არის თუ არა ჭარბი ოფლის გამოყოფის მიზეზი არასწორი კვება და რატომ უნდა ჭამოთ ხშირად სტაფილო ზაფხულში
ცხელ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას, სწორად შევარჩიოთ რაციონი და ორგანიზმი, ბუნებრივი ვიტამინებით მოვამარაგოთ. ამ პერიოდში ყველა ცდილობს, წონა შეინარჩუნოს, თან ზაფხულში მადაც ითრგუნება, თავს სუსტად და შრომისუუნაროდ ვგრძნობთ. სასიცოცხლო ძალების დაქვეითება ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. როგორც ექიმი-დიეტოლოგი ქალბატონი ნატა გაგუა გვირჩევს, სწორედ ახლა უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის და მივაწოდოთ ყველა ის ბუნებრივი ვიტამინი და მიკროელემენტი, რაც ცივ სეზონზე აუცილებლად დასჭირდება.
ნატა გაგუა: თუ გინდა, ჯანმრთელი იყო და შენი ორგანიზმიც დიდხანს გემსახუროს, მაშინ სწორად უნდა მართო. იმიტომ, არ უნდა იკვებო ნაკლები რაოდენობის საკვებით, რომ მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდე კარგად. ჯობია, მეტი ყურადღება სრულფასოვან, ჯანსაღ საკვებს დაუთმო და ჯანმრთელობაც დიდხანს შეინარჩუნო. ზამთარში ადამიანის ორგანიზმი ითრგუნება, შენელებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამიტომ, მას სასიცოცხლო ძალები დაქვეითებული აქვს. სწორედ ახლა უნდა მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი ზამთრისთვის და მივაწოდოთ მას ყველა ის ბუნებრივი ვიტამინი და მიკროელემენტი, რაც ცივ სეზონზე აუცილებლად დასჭირდება.
– იმისთვის, რომ ორგანიზმი საჭირო, სასიცოცხლო ძალებით მოვამარაგოთ, როგორ უნდა გადავაწყოთ სეზონურად კვების რაციონი?
– ჩვენ, ამ სეზონზე ბუნებრივი საკვები უნდა მივიღოთ, რასაც ვერ შევჭამთ ზამთრის ცივ დღეებში. წელიწადის ყველა დროს არის ის სეზონური ხილ-ბოსტნეული, რომელიც ყველა ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მიიღოს. ზაფხულშივე უნდა ვიზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. უნდა მივირთვათ ქლიავი, ჟოლო, მარწყვი, ალუბალი და სხვადასხვა ბოსტნეული. ზამთარში ის უნდა ჩანაცვლდეს ციტრუსებით, რადგან მათში შემავალი C ვიტამინი იმუნური სისტემისთვის აუცილებელი პროდუქტია. შემოდგომის ბოლოდან მთელი ზამთრის განმავლობაში უნდა ჭამოთ ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, გრეიფრუტი – არაჩვეულებრივად არეგულირებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბევრი ზამთრისთვის ზაფხულის ხილს იმარაგებს კომპოტის, მურაბის ან ჯემის სახით. თითქმის არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს ზამთრის პერიოდში ამგვარად შენახულ ხილს. ორგანიზმს ასეთი პროდუქტებით ჯანსაღად ვერ გამოკვებავთ. აუცილებელია, ამ პერიოდში სეზონური ხილ-ბოსტნეულის ცოცხალი სახით მიღება და ხორბლის ან ჰერკულესის წყალზე მომზადებული ფაფის ჭამა. კარგია ნატურალური, ახალგამოწურული წვენების დალევა, თუ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც წვენების მიღება არ არის რეკომენდებული. სასურველია ნატურალური და არა გენმოდიფიცირებული საკვების შერჩევა, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების ჭამა. ზაფხულში კვების თავისებურებას განაპირობებს მაღალი ტემპერატურა და მზის აქტიური გამოსხივება, რაც ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ზაფხულში კვების ხასიათი მისი ორგანიზმის შესაძლებლობებს უნდა შეესატყვისებოდეს. ზაფხულობით უმეტესად სწორედ ცხოველური ცილების მიღებაზე ამბობენ უარს. ეს შეცდომაა, ცილების მოთხოვნილება სეზონურად არ იცვლება. ზაფხულში ცილების მთავარი წყაროა რძის ნაწარმი: მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ასევე - კვერცხი, მოხარშული ხორცი და ყველი.
– გამიგია, რომ არსებობს პროდუქტები, რომელიც ოფლის ჭარბად გამოყოფას უწყობს ხელს. ამაზე რას იტყვით?
– ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი დიდი რაოდენობით ვიტამინებს ხარჯავს. რეგულარული ოფლიანობა „აკარგვინებს“ გარკვეულ ნივთიერებებს. გაძლიერებული ოფლდენის დროს ორგანიზმიდან ასევე იკარგება მინერალური მარილები, მიკროელემენტები. ამიტომ ორიენტაცია ახალ ხილსა თუ კენკრაზე უნდა ავიღოთ. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ უმი ან მსუბუქად დამუშავებული ვიტამინიზებული პროდუქტები - მცენარეული ზეთით შეკაზმული სალათები. ზაფხულში საუზმეზე მიირთვით ხაჭო და ხილი ან ჰერკულესის ფაფა ყველით. სადილზე კი, ბოსტნეულის სალათა და რძის ნაწარმი ან კვერცხი; ვახშამზე – ხორცის ან თევზის მცირე ულუფა უცხიმოდ შემწვარი ან მოხარშული და ბოსტნეული გრილზე ან ბოსტნეულის საზაფხულო წვნიანი. ოფლის გამოყოფას ხელს უწყობს ჟოლო, ოფლის შეკავებას – კალციუმით მდიდარი პროდუქტები. სიცხეში ოფლის გამოყოფის გაძლიერებასთან ერთად, ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება. ზაფხულის სიცხეს ადვილად გადაგატანინებთ მწვანე ჩაი, ხილისა და კენკრის უშაქრო კომპოტები, წვენები. პაპანაქება სიცხეში წყურვილს კარგად დაგიოკებთ სუსტად გაზირებული მინერალური წყალი. დილიდან დაიწყეთ წყლის მიღება, შუადღისას, სიცხის პიკზე შეზღუდეთ ანუ ერთბაშად დიდი რაოდენობით სითხეს ნუ მიიღებთ. საღამოს კი, როცა აგრილდება, შეგიძლიათ ისევ შეუზღუდავად დალიოთ. იმ სეზონზე, რომლის განმავლობაშიც უამრავი ახალი, ვიტამინებით სავსე ბოსტნეულია, არ შეიძლება მხოლოდ ხორცის, კვერცხის და ყველის ჭამა.
– რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის აზრი, რომ სტაფილოს ჭამა გარუჯვის დროს, კანს განსაკუთრებულად ჯანსაღ ფერს აძლევს?
– სტაფილო B, C, K და PP ვიტამინების, ასევე, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით, მნიშვნელოვანი ბოსტნეულია. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.
სტაფილოს ახალგამოწურული წვენი, განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, თვალების გადაღლილობის დროს. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ. სტაფილოს წვენი, ვიტამინების ეს უმდიდრესი წყარო, რეკომენდებულია აგრეთვე, ცისტიტის, შეკრულობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას რთავენ რაციონში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციის მიზნით, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
იმისთვის, რომ ფერმკრთალ კანს მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეთ, ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ გახეხილი სტაფილოს 20-30-წუთიანი ნიღაბი და დალიეთ ახალგამოწურული 100 მილილიტრი წვენი 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად.