კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოინი უყო გიზო ნიშნიანიძემ სოფელში შემოპარულ ჯაშუშს და სად შეუქმნა მას დისკომფორტი ხელ-ფეხმა

„მე თავს ბედნიერად არ ვთვლი, ბავშვობით კაცობა თუ გაგახარებინეთ, ამ დროს გაფლანგულად არ ვთვლი, კარგი დრო თუ გაგატარებინეთ. რის ანცობა კაცო, სანთლით გლოცე, ამით რაღაც შვება თუკი ჰპოვე, ამ ცდას გაცდენილად არ ვთვლი – გულის გასაღები თუ გიპოვე, თუკი პირში სული მოგიბრუნე, თუკი თვალში სხივი ჩაგიყენე, თუკი სიბერიდან მოგაბრუნე და დღესასწაული გაგითენე... რაღას მერჩი ძმაო, გიდგას გვრედში შენი ბიჭობა და სიჭაბუკე _ ის ბაჯაღლო გედოს ოქრო-მკერდში _ ისევ იბიჭე და იჭაბუკე!“ _ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მკითხველისთვის, ვის დღიურებს გადავშლით დღეს – დიახ, ეს გიზო ნიშნიანიძეა თავისი „პაემანით ვერაზე”. მისთვის მხოლოდ უნდა გესმინათ, მისი დღიურები მხოლოდ უნდა წაიკითხოთ და თქვენ მასთან ერთად იმოგზაურებთ 70-80 წლების თბილისში   
„ეს რა საინტერესო ტირილი გცოდნიათ, კაცო, მეგრელებს...“
„ამას წინათ სამეგრელოში გახლდით ტირილში... ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა რაიონის პირობაზე ერთობ „სუბორდინაციულ“ ბებიასთან, რომელიც, ასაკის მიუხედავად, გულამოსკვნილებს უნდა გვეტირა. ცრემლის სასესხებლად მეზობლებში გადასვლა არ დასჭირვებიათ. იტირებ, აბა, რას იზამ, როცა მიცვალებულის ჭირისუფლის ხელში ხარ და, თუ შენი ნებით არ იტირე, მერე შეუძლია, ყოფა გიტიროს... აწ განსვენებულის ერთ-ერთი და არც ისე თითით საჩვენებელი შვილიშვილი ძმაკაც თბილისელ ბიჭებს, ამ თავისთავად ორიგინალურ ეთნოგრაფიულ სპექტაკლში ერთობ რთული როლის შესრულებას გვაკისრებდა – არ გაგვწყრომოდა ღმერთი, არ გაგვეცინა და, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, თავი შეგვეკავებინა ყოველგვარი შაყირისგან. მეტის მოთხოვნა ჩვენგან მაშინ მართლაც შეუძლებელი იყო, რადგან სიყმაწვილე ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებს და, იმხანად, სარი რომ გეკრათ თვალში, ცრემლი არ წამოგვივიდოდა. სულ არ მეპიტნავებოდა, მაგრამ, ვიდექი საქელეხო სეფის ქინძ-ომბალ-პიტნის საკაიფო სურნელში, ვგრძნობდი, როგორ გვითვალთვალებდნენ და, არ ვიცოდი, ან ხელი სად წამეღო, ან ფეხი... ბოლოს გადავწყვიტე ერთი-ორი თბილი სიტყვა მეც მეთქვა და გამოველაპარაკე ერთ ვიღაც ჩვენსავით შორებელს, მაგრამ გაცილებით აქტიურ გულაშემატკივარს – იქაურ შუახნის კაცს, ცხვირი იმ სიგრძეზე რომ ჰქონდა ჩამოშვებული, რამსიგრძე წყალობასაც ელოდა ზემდგომი ჭირისუფლისგან, – ეს რა საინტერესო ტირილი გცოდნიათ, კაცო, მეგრელებს... მან ერთი კი გადმომხედა ცერად, მაგრამ ჩემს გულწრფელობაში ეჭვი რომ ვერ შეიტანა, მთლად ამოუჯდა გული და ტირილ-სლოკინით მითხრა: თქვენ კიდო ტექსტი არ გესმისთ, ტექსტი, თორემ... – და თავი მხარზე დამამხო. აქედან დასკვნა: ესე იგი, ტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის დღე იყო და ის დღე, იმ დღიდან ვიწამე ეს, მაგრამ... ისიც ხომ ნაღდია, რომ გაგონილს ნანახი სჯობს...
ჯაშუში
წუხელ სოფლის თავზე მტრის სამხედრო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს, დილით კი დაირხა ხმა, რომ გერმანელებმა დესანტი გადმოსხეს. სოფელს რას გამოაპარებ... ვზივარ ბაბუაჩემის, ისიდორე ნიშნიანიძის ხნის ბებერი მუხის ძირას, გადაღმა წყაროსთან... უცბად ზურგსუკან ვგრძნობ ვიღაცის სუნთქვას... გამაცივა... მხარზე მძიმე ხელი შემეხო და უფრო გამოვცოცხლდი – ჩემ წინ ვებერთელა ზუგჩანთამოკიდებული გადამთიელი იდგა და მიღიმოდა. მან, ალბათ, ჩათვალა, რომ მნახა ერთი გაუთლელი მიამიტი სოფლელი ბიჭი, რომელსაც წვრილ-წვრილად დააფქვევინებდა ყველაფერს. მამა უცხონდა, ვითომ კინოში არ მენახა „შპიონი“. ცაგერის გზა მკითხა... ჯარისკაცები თუ არიან სოფელშიო (ვითომ თავის ნაწილს ეძებდა). ცოტა რომ მოვითქვი სული და მდგომარეობა ვიყნოსე, თავში ფიქრების კორიანტელი დამიტრიალდა – როგრ მოვიქცე? ვის არ უოცნებია გმირობაზე, მით უფრო – ბავშვობაში?.. მე კი აი, აგერ, ვიდექი ახლა და დამტვრეულად მერუსულებოდა კაცი, რომელიც ბაიბურშიც არ იყო, რომ ჩემი სახით დაუძინებელ მტერთან ჰქონდა საქმე... ნამდვილი შპიონი! კინოში ნანახი და წიგნში წაკითხული კი არა, ნაღდი!.. მე მას ისე ავურიე გზა და კვალი, ცაგერის მაგივრად, სოფლის ცენტრის – ფრიალოულასაკენ გავუყენე გზას, თვითონ კი სხვა გზით მოვუარე და ჩავასწარი. სოფლსაბჭოში, იღბალზე, ახალჩამოყალიბებული სახალხო ბატალიონის შეკრება იყო და სწორედ წუხანდელი დესანტის დაჭერის ოპერატიულ გეგმას ადგენდნენ.
– ფაშისტი მოდის, ფაშისტი!.. – შევძარი ქვეყანა. ძლივს მომასულიერეს. მთელი სოფელი ფეხზე დადგა... მაშინვე გავძვერ-გამოვძვერი ხალხში და იმ კაცის ცხვირწინ აღმოვჩნდი. მიხვდა ყველაფერს და თვალები ორლულიანი თოფივით ისე მომიშვირა, იქვე დამმარხა...
„1942 წლის აგვისტოს თვეში ტყიბულის რაიონის ციხეა-ბობოთის სას. საბჭოში შემავალ სოფელ ნაძვაში საზაფხულო არდადაგებზე ჩამოსული იყო მოწინავე პიონერი გიზო დომენტის ძე ნიშნიანიძე. იმ დროს, როდესაც ის მიდიოდა სახლისაკენ, სოფლის მაღაზიასთან, გზაზე შეხვდა უცნობი საეჭვო პიროვნება, რომელიც მან გადმოსხმულ დესანტად იცნო და ამის შესახებ დროზე მისცა ცხნობა სას. საბჭოს. გ. ნიშნიანიძის მითითების საფუძველზე ც/ბობოთის სასოფლო საბჭოს მიეცა საშუალება, დროზე შეეპყრო ჯაშუში და დროზე წარედგინა სათანადო ორგანოებში. ამ ნორჩი საბჭოთა პიონერის პატრიოტულმა გრძნობამ დიდი როლი ითამაშა დესანტის დაკავებაში...“
ახლა არ იკითხავთ, რაში დამჭირდა ეს ცნობა? კომკავშირში მიღების დროს რაიკომში ვიღაცამ თავი ვერ შეიკავა – მაგან ჯერ თავის ყოფაქცევას მიხედოსო. მაშინ, მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, ყოფაქცევაში „კარგი“ რატომ ითვლებოდა „ცუდად“ და, საერთოდ, რას მიწუნებდნენ. ახლა კი ისიც გავიგე, რომ ადამიანის ავ-კარგში მთლად კარგად ვერც მაშინდელი კომკავშირლები ერკვეოდნენ. ჰოდა, არც ვაციე, არც ვაცხელე და ეს ცნობა შუბლზე ავაკარი იმათ, ვინც ადამიანებს მხოლოდ ცნობებით ცნობენ... ჩვენი სკოლის კომკავშირის კომიტეტის ჩემსავით გაწბილებულმა მდივანმა, ლამის ოლეგ კოშევოის გმირობის ტონში წაიკითხა ეს ქაღალდი და, უნდა გენახათ, რა ტაშის გრიალში მიმიღეს. 46 წლის შემდეგ, რესპუბლიკის სამხედრო კომისარმა, გენერალმა ლევან შარაშენიძემ, 60 წლის ასაკში, საზეიმოდ გადმომცა მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, რომელიც 14 წლის გიზო ნიშნიანიძემ დაიმსახურა... უცნაური დრო იყო, უნახავს ნახავდი და გაუგონარს გაიგონებდი. ამ ტირილ-ტირილში სიცილ-სიცილიც ისმოდა...
დედამიწა მრგვალია
ერთ მოხალისედ წასულს, პირველ დღეს რომ დაუნახავს, თვითმფრინავები ყუმბარებს ყრიან და იწვის იქაურობა, აუხედია ცაში და ყვირილი დაუწყია: რას შობი, კაცო, სად ისვრი ამ ბომბებს... აქ ხალხია, ბატონო, აქ, შეიძლება, კაციც მოკვდესო... ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენც ისროლეო, – უთხრეს. მე მოხალისე ვარ, მინდა ვისვრი, მინდა არაო, – უუკადრისებია ბრძანება და უკან დაუპირებია ხოხვით წასვლა. სად მიდიხარ? – უკითხავთ. დედამიწა მრგვალია, „კრუგს“ დავარტყამ და ზურგიდან მოვუვლი მტერსო. არ გასვლია ეშმაკობა. ახლა ერთი ღრმა ორმო ამოურჩევია და იქიდან ყვირის: სანიტარ, სანიტარ!.. რა მოგივიდა, კაცო, დაჭრილი ხარ? – მოვარდა მედძმა. დაჭრილი არ ვარ, მაგრამ, რომ დავიჭრა, მერე სად გეძებო შენ, დაჯექი აგერ, თუ კაცი ხარო...
შინამრეწველური საპონი და ვერის აბანოში ჩაფუფქული პოლიციელი 
...რასაც ახლა მოგახსენებთ, ეს განსასჯელი უფროა, ვიდრე დასასჯელი, რადგან, არაშრომით შემოსავალს ვერ დავარქმევთ... მაშინ ჩვეულებრივმა ვერელმა ბიჭმა ლუკმაპურის საშოვნელად კუსტარულ შინამრეწველობასაც კი მიჰყო ხელი. ასე გაჩნდა თბილისში ფირმები: „ზურაბ ლეჟავა“, „გოგი გელოვანი და კომპანია – „ოქროსდეზებიანი მამალი“, „ჭაბუა ამირეჯიბი“, „დოდო აბაშიძე“, ამხანაგობა „ოქროს ქოშები“... ამ უსაპნობის დროს, თაიროვის, ალიხანოვის, ტოლეს სააქციო საზოგადოების საპნის სახარში ქარხნის ძველი რიხით, თბილისში გაჩნდა „უმაღლესი ხარისხის“ საპონი „ოქროს დეზებიანი მამლის“ იარლიყით, მაგრამ, კაციშვილმა და, მათ შორის თვით მისმა მომჩიფირთებელმა ბიჭებმაც კარგად არ იცოდნენ ამ კუსტარული ნაწარმის შემადგენლობა. რისი ეთერ-ზეთები, რისი ეთილის სპირტი (სად იყო ამისთვის გასაფუჭებელი სპირტი), რისი ლაქტონები, ალდეჰიდები და ექსრაქტი?... მაგრამ, ხომ ფაქტია ის ფაქტი, რომ საპონი საპნობდა, ქაფდებოდა... ირეცხებოდა მანამ, სანამ ეს „საქმე“ ერთი უბედური, თუმცა, რა იცი, იქნებ, ბედნიერი შემთხვევის გამო არ გასკდა... ფირმას, ვერის უბანში ერთადერთი მექრთამე მილიციელი იყო და, სწორედ ის დაეცა. რა ვქნა ახლა მე, დავუსტვინო, შეგიყაროთ ქვეყანა თუ გავჩუმდეო... გაჩუმება არჩია. კონფისკაცია უყო მთელ ამ შინამრეწველურ საპონს და იმავე დღეს ცოლ-შვილი ვერის აბანოში გააქანა. სწორედ აქ დატრიალდა ცოდვა-მადლი. საუბედუროდ, „ოქროს მამალი“ სარეცხის საპონი იყო და არა ტანის დასაბანი... თანაც, ამ უკანასკნელ პარტიაში ბიჭებს ქლორი მეტი მოსვლოდათ და მექრთამე მილიციელი, თავის ოჯახიანად, დანაშაულზე წასწრებულივით, ადგილზე დაიწვა, ანუ, დაიფუფქა, რა...
დოდო აბაშიძისა და ჭაბუა ამირეჯიბის ნათალი ხის ქოშები თბილისელ გოგოებს
...თბილისელი ბიჭები გენიალური გამომგონებლები არიან. ოღონდ მიუშვი საქმეზე და ქვიდან წვენს ადენენ – დოდო აბაშიძე იქნევდა ნაჯახს სქელტარიანს, ჭაბუა ამირეჯიბი ქოშებს უთლიდა თბილისელ მადონებს. მოკლედ, ადელხანოვის ფეხსაცმელების ფაბრიკა მიმიქარავს, აქ ისეთი ხის ქოშები ითლებოდა, თუმცა ვერის ჰერკულესი ვერ ხმარობდა დანას, რაღაცას უშნოდ ჩორკნიდა და არც კი წითლდებოდა. კინაღამ გაკოტრდა ასე მთელი ფირმა... როდემდე ეთმინა და ჭაბუამ ერთხელ ჰკადრა: სულ გავბანკროტდებით, დოდო, ხომ აზრზე ხარ?.. ეს ოჩოფეხები ლამაზმანთა ფეხებს სულ დააკოჭლებს და, ძმაო, თუ ჯანზე ხარ, დღეიდან შენ მარტო შეშა დაჩეხე!“...

скачать dle 11.3