რისთვის გაშიშვლდა დომენიკ მანგო და რატომ არ გამოუვიდა მას საზოგადოების გაღიზიანება
თბილისში გამართულ „ფეშენ-ვიქზე“ სტუმრის სტატუსით მყოფი დომენიკ მანგო გამორჩეული სამოსით წარდგა საზოგადოების წინაშე. მის ზედატანს, რომელიც მისივე დიზაინით იყო შექმნილი, ჰქონდა წარწერა – „ლილო“. ამ ფაქტმა არა მხოლოდ დამსწრეთა ყურადღება გამოიწვია, არამედ სოციალურ ქსელშიც აქტუალური განხილვის საგანი გახდა. რა იყო დომენიკ მანგოს მიზანი, რას ფიქრობს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე და ვისი ჩაცმულობა მოსწონს ქართული ბომონდიდან, ამას თავად გიამბობთ.
დომენიკ მანგო: ოფიციალურად, დიზაინერი არ ვარ. ვკერავ, მაგრამ ჩვენებებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ასე თუ მოვიქცევი, გარკვეულ ჩარჩოებში მომიწევს ჩაჯდომა, რაც არ მომწონს. მინდა, ჩემს საქმეში თავისუფალი ვიყო. ჩემს სამოსს იარლიყიც არ აქვს. ვარჩევ ადამიანს და მივწერ, რომ მინდა, რაღაც შევუკერო. ამას აბსოლუტურად უფასოდ ვაკეთებ. უბრალოდ, მინდა, ჩემი შექმნილი სამოსი ეცვას. უკვე ძალიან დიდი ხანია, „ფეშენ-ვიქს“ სტუმრის სტატუსით ვესწრები, რადგან მინდა, ვნახო, ქართველი დიზაინერები რას კერავენ.
– მაისურზე გაკეთებული წარწერით „ლილო,“ რისი თქმა გინდოდა?
– ეს იყო ირონია. ჩემი სათქმელი ძალიან მარტივად დავაფიქსირე. მაისური, რომელიც მეცვა, იყო ძალიან უბრალო. ნაჭერი ლილოში შევიძინე. საერთოდ, მასალას ყველაფრისთვის იქ ვყიდულობ. სინამდვილეში, ის დიზაინერებიც ლილოში ყიდულობენ, უბრალოდ „ძერსკული“ გამოხდომები აქვთ და ამბობენ, რომ იტალიურია ან თურქული. ამ წარწერით მინდოდა მეთქვა, რომ არ არის აუცილებელი, მასალა იტალიური და ძალიან პრესტიჟული იყოს. უბრალოთიც შეიძლება, ლამაზი სამოსის შექმნა.
– რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს?
– ზოგი ბრაზს ვერ მალავდა, მოდიოდნენ და მეჩხუბებოდნენ. ზოგს ძალიან მოეწონა. ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან არ ესიამოვნათ. გაღიზიანდნენ, რადგან ჩემგან ამას არ ელოდნენ. რამდენიმესთან ვმეგობრობ კიდეც. ერთ ადამიანს პირდაპირ ვუთხარი – იდეა შენ გეკუთვნის-მეთქი, რადგან ის ყველაზე ხშირად ლაპარაკობდა ამ თემაზე.
– ასე, ყურადღების მისაქცევად და პოპულარობის მოსაპოვებლად ხომ არ მოიქეცი?
– არანაირად. პოპულარობის გამო, ბევრი რამ გამიკეთებია. ყველას გვაქვს ასაკი, როცა გვინდა, გვცნობდნენ. პოპულარობის მოსაპოვებლად, გავშიშვლდი და ფოტოები გადავიღე, რომელშიც ყველაფერი მიჩანდა. სტატიაში გამოყენებულია ლუსი კანას ფოტოები. ორი წლის წინ, მე და ერთი ქალი დავმეგობრდით, რომელსაც ახლად დაარსებული ფოტოსტუდია ჰქონდა. გადავწყვიტეთ, საქმე ერთად გვეკეთებინა. თუმცა, სტუდია არ იყო პოპულარული და პირველივე კვირაში გადავწყვიტე, გავშიშვლებულიყავი. ამას სერიოზული სკანდალიც მოჰყვა და პოპულარობაც.
– როგორი რეაქცია მოჰყვა შენს გაშიშვლებას?
– ისეთი ნეგატიური არა, როგორსაც ველოდი. ყველამ მითხრა, რა ლამაზიაო და გამოვშტერდი. ესთეტიკური ფოტოები იყო, მაგრამ ისეთი დეტალებიც ჰქონდა, რომელსაც ხალხი უნდა გაეღიზიანებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალიან ვეცადე, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. გაშიშვლების შემდეგ, 17 მაისს აქციაზე გავედი. ყურსასმენები მეკეთა, ფოტოგრაფები მყავდა და ვკარნახობდი – სად, რა გადაეღოთ. ფაქტობრივად, წინ ვიდექი, მაგრამ რეაგირება არავის ჰქონია, რაზეც მართლა ნერვები მომეშალა.
– რა რეაგირება გინდოდა, რომ ჰქონოდათ?
– მინდოდა, მღვდლები გამომკიდებოდნენ და ველანძღე. მე ვყოფილიყავი ის ერთ-ერთი გეი, რომელიც იქ იდგა.
– რატომ გინდოდა ეს? აცხადებ, რომ გეი ხარ?
– ეს ნამდვილად მინდოდა და ამიტომ ვიდექი წინ. რეალურად, მე გეი არ ვარ, მაგრამ იმ აქციაზე მინდოდა, ასე ეფიქრათ. იცი, რა მეცვა? „კლეჩატი საროჩკა“ და მოტკეცილი, გადახეული ჯინსები, რომელშიც მუხლი ამოგდებული მქონდა.
– რატომ გინდოდა, გეი ჰგონებოდით?
– ამით მინდოდა, სოლიდარობა გამომეცხადებინა. მესმის, რატომ მოხდა ასე და რატომ შეიკრიბა საქართველო თავისუფლებაზე და რუსთაველზე. ხალხი მანიპულირებული იყო. ასი ადამიანი რომ გამოვიდა, მათ მეგობრები გამოჰყვათ და ასე შეიკრიბნენ. იმ ხალხის 30 პროცენტი, დამიჯერე, ან ლესბი იყო ან გეი, მართლა. უბრალოდ, ერთი რომ იყვირებს, მეორესაც ჰგონია, რომ უნდა იყვიროს და ბოლოს ყველა ყვირის.
– ზოდაგად, როგორ ფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში უჭირთ თქმა – „მე გეი ვარ?“
– ჯერჯერობით უჭირთ, მაგრამ, საბედნეროდ, ქართველი ხალხი უკვე იმ დონემდეა განვითარებული, რომ ახერხებს ასეთ შემთხვევებში, ადეკვატურად მოიქცეს.
– ისევ და ისევ რეალობიდან და მენტალობიდან გამომდინარე გეკითხები, შენ რომ გეი იყო, იტყოდი? ოჯახს თუ გაუწევდი ანგარიშს?
– მე ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ გეი არ ვარ, ჩემი ჩაცმულობის სტილი არ შეეფერება არც ბიჭს, არც ქართველს, არც ქართულ ტრადიციებს. წარმოიდგინე – ჩვენებაზე რომ კაბას ჩაიცვამ, რომელსაც ტყავი აქვს პამპერსივით ამოკრული. ჩემი მშობლებისთვის ეს, შეიძლება, სამწუხარო იყოს, მაგრამ გასაგებია. ხვდებიან, რომ ამის გამო შვილი არ უნდა მოკლა.
– ქუჩაში თუ დადიხარ ასე ჩაცმული და როგორია ხალხის რეაქცია?
– ცოტა ხნის წინ, ლესელიძეზე ამოვიარე მოსასხამით, რომელსაც უკან ძალიან დიდი შლეიფი აქვს. უცხოელ მეგობართან ერთად მოვდიოდი და თან, დიდი „ბატინკები“ მეცვა. ხალხი ჩერდებოდა და მაკვირდებოდნენ. რაც უფრო ხშირად მოვიქცევით ასე, უფრო მეტი ადამიანი შეეჩვევა ამ ყველაფერს.
– უარყოფითი შეფასებები არის ხოლმე?
– როგორ არა. ვიღაც ღიპიანი ტიპი გაჩერდება და შეგაგინებს, მაგრამ ის მთელი ცხოვრება ღიპიან ტიპად დარჩება.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული თუ გყავს?
– შეყვარებული არ მყავს. 22 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ ჯერ ადრეა. ერთი ოთხი წელი ჩემი შლეიფით უნდა ვიშრიალო. მერე მოვიხსნი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თმაში ყვავილებს არ გავიკეთდებ. ჩემი აზრით, ადამიანი ისეთი არ უნდა მოკვდეს, როგორიც იბადება. სიახლეების გარეშე ცხოვრება საშინელება იქნება. გარდა ამისა, მე ვარ პროდიუსერი. ვაფინანსებ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იდეები და სჭირდებათ ფული მის განსახორციელებლად.
– შენ საიდან გაქვს ამდენი ფული, რომ ყველას აფინანსებ?
– ჩემს საქმეს საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფული, მოსწონთ ჩემი დიზაინი და ჩემი კლიენტები არიან. ასეთი ძალიან ბევრია.
– ქართველი ბომონდის ჩაცმულობაზე რას ფიქრობ?
– ძალიან მომწონს მარკუს მეტრეველის სტილი, რომელსაც გიზი აცმევს. ასევე, მომწონს ანრი ჯოხაძის ჩაცმულობა. ქალბატონებიდან ნინო ჩხეიძე იცვამს გემოვნებიანად, მაგრამ პირს რომ გააღებს და „წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდას“ მღერის, რაღა აზრი აქვს. ნანკა კალატოზიშვილის მინიმალისტური სტილიც ძალიან მომწონს.
– შენი ცხოვრების მეორე მხარეზე – სოფელზე მომიყევი.
– სოფელში ხშირად ჩავდივარ. იქ ბებია-ბაბუა და ბევრი ძმაკაცი მყავს. მათთან ერთად ვერთობი. ეს ჩემი მეორე ცხოვრებაა და როცა იქ ჩავდივარ, გვერდზე ვდებ ტანსაცმელს, რომელიც აქ მაცვია და ვიცვამ იმას, რაც იქ მაქვს დატოვებული. ზოგი სოფელში იზრდება და მერე, „მერსედესითა“ და „უწუპუწუ სახით“ ჩადის იქ. ასეთი რამეები მე არ მჭირს. პირიქით, იქ რომ ვარ, „კალოშებითაც“ დავდივარ და ძროხებსაც ვამშობიარებ (იცინის).