როგორ იქცა სპეცსამსახურებისთვის ინტერნეტი და სოციალური ქსელები საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან საშუალებად და როგორ მუშაობს დეზინფორმაციის სამსახურები სოციალური ქსელებით
გარდა ინფორმაციის შეგროვებისა, სპეცსამსახურების ფუნქცია ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე ზემოქმედებაცაა. ამის ყველაზე მასობრივ საშუალებას, ალბათ, მსოფლიო ტექნოლოგიის მონაპოვარი – ინტერნეტი და ინტერნეტის თანმდევი სოციალური ქსელები იძლევა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ნებაყოფლობით და დიდი სიამოვნებით ავრცელებენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ და ძალიან უიოლებენ საქმეს დაინტერესებულ პირებსა თუ უწყებებს, იმის პარალელურად, რომ მანიპულაციისთვისაც მეტად გემრიელ საკბილოს წარმოადგენენ. უფრო მეტიც – „ფეისბუქის“ მამა იმასაც კი დაგვპირდა, რომ ინტერნეტს კოსმოსიდან დაასხივებს დედამიწას, რომ ყველას ჰქონდეს სოციალური ქსელის სიკეთეებით სარგებლობის საშუალება. მიზანი, ერთი შეხედვით, მეტად კეთილშობილურია, თუმცა ისიც ცხადია, თუ რამხელა ხეირის ნახვა შეუძლიათ ამ აქციით ზემონახსენებ დაინტერესებულ პირებსა თუ სპეციალურ უწყებებს. მეორე მხრივ, არც ისაა საიდუმლო, რომ თითქმის ყველა ტექნოლოგიური ნოვაცია სწორედ ამა თუ იმ სპეცსამსახურის წიაღში შეიქმნა და მხოლოდ ამის შემდეგ იხილა დღის სინათლე, უდიდესი ალბათობით. ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების რა საშუალებებს ფლობენ თავიანთ არსენალში კეთილად თუ ავადსახსენებელი სპეცსამსახურები.
– რა საშუალებებს იყენებენ სპეცსამსახურები ადამიანზე ზემოქმედებისთვის როგორც მის ფსიქიკაზე, ისე ფიზიოლოგიაზე და როდიდან იწყება ეს ისტორია?
– სპეცსამსახურების მეთოდები ყოველთვის ტაბუირებული თემა იყო, მაგრამ შეგვიძლია, მოვიხმოთ ისტორიული ფაქტები. დაახლოებით, 100 წლის წინათ პირველად გამოიყენეს ევროპასა და ამერიკაში ეგრეთ წოდებული პოლიგრაფი, ანუ სიცრუის დეტექტორი. აპარატი ზომავს ადამიანის შიდა იმპულსებს, მათ გავლენას სიმართლესა და სიცრუეზე. შეუიარაღებელი თვალით ეს ძალიან ძნელად თუ დადგინდება, მაგრამ პოლიგრაფი საშუალებას იძლევა, დააფიქსიროს ეს ცვლილებები. აღმოჩნდა, რომ, როდესაც ადამიანი ტყუილს ამბობს, უხშირდება მაჯისცემა, მის ორგანიზმში ცვლილებები ხდება და ამას კარგად ადგენს სიცრუის დეტექტორი.
– ფსიქოლოგიაში დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანის სხეული რეაგირებს ადამიანის მიერ ნათქვამ ტყუილზე. ორგანიზმი უარყოფს, ვერ ეგუება იმ ორგანიზმის პირითვე წარმოთქმულ ტყუილს. ანუ ჩვენი იმპულსები ჩვენზე პატიოსნები არიან.
– სიცრუის დეტექტორი გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოიყენეს ამერიკის პოლიციაში, 1924 წელს ფართოდ დანერგა სადაზვერვო ბიუროს დირექტორმა და დღესაც აქტიურად გამოიყენება, თუმცა მის მონაცემებს მტკიცებულების ძალა არ აქვს. სხვათა შორის, აპარატის მოქმედება ბევრადაა დამოკიდებული ინსტრუქტორზე, ვინც ამ გამოკითხვას ატარებს. თუმცა დღეს შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში მიღების დროს, ფართოდ გამოიყენება სიცრუის დეტექტორი, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული ფორმით და ამ ტიპის კვლევის ჩატარება სავალდებულოა რამდენიმე წელიწადში ერთხელ.
– ფილმებში ხშირად გვინახავს, როგორ ეშლებათ ადამიანებს გულახდილობის საღერღელი გარკვეული ტიპის პრეპარატების მიღებისას. ეს რეალობაა?
– ამ პრეპარატებს სიმართლის ფხვნილს უწოდებენ. ეს შეიძლება, იყოს პრეპარატის სახით, ფხვნილის სახით, რომელსაც ადამიანს მალულად უყრიან საკვებში, სასმელში, ან შეიძლება იყოს სიგარეტის ფორმით. ანუ, ერთი შეხედვით, დადებითი მოვლენა, ადამიანმა ილაპარაკოს სიმართლე, ჩადგა სხვა მიზნების სამსახურში. ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ამ საშუალებების ჩამონათვალი და მივალთ იქამდეც, როდესაც პრეპარატების გამოყენება სრულდება ადამიანის სიკვდილით. ასეთ საშუალებებს იყენებდნენ და, ალბათ, ახლაც იყენებენ არასასურველი პიროვნების ლიკვიდაციისთვის. რამდენიმე ფაქტია ცნობილი. მაგალითად, ბულგარელი დისიდენტის, გიორგი მარკოვის შემთხვევა, რომელიც 1978 წელს ლონდონის მეტროში ქოლგით გაკაწრეს და ის სამი დღის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. თავიდან არ ვარაუდობდნენ, რომ ეს ხელოვნურად გამოწვეული სიკვდილი იყო, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ პარიზში ანალოგიური შემთხვევა მოხდა, მაგრამ ის ადამიანი გადარჩა. ამის შემდეგ გაავლეს პარალელი ამ ორ შემთხვევას შორის და, ასევე, იპოვეს სხეულზე მიკროსკოპული ზომის ნაჩხვლეტი, ქოლგის მეშვეობით სპეციალური საშუალება შედიოდა ორგანიზმში და იწვევდა გულის ინფარქტს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში საეჭვო მკვლელობა მოხდა რუსეთში, როდესაც მოკლეს ცნობილი რუსი ბანკირი ივან კიველიდი, მისი ტელეფონის ყურმილი დამუშავებული იყო სპეციალური ფხვნილით, რომელიც ხელის მოკიდებით გადავიდა ბანკირზე. მას დაემართა უცნობი დაავადება, რომელმაც რამდენიმე დღეში არა მხოლოდ ის, მისი მდივანიც იმსხვერპლა, რომელიც, ასევე, შეეხო იმ პერიოდში ტელეფონის ყურმილს.
ასევე, 2000-იან წლებში მსგავსი სიმპტომების დაავადებით გარდაიცვალა რუსეთის „დუმის“ დეპუტატი იური შჩეკოჩიხინი, დაპირისპირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და დღემდე ფიქრობენ, რომ ის მოკლეს უცნობი პრეპარატის ზემოქმედებით. გარეგნულად ჩანს რაღაც დაავადების კვალი, მაგრამ რეალურად ეს იყო ხელოვნურად სპეცსამსახურების ნამოქმედარი. აუცილებლად უნდა ვთქვათ ტელეპატიისა და ჰიპნოზის გამოყენების შესახებ, როგორც ადამიანზე ზემოქმედების საშუალებებზე.
– ეს რეალობაა?
– როგორც წესი, საიდუმლო ინფორმაცია იხსნება 50-60 წლის შემდეგ, როდესაც აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას და გასული საუკუნის 90-იან წლებში გახსნილი არქივებიდან ირკვევა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სისტემაში ფინანსდებოდა ასეთი კვლევები და მითითებულია იმ კონკრეტული მეცნიერების გვარები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ. ერთი მხატვარიც იყო, რომელიც თავისი სპეციალობით იყო ჩართული პროგრამაში, გვარად – სვანი და ატარებდა ცდებს. შეერთებული შტატები რაციონალური ქვეყანაა და ასეთი სერიოზული სტრუქტურა თანხას არ გადაყრიდა. რაღაც კვლევები ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირშიც მიმდინარეობდა, თუმცა დღესაც გასაიდუმლოებულია და არ გამოვრიცხავ, რომ ამჟამადაც მიმდინარეობდეს. მაგალითად, გასული საუკუნის 80-იან წლებში მანილაში გაიმართა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტური, საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა ანატოლი კარპოვი, მისი მეტოქე კი იყო ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, რომელმაც ემიგრაციაში არჩია დარჩენა ვიქტორ კორჩნოი. და კორჩნოი თავისი დამარცხების მიზეზად სწორედ ჰიპნოზს ასახელებდა. ის ამტკიცებდა, რომ დარბაზში იყო რამდენიმე ადამიანი, საბჭოთა დელეგაციის წევრები, რომლებიც ჰიპნოზის საშუალებით არ აძლევდნენ მას სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
– ეს მაინც მისტიკა არ არის?
– მისტიკა არ არის, იმიტომ რომ, ჰიპნოზი არსებობს, თუმცა ყველა ადამიანზე არ მოქმედებს. და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიური სიახლე და გლობალიზაციის მთავარი მონაპოვარი – ინტერნეტი, ამჟამად არის აშკარა ზემოქმედების საშუალება და ელექტრონული ქსელი სპეცსამსახურების მიერ გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის შესაგროვებლად, არამედ – ზემოქმედებისთვისაც. სოციალური ქსელები არის სწორედ ინფორმაციის უდიდესი წყარო და სპეციალური პროგრამები პირდაპირ მუშაობს ამაზე, სურათით ავტომატურად მიგითითებს პიროვნების სახელსა და გვარს, მეგობრების სიას, კარიერულ გზას. ეს ყველაზე მარტივია და რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებს დამუშავებული აქვთ უფრო საფუძვლიანი და რთული პროგრამები. მით უმეტეს, ჩვენ ხშირად მეტად გულახდილები ვართ სოციალურ ქსელებში და მახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამაყობდა, რომ „ოდნოკლასნიკებში“ იყო. გვინდა თუ არა, ყველა საჯარო მოხელეზე გროვდება ინფორმაცია და მის საქმიანობას თვალყურს ადევნებენ. ეს ფაქტია, იმიტომ რომ, ესაა სპეცსამსახურების საქმე; ამ დროს კი ქართველი ჩინოვნიკები სოციალურ ქსელებში დებენ საოჯახო ფოტოებს, აზიარებენ თავიანთ სიხარულსა თუ სიახლეებს.
რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარს: ფორუმები და სოციალური ქსელები უკვე აშკარად იქცა სასურველი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გასატარებლად ნიადაგის მოსინჯვის ადგილად.
– დეზინფორმაციის გავრცელების ძალიან საინტერესო მეთოდია, როდესაც ვრცელდება ვითომ მასალა, ჩანს სათაური, რომელიც იკითხება და გვამცნობს მეორედ მოსვლას, არადა, რეალურად, ასეთი მასალა არ არსებობს, სათაურის ქვეშ მითითებული ლინკი არ იხსნება; გათვალისწინებულია ქართული ხასიათი, როდესაც კითხულობენ მხოლოდ სათაურს და ისე გამოაქვთ დასკვნა. ერთია, რომ იჯერებენ ამ დეზინფორმაციას და, მეორე, რომ ამ არარსებულ ამბავზე ბჭობენ.
– ჩვენ ჩვენი ემოციების გამო საკმაოდ მარტივად წამოვეგებით ხოლმე ასეთ შემოგდებულ სატყუარას და ეს რეალურად ხდება საზოგადოებრივი აზრისთვის პუტინისტური რუსეთის უფრო ნათელ ფერებში დასახატავად და დასავლეთის უფრო მუქ ფერებში წარმოსაჩენად. ესეც ურთულებს ჩვენს პეცსამსახურებს საქმიანობას.
– ამას გარდა, თითქოს დასავლეთის მხარდაჭერის მიზნით, ისეთი ინფო ვრცელდება, რაც, რეალურად, დასავლეთის დისკრედიტაციაა.
– ამ თემებზე რიგითი ადამიანები არ მუშაობენ, ამ თემებს ამუშავებს სპეცსამსახურები. რაც თქვენ ბრძანეთ: სპეციალურდ ისეთი სათაური შეირჩევა, რომ მაქსიმალურად დამაჯერებლად იყოს დეზინფორმაცია მიწოდებული და დამუშავებულია მეთოდი, თავად როგორ მართონ ეს პროცესი. ცნობილია, რომ არსებობს დეზინფორმაციის სამსახური. როგორც კი საბჭოთა კავშირი შეიქმნა, მეორე დღესვე შექმნეს ჩეკაში დეზინფორმაციის სამსახური, ასეთი იყო სტალინისა და ლენინის მოთხოვნა, რომ გარეთ და შიგნით ემართათ საზოგადოებრივი აზრი, ისე, როგორც მათთვის იყო ხელსაყრელი. იმავეს აკეთებს დღეს რუსეთი და, თუნდაც, ინფორმაციაში 10 პროცენტი იყოს მართალი და 90 პროცენტი – ტყუილი, ისეთი ოსტატობითაა შედგენილი დეზინფორმაციული ხაფანგი, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის მისაღები ხდება. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი მომენტი: ბოლომდე უნდა ჩაყოლა იმ დეზინფორმაციას, რომელიც პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს ეხება. გახსოვთ, რომ 2013 წელს რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსზე, „ოცნების“ წევრზე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი თანამშრომლობდნენ „კუდთან“ თუ „სოდთან“. მაგრამ შემდეგ პროცესი გაჩერდა, ყველა მხარე, ვინც ამტკიცებდა და ვინც უარყოფდა, გაჩუმდა. გავიდა ორი წელი და ჩვენ ვერ გავიგეთ, ის გამოქვეყნებული ანკეტები და თანამშრომლობაზე ხელმოწერა რეალური იყო თუ შემოგდებული დეზინფორმაცია?! თვითონ დასახელებული პიროვნებები უნდა მიჰყვნენ ბოლომდე ყველა ამ საქმეს. თუმცა მე არ ვიცი, მიმართეს თუ არა მათ სასამართლოს და ხომ არ არის საქმე განხილვის პროცესში.
– არა, არ მიუმართავთ.
– დეზინფორმაცია ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება ინტერნეტით, ინტერნეტგამოცემებითაც და სოციალური ქსელებითაც. სოციალურ ქსელებს დიდი მუხტის შეტანა შეუძლია საზოგადოებაში და არაბული რევოლუციების მამოძრავებელი ძალა, განსაკუთრებით, ეგვიპტესა და ტუნისში, სწორედ სოციალური ქსელები იყო. ასე რომ, ინტერნეტი დღეს უკვე არის იარაღი, მაგრამ გააჩნია, მას როგორ გამოიყენებს ხელისუფლება და ხალხი, თავის დასაცავად და საკუთარი იდეების გასავრცელებლად თუ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა. სამწუხაროდ, ჩვენი პეცსამსახურები დღეს ძალიან პასიურობენ. აქვთ რამდენიმე საიტი და იმის იმედზე არიან, რომ ამით მოახდენენ საზოგადოებრივი აზრის ინფორმირებას, მაგრამ მათი ოსტატობის დონეც დაბალია და შედეგიც – არცთუ სახარბიელო.
– მაგრამ სოციალურ ქსელს ის უპირატესობა აქვს, რომ რაოდენობა არ არის გადამწყვეტი. მთავარი ხარისხი და მოხერხებულობაა. ანუ მრავალრიცხოვნობა არ არის რუსული სპეცსამსახურის უპირობო უპირატესობა. რატომ ვერ ვუწევთ ჯეროვან წინააღმდეგობას?
– სულ სხვადასხვა კატეგორიებია რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურები თავისი ადამიანური რესურსით და ფინანსური თუ ტექნიკური საშუალებებით, როგორც კოღო და სპილო. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე ობიექტური ფაქტორია: რუსეთის სპეცსამსახურებმა მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების გამოცდილება, ტექნოლოგიები, ინტელექტუალური ბაზა. რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ თავიანთი კვლევითი ინსტიტუტები და მუშაობენ ფსიქოტიპების შესწავლაზე, არა მარტო პიროვნულ, არამედ ეროვნულ და ეთნოსურ დონეზე. შეისწავლიან მენტალურ თუ რელიგიურ ხასიათს. ეს მონაცემები მუშავდება. ასევე, მათ გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ და მეტი პატივისცემაც თავიანთ საზოგადოებაში. ჩვენ ბოლო 25 წელია, ვითომ დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ვერ მოხერხდა, რომ შეიქმნას ეროვნული სპეცსამსახური და ეროვნული იდეოლოგია, რომ საზოგადოების ნაწილს კი არ ეშინოდეს თავისი ეროვნული სპეცსამსახურის, პირიქით, მისი დამხმარე უნდა იყოს. მით უმეტეს, აი, ამ გასაჭირის პერიოდში, როდესაც შემოტევების ეპიცენტრში ვართ და არა მარტო ჩრდილოეთიდან: დასავლეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან.