კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ეპარებოდა სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბავშვობაში დედამისს და რატომ ეძახის ის სიდედრს „შაქარ დედას“

 მას შემდეგ, რაც ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრი გახდა, ასი დღე გავიდა. ეს პოსტი მისთვის დებიუტი იყო – მანამდე სახელმწიფო სამსახურში არ უმუშავია. მისი სახელი  წლების განმავლობაში წარმატებულ ბიზნესთან იყო დაკავშირებული – „იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი და, ასევე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს” მეპატრონეც გახლდათ, სადაც მან, როგორც თავად ამბობს, წლების წინანდელი ოცნება აისრულა.  როგორ მოირგო ტარიელ ხეჩიკაშვილმა მინისტრის ამპლუა, როგორია მისი ცხოვრება კადრს მიღმა და რას ვერ ელევა ის წარსულიდან, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ. 

– თქვენი გამინისტრება ორ მნიშვნელოვან ეპიზოდს დაემთხვა: ოლიმპიადასა  და სუპერთასის  ფინალური მატჩს. კი, ბატონო, ოლიმპიადა ჩავატარეთ, მაგრამ, ფეხბურთის ბილეთებზე რაც მოხდა, ამის შესახებ რას იტყვით? თქვენ რამდენი ცალი გერგოთ იმ ალიაქოთით გაყიდული ბილეთებიდან?
– ჯერჯერობით არცერთი ბილეთი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით მიშელ პლატინის ოფიციალურ მიწვევას; თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ფედერაცია დაპირებულ ბილეთებს გამოგვიგზავნის. ოლიმპიადა მართლაც  კარგად ჩავატარეთ და ეს ყველა სტუმარმა აღნიშნა. ოლიმპიადისა და სუპერთასის თემა, ერთი შეხედვით, თვალშისაცემი იყო, თუმცა, ამასთან ერთად, საკმაოდ ბევრი სიღრმისეული  პრობლემაა დაგროვილი სპორტულ საზოგადოებაში, რაზეც ზემოთ მოგახსენებთ. ვინც იცნობს ჩემს ბიოგრაფიას, ყველამ იცის, რომ ჩემთვის სიძნელეების გადალახვა პრობლემა არ არის – ასე მოვდიოდი ახალგაზრდული წლებიდან. იმდენი „ბრძოლა” მაქვს გადატანილი, იმუნიტეტიც კი გამომიმუშავდა. ასე რომ, სირთულეები არ მაშინებს – ყველაფერი, რაც არ გკლავს, გაძლიერებს.
– სპორტს  როგორ  დაუკავშირეთ  ცხოვრება? 
– როგორც ყველა ბიჭი, მეც ვგიჟდებოდი ფეხბურთზე.  „ნახალოვკაში”  ვარ გაზრდილი, სადაც სულ იყო და არის ფეხბურთის კულტი. ჩემს უბანში იყო სტადიონი.  3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა, ავთანდილი, დედამ გაგვზარდა. დედას ძალიან უყვარდა ცეკვა და, 11 წლის ასაკში  შემიყვანა ცეკვაზე. მე კი ცეკვაზე მიმავალი, შევიპარებოდი ხოლმე სტადიონზე და ჩუმად ვთამაშობდი ფეხბურთს.  დედას რომ ეგონა, ქართულ ცეკვას მასწავლიდა, მე ფეხბურთში ვოსტატდებოდი (იცინის). მაშინ ქართულ ფეხბურთს სუპერვარსკვლავები ამშვენებდნენ და მათი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირდა. ცეკვით „მასკიროვკა” დიდხანს ვერ გაგრძელდა – დედას ისეთ პატივს ვცემდი, რომ მალე გამოვუტყდი, რაშიც იყო საქმე. დედაც მიხვდა, რომ ჩემი არჩევანი ფეხბურთისკენ იყო და გამომიყვანა ცეკვიდან. ფეხბურთს ვთამაშობდი მათთან ერთად, ვინც დღეს  ჩვენი თაობის ცნობილი ფეხბურთელები არიან. ამას წინათ, კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის გარემოცვაში მყოფმა, თავის მოწონება გადავწყვიტე, მაგრამ, უცებ გამახსენდა,  ვის გვერდით ვიჯექი და ვიხუმრე:   ესენი ფეხბურთს თამაშობდნენ, მეკი ვწვალობდი-მეთქი.  ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მივხვდი, რისთვის შეიძლებოდა მიმეღწია ფეხბურთში და  რეალურად გავთვალე ჩემი შესაძლებლობები, მით უმეტეს, რომ უკვე ოჯახის ტვირთიც დამაწვა  და სხვა არჩევანი გავაკეთე. ფეხბურთის სიყვარული მაინც არ მტოვებდა და მაშინ ჩავიფიქრე, გამეკეთებონა კლუბი, სადაც  ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს შეეძლებოდათ ფეხბურთის თამაში. თავის დროზე ასეთი  ბავშვი ვიყავი მეც და,  ზუსტად ვიცოდი, რას განიცდიდნენ ეს ბავშვები. წლების მერე, როცა მომეცა შესაძლებლობა, მართლაც გავაკეთე კლუბი – ეს იყო საბურთალოს პროექტი, სადაც ნიჭიერ ბავშვებს ჰქონდათ საშუალება,  ეთამაშათ ფეხბურთი,  სადაც, გადასახადის გადახდის ნაცვლად, პირიქით მათ ვუხდიდი ხელფასს.  
– ამბობენ, რომ საკმაოდ რთული გზა გაიარეთ. სად და როგორ გაიხსნა თქვენი შრომის წიგნაკი? 
–  მე სულ ვცდილობ, ვიყო გულწრფელი – ამას არ ვღალატობ. ჩემი გზა რომ მოგიყვეთ, სენტიმენტალური საუბარი გამომივა, მაგრამ, მართლაც ასე იყო და რა ვქნა?! 18 წლის ვიყავი, როცა „ნახალოვკაში”, ტრიკოტაჟის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. არ მეთაკილებოდა, თუმცა, ძალიან ძნელი იყო ახალგაზრდა ბიჭისთვის  ისეთი მძიმე შრომა. ამიტომაც, კარგად ვიცი მუშის ფასი. ჩემს კომპანიაში სულ ეჭვიანობდნენ ხოლმე, რომ  მუშა ყველაზე მეტად მყავდა დაფასებული. არასდროს მშინებია ცხოვრების თავიდან დაწყება. როცა არ ხარ მიჯაჭვული ქონებასა და კომფორტს, ძალიან ადვილია, უარი თქვა ბევრ რამეზე და დარჩე თავისუფალი. ადამიანს პრობლემები მაშინ ეწყება, როცა იმის მონა ხდება, რასაც ქმნის.  როცა ჯარიდან ჩამოვედი, თბილისში უკვე კოოპერატივები იყო გახსნილი. მე შპს-ს გახსნა  გადავწყვიტე.  გამგეობაში რომ წავედი დასარეგისტრირებლად, გამგებელმა მითხრა: შვილო, დირექტორი რატომ არ მოვიდა, შენ რომ გამოგიშვაო. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი კომპანია დავაფუძნე ზესტაფონის ქუჩაზე, სადაც 18 კვადრატულ მეტრ ფართში გავიზარდე. ჯერ პირველი ჯიხური ჩავდგი, მერე პირველი მაღაზია გავაკეთე.  ზოგს უხაროდა, ზოგს სწყინდა, ზოგს უკვირდა. აბსოლუტურად ნულიდან ვქმნიდი ყველაფერს. ბევრს არ სჯეროდა, რომ არ მყავდა მფარველი, რომელიც ბიზნესის წარმართვაში მეხმარებოდა. მე მქონდა ჩემი წარმატების წყარო – წესიერება, რომლის იმპულსს დედა მაძლევდა. იმის მიუხედავად, რომ გვიჭირდა, დედა მაინც გულგახსნილი და პატიოსანი იყო და ყველაზე მთავარს – სწორ ორიენტირს მაძლევდა. 
– დღეს   უკვე საკმაოდ დიდი ბიზნესის მფლობელი ხართ და ამ ქვეყნის შეძლებული ადამიანების სიის წევრი.
– მე არ ვიცი, რომელ სიაში რომელ ადგილზე ვარ, ჩემი მთავარი ცენზი არის ჩემი ოჯახი. გულწრფელად გეტყვით, მატერიალური მდგომარეობა არაა ჩემთვის გადამწყვეტი. მე ვიცი ხალხი, ერთ დღეში დაუკარგავთ ყველაფერი და ამიტომაც ვიცი, არაა ეს მთავარი. სახელმწიფო სამსახურს ეს მინუსი აქვს – აქამდე არავის რომ არ ახსენდები და მერე უცებ ხვდები ყურადღების ცენტრში. ამ მხრივ მინისტრობას აქვს  თავისი დისკომფორტები – ადრე ძალიან ემოციური ვიყავი, ახლა კი მიწევს, მოვთოკო ემოციები, რადგან  თმენის ვალდებულება მაკისრია.   უდროობის გამო ვეღარ ვიცლი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ, სექტემბრიდან ეს ტრადიციაც უნდა აღვადგინო. მყავს ჩემი გუნდი, როგორც მოედანზე, ასევე საქმეში.  მოშურნე და მტერი, ალბათ, მყავდა, მაგრამ, აქამდე ისე წყნარად მოვედი, ოჯახამდე ეს არ მისულა.  ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, მამაზე ცუდი არ გაუგიათ, მაგრამ, რაც მინისტრი გავხდი, იმდენი ჭორ-მართალი ითქვა და დაიწერა, ბავშვები გაოცებულები იყვნენ.  ვიღაცას გვარი არ მოეწონა და ჩემმა ვაჟკაცმა დაიჩივლა: მამა, ჩვენს გვარს  რას ერჩიანო – ვერ გაიგო ბავშვმა, რა ხდებოდა ჩვენს თავს (იცინის).
–  კიდევ ერთი ნიშნით ხართ გამორჩეული: საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც კარგად   გიზრუნიათ – 7 შვილის მამა ხართ და სახლში ერთი საფეხბურთო გუნდიც გყავთ, ფეხბურთის დიდ ქომაგს.  
–  ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, უპირველეს ყოვლისა, ჩემს მეუღლეს მადლობა, რომ ჩვენ ასეთი ოჯახი შევქმენით. ჩემი მეუღლე წმიდა ნინოს ტაძარში გავიცანი. ის, თავისი სიკეთითა და პატიოსნებით, სულ სხვა განზომილებაშია. შვიდი შვილიდან ხუთი საკეისრო კვეთით გააჩინა. რომ არა ღვთის ნება, ვერ გადარჩებოდა. გმირი და თავდადებული დედაა და მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები ამ თავდადების გამო. პროფესიით  პედაგოგია, მაგრამ, არ მუშაობს. ბავშვებს ზრდის – ესაა მისი მთავარი საქმე, თუმცა, ბევრ ბიზნესშია ჩემი პარტნიორი. საქმეშიც ისეთი საიმედო პარტნიორია, როგორც სახლში (იცინის). ჩვენი  შვიდივე შვილი ტაძარში დადის,  რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.   უფროსი შვილი 19 წლისაა, უმცროსი, მარიამი – 1 წლის. ოთხი ბიჭი მყავს – დავითი, გიორგი,  ცოტნე,  იოანე. პირველ შვილს დედის სახელი – თამარი დავარქვი, მეორეს,  სიდედრის პატივსაცემად – რუსუდანი. ისეთი სიდედრი მყავს, „შაქარ დედას” ვეძახი. სიდედრი მოხევე მყავს, სიმამრი –  რაჭველი, ოღონდ, საუკეთესო რაჭველია – მესამე შვილიშვილზე მიხვდა, რომ სიძე ვიყავი, მანამდე ხან ოჯახის ახლობელი  ვეგონე, ხან – მეგობარი (იცინის).   რაც მინისტრი გავხდი, ერთ-ერთმა შვილმა დაიჩივლა: მამას რა უცნაური სამუშაო აქვს – სახლში აღარაა,  მარტო ტელევიზორში ვხედავთო.  ვცდილობ, ვიყო კარგი მამა;  გოგონების მესაიდუმლე ვარ, რაზეც დედა ჩივის (იცინის). ჩემი რეჟიმის მიუხედავად, შაბათ-კვირა ჩემს ოჯახს ეკუთვნის. გვაქვს ჩვენი ოჯახური ტრადიციები, რასაც არ ვარღვევთ – გვიყვარს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა, ლამაზ კუთხეში  ყოფნა, ქართული ისტორია და  ხელოვნება – ქართული სიმღერა და ცეკვა ჩვენი ერის დიდი მონაპოვარია. ისტორია ისე მიტაცებს, რომ დამცლოდა ან  მატერიალური საშუალებები მქონოდა და ადრეული ასაკიდან არ ჩავბმულიყავი ცხოვრების ფერხულში, სხვა მიმართულებებით წავიდოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები, ალბათ, იმ ჩემი ძველი გატაცებებისთვისაც მოვიცლი. 
– ასე მგონია, თქვენი ბიზნესიდან გამომდინარე, ავტომობილების დიდი ფანიც უნდა იყოთ.
–  ყველას  ჰგონია, რომ ავტომობილების ფანი ვარ, მაგრამ, არ არის ასე და ეს არის პარადოქსი. მე ვიცი ბიზნესის მართვა, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მანქანებში ძალიან კომპეტენტური ვარ. თურქეთში „ფორმულა 1-ზე” დამპატიჟეს და სპორტის ამ სახეობაში ისეთი პროფესიონალები ვნახე, ისე იციან მათ ავტომობილი, გამიკვირდა. მე ამ წლებში იმდენი ვისწავლე, რომ არ შევრცხვე,  ანუ, რადიატორს  მანქანის სალონში არ ვეძებ,  თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ავტომობილები ჩემი სისუსტეა (იცინის).   
– ბატონო  ტარიელ, დღეს, როგორც მითხრეს,  თქვენი მინისტრობის მეასე დღეა. როგორ მოირგეთ მინისტრის ამპლუა?
–   ჩემი აზრით, ადამიანმა არცერთი თანამდებობა და ამპლუა არ უნდა მოირგოს. ჩემთვის ეს იყო ახალი გამოწვევა, პასუხისმგებლობა  ქვეყნის, სპორტის წინაშე, რომელსაც ვერ გავექცეოდი.  დიდი ხანია, სპორტში ვარ,  ეს გარემო ჩემთვის უცხო არ ყოფილა.    სხვა სამინისტროში რომ მომხდარიყო ჩემი წარდგენა, ალბათ, უფრო  გამიჭირდებოდა,  აქ კი მშობლიურ გარემოში მოვხვდი, რის გამოც განსაკუთრებული დისკომფორტები არ მქონია. არ მინდა, ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდეს, მაგრამ, იმდენად მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი – ფეხბურთი, რომ, ძალიან მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში და ეს შანსი ახლა მომეცა.  ბოლო პერიოდში ვიყავი ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრი და, ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ჩემზე შეჩერდა არჩევანი, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად. ჩინოვნიკურ სამსახურში ეს ჩემთვის დებიუტი იყო. სახელმწიფო სამსახურსა და ნებისმიერ სხვა სამსახურს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული სპეციფიკა, მაგრამ, თუ არ დაკარგავ  მთავარ ღირებულებებს, რაც ყველგან საერთოა,   არსად გაგიჭირდება.   გქონდეს თავისუფლების მაღალი ხარისხი, წესიერად და პატიოსნად ემსახურო შენს საქმეს, არ გერიდებოდეს, მიიღო  კონსულტაცია იქ, სადაც ამის საჭიროებას ხედავ  – ამ პრინციპებით ყველა სამსახურში მიაღწევ წარმატებას. 
– მინისტრისთვის თავისუფლების მაღალი ხარისხის შენარჩუნება იოლი საქმე არაა და ეს სპორტსაც ეხება, რომელსაც ჩვენთან, რატომღაც, საკმაოდ რთული კულისები აქვს.
–  შეიძლება, საერთოოდ არ იყო მაღალ პოზიციაზე და  შინაგანად ვერ  გრძნობდე  თავისუფლებას – ამას არც თანამდებობა განსაზღვრავს, ვერც მინისტრობა დაგაკარგვინებს და ამის ფასად არაფერი არ ღირს. ახლა, რაც შეეხება  სპორტის კულისებს: იმ დაპირისპირებების ფონზე, რაც არსებობდა სპორტულ საზოგადოებაში, ჩვენი  პირველი ამოცანა იყო ამ ტემპერატურის დაბლა დაწევა. მე ვთქვი,  ჩვენი ენერგია უნდა მოვახმაროთ არა დაპირისპირებას, არამედ, თანამშრომლობასა და კონკრეტული შედეგების დადებას.  ამ ასი დღის განმავლობაში შევძელით, რომ დაძაბულობამ იკლო და გადავედით თანამშრომლობის რეჟიმში  როგორც ოლიმპიურ კომიტეტთან, ასევე  სპორტის საპარლამენტო კომიტეტთან. ჩვენს სპორტს რთული კულისები რომ აქვს, ბევრი მიზეზიდან გამომდინარეობს: წლების განმავლობაში პოლიტიკაც  მეტი დოზით იყო გარეული  სპორტში, ეს ყველამ კარგად იცის. დღეს  მთავრობის ნებაა, რომ სპორტი თავისუფალი იყოს პოლიტიკისგან; რომ არა ეს გადაწყვეტილება, გამორიცხული იყო, ამ პოზიციაზე დავთანხმებულიყავი. სპორტს აქვს უნიკალური თვისება – გააერთიანოს ყველა, მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.   სახელმწიფოს მიერ უნდა ჩამოყალიბდეს სამართლიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც მოხდება როგორც მოქმედი სპორტსმენების, ასევე ვეტერანების  დაფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.  ეს სისტემა  ყველასთვის ერთნაირი  უნდა იყოს  და  არა პირად  სიმპათიებზე აგებული.

скачать dle 11.3