დროამოწურული
ანუ სულ სხვა რამზანი
მაშინ, როდესაც ჯერჯერობით თავი არა მხოლოდ ჩეჩნეთის, ჩრდილო კავკასიის უგვირგვინო მეფედ მოაქვს, რამზან კადიროვმა, არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეში სულ სხვა ადამიანები უნდა მოვიდნენ.
უფრო ჭკვიანები და მოქნილებიო (ანუ არაჭკვიანი და მოუქნელი ვარო?!) და ეს რეგიონში ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას წაადგებაო.
და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, იმასაც ამატებს, რომ პოლიტიკაში მისი დრო ამოიწურა.
ეს ამბავი სრულიად რუსეთის მოსახლეობას მან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აუწყა და ისიც გაუმხილა, რომ არაერთხელ მიუმართავს ცენტრისთვის გადადგომის თხოვნით.
თუ ამ ინტერვიუს პათოსით ვიმსჯელებთ, რამზანი ემშვიდობება ჩეჩნეთის პირველკაცის სკამს, თუმცა უცნობია, თავისი თუ კრემლის ნებით, ან, სად აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას.
თუმცა იქვე კეთილდღეობის რეცეპტიც გაამხილა: „ჩეჩნეთი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა დასავლური სანქციების შედეგად, რადგან ჩეჩნეთი, ფაქტობრივად, არ თანამშრომლობს ევროპულ კომპანიებთან.“
ხოლო უფრო ადრე ფედერაციის ხელმძღვანელობას საგარეო ვექტორის შეცვლა ურჩია – არაბული სამყაროსკენ; მომყავს ციტატა: „იმიტომ რომ, არაბული ქვეყნები არ უღალატებენ რუსეთს განსხვავებით დასავლეთისგან“.
ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებს თუ არა ერთი პრ. (პუტინი) მეორე პრ.-ის (კადიროვის) რჩევას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩრდილო კავკასიაში ცვლილებები იგეგმება და, ფრიად რთული სათქმელია, როგორ აისახება ამ ჩვენს დანაწევრებულ ბედზე.