რა ხელშეკრულებებს ადებინებს სახლში დაბრუნებულ ბიზნესმენ ქმარს ნინო წიკლაური და რატომ არის მის ცხოვრებაში სამი მნიშვნელოვანი მამაკაცი
ნინო წიკლაური უკვე ექვსი წელია, რაც მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამბობს, რომ ცხოვრებაში ნამდვილად გაუმართლა, რადგან ჰყავს ულამაზესი და უნიჭიერესი შვილი, უსაყვარლესი შვილიშვილი და ქმარი, რომელიც ყველა სურვილს უსრულებს. ნინო რუსულ შოუ-ბიზნესში საკმაოდ ცნობილი სახეა. მის ტექსტებზე შექმნილ სიმღერებს არაერთი პოპულარული მომღერალი ასრულებს დიდ სცენაზე. ახლა კი მისი შვილის პროდიუსერი გახდა და დედა-შვილი რუსეთის დიდი სცენის დასაპყრობად ემზადება.
ნინო წიკლაური: ძალიან ბედნიერი ვარ – გვერდით მყავს ქმარი, რომელსაც ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო. გარდა იმისა, რომ ძალიან ვუყვარვარ, მანებივრებს და ნამდვილი ჯენტლმენია. ის მაჩვენებს იმას, რაც მიკვირს დღეს ადამიანებში – სითბოს, სიყვარულს, თაყვანისცემას და ნამდვილ მამაკაცურ საქციელს. მთასავით მიდგას გვერდით, მორწმუნეა და ცდილობს, ყველა ჩემი სურვილი უთქმელად აასრულოს. ძალიან მანებივრებს და მისთვის: „არა, ვერ შევძლებ, ვერ გავაკეთებ“ – არ არსებობს. სხვათა შორის, თუ ეჭვიანობას გამოვრიცხავთ, ნამდვილი ქართველი მამაკაცის თვისებები აქვს. ტრადიციულია და ვხუმრობ ხოლმე, მე მგონი, ესაა ქართველი და მე რუსი-მეთქი (იცინის).
– ქართული ენა არ ასწავლე შენს ქმარს?
– ბევრი რუსი მეგობარი მეუბნება, ქართულად რამე გვასწავლეო. მაგალითად, გინება როგორ არის – მე შენი ასე და ისე... ან, მე შენ მიყვარხარ. ამას წინათ, ალექსანდრე მოვიდა და მეუბნება: ნინო იცი, რა მასწავლე ქართულად? ღვთისმშობლის ლოცვა და „მამაო ჩვენოო”. მართლა გავოგნდი (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, ზეპირად ისწავლა და ყოველ დილით კითხულობს. მგონი, გადმომყავს ნელ-ნელა ჩემს ყაიდაზე, მაგრამ აქცენტი ვერ შევუცვალე, ჯერ კიდევ რუსული აქვს (იცინის). ძალიან მორწმუნეა. შვიდ მონასტერს ეხმარება ფინანსურად, ძალიან კეთილი და ქველმოქმედია. მიუხედავად ამისა, ძალიან უყვარს გართობა, მოლხენა და კარაოკეშიც ხშირად დავდივართ. მართალია, თვითონ არ მღერის, მაგრამ მე რომ სცენაზე ვდგავარ, სიამოვნებით მიყურებს და მისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია და დაღლილი მოდის სამსახურიდან, სასწაულად ამყოლია ასეთ რამეებში, მიგებს და იტანს ჩემს „კაპრიზებს”. როცა საქმე მე მეხება, მისთვის შეუძლებელი არაფერია.
– რას წარმოადგენს შენი მეუღლე?
– ალექსანდრე ბიზნესმენია. გარდა ნავთობ-ბიზნესისა, აქვს კიდევ ბიზნესები, თუმცა, მე მის საქმიანობაში დიდად არ ვარ ჩახედული. ხშირად უწევს ქალაქიდან საქმეებზე წასვლა. დიდხანს რომ არ არის სახლში, დაბრუნების შემდეგ, ხელშეკრულებას ვადებინებ: „ერთი კვირა არ გავალ სახლიდან არც მე და არც შენ!..” და ხელს აწერს (იცინის). ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მოსკოვში დიდი ბედნიერება ვიპოვე. ეს ჩემი უსაყვარლესი ქალაქია და ამიტომ, არასდროს მაწუხებს სამშობლოს ნოსტალგია. რასაკვირველია, ყველა ოცნება არ ამხდენია, მაგრამ ყველაფერი წინაა. მჯერა, უფლის დახმარებით, ყველა ოცნებას ავიხდენ. მთავარია, არარეალურზე მეოცნებე არ ვარ და ფრთების ამოსვლას არ ველი (იცინის). იღბლიანი ვარ, რომ მყავს საოცარი შვილი – სალი ხმალაძე და უსაყვარლესი შვილიშვილი – გიორგი, რომელიც ბებიას ცოცხალი თავით არ მეძახის. ნინო, ნინოს – დამძახის (იცინის). არადა, მინდა, დამიძახოს. არ მაფერებინებს, დიდი კაცივით სერიოზულია. მაღაზიაში რომ შევდივარ და ვეკითხები: ბებო, რა გიყიდო-მეთქი, გაოგნებულები მიყურებენ. თქვენ ბებია ხართო (იცინის)? შემდგარი ოჯახი, მოსიყვარულე ქმარი, შვილი და შვილიშვილი – ყველა ქალისთვის დიდი ბედნეირებაა. სულ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში სამი მამაკაცია – ქმარი, გიორგი და ირაკლი, ჩემი დიშვილი, რომელიც ჩემი გაზრდილია.
– თუმცა, ამ ბედნიერებამდე გრძელი გზა გაიარე...
– არასდროს არაფერი მაკლდა. ყოველთვის მყავდა თაყვანისმცემლები, მქონდა რომანები, გატაცებები, ჩემი შრომით ვშოულობდი ფულს... მაგრამ რომ მკითხოთ, ახლა რომ გადახედო შენი ცხოვრების განვლილ გზას, რას შეცვლიდიო, ალბათ, არაფერს. ცუდი იყო თუ კარგი, ესაა ჩემი ცხოვრება. ასე უნდა გამევლო და ამ ბედნიერებამდე მოვსულიყავი. რასაკვირველია, ქალი რომ ბედნიერი იყოს, გვერდით სჭირდება ძლიერი მამაკაცი, მაგრამ ბევრ გოგონას ვიცნობ, ვისაც საერთოდ არ ჰყავს გვერდით ქმარი, მაგრამ არის ძლიერი, წარმატებული და თქვენ წარმოიდგინეთ, ბედნიერიც. გასათხოვარიც ვიყავი, ქმარს გაცილებულიც და გათხოვილიც ვარ, მაგრამ ვცდილობდი და ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო და ვიყო წარმატებული. გაჭირვებაც მინახავს, მაგრამ ჩემით დავმდგარვარ ფეხზე. დღეს კი, წარმატებული ვარ იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ. ჩემთვის წარმატება ბედნიერებასთან ასოცირდება. მეხერხება დროის გადანაწილება და მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, საყვარელი ადამიანებისთვის დროის გამონახვას ვახერხებ. თუმცა ერთი წესი მაქვს – შაბათ-კვირას ტელეფონს ვთიშავ.
– როგორც გავიგე, მოსკოვში საპროდიუსერო ცენტრი გახსენი და ახლა, დაკავებული ხარ იმით, რომ შენს ქალიშვილს სასიმღერო კარიერა აუწყო.
– დიახ, გავხსენი საპროდიუსერო ცენტრი და სალის ვუხსნი თავის ჩამწერ სტუდიას, სადაც ის იმუშავებს. ბავშვობიდან დამყავდა ვოკალზე. აბსოლუტური სმენა აქვს, კარგად მღერის, კარგი გარეგნობა აქვს, მოცეკვავეა – ანუ, ყველა მონაცემი აქვს, იდგეს სცენაზე. რუსულ შოუ-ბიზნესში აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას და ამისთვის თავს არ ზოგავს. ამ სფეროში კარგად ერკვევა და იცის, როგორ მიაღწიოს წამრმატებებს. მე უბრალოდ ვეხმარები, მისი პროდიუსერი ვარ. ჰყავს უძლიერესი ვოკალის პედაგოგი. ერთ-ერთ საპროდიუსერო ცენტრთან გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელშიც მე ვთანამშრომლობ. ჩემი ყოფილი ქმრისგან, გიგა კვენეტაძისგან შევიძინეთ სიმღერა, მეორე სიმღერა კი – ვიქტორ დრობიშისგან. ჩაფიქრებული გვაქვს ცნობილ რუს მომღერლებთან დუეტებიც, მაგრამ თავიდან სოლო კარიერით ვიწყებთ. ერთი სიმღერა უკვე ჩავწერეთ და ახლა მეორეზე ვმუშაობთ. შეხვედრა გვქონდა ავტორ-შემსრულებელ, მუსიკოს იგორ კრუტოისთან. მოგვცა დარიგებები და გვითხრა, სალი წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს, ლამაზი, ჭკვიანი, მოქნილი და მუსიკალური გოგოა, რაც შოუ-ბიზნესისთვის აუცილებელიაო. ცნობილმა კლიპმეიკერმა კონსტანტინ ჩერეპკოვმა გადაუღო კლიპი, რომლის პრეზენტაციაც, სულ მალე მოსკოვში შედგება, შემდეგ კი ტელევიზიებშიც გავა. მეც მის იმიჯზე, პორტფოლიოზე და ენის დახვეწაზე ვმუშაობ. ყოველთვის გიჟი დედა ვიყავი, ერთი შვილი მყავდა და მისთვის ვცხოვრობდი. ახლაც მისით ვარ დაკავებული და ვიცი, იმედებს გამიმართლებს.