„ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს“?!
სტრიპტიზის მოლოდინში
თუმცა ჩვენს რჩეულებს ისე ვყავართ განებივრებულები სანახაობით (თანაც – რვავე მოწვევისას), რომ აღარც კი გვეგონა, თუ რამე გაგვაკვირვებდა, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ და, აღმოჩნდა, რომ თვით ჩვენი გაკვირვებაც კი შესაძლებელია ყოფილა.
გასულ კვირას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თავისუფალი სიტყვის მებაირახტრე მათმა მეგობარმა მედია-საშუალებამ, როგორც თავად მიუთითეს, ექსკლუზიურად, დაარისხეს განგაშის ზარები, რომ დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიტაცეს და უკანონოდ დაატყვევეს!
ყოფილი შს მინისტრი ბ-ნი ბარამიძე კი პოლიციის განყოფილებაში (სადაც ხსენებული მედია-საშუალების მტკიცებით, უკანონოდ იყო დატყვევებული ხალხის რჩეული), იმას გარდა, რომ პოლიციელებს „ძაღლებად“ მოიხსენიებდა, მისთვის ყველა კარის გაღებას ითხოვდა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარო (ერთ-ერთი ლუდოვიკოს სტილში: კანონი – ეს მე ვარო. ).
მართლაცდა, ინფორმაცია გულის გამგმირავი იქნებოდა, რომ არა მოგვიანებით შსს-ის მიერ ბ-ნი კარბელაშვილის დაკავების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, სადაც წელზემოთ შიშველმა ხალხის რჩეულმა ასო (სახელდობრ, ყარი) იმდენჯერ აათამაშა, მრავალჭირნახული ყური შეუწუხდა სრულიად საქართველოს მოსახლეობას (პოლიციის დაუმორჩილებლობა საერთოდაც სხვა და უფრო მძიმე საკითხია).
ასეა თუ ისე, გამოფხიზლების შემდეგ, შესაძლოა, ჩანაწერის გამოქვეყნების ძალითაც, ბ-ნმა კარბელაშვილმა ბოდიში მოიხადა, ხოლო სრულიად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხმად დაგმო კოლეგის საქციელი.
მე არ ჩავუღრმავდები მომხდარის ანალიზს, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ მავანი ხალხის რჩეული მხოლოდ წელზემოთ გაშიშვლებას არ დასჯერდეს და, ადრე თუ გვიან, სანახაობად სტრიპტიზიც შემოგვთავაზოს?!
რადგან, თუ „იბიარდია“ „იბიარდი“ იყოს!