სად გადაურჩა რამდენჯერმე სიკვდილს ნუგზარ ჩიქოვანი და რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას მილიონერად გახდომამდე
ცოტა ხნის წინ, ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ნუგზარ ჩიქოვანმა „ლოტოს“ გათამაშებაში გაიმარჯვა, ჯეკ-პოტი მოიგო და მილიონერიც გახდა.
ნუგზარ ჩიქოვანი: ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც მანამდე ვცხოვრობდი. ისევ ისე დავდივარ სამსახურში, როგორც მანამადე დავდიოდი და ისევ ისე ვბრუნდები სახლში, როგორც ადრე ვბრუნდებოდი. რაღაცეები, ბუნებრივია, შეიცვალა – აღარ ფიქრობ იმაზე, ამ თვის დანახარჯი მომავალ თვეს როგორ შეავსო. როგორც ცხოვრობს საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი, ისე ვცხოვრობდი მეც – ეს, ალბათ, შეიცვლება. უფრო სწორედ უკვე შეიცვალა – ხელფასს ვალს რომ ვახვედრებდი, ახლა ასე აღარ არის. უბრალოდ, უფრო მეტად თამამი ვარ რაღაცეებში. მეგობრები, ყველა ერთად რაღაცაზე რომ ვიკავებდით თავს თანხის გამო, ახლა აღარ ვიკავებთ.
– მოგების შემდეგ პირველი რა გააკეთეთ?
– გავისტუმრე ვალები ჩემი, ჩემიანების. ყველას ვალი ჰქონდა – ოჯახის წევრებს, ჩემს ახლო ნათესავებს. თანხის გარკვეული ნაწილი საქმეში ჩაიდო. დამრჩა იმდენი, რომ ვალები გამესტუმრებინა, რაღაცეები გამეკეთებინა, მეტი არც დარჩა.
– ასეთ დროს ბევრი „ახლობელი“ ჩნდება ხოლმე.
– ბევრი „კეთილმოსურნე“ გამოჩნდა, საკმაოდ ბევრი. 33 წელი თეატრში მსახიობად ვიმუშავე, თხოვნისა და მოთხოვნის ათასნაირი ფორმა ვიცი სპექტაკლებიდან, ან წაკითხული მაქვს. ასეთი ფორმები კი, რასაც ახლა ვხედავ, არ შემხვედრია. ეს ვინმეს რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, მაგრამ, თურმე, ხდება.
– წარმოიდგენდით, რომ ამდენ ფულს მოიგებდით?
– წარმოვიდგენდი. რწმენა ყველაზე ძლიერი რამ არის ამქვეყანად. ამაზე დიდი ძალა არ არსებობს. პირველი პირობაა – არავისი შეგშურდეს, ოცნებით კი იოცნებე – ვინ გიშლის. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ლამაზი ოცნება, რომელსაც ძილის წინ მივმართავდი. იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. პატარა ბიჭი არ ვარ, ცხოვრებაში რაღაცეები გამივლია, გამომიცდია და იმედი არასდროს დამიკარგავს.
– როგორი იყო ოჯახის წევრების რეაქცია?
– ყოველი სამშაბათისა და პარასკევისთვის სულ მქონდა 2 ბილეთი. თუ ზოგჯერ ჯიბე მაძლევდა საშუალებას, ხუთიც მქონია და ათიც. ჯერ 4 ბურთულა დაემთხვა, მერე – ხუთი და დამეწყო ნერვიულობა... ერთი სული მქონდა, ავმხტარიყავი სიხარულისგან, რადგან ვიცოდი 5 რიცხვის დამთხვევა სოლიდური თანხის მოგებას ნიშნავდა. მეექვსეც, რომ ჩემი აღმოჩნდა, იქ დაწყნარდა ყველაფერი, მთელი ემოცია გაქრა. რამდენჯერმე გადავამოწმე. მერე ვიფიქრე, როგორ ვუთხრა ოჯახის წევრებს, შემეშინდა, დადებითი ემოციებისგან, რამე არ დამართნოდან. ნელ-ნელა შევაპარე ყველას, 4 საათი ვჭიმე. ტელევიზორში რომ მაჩვენეს, მერე მომილოცეს ჩემებმა. ცოცხლად ადამიანს არ მენდნენ.
– არ გაუკეთეთ მეუღლეს საჩუქარი?
– მეუღლისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მე ვარ, დიდი და კარგი საჩუქარი. ჯერ ვლაგდებით და რასაც ისურვებს, რა თქმა უნდა, შევუსრულებ.
– როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს ნორვეგიელ სიძეს?
– ძალიან გაუხარდა. ჩემი სიძე დედისერთაა, ახლა ოსლოში ცხოვრობს, მაგრამ სხვა ქალაქშია დაბადებული. იმისთვის, რომ მშობლები შვილისა და რძლის გვერდით ყოფილიყვნენ, გაყიდეს სახლი და ოსლოში თითქმის იგივე თანხად, რაც მე მოვიგე, იყიდეს სახლი. ანუ, ეს თანხა მათთვის, თუ მუშაობ მთელი ცხოვრება, დანაზოგივით არის. ჩემი მოყვრები უფრო ემოციურები არიან და უფრო მეტად გამოხატეს სიხარული.
– როგორ შეეგუეთ შვილის ნორვეგიაში გათხოვებას?
– არავის ვურჩევ, რომ მისი შვილი უცხოეთში გათხოვდეს. მაგრამ, ვერ ავუკრძალავდი, ეგოისტურად გამომივიდოდა და ნებისმიერ შემთხვევაში, თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი. წელიწადში 4-ჯერ ჩამოდიან საქართველოში, თან, ყოველდღე სკაიპში ვართ და ერთად ვაკეთებთ საჭმელებს. რაც მთავარია, ჩემი სიძე ძალიან კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ ამით.
– თქვენ მიერ ჯეკ-პოტის მოგებას, გარკვეული ჭორებიც მოჰყვა – ჩააწყო, „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელია, მოაგებინესო და ასე შემდეგ.
– ეს ჩვეულებრივი ამბავია. მეტ-ნაკლებად საინტერესო ამბავსაც მოჰყვება ჭორები. ბევრია ურწმუნო თომა. ჩემს მეგობრებს, ტელევიზიაში რომ აქვთ ჭიპი მოჭრილი, იქ არ დაბადებულა, თორემ სულ იქ მუშაობენ, მათაც კი არ სჯეროდათ. უბრალოდ, რომ მიცნობენ და იციან, მე რისი ჩამწყობი ვარ, ჩანთაში პროდუქტს ვერ ვაწყობ, გამყიდველი მიწყობს, დაიჯერეს. მე შეგნებულად არ მაქვს „ფეისბუქი“, თუმცა ლატარიის კომპანიას აქვს თავისი გვერდი და იქ უნდა ნახოთ, რა წერია: რომ მე ვარ კრიმანალური დაჯგუფების წევრი; რომ მანამდე მქონდა მილიონი და ეს მეორე მილიონი რაღაში მჭირდება; რომ მე ვარ 55 წლის, არ მჭირდება ეს ფული და ვინმე ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდა შვილები არ მყავს მე? ათასი რამე. ერთი სასაცილო კომენტრიც იყო – „ძლივს არ გიპოვე, მამა“. ასეთი კომენტარები იყო მეცხრე, მეათე, დანარჩენები კი გულით მილოცავდნენ. ამიტომ, ნერვიც არ შემტოკებია, უბრალოდ, ვიფიქრე: „რატომ?“
– რა იყო მოგებამდე, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– როგორც ყველა მსახიობისთვის, ჩემთვისაც – ფინანასები. საქართველოში ბევრი კარგი მსახიობია. აქ უკვე ბედის ამბავია. ალალად გებუნებით: ჩემზე ნიჭიერი ადამიანები არიან უმუშევრები, მე გამიმართლა. გადამიღეს ტელესერიალში, ფილმში, ტელესივრცე პოპულარობას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, გამიღიმა ბედმა. რაც შეეხება სირთულეს, მსახიობთა პრობლემა არის ის, რომ უწევთ ტიტანური შრომა – ფიზიკური, გონებრივი და ემოციური დატვირთვა, უძილო ღამეები და ძალიან დაბალი ანაზღაურება. ამას ანაზღაურებასაც ვერ დაარქმევ. მე თეატრიდან წამოვედი 7-8 თვეა. ახლა ტელევიზიაში ვმუშაობ – ვახმოვანებ ფილმებს, სერიალებს, მულტფილმებს, და არც ვაპირებ თავის დანებებას.
– როგორ ახერხებდით რთული პერიოდების გადალახვას?
– როგორც ყველა – ზოგჯერ როგორ, ზოგჯერ როგორ. თანხის პრობლემა ხშირად იყო. მეხმარებოდნენ ჩემი ახლო ნათესავები, მეგობრები და მათი წყალობით. ადამიანი ადამიანით არის – მარტო კაცი ძალიან ცოდოა.
– საკუთარ თავს, ალბათ, იღბლიანად მიიჩნევთ.
– იღბლიანი ნამდვილდ ვარ. ჯერ ერთი, შესანიშნავი ოჯახი მაქვს, კარგი შვილები მყავს და ბედნიერი ვარ. სოხუმში ომის პერიოდში აღმოვჩნდი და იქ ვიყავი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მიმყავდა საინფორმაცია გამოშვება ქართულ ენაზე. ყოველ საღამოს, 7 საათზე ჩემი სახით აფხაზები ხედავდნენ მტერს, რომელიც მათ მთლად კარგი სიტყვებით არ მოიხსენიებდა. გადავრჩი. მერე ტანკმა გადაგვიარა. მანქანაში ვისხედით მეგობრებთან ერთად. მძღოლის გვერდით უნდა ვმჯდარიყავი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა და როგორ აღმოვჩნდი უკანა სავარძელზე. ტანკმა გადაგვიარა და სადაც მე უნდა ვმჯდარიყავი, იქ იჯდა ჩვენი უფროსი მეგობარი, შესანიშნავი ადამიანი, ოპერატორი, ავთანდილ ადანაია, რომელიც იქვე დაიღუპა. გადამირჩა ოჯახის წევრები. ჩემი მეუღლე სოხუმელია, სახლი ჰქონდა სოხუმში, რომელსაც ჭურვი დაეცა და ნახევარი სახლი განადგურდა. ზუსტად იმ დროს უნდა ვყოფილიყავი იქ, მეგობრის მამამ გადამარჩინა. კარგი სიგარეტი მქონდა სახლში, უნდა წამომეღო და არ გამიშვა. რატომ დავუჯერე მაშინ, ახლაც არ ვიცი. რამდენიმე წუთში ბიჭები მოვარდნენ – შენს სახლს ჭურვი დაეცაო. ბედი, იღბალი არ არის ეს? მერე იყო რაღაცეები, უბრალოდ ყველაფრის გახსენება შორს წაგვიყვანს.