეობდა. თავს კომუნისტი მაღალჩინოსნის შვილად ასაღებდა და ყოფილ თავადებსა და ვაჭრებს აშანტაჟებდა. ფულს სძალავდა მათ და იოლ, ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა. 1935 წელს კი პორფილე ერთ-ერთი გერმანელი ინჟინრის მოტყუებისთვის დააპატიმრეს და 22 წლის ბიჭი ციხეში ჩასვეს. პორფილემ გერმანელს 3 400 მანეთი გამოსძალა, სანაცვლოდ კი მისთვის, ვითომდა უნიკალური ოქროს ხატი უნდა მიეტანა, რომელიც სახელმწიფო მუზეუმში იყო გამოფენილი და ინჟინერს მოეწონა. ციხიდან პორფილე 1938 წელს გამოვიდა. იმავე წელს დაქორწინდა. ერთი წლის მერე მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის პატივსაცემად, ამბაკო დაარქვა. თავად პორფილე სარჯველაძე კი 1942 წელს, უკრაინაში, ფრონტზე დაიღუპა.
ამბაკო-უმცროსი მამა-პაპის საქმის ღირსეული გამგრძელებელი აღმოჩნდა. ბავშვი, ისევე, როგორც მისი წინაპრები, მოხდენილი და გონებამახვილი იყო. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკშივე ამჟღავნებდა თაღლითობისადმი მიდრეკილებას. პირველი სერიოზული თაღლითობა ამბაკომ 1953 წლის 7 მარტს ჩაატარა... სტალინი ორი დღის გარდაცვლილი იყო. მთელი ქვეყანა გლოვობდა. უამრავ ადამიანს მოსკოვში გამგზავრება და დიდი ბელადის უკანასკნელ გზაზე გაცილება უნდოდა. ეს ყველაფერი რომ გაიაზრა, 14 წლის ამბაკომ გადაწყვიტა, ფული გაეკეთებინა. ბიჭმა სკოლის კანცელარიიდან გერბიანი, ბეჭდიანი ფურცლები მოიპარა. ფურცლებზე კი ტუშით რუსულ ენაზე ლამაზად დააწერა, რომ თითქოს ეს ფურცლები სტალინის დაკრძალვაზე დასასწრები, კოლექტიური საშვი იყო. შემდეგ ეს ფურცლები მოსკოვში წამსვლელთა სახელებით შეავსო (სულ 400 ადამიანი დაეტია), თითოეულს 25-25 მანეთი გამოართვა და შეგროვილი 10 ათასით გაუჩინარდა... თუმცა, თაღლითს მალე მიაგნო მილიციამ. ის გურიიდან ჩამოიყვანეს და ფული ჩამოართვეს. დასჯით კი ვერ დასაჯეს, რადგან არასრულწლოვანი იყო და მხოლოდ აღრიცხვაზე აიყვანეს. თან, ხელწერილი დაადებინეს, რომ აღარ ითაღლითებდა.
კოოპერატივი „მშენებელი“
მილიციისთვის მიცემული ხელწერილი ამბაკო-უმცროსმა სულ რაღაც ორ კვირაში დააღრვია და ბათუმში ერთი რუსი დამსვენებელი მოატყუა, რომელსაც 2 500 მანეთი გამოსძალა, ვითომდა ბრილიანტის ყელსაბამის სანაცვლოდ. ბიჭმა მოტყუებულს ბებიამისის ძვირფასი სამკაული მიუტანა, რომელიც ბაბუამისს (ამბაკო-უფროსს ერთ-ერთმა თავადის ქალმა აჩუქა) ცოლისთვის ჰქონდა ნასახსოვრები. ფული რომ მიიღო, 15 წლის თაღლითმა ბავშვმა მყიდველს „კუკლა“ (ნივთის თვალწინ შეცვლა) გაუკეთა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოტყუებულმა ქალმა მილიციას მიმართა, თუმცა, ბოროტმოქმედის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა და ამბაკო სასჯელს გადაურჩა.
1957-1961 წლებში ამბაკო რუსეთში გაემგზავრა და სხვადასხვა წვრილმანი აფერით იყო დაკავებული. ძირითადად, „კუკლებს“ უკეთებდა თავის მსხვერპლს და ვალუტის მაგივრად, ხან დაჭრილ ქაღალდებს აჩეჩებდა მათ; ძვირფასი ნივთების სანაცვლოდ – ძველმანებს, ხოლო სამკაულების მაგივრად – იაფფასიან ბიჟუტერიას... პირველი მსხვილი აფერა ამბაკო-უმცროსმა 1962 წელს განახორციელა. მან თბილისის ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტის მმართველისგან 45 ათასი მანეთი აიღო. ფულის სანაცვლოდ კი, ტრესტს ციმბირის ძვირფასი ხის ნედლეულით დატვირთული ორი ეშელონი უნდა მიეღო. ტრესტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხის აგარაკებს აშენებდა. ამიტომ, თაღლითის ძებნით თვით დაზარალებული უწყების (მილიციის) მაღალჩინოსნები დაინტერესდნენ და 1963 წლის დასაწყისში ამბაკო სარჯველაძე მოსკოვში დააპატიმრეს. თუმცა, გატაცებული 45 ათასიდან მას მხოლოდ 3 ათასი მანეთიღა ჰქონდა დარჩენილი. ის გაასამართლეს და 8 წლით ციხეში ჩასვეს. თაღლითი რუსეთში იხდიდა სასჯელს და 2 წლის მერე მოახერხა გარეთ გამოსვლა. 1965-1985 წლებში ამბაკო სარჯველაძე კიდევ ორჯერ გაება და შესაბამისად, 3 და 5 წელი გაატარა საპყრობილეში. „პერესტროიკის“ დროს კი, მან თბილისელ სომეხთან, ვართან პოღოსიანთან ერთად, სამშენებლო კოოპერატივი – „მშენებელი“ დააარსა. ფირმა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. თანაც, მარნეულის მკვიდრზე, ვინმე მაშალა ჰასანოვზე იყო გაფორმებული. თბილისელი თაღლითები საბჭოეთის სხვადასხვა რესპუბლიკაში სამშენებლო კონტრაქტებს აფორმებდნენ, ვითომდა ფინური კოტეჯების ასაშენებლად, შემდეგ ბანკიდან სესხებს იღებდნენ და იჯიბავდნენ. ჰასანოვს კი ყოველთვიურად 300 მანეთს უხდიდნენ. ამგვარად, აფერისტების ტანდემმა 1986-1989 წლებში 2 მილიონ 650 ათასი მანეთის სახელმწიფო სესხი მიითვისეს და 1989 წლის სექტემბერში უშიშროების საგანგებო ჯგუფი მარნეულში ჩავიდა ჰასანოვის დასაკითხად. თუმცა 87 წლის მოხუცი მათ 4 თვის გარდაცვლილი დახვდათ... მისმა შვილმა კი გამომძიებლები სარჯველაძესა და პოღოსიანზე გაიყვანეს. თაღლითებზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თბილისელმა აფერისტებმა გატაცებული კრედიტებით ძვირფასი ქვები – ბრილიანტი, ლალი და ზურმუხტი შეიძინეს და ჯერ თურქეთში გადავიდნენ. იქიდან კი ავსტრალიაში ამოყვეს თავი...
P.S. თბილისელმა აფერისტებმა ქალაქ სიდნეიში, ერთ-ერთ ადგილობრივ ბიზნესმენთან ერთად, სამშენებლო ფირმა გახსნეს და წარმატებით აამუშავეს. ეს ფირმა ადგილობრივ ფერმერებს ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ეხმარებოდა. სანიმუშო რეპუტაცია გააჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში... ამბაკო სარჯველაძე 2012 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ფირმა კი დღემდე ფუნქციონირებს და ამ საქმიანობას უკვე მისი შვილიშვილი, ამბაკო აგრძელებს.