„ესაა პიკასოს ბიჭი“?!
ანუ „ვარ გაკოჭილი მე ევროპელი და ვტკბები ზანგის თავისუფლებით“
რაკი გასული კვირის მთავარი სანახაობა მაინც ხალხის რჩეულის, ბ-ნი კარბელაშვილის ვნებანი იყო (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), მეც კიდევ ერთხელ უნდა შევაწიო სიტყვა, ოღონდ, მთლად მას კი არა, სულ სხვას.
სანამ ამბავი ბოლომდე გაირკვეოდა (ბოლომდე, ანუ, რა პოზიციას დაიკავებდა მთავარი მოქმედი პირი „ნაციონალური მოძრაობა“), მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქმე არა გატაცებასთან, არამედ ზომაზე მეტად მთვრალი დეპუტატის მშფოთვარე ფანტაზიასთან გვქონდა, „თავისუფალი დემოკრატების“ გენმდივანმა ისე ისულსწრაფა, რომ თვით ბიძინა ივანიშვილი დაამუნათა – რატომ იკადრეთ ბ-ნი კარბელაშვილის შეუფერებელი საქციელის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებაო.
მომყავს ციტატა (სტილი დაცულია): „იყო კაცი სუფრაზე, თუნდაც გადაამეტა, ორი გრამი ტვინი ხო უნდა გეყოთ ვინმეს ხელისუფლებაში, რო ამ კადრებით საქართველოს, ბოდიში ამ სიტყვისთვის, აბანძებთ, ყველას სალაპარაკოს აძლევთ! რვა საათს ოპოზიციონერ დეპუტატს რო გამოკეტავ, ამით მარტო ქვეყანა რო ზარალდება, ამაზე არავინ არ ფიქრობთ? თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა „პაძელნიკმა” ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა? ეგაა თქვენი მასშტაბი ბატონო ბიძინა? მითხარი, რომ არაფერი არ იცოდი, ბატონო ბიძინა!“
რთული სათქმელია, რა საერთო აქვს ბ-ნი შალიკიანისა და ბ-ნი კარბელაშვილის შემთხვევებს (პირველს ეძინა საკუთარ სახლში და პოლიცია შეუვარდა; მეორე, არაფხიზლად მყოფი, პოლიციას თითქმის თავად შეუვარდა), თუმცა ის უფრო რთული სათქმელია, რომელი სტანდარტებითაა მიღებული ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პოლიციის შეურაცხყოფა და არდამორჩილება და შემდეგ ამის დამალვა?!
რაც, თუ გავიხსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ თავს დასავლური ყაიდის უალტერნატივო პოლიტძალად მიიჩნევს ქვეყანაში, ბადებს ტრაგიკულად რიტორიკულ კითხვას: ესაა პიკასოს ბიჭი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპული ორიენტაცია)?!