რატომ მიაჩნია მერაბ კილაძეს გულჩვილობა ქირურგის აუცილებელ თვისებად და რაშია მისი საყოველთაო აღიარების საიდუმლო
მერაბ კილაძე – ეს სახელი და გვარი ქართულ მედიცინაში უკვე ბრენდია. ქირურგი, რომელიც ამჟამად „კარაპს მედლაინის” სამედიცინო კლინიკაში მოღვაწეობს, ჩვენი მკითხველების გამოკითხვების ლიდერი და ფავორიტია; მეტიც, მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიის ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად მასთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან. ბატონი მერაბ კილაძე პრაქტიკულად მთელ სამუშაო დღეს საოპერაციოში ატარებს, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ მასთან ბლიც-ინტერვიუს ჩაწერა.
მერაბ კილაძე – კლინიკა „კარაპს მედლაინის” ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ქირურგი. მრავალი (30-ზე მეტი) საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე და მომხსენებელი; 1 მონოგრაფია-სახელმძღვანელოს, 107 სამეცნიერო ნაშრომის, 1 გამოგონების ავტორი და 2 საავტორო პატენტის მფლობელი; სტაჟირება და კვალიფიკაცია გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და საფრანგეთის წამყვან ქირურგიულ ცენტრებში; მრავალი საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრი.
– ბატონო მერაბ, მსმენია, კარგ ქირურგს ოქროს ხელები აქვსო. თქვენ როგორ ფიქრობთ, საიდან იწყება ქირურგის წარმატება და რაზეა ეს დამოკიდებული?
– სამი კომპონენტია: გონება, ხელი და გული. არ მინდა, მკრეხელობად ჩამეთვალოს, მაგრამ, პირჯვრის გადასახვის დროსაც ხომ ხელის სამი თითით ვეხებით შუბლსა და გულს, ანუ, ეს სამი კომპონენტი ქირურგიაშიც გადამწყვეტია. ქირურგს საქმე აქვს შეუფასებელ ღირებულებასთან – ადამიანის სიცოცხლესთან. უზენაესი გონი ამუშავებს ქირურგის გონებასაც და ხელსაც, გული კი ღვთისნიერი უნდა ჰქონდეს. არ ვეთანხმები, როდესაც ამბობენ, რომ ქირურგს ქვასავით გული უნდა ჰქონდესო. მე პირიქით ვფიქრობ – ქირურგი უნდა იყოს გულჩვილი, გულისხმიერი, გულთან ახლოს მიმტანი, რომელიც წრფელი გულით გაიზიარებს პაციენტის მდგომარეობას. გამოგიტყდებით, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას, პირველ გვამთან როცა გვქონდა შეხება, ჯგუფიდან მხოლოდ მე გავხდი ცუდად და ნიშადურიც მომაშველეს, მერე კი უკვე შევეჩვიე. ქირურგობა მინდოდა და ამ ინციდენტის გამო ვფიქრობდი, გამოვდგებოდი თუ არა ქირურგიაში. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გულქვა ადამიანი კარგი ქირურგი ვერ გამოვა – გონებისა და ხელის გარდა, მას მგრძნობიარე გულიც უნდა ჰქონდეს.
– ბატონო მერაბ, ქირურგობის მოტივაცია როდის გაგიჩნდათ?
– ბავშვობიდან. ჩემი ოჯახის წევრები ამ დარგის წარმომადგენლები იყვნენ და, მინდა გითხრათ, რომ მერვე კლასიდანვე მქონდა ქირურგობის გამოკვეთილი სურვილი.
– როგორ იწყება ქირურგ მერაბ კილაძის სამუშაო დღე: ჩაი, ყავა თუ ფოსტა?
– ვერ გამოიცანით. პირველი, რასაც კაბინეტში შემოსვლისთანავე ვაკეთებ, ვირგებ პროფესიულ სამოსს და მივდივარ პალატებში უკვე ნაოპერაციები პაციენტების მოსანახულებლად. მერე ვიწყებ კონსულტაციებს, ამის შემდეგ ოპერაციების ჯერი დგება, ხოლო ავადმყოფთა კონსულტაციებს ოპერაციებს შორის პერიოდებშიც განვაგ რძობ. შემდგომი ოპერაციებისთვის ვგეგმავ ყოველკვირეულ განრიგს. შუალედში ყავა ჩნდება ხოლმე. ხანდახან მთელი დღე ისე ვარ ჩართული, საღამოს უფრო მიწევს ყავის ან ჩაის დალევა.
– ბატონო მერაბ, თითქმის ყველა ტიპისა და პათოლოგიის ოპერაციებს აკეთებთ, რაც მუცლის ღრუს უკავშირდება. თქვენს გრაფიკს გადავხედე და ვნახე, რომ ძალიან ბევრი პაციენტი გყავთ. როგორ მოვიდა ეს აღიარება?
– მარტივი გზა არ ყოფილა – ქირურგიისადმი ბავშვობიდნავე გაჩენილი სიყვარული, პლუს თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა წლების განმავლობაში. მე შემიძლია, 24 საათი ვიყო საოპერაციო ოთახში. ეს საქმე მიყვარს და არ მღლის. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად რომ ჩანს, ეს წლების განმავლობაში შრომაში და ავადმყოფის საწოლთან გატარებული დღეებია, რასაც თან ახლავს მუდმივად განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ამ გადასახედიდან, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ისევ იმ გზას შევდგომოდი, რომლითაც დღევანდლამდე მოვედი. ძალიან რომ არ მყვარებოდა ჩემი საქმე და პაციენტები, გამიჭირდებოდა ამ პროფესიაში წარმატების მიღწევა.