რატომ არის უროლოგიის ეროვნული ცენტრი დარგის ლიდერი და რატომ ირჩევენ მანაგაძეები უროლოგიას
უროლოგიის სამეცნიერო ცენტრი – ამ ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დარგის ლიდერია. ბატონი ლაურ მანაგაძე ამ ინსტიტუტის საათავეებთან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანებიდან დგას, თუმცა დღეს უკვე ახალგაზრდა თაობა უმშვენებს მხარს: მისივე ვაჟიშვილი – გიორგი მანაგაძე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ევროპაში განსწავლული კადრები. როგორც ბატონი ლაურ მანაგაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მისი შვილიშვილიც გეგმავს, რომ უროლოგი გახდეს, რაც კიდევ უფრო უძლიერებს იმედს, რომ ქართული უროლოგია ევროპული ოჯახის ისეთივე სრულფასოვანი წევრი იქნება, როგორიც ის ბოლო წლების განმავლობაში იყო.
ლაურ მანაგაძე (აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი კლინიკურ დარგში, ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი): უროლოგიის ეროვნული ცენტრი მთელი ჩემი ცხოვრებაა. 1985 წლის თებერვალში მაშინდელ უროლოგიის ინსტიტუტში მოვედი დირექტორად და, იმ დღიდან მოყოლებული, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი თავის პერსონიფიკაცია არ მომეხდინა ამ ინსტიტუტთან. გადავწყვიტე, ჩემ გვერდით დამეყენებინა ახალგაზრდები – ისინი უნდა „აფეთქებულიყვნენ” ამ სივრცეში, შეეძინათ ძველი სამედიცინო უნარ-ჩვევები და ახლით გაემდიდრებინათ. სამწუხაროდ, ადრე არსებული ქართული სამედიცინო მოცემულობისთვის დამახასიათებელი იყო მედიცინის ცალკეულ გიგანტებთან ასოცირება, რომელთა გარდაცვალების შემდგომ, მათთან ერთად კვდებოდნენ ეს სამეცნიერო ინსტიტუტები. ეს რომ არ მომხდარიყო, მე ახალგაზრდები დავიყენე გვერდით: ნოდარ უჯმაჯურიძე, გია ხვადაგიანი, თემურ ჩიგოგიძე, რომლებიც ჩემ თვალწინ გაიზარდნენ და შესანიშნავ უროლოგებად ჩამოყალიბდნენ. ურულოგია სწარაფად განვითარებადი დარგია, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ელვის სისწრაფით. მაგალითად, შარდკენჭოვანი დაავადების ოპერაციისას ქირურგიული დანა ჩაანაცვლა ენდოსკოპიამ. ამიტომაც, ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავყოლოდით მედიცინის განვითარებას და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები ევროპაში გაგვეშვა გადასამზადებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთ-ერთი პირველები შევედით ევროპული უროლოგიის ოჯახში, ამიტომაც, ამ ევროპულ კლინიკებში გავგზავნეთ ქართველი ახალგაზრდები. ისინი საუკეთესო ევროპულ კლინიკებში გაიზარდნენ და სეგმენტურად უროლოგიის სხვადასხვა მიმართულებით მიიღეს უმაღლესი კლასის განათლება და პრაქტიკა; ამიტომაც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს კლინიკაში დღეს მუშაობენ ახალგაზრდა ნიჭიერი კადრები – საქართველოს ყველაზე ძლიერი უროლოგები: 35 წლის დავით ნიკოლეიშვილი, რომელიც ლაპარასკოპიული მიმართულებით დღეს შეუდარებელია; ასევე, ევროპის წამყვან კლინიკებში ჩვენგან წასული სპეციალისტებისგან მივიღეთ კლასიკური ლაპარასკოპიული ქირურგიის სერიოზული კადრები; 28 წლის გახლავთ გიორგი ხვადაგიანი, რომელიც ერთ-ერთი პერსპექტიული და წარმატებული ქირურგია. მიმდინარეობს სხვა ნიჭიერი ახალგაზრდების გადამზადებაც. დღეს ჩვენ შეგვიძლია, პაციენტების წინაშე ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენს კლინიკაში მათ დახვდებიან უმაღლესი დონის უროლოგები და ქირურგები, რომლებიც გაუწევენ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. უროლოგია – მთელი ჩემი ცხოვრებაა; ჩემმა ვაჟიშვილმაც ეს მიმართულება აირჩია, ჩემს შვილიშვილსაც უროლოგობა სურს და ეს ბუნებრივი პროცესია – მათ ბავშვობიდან ესმოდათ საუბრები ამ თემაზე. ჩემი სტუმრების, ჩვენი ოჯახური საუბრების შინაარსიც ხშირად ამ თემას ეხებოდა. შემიძლია, ვიამაყო, რომ ამ ქვეყნიდან მშვიდად წავალ, რადგან ახალ, შესანიშნავ პლეადას ვუტოვებ საქართველოს უროლოგიის ეროვნულ ცენტრს.
გიორგი მანაგაძე (უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი): დღეისთვის უროლოგის ცენტრი ვითარდება და ჩვენს კლინიკაში ეტაპობრივად მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქცია, სარემონტო სამუშაოები და, ასევე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მაგალითად, სულ ახლახან დავიწყეთ ლაზერული ქირურგიის გამოყენება, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ამიერკავკასიის მასშტაბით. ასევე, ჩვენს კლინიკაში ტარდება პროსტატის ლაზერული ვაპორიზაცია, რომლის დასანერგად ჩვენ სერიოზული ინვესტიცია განვახორციელეთ. რამდენიმე წელიწადია, წარმატებით ხორციელდება ლაპარასკოპიული პროსტატექტომიები და სხვა სახის ოპერაციები: ლაპარასკოპიული პლასტიკები, სიმსივნის მოშორება, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს ლაპარასკოპიული გზით კენჭის ამოღება, შარდის ბუშტის ამოღება ლაპარაკოსპიული მეთოდით და ასე შემდეგ. ჩვენთან წარმატებულად ხორციელდება თირკმლის გადანერგვა, რაც დღეისთვის უკვე აღარაა ლიმიტირებული და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს არჩილ ჩხოტუა. ვაპირებთ დიალიზის განყოფილების გაფართოებასა და სერვისის განახლებას. ასევე, მინდა აღვნიშნო შარდკენჭოვანი დაავადებების განყოფილება, რომელსაც ბატონი ნოდარი და ახლა მისი შვილი – სანდრო უჯმაჯურიძე უძღვებიან; ბატონი ზაზა მეზვრიშვილი უდგას სათავეში უროლოგიური სიმსივნის მიმართულებას; მაღალკვალიფიციური ონკოქირურგია ამბროსი პერტია, პედიატრიულ განყოფილებას კი წარმატებით უძღვება ბატონი ზაზა ჭანტურაია. ლითოტრიპსიის პიონერები ჩვენ ვართ – ლევან ვარშანიძე და კახა თევზაძე უდგანან სათავეში ამ სეგმენტს. ჩვენთან წარმატებით ჩაიარა ქალთა უროლოგიის, შარდის შეუკავებლობის ოპერაციებმა. მას ხელმძღვანელობს ალეკო ხელაია, რომელმაც ევროპაში მიიღო კვალიფიკაცია. უროლოგიის ეროვნული ცენტრი არ ღალატობს ღირსეულ ტრადიციებს და განვითარების უწყვეტ ციკლს მიჰყვება, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ ტექნოლოგიურ ბაზასა და პროფესიონალ კადრებს. აქ ყველაფერი პაციენტზეა ორიენტირებული.”