რა ქონება დააგროვეს გიორგი კარბელაშვილმა და მისმა მეუღლემ ოჯახის უფროსის ჩინოვნიკური კარიერის 16 წლის განმავლობაში
აწ ხალხის რჩეული, ანუ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო პარტიული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ გიორგი კარბელაშვილი 1962 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიუღია და კვალიფიკაციით – ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერია, მისი სპეციალობა კი მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობაა.
ბ-ნი კარბელაშვილის სამუშაო ბიოგრაფია 1979 წელს დაწყებულა ტელერადიოკომიტეტის ელექტრომექანიკოსად, 1980 წელს თბილისის სატელეფონო კვანძის ელექტრომექანიკოსად გადაუნაცვლებია, 1983-დან 1990-მდე კი რადიოფიკაციის რესპუბლიკურ კვანძში მუშაობდა, ჯერ ელექტრომექანიკოსად, შემდეგ – ინჟინრად, ბოლოს კი – უფროს ინჟინრად. იმას გარდა, რომ 1986-1988 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახურიც მოუხდია, 1990 წელს საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ელკავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსი გამხდარა, 1992-ში ფრანგულ-რუსული ერთობლივი ფირმის ტექნიკური კონსულტანტი, 1996-ში კი – შპს „ტელეცენტრის“ გენდირექტორის მოადგილე. ხოლო 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილემდე დაწინაურებულა. 2000 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილედ დაუნიშნავთ, 2002-2004 წლებში კი თბილისის მერიაში პრემიერის მოადგილედ მუშაობდა; 2004-დან 2012 წლამდე „საქაერონავიგაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა. ამის პარალელურად, 2008 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, 2009 წელს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, 2011-2012 წლებში – „ტრასეკას” სამთავრობოთშორისი კომისიის ეროვნული მდივანი საქართველოში. 2012 წელს კი საქართველოს პარლამენტის წევრიც გახდა.
რაკი ხანგრძლივი ჩინოვნიკური გზა განვლო, რასაც, თუ გასულ კვირას მომხდარი ინციდენტით ვიმსჯელებთ, მის საჯარო მოქმედებებზე ხარისხობრივი კვალი მაინცდამაინც ვერ დაუმჩნევია, დეკლარაციაც არაერთხელ შეუვსია. მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ეკატერინე პაპავა, ქალიშვილი – იავნანა და მშობლები. იმხანად ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლი, 40 000 ლარად ღირებული, ეკუთვნოდა მამამისს, ანდრე კარბელაშვილს. მასვე ჰქონდა დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული – 7 000 აშშ დოლარი და ის ეწეოდა სამეწარმეო საქმინობასაც – იყო შპს „რადიოცენტრის“ კონსულტანტი. რაც შეეხება შემოსავლებს: 1998 წლის განმავლობაში ბ-ნ კარბელაშვილს, როგორც მინისტრის მოადგილეს, ხელფასის სახით, 2 330 ლარი აუღია.
ბ-ნი კარბელაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ, თუ როგორ აისახა მის ქონებრივ მდგომარეობაზე სახელმწიფო სამსახურის 16-წლიანი პერიოდი. ბოლო დეკლარაციაში ოჯახის წევრებად ის მიუთითებს მეუღლეს და ორ შვილს, 1996 წელს დაბადებულ იავნანასა და 2001 წელს დაბადებულ ანდრიას. რაც შეეხება უძრავ ქონებას: გიორგი კარბელაშვილის საკუთრებაა ბინა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე (100 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი ყვარელში (1 840 კვ.მ.); ეკატერინე პაპავას კი ეკუთვნის: მიწის ნაკვეთი ქვიშხეთში (1 535 კვ.მ.) და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი (174 კვ.მ.), ასევე, ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (193 კვ.მ.), არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, აბანოს ქუჩაზე (34 კვ.მ.) და კიდევ ერთი ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (48კვ.მ.). გიორგი კარბელაშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა – 1949 წლის „პობედა“, ეკატერინე პაპავას კი აქვს 10 000 ლარზე ძვირად ღირებული ორი ფერწერული ტილო – ედმუნდ კალანდაძისა და ლადო გუდიაშვილისა.
ეკატერინე პაპავა „რესპუბლიკა ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 10 000 აშშ დოლარს ინახავს და თუმცა დაუსაქმებელია, მიმდინარე ანგარიშებზე დეკლარაციის შევსების მომენტში ერიცხებოდა: 24 786 ლარი, 647 აშშ დოლარი და 3 190 ევრო. გიორგი კარბელაშვილს კი ავსტრიის ბანკის მიმდინარე ანგარიშზე – 2 000 ევრო. ოჯახში მხოლოდ ოჯახის უფროსია დასაქმებული და 2014 წლის განმავლობაში ბ-ნმა კარბელაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 53 300 ლარი აიღო. თუმცა ეკატერინე პაპავამ შემოსავალი მიიღო ფართის გაქირავებით – 13 000 აშშ დოლარი. გასულ წელს ბ-ნ კარბელაშვილს ქალიშვილის სწავლის საფასური 5 800 ლარი დაუჯდა, ვაჟიშვილის – 5 000 ევრო.