კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნდათ ლაშა-გიორგი ქართველებსა და ევროპელებს ზღაპრულ უფლისწულად

იდგა 1192 წელი. მისი დაბადება ერთმა ქართველმა მემატიანემ ასე გადმოგვცა: „ტაბახმელაში, როგორც ბეთლემში, მყოფმა თამარმა შვა ძე „სწორი ძისა ღმრთისა“...
დაარქვეს პაპის სახელი - გიორგი, მეტსახელად უწოდეს ლაშა, რაც აფსართა ენაზე ნიშნავს განმანათლებელს სოფლისა. აფსართა და არა აფხაზთა ენაზე. მაშინდელი აფხაზები ქართველები იყვნენ. იმდროინდელი ქართველები განასხვავებდნენ აფხაზებსა და აფსარებს. ეს სიტყვა დღევანდელი აფსუების ენით იხსნება.
მემკვიდრის დაბადება უდიდესი სიხარულით აღინიშნა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ ქართულ-კავკასიურ იმპერიაში. გაათავისუფეს ტყვეები, უზარმაზარი თანხები შესწირეს ეკლესიებს, გულუხვად დაასაჩუქრეს მღვდლები და მონაზვნები, დიდი საბოძვარი გასცეს გლახაკებისთვის.
ბიზანტიის იმპერატორმა, წინა აზიის სულთნებმა, ათაბაგებმა, ამირებმა დიდი საჩუქრები გამოუგზავნეს საქართველოს სამეფო კარს და მოულოცეს მემკვიდრის დაბადება.
ახალშობილი უფლისწულის სახელზე ქართულმა ჯარმა ილაშქრა ბარდავში, ერთი თვის მერე კი არზრუმში, შემდეგ ყარსში.
დავით წინასწარმეტყველისა და ვახტანგ გორგასლის შთამომავალი გარეგნობით დედ-მამასავით ლამაზი ყოფილა – ოქროსფერი კულულები ამშვენებდა კავკასიელთა უფლისწულს (როგორც ერთ-ერთ ფრესკაზეა გამოსახული).
ცამეტიოდე წლის იქნებოდა, მამა რომ გარდაეცვალა, დიდი მეომარი, მეფეთ-მეფისა და დედოფალთ-დედოფლის მეუღლე, მეფე დავით სოსლანი.
შვიდმნათობიერმა თამარმა თანამეფედ გამოაცხადა და თავად დაადგა გვირგვინი.
რამდენიმე წლის მერე გარდაიცვალა ქართველთა სათაყვანებელი თამარ მეფე და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა თამარის ძე გიორგი მეოთხე ლაშა.
თანამედროვე მემატიანე ასე ახასიათებს ლაშას: „ლომივით ძლიერი და უმანკო გონებით, ადამიანების მოყვარული, მშვიდი და განურისხებელი ბუნების, შვიდი სამეფოს მეფე იყო და ერთი მონისთვისაც კი მათრახი არ დაურტყამს“.
ისე, მეფეს, ან უფლისწულს, რატომ უნდა დაერტყა მათრახი მონისთვის თუ მსახურისთვის?
ლაშა ყოფილა კარგი მშვილდოსანი და მხედარი, გულადი და შემართული.  ლაშქრობაში ყოფნა უყვარდა, უხაროდა შემოდგომაზე ნაყოფთა დამწიფება, იყო გაჭირვებულთა დამხმარე და სამართლიანი.
შემოდიოდა და შემოდიოდა სახელმწიფო ხაზინაში ხარკი ყმადნაფიცი სახელმწიფოებიდან. დუღდა ცხოვრება ქალაქებში და გახურებული იყო ვაჭრობა. სახელმწიფოს მთელი შემოსავლის მეათედი გაჭირვებულებს ურიგდებოდათ. ბევრი იყო სამეფოში უფასო სამკურნალო.
ლაშას სიჭაბუკით ისარგებლეს და განდგნენ ყმადნაფიცი ქვეყნები. თამარის ძემ ივაჟკაცა და ხელახლა დაიმორჩილა და დახარკა განძა, მერე დაარბია ხლათი, და ისიც კვლავ ვასალად აქცია. შემდეგ არზრუმმა (კარნუ-ქალაქის სასულთნომ) ისევ ითხოვა ქართველი მეფის ქვეშევრდომობა. შემდგომ კვლავ განაგრძო ქართულმა არმიამ შემოვლა საკუთარ რეგიონში, ნახჭევანამდე.
უდიდესი პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ მხარგრძელებს. დიდი სახელი ჰქონდა შალვა ახალციხელ-თორელს – „არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“.
სიახლეები უნდოდა ახალგაზრდა მეფეს, ცხოვრებით ტკბობა და თან, ერთპიროვნული მმართველობა. მაგრამ, დიდებულები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ისიც არ ეპუებოდა, ცდილობდა...
ამ ცდაში შეცდომებიც მოუვიდა. შემოიკრიბა თანატოლები, თანამოასაკენი. მათთან ერთად ყოფნა უყვარდა. თუმცა, მათ სახელმწიფოში გავლენა არ ჰქონდათ, არც პოლიტიკური ცოდნა გააჩნდათ, უფრო მეტად დროსტარება, სიმღერა, სმა, ნადირობა და გართობა იზიდავდათ.
ეს ერთგვარი პროტესტი შეიძლება, ყოფილიყო გაზულუქებული დიდებულების წინააღმდეგ.
თვითბუნება (თავნება) გახდა ქართველთა იმედი.
დიდი დანაშაულიც ჩაიდინა, ველისციხეში ქვეშევრდომს ცოლი წაართვა  და სასახლეში დაისვა, რომლისგანაც ვაჟი, დავითი შეეძინა. არავინ იცის, რა მოხდა, ვინ იყო იმ ქალის ქმარი. იქნებ არ უყვარდა იმ ქალს ქმარი და ლაშას დანახვისას ეწვია სიყვარული... მეფეც ემოციური ყოფილა, გადააბიჯა კანონს, სარწმუნოებას, ადამიანობას, კაცობას და ქვეშევრდომს ცოლი წაართვა.
დიდებულებმა წაგვარეს გულისწორი და ქმარს მიუბრუნეს.
საარაკო ვაჟკაცი იყო, უშიშარი მეომარი და კარგი ორგანიზატორი. დაახლოებით 1219 წელს ლაშა-გიორგის რომის პაპის, ჰონორიუს მესამის წერილი მოუვიდა, რომელიც ახალ, მეხუთე ჯვაროსნულ ომში იწვევდა უფლის საფლავის გამოსახსნელად. 
ემზადებოდა იერუსალიმის გასათავისუფლებლად. რამდენიმე ბრძოლაც მოუსწრია, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით. არსებობს ერთი ევროპული ცნობა, ფრანგი ჯვაროსანი რაინდის, დებუას წერილი, თუმცა გადაჭარბებული:
 „მოისმინეთ გასაოცარი და მნიშვნელოვანი ახალი ცნობები. ჯერ ყურმოკრული სიტყვა შევიტყვე, ხოლო შემდეგ სარწმუნო ელჩის მეშვეობით დანამდვილებით შევამოწმე, რომ იბერიელი ქრისტიანების, რომელნიც გეორგიანებად (ქართველებად) იწოდებიან, დიდძალმა ცხენოსანმა და ქვეითმა ჯარმა, ღვთის შემწეობით აღფრთოვანებულმა და ძალზე კარგად შეიარაღებულმა, გამოილაშქრა ურწმუნო წარმართების წინააღმდეგ. სწრაფად დაჰკრა მათ და უკვე აიღო 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, რომელთაგან სუსტნი ნაცარტუტად აქცია... ზემოაღნიშნული ჯარი მოეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმიდა მიწა-წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარჩინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. ის ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობითა და სათნოებით, მაგრამ არა – სარწმუნოებით. ამ ჭაბუკს თან მოაქვს ძვლები თავისი დედისა, უძლიერესი მეფის თამარისა, რომელსაც თავის დროზე იერუსალიმს წამოსვლის აღთქმა დაუდვია და უთხოვია შვილისათვის, თუ აღთქმის ასრულება არ დამცალდეს, ჩემი ძვლები ქრისტეს საფლავზე წაიღეო. შვილს არ დავიწყებია დედის თხოვნა და გადაუწყვეტია, წმიდა ქალაქში გადმოიტანოს დედის ნეშტი“.
ასეთი დიდი წარმოდგენა ჰქონდათ მაშინდელ ევროპელებს საქართველოზე. ასეთი ლეგენდები ვრცელდებოდა ჭაბუკ ქართველ მეფეზე მსოფლიოში.
იერუსალიმის გასათავისუფლებლად წასვლა ქართულმა არმიამ ვეღარ მოასწრო.  1220 წელს საქართველოს მოადგა მონღოლთა ორი სახელგანთქმული მხედართმთავარი – სუბუდაი და ჯებე, 20 000 მონღოლით და ასევე, სხვა ეროვნების ჯარისკაცებით. ზოგი თავისი ნებით იყო მონღოლებთან, ზოგი კი ტყვედ ჰყავდათ და ბრძოლის დროს წინა რიგებში უშვებდნენ უიარაღოდ. ამ ტყვეების ხოცვის დროს იღლებოდა ხოლმე მონღოლთა მოწინააღმდეგეების ავანგარდი და იხარჯებოდა ისრები. 
ბერდუჯის წყლის პირას გაიმართა ბრძოლა.  მოგვიანებით, ჟამთააღმწერელი წერდა, პირველი ბრძოლა ქართველთა მარცხით დამთავრდაო.
მონღოლებმა ჯარი ორად გაყვეს და ნახევარი გადამალეს. ბრძოლა რომ გახურდა, ვითომ შეშინდნენ და გაიქცნენ. ქართველები გამოეკიდნენ... უცებ მონღოლები მობრუნდნენ და გაშლილ ქართულ ჯარს ისრები დაუშინეს, გვერდიდან კი დამალული ნაწილი დაეტაკა ქართველებს. ქართველთა ჯარი აირია და საკმაოდ დიდი ზიანით დაიხია უკან. 
ლაშა გიორგის მემატიანის თქმით, ეს ამბავი კი მას უკეთ ეცოდინებოდა. მეფემ შეძლო არმიის მობილიზება, კვლავ შეტევაზე გადავიდა, გააქცია მონღოლები და დიდი ზიანიც მიაყენა.
მონღოლთა ჯარი ისევ ემზადებოდა ქვეყანაში შემოსაჭრელად. მათ მიიერთეს ახალი, დამატებითი ძალები საქართველოსადმი უკმაყოფილო ტომებიდან. ბევრი ოცნებობდა ქართველთა დამარცხებაზე, მდიდარი საქართველოს გაძარცვაზე.
მიუხედავად  ბრძოლაში მიღებული ჭრილობისა, მეფემ შეძლო არმიის სწრაფად რეორგანიზება, მოიხმო კარნუ-ქალაქის (არზრუმის) ყმადნაფიცი სასულთნოს ჯარიც და წინ დაუდგა მონღოლებს, რომლებიც ბარდავს დაბანაკებულიყვნენ. მონღოლებმა ვეღარ გაბედეს მათი ხრიკის მცოდნე, სახელგანთქმულ ქართულ ჯართან შებრძოლება, მიბრუნდნენ და დარუბანდის გზას გაუყვნენ, ანუ გაიქცნენ.
მხოლოდ ორჯერ ვერ გაიმარჯვეს სუბუდაიმ და ჯებემ - უბრძოლველად გაეცალნენ ლაშა-გიორგის  და დამარცხდნენ ვოლგის ბულგარებთან.
შარვან-შაჰმა სთხოვა გიორგი მეფეს რუსუდანზე დაქორწინება. მეფე დათანხმდა. ქართლის ერისთავი გააგზავნა შარვანში, თვითონ კი ბაგავანს გაემგზავრა. ბაგავანი უნდა ყოფილიყო სადღაც შირვანის საზღვართან ახლოს. იქიდან უნდა გაეტანებინა თავისი და შირვანშაჰისთვის.
მოულოდნელად ავად გახდა, ალბათ, ძველი ჭრილობების გამო და გარდაიცვალა ქართველთა იმედი ბაგავანში, 1222 წლის 18 იანვარს, ოთხშაბათს.

скачать dle 11.3