კონკურენტები
ანუ რატომ არა ვარ… რობოტი
სანამ ჩვენ ადამიანები ვერ დაგვისაქმებია, შვეიცარიის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა, არც მეტი, არც ნაკლები, დედა-რობოტი შექმნეს, რომელსაც არა მხოლოდ შვილი-რობოტების შექმნა, საკუთარ შეცდომებზე სწავლაც კი შეუძლია.
თუმცა მთლად ბუნებრივი გზითაც არა: დედა-რობოტი შვილებს პლასტიკური კუბიკებისგან ქმნის, სულ რაღაც, ერთ საათში! ოღონდ, სამუშაოს შეუსვენებლად, 24 საათის განმავლობაში ასრულებს.
მეორე მხრივ, ამ ტიპის რობოტების შექმნის მიზანი მათი არა მხოლოდ მექანიკური სამუშაოს შესასრულებლად გამოყენებაა, არამედ ის, რომ ამა თუ იმ სფეროში ინოვაციების განვითარებას შეუწყონ ხელი.
კერძოდ, ზემოთქმულის შემქმნელ მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, მომავალში ამ რობოტებმა სრულიად დამოუკიდებლად ისეთი რობოტებიც კი შექმნან, რომლებიც ადამიანებზე უკეთ შეასრულებენ ამა თუ იმ სამუშაოს.
ამიტომაც რობოტების გადარჩევის მიზნით შეიქმნა გენომის ანალოგი, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია მომავალი რობოტის ფორმაზე და ბრძანებები, რომლებიც შვილი-რობოტის ძრავამ უნდა შეასრულოს.
მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რობოევოლუცია არაფრით განსხვავდება ბუნებრივი ევოლუციისგან. შვილი-რობოტების ყოველი ახალი თაობის შესაძლებლობებს დედა-რობოტი დააკვირდება და მათ შორის საუკეთესოებსაც შეარჩევს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის მოსახლეობა კატასტროფული სისწრაფით იმატებს, რომლის გამოკვება პლანეტას უკვე აღარ შეუძლია, შესაძლოა, ძლიერნი ამა დედამიწისანი ამ მზის ქვეშ დარჩენას „ჭკვიან“ რობოტებთან ერთად გეგმავდნენ, რადგან, რობოტებს აქვთ ერთი დიდი უპირატესობა: არც საკვები სჭირდებათ, არც წყალი და არც ჟანგბადს მოიხმარენ.