რატომ არის რუსეთისთვის გადარჩენის შანსი საქართველოს შუაზე გახლეჩა და რატომ ნიშნავს რუსული სახელმწიფოს მკვლელობას ირანის ენერგორესურსებისთვის საერთშორისო ბაზრის გახსნა
თუმცა რუსეთის ფედერაციასა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის შეთანხმება ინტეგრაციის შესახებ ძალაში შევიდა, სულ ახლახან გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცხინვალი და მოსკოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სისტემას ქმნიან. რატომ არ აკმაყოფილებთ ინტეგრაციის ის დონე, რასაც მიაღწიეს ჩვენმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა და რას ნიშნავს „თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა,“ – ამ თემაზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
– რატომ არ არის საკმარისი ინტეგრაციის შეთანხმება ცხინვალსა და მოსკოვს შორის, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და დამატება რატომ გახდა აუცილებელი?
– მოსკოვმა ორივე აღიარებულ რესპუბლიკას მოსთხოვა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს შეეხებოდა ისეთ თემას, მაგალითად, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული ფორმატის შექმნა, რომელშიც რუსეთი იქნებოდა დომინანტი. ერთგვარი გაერთიანება, დავარქვათ ასე: ერთობლივი კომისია. საბოლოოდ, აფხაზებმა ამაზე უარი თქვეს, მაგრამ ოსები დათანხმდნენ.
მთელი ეგრეთ წოდებული საზღვრის პერიმეტრის კონტროლი გადავიდა რუსეთის ხელში, აგრეთვე, რუსეთის ხელში გადავიდა სეპარატისტული თავდაცვის სამინისტროს ყველა ფუნქცია. ოსებს შეუძლიათ, იყოლიონ მხოლოდ 200 სამხედრო დეკორატიული ფუნქციით. ანუ, როდესაც ჩვენ ვხედავთ მანევრებს ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, ჩათვალეთ, რომ რუსი ჯარისკაცები ვარჯიშობენ. იმიტომ რომ, ის 200 მოსამსახურე, ვინც დარჩა „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, არ არიან ჯარისკაცები, მათ შორის, ოფიცრებიც არიან, დამლაგებლებიც და ასე შემდეგ.
– სამოქალაქო პერსონალი ანუ?
– დიახ. ასე რომ, ეს არის განსაკუთრებული ინტეგრაციის სისტემა, ფაქტობრივად, ყველანაირი უსაფრთხოების ბერკეტი აღმოჩნდა რუსების ხელში და ოსები მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებენ. ძალიან ბევრი ოსი სამხედრო მოსამსახურე უკვე მუშაობს რუსულ ჯარში, რუსულ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რუს მესაზღვრეებთან. ისინი არიან რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები რუსულ სამხედრო სტრუქტურებში. აი, ასე მოხდა საბოლოო ჯამში.
– მიიღეს მათ ის თავიანთი 3 მილიარდი, ამ შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ რომ ჰპირდებოდა მოსკოვი?
– დიახ, დაახლოებით, 4 მილიარდ რუბლამდე თანხაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იმ თანხის ნაწილი, რომელიც გეგმურად უნდა მიეღოთ რვა თვის განმავლობაში, ჯერჯერობით არ არის გადარიცხული, ისევე, როგორც აფხაზეთში. მათ უნდა მიეღოთ სამი მილიარდ 700 მილიონი რუბლი, მაგრამ მხოლოდ 127 მილიონი რუბლი მიიღეს, იმიტომ რომ, აფხაზები არ თანხმდებიან ორ ძირითად საკითხს: შინაგან საქმეთა სამინისტროების გაერთიანებას და მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შესახებ კანონის მიღებას.
– ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ ეწერა შეთანხმების არც თავდაპირველ პროექტში.
– ეს არაფერს ნიშნავს, რომ იქ არ ეწერა, ასეთია მოსკოვის ცალსახა მოთხოვნა. ისევე, როგორც რკინიგზის აღდგენაა ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა აფხაზეთის შემთხვევაში და არ აქვს მნიშვნელობა, მოსკოვის ამ მოთხოვნებს ექნება თუ არა დოკუმენტის სახე. სხვათა შორის, აი, რუსეთის აფხაზებისადმი ასეთ დამოკიდებულებას შეეწირა სანავთობო საკითხი, როდესაც აფხაზმა დეპუტატებმა შეუჩერეს „როსნეფტს“ საქმიანობა აფხაზეთში და დააბრალეს ეკოლოგიას, აფხაზეთის სანაპირო ბინძურდებაო. ეკოლოგიის პრობლემა, რასაკვირველია, არსებობდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო საკუთარი ძალის დემონსტრირება აფხაზების მხრიდან. ამ განცხადებაში პირდაპირ ჩანდა, რაკი მოსკოვი ანგარიშს არ გვიწევს, ჩვენ პროცესს მოვაქცევთ საერთაშორისოდ არსებულ ჩარჩოშიო.
– თქვენც აღნიშნეთ, თუ როგორი ყოვლისმომცველია ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმება, მეტი რაღა უნდათ?! ბაიკანურს ხომ არ ააშენებენ ცხინვალში?
– თუ დასჭირდათ, ააშენებენ. მინდა, ზუსტად იყოს გაგებული. ინტეგრაციის ეს დოკუმენტი, პირდაპირ რომ ვთქვათ, პოლიტიკური ერთიანობის გარდა, გულისხმობს დანარჩენ ყველა დარგში შერწყმას. ახლა ჩვენ მივიღეთ არა შერწყმა, არამედ – ჩანაცვლება.
– გამოდის, რომ, ფაქტობრივად, მოქმედებენ არა სეპარატისტების, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალები, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის სასაზღვრო უწყება, ოსი სეპარატისტები არიან ანტურაჟის როლში. ჩვენი ხელისუფლება ამ კოზირს რატომ არ იყენებს თუ იყენებს და მე არ ვიცი?
– ჩვენმა ხელისუფლებამ რა უნდა თქვას?!
– როდესაც კონფლიქტის ზონის ეგრეთ წოდებული საზღვარი იწევა აქეთ, ამას აკეთებენ რუსული სახელმწიფო სტრუქტურები. ეს არ არის კოზირი?
– როგორ არ არის, მაგრამ კოზირს გამოყენება სჭირდება. პოკერის კარგმა მოთამაშეებმა იციან, როგორ გამოიყენონ შედარებით სუსტი კარგი ძლიერ კარტთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ჭკუითა და გამოცდილებით შეუძლიათ ამის გაკეთება და, მეორე, ან შეგნებულად არ აკეთებენ. იმ კითხვაზე, რომელსაც თქვენ მე მისვამთ, პასუხი არ მაქვს, თუმცა ერთი რამ შემიძლია, გითხრათ: საერთოდ, აქტიურობა და აგრესია საჭიროა ორ შემთხვევაში; ერთი, როდესაც გინდა, რომ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს შენი საკითხი და მეორე, როდესაც ასპროცენტიანად ხარ დარწმუნებული, რომ ამ აქტივობას შედეგი ექნება. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომელიც ჯობია?! – პროცესში იყო და შედეგი არ ჰქონდეს თუ დაელოდო მომენტს და შედეგიანად დაარტყა?
– მე მეორეს ავირჩევდი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული.
– მაგრამ ამავე დროს იმასაც ვამბობ, რომ შედეგიანად დამრტყმელს ვერ ვხედავ საქართველოში, ვერც ხელისუფლებაში და ვერც პოლიტიკურ ოპოზიციაში. ბევრს ხტუნაობს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რამის გამკეთებელი რომ ყოფილიყო, 2008 წლის ომს არ დაუშვებდა. ამდენად, მათი ეს საყვედურები ამ ხელისუფლების მიმართ არის სასაცილო და მიუღებელი. სულ მსოფლიოს დღის წესრიგში უნდა იდგეს საქართველოს საკითხი, კი ბატონო, მაგრამ გვაძლევს ეს რამეს?! ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან ამისთვის მზად? შეუძლიათ გადაწყვიტონ ეს საკითხი? მე ამას ვერ ვხედავ.
იქნებ ჯობია, დრო შევურჩიოთ და მაშინ დავარტყათ?! დავარტყათ იმიტომ, რომ ობიექტურად, უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის მდგომარეობა უკან-უკან მიდის. ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზული კრიზისის რეჟიმშია დღეს რუსეთი, პლუს ნავთობის ფასის ვარდნაც. ეს იმიტომ კი არ არის საშიში რუსეთისთვის, რომ იქ სოციალური აფეთქება მოხდება და ხალხი ქუჩაში გამოვა, ეს არ არის მთავარი, არამედ, მთავარია, რომ ეს შეაფერხებს რუსეთის სახელმწიფოს განვითარებას. რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ვეღარ იმუშავებს კარგა ხანს.
სხვათა შორის, ეს არის კიდეც ჩადებული იმ პოლიტიკაში, რომელსაც დასავლეთი ატარებს რუსეთის მიმართ. რუსეთი ხარჯავს თავის სავალუტო რესურსს, თავის სხვა ტიპის რესურსს იმისთვის, რომ მოისყიდოს დასავლეთში პოლიტიკოსები და ეს გამოსდის კიდევაც. მიუხედავად ამისა, დასავლეთში არსებობს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომლებიც, მართალია, არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ხიბლით საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ის მაინც შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, რომ აწეული თამასა შეინარჩუნონ.
– ბრძანეთ, რომ სუსტდება რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები და თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად ძალიან დასუსტდება რუსეთი, და თუმცა პარალელურად უკრაინაზეცაა გადართული და თითქოს ჩვენთვის არ სცალია, მაგრამ მაინც აჩენს საცეცებს. ვიცით, რომ ბანერებს დგამენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თანდათან შემოდის სიღრმეში. რის მიღწევას ცდილობს ამით?
– რუსეთი ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ კურსს კი არ ებრძვის, რუსეთი ცდილობს, თავი დაიცვას მოვლენების მომავალი განვითარებისგან.
– გულისხმობთ ირანის შემოსვლას როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე საერთაშორისო არენაზე?
– ირანმა და აზერბაიჯანმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რის მიხედვითაც, იდეაში არსებობს ირანული გაზის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირების ალბათობა ევროპისკენ. ფაქტია, ეს გაზი არ წავა რუსეთის გავლით, გასაგებია, რომ წავა საქართველოს გავლით. რუსეთი ცდილობს, ამას ხელი შეუშალოს და, ასევე, ხელი შეუშალოს თურქმენეთის გაზის სავარაუდო ტრანსპორტირებას დასავლეთისკენ. აგრეთვე, ხელი შეუშალოს აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ „ნატოს“ სასწავლო ცენტრის ამუშავებას; ხელი შეუშალოს ბევრ სხვა ისეთ საკითხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება.
რუსეთს შეუძლია ორი რამ: ან ომი საქართველოსთან ან საქართველოს ხელისუფლებაში იმ ტიპის ზეწოლები, რასაც ახორციელებს. ჩვენ ეს კარგად უნდა გავიგოთ. ერთი საქმეა, რას აკეთებს საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება და მე თქვენ გითხარით, რომ ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რა უნდა რუსეთს. როგორც გითხარით, რუსეთს არ უნდა, დაუშვას ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ რომ, ეს მას ვნებს. დასავლეთმა რუსეთს დაუპირისპირა მისი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, ვგულისხმობ ირანს, იმით, რომ დაამთხვია მათი ინტერესები. ირანისთვის იმდენად მნიშვნელოვანია თავისი ჭარბი ენერგორესურსების გაყიდვა, რომ არ არის გამორიცხული, ბარელი ნავთობის ფასი დასწიოს 20 დოლარამდე. აქ რუსეთთან ძმაკაცობა აღარ გამოდის და ამერიკელებმაც კი ამ საქმისთვის გაწირეს თავისი უახლოესი პარტნიორი – საუდის არაბეთი და უკან დამხევები არ არიან. რუსეთმა ეს კარგად იცის და თუ დაიწყო ირანის გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ, ეს არის რუსეთის დაღუპვა.
– ამიტომაც მოცოცავს?
– ამიტომ მოცოცავს. ამის შემდეგ დგას საქართველოს ტერიტორიის შუაზე გახლეჩა. ამის გაკეთება რუსეთს დღეს გაუჭირდება, საამისო რესურსი არ აქვს.
– თუ ჩვენ არ წამოვიკიდეთ.
– რა თქმა უნდა. მეორე მხრივ, კონკრეტული ადამიანები ზარალდებიან ამ მცოცავი ოკუპაციით, რომლებსაც სარჩო-საბადებელს ართმევენ რუსი სამხედროები. აი, ასეთი დილემის წინაშე ვდგავართ. ამ დილემიდან თავის დაძვრენა შეგვიძლია, მაგრამ ეს უაღრესად რთულია და მხოლოდ ბრძენ ადამიანებსა და პოლიტიკაში დიდი გამოცდილების მქონეთ შეუძლიათ. არიან ასეთები საქართველოში?! მე ვერ ვხედავ, თუ არიან, ისიც – ერთი-ორი.
– რუსეთი იმედოვნებდა, ჩემი შთაბეჭდილებით, რომ ირანის გაზი და ნავთობი წასულიყო სომხეთის გავლით, რადგან სომხეთის მონაკვეთი საშუალებას მისცემდა, მაინც ჰქონოდა ევროპის ენერგომომარაგებაზე ზემოქმედების ბერკეტი. სომხეთ-საქართველოს მარშრუტი გამოირიცხა?
– არა, იმიტომ რომ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ამ მარშრუტზე მსჯელობა იყოს. საქმე ისაა, რომ ირან-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ძველი ინფრასტრუქტურა არსებობს. მართალია, გასარემონტებელია, მაგრამ არსებობს. გარდა ამისა, ამის აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი გაზსადენის გადაკეთება. სპეციალურად გაკეთდა საბჭოთა დროს ის, რომ სომხეთიდან ირანში და ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენი ყოფილიყო ვიწრო, რათა სომხეთს მხოლოდ იმ რაოდენობით გაზი მიეღო, რამდენიც სჭირდებოდა და მომავალში არ ჰქონოდა იმის იმედი, რომ შეძლებდა გაზის ტრანსპორტირებას. ახლა ამ მილების გადაკეთებას, მათ ამოყრას და უფრო დიდი მოცულობის მილების ჩაყრას, უამრავი რესურსი დასჭირდება.
– აქ კიდევ პირდაპირ მიუერთდება უკვე არსებულ საერთაშორისო მილსადენებს, რომლებიც სრულად მაინც არ არის დატვირული.
– რა თქმა უნდა, ირანული გაზი მიუერთდება შაჰ-დენიზის გაზსადენს.
– ანუ სიფრთხილე არის ჩვენი ერთადერთი იარაღი?
– მართალი იქნება, საყვედური რომ მითხრას ამ რეგიონის რომელიმე მოსახლემ, რადგან მათ დაკარგეს ლუკმაპური და მათი მიწები უცებ აღმოჩნდა ახალი ბანერების მიღმა. ამიტომ ხელისუფლებამ, უპირველესად, მაქსიმალურად უნდა დაუჭიროს მხარი ამ ადამიანებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი დამთავრდება ან საქართველოს განადგურებით, ან საქართველოს გამარჯვებით. ჩვენი ასარჩევია, როგორც მოვიქცევით: ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ, რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ და უკეთეს დროს დაველოდოთ.