როდის „ისროდა ქვებს” ვერიკო ტურაშვილი და რის მიზეზს ვერ ხსნის ის
ვერიკო ტურაშვილმა ახლახან ახალი სიმღერა ჩაწერა და ვიდეორგოლიც გადაიღო. როგორც თავად ამბობს, კლიპის გადაღება რეკორდულ დროში – ორ დღეში მოხდა. გასულ წელს მომღერალი მეორედ გახდა დედა. პირველი ქალიშვილი, ლიზა, მალე 12 წლის გახდება, ნატაშკა კი ჯერ ერთი წლისაც არაა. მიუხედავად იმისა, რომ ვერიკო ძალიან დაკავებულია და არაერთ ახალ სიმღერაზე მუშაობს, პატარას ძიძის გარეშე ზრდის.
ვერიკო ტურაშვილი: ახალი სიმღერის ჩაწერაზე ერთი თვე ვფიქრობდი. კლიპის გადაღება მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. ძალიან მალე დამონტაჟდა ყველაფერი, რეალურად, რეკორდულ დროში შევძელით ვიდეორგოლის მომზადება. სიმღერა ეკუთვნით მაიკო კაჭკაჭიშვილსა და ბორი გოშხიანს. კლიპის რეჟისორია გიორგი გოგიჩაიშვილი. ახლა დამეწყო სწორედ ისეთი პერიოდი, როგორიც მქონდა ლიზას დაბადებისას – მაშინაც აქტიური ეტაპი მქონდა კარიერული თვალსაზრისით. ლიზაზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მთლიანი ალბომი ჩავწერე და ამ ყველაფრის შედეგები მერე გაგრძლედა, როცა დაიბადა. ნატაშკას შემთხვევაშიც ასე დავიწყე: კლიპი გადავიღე, ახალი სიმღერები ჩავწერე და, შეიძლება ითქვას, ისევ გავაქტიურდი. ლიზას დაბადებას დაემთხვა ჩემი ბევრი პოპულარული სიმღერა, მათ შორის – „წვიმა მოგონებებს ასველებს”, ბევრი წლის განმავლობაში იყო ამ სიმღერის გავლენა ჩემს კარიერაში. ახლა ვნახოთ, რა იქნება, ჯერ მეც ველოდები შედეგს.
–ნატაშკა პატრაა. როგორ შეუთავსე მუშაობა, მის გრაფიკს?
– მარტივი არ ყოფილა, თუმცა, შეუძლებელიც არ აღმოჩნდა. თან, არ მყავს ძიძა და მარტო მიწევს ყველაფრის კეთება. მართალია, ოჯახის წევრები მეხმარებიან, მაგრამ, გარკვეული სირთულეები ახლავს ამ ყოველივეს. ლიზას ბებო, ჩემი ყოფილი დედამთილი, მეხმარება ძალიან. ახლახან ოთხი დღით ბათუმში მომიწია წასვლა საქმეების გამო და მასთან მყავდა დატოვებული.
– ნატაშკაც ჭკვიანი გოგო იქნება, დედის გარეშე რომ ჩერდება.
– კი, ძალიან ჭკვიანია და ამაში გამიმართლა – მშვიდი და წყნარი ბავშვია. ლიზა უფრო ემოციური იყო. ერთი ან ორი საათით რომ გავიდოდი სადმე, მთელმა უბანმა იცოდა, რომ სახლში არ ვიყავი – ატირებული მხვდებოდა ხოლმე. ხასიათით, მგონი, მე მგავს (იცინის). ჩემი მშობლები მეუბნებიან, შენც ასეთი უწყინარი და კომუნიკაბელური იყავიო. ფიზიკურად კი მამის ასლია.
– ამბობენ, მეორე შვილზე უფრო გრძნობ დედობას, ვიდრე პირველზეო. შენს შემთხვევაში როგორაა?
– გეთანხმები, ჩემს შემთხვევაშიც ასეა. 20 წლის ვიყავი, ლიზა რომ გავაჩინე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდი მეგონა თავი. 16 წლისაც დიდი გოგო ვიყავი – ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი ბავშვობა დამთავრდა მაშინ, როცა ლიზა გავაჩინე. აბსოლუტურად სხვა რეჟიმიდან გადვერთე ოჯახურ ამბებზე. ლიზაც ჩემი გაზრდილია – ძიძა მაშინაც არ მყოლია და ყველაფერში თავად მივიღე მონაწილეობა, მაგრამ, განსხვავება მაშინდელ განცდებსა და ახლანდელს შორის მაინც დიდია. ახლა უფრო სხვა შეგრძნება მაქვს – ეტყობა, წლები რომ გავიდა, სულ სხვა თვალით შევხედე დედობასაც.
– ლიზას რა რეაქცია ჰქონდა, ფეხმძიმობის შესახებ რომ გაიგო?
– ლიზა ჩემ მიმართ ძალიან ეგოისტურადაა განწყობილი. სულ უნდა, რომ მის გვერდით ვიყო. თუმცა, ღმერთის წყალობით, ნატაშკასთან მიმართებაში, ეჭვიანობა და მსგავსი რამ არ გამოუვლენია. მას ცოტა მოგვიანებით ვუთხარი ჩემი ფეხმძიმობის შესახებ, დაახლოებით 3-4 თვის რომ ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა და, არც ის ვიცოდი, როგორ მიიღებდა. ამ საკითხში, შეიძლება ითქვას, გამიმართლა კიდეც. ჩემი მეგობრის შვილი მეგობრობს ლიზასთან. ზუსტად იმ პეროდში, ის ჩემი მეგობარი გათხოვდა და დაორსულდა. ერთი თვის სხვაობით გავაჩინეთ ბავშვები. ერთ დღესაც, ლიზა მოდის სახლში და მეუბნება: „დედა, ნატოს შვილი ეყოლება, იცი? ნუცა ძალიან გახარებულია და მეც მინდა,” – პირველად თქვა ეს სიტყვები „მეც მინდა”. უცებ შევცბი, ბევრი არც მიფიქრია და ვუთხარი, შენც გეყოლება-მეთქი, ოღონდ, ხუმრობით ვუთხარი, მისი რეაქცია რომ გამეგო. ძალიან რომ გაუხარდა, დამალვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერი მოვუყევი.
–გეხმარება ნატაშკას მოვლაში?
– ლიზა არის ნატაშკას მეორე დედა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, არ დავტვირთო, მაინც სულ ცდილობს, დის გვერდით ყოფნას. მიმაჩნია, ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვობა და თავისი შვილები გაზარდოს, როცა გააჩენს, მაგრამ, ლიზას თვითონ უნდა, ნატაშკას მოვლაში მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მეხმარება და საერთოდ არ მეშინია, როდესაც მას უჭირავს ნატაშკა.
– რატომ დასრულდა შენი და ლაშას ურთიერთობა?
– უამრავი მიზეზი იყო. ის უთანხმებები, რაც მანამდე გვქონდა ჩემი ფეხმძიმობის პერიოდში – უფრო გამოიკვეთა. ყოველივე ეს ორსულობის პერიოდში უფრო მძაფრად გავაანალიზე და ამ შედეგამდეც მივედით. თუმცა, მხოლოდ ორსულობასა და ჩემს თავს ვერ დავაბრალებ, რაც მოხდა. რეალურად იდგა ჩვენს შორის ისეთი საკითხები, რომლებსაც ვერ ვაგვარებდით. არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება, უფრო მეტიც, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ერთად რომ ვყოფილიყავით, უფრო რთული პერიოდი მექნებოდა, ეს გაუთავებელი უთანხმოება არ დამთავრდებოდა.
– შერიგების მცდელობა არ ყოფილა?
– არა, ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. უკვე ერთი წელია, ყველაფერს მოვრჩით. შევეცადეთ, ნორმალური ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა, თუმცა, ესეც არ გამოგვივიდა. ახლა არც მეგობრები ვართ და სურვილიც არ მაქვს ამის. აღარ მინდა ამ თემაზე ვრცლად საუბარი, მას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. დიდი მცდელობა მქონდა, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა, თუნდაც ჩვენი შვილის გამო, მაგრამ, ვერ შევძელით.
– შენი გადმოსახედიდან, როგორი მამაა?
– ჩემი გადმოსახედიდან, მეტი შეიძლებოდა გაეკეთებინა... დაუგეგმავად გადაწყდა ბავშვის ამბავი. თუმცა, დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ღმერთმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა.
– ხშირად ნახულობს ნატაშკას? სოციალურ ქსელში დებს ხოლმე ბავშვის ფოტოებსა და ვიდეოებს.
– არ ნახულობს ხშირად და აქ ჩვენი უთანხმოება არაფერ შუაშია. შეუძლია, დღეში ხუთჯერ ინახულოს. ისე, არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, რომ ეს აფერხებედეს. როგორც ვიცი, არც ისე დაკავებულია და, ალბათ, თავისი სურვილიდან გამომდინარე იქცევა ასე. რამდენჯერაც დადო ფოტო სოციალურ ქსელში, იმდენჯერ ჰყავს ნანახი ბავშვი.
– რთულმა პერიოდმა გაიარა ლაშასთან დაკავშირებით?
– რა თქმა უნდა, რთული პერიოდი მქონდა, მით უმეტეს, ფეხმძიმობა დაემთხვა ამ ყოველივეს. მაგრამ, ნატაშკას დაბადებამ დამაწყნარა და აბსოლუტურად შემცვალა. ვიდრე ნატაშკა დაიბადებოდა, ბოლო თვეებში ცოტა „ქვებს ვისვროდი” (იცინის). კიდევ კარგი, რომ ყველაფერი ასე მოხდა. გულწრფელად ვამბობ, ძალიან კარგად ვარ.
– ნატაშკას სახელი თავად შეურჩიე?
– კი, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ნატაშკა დამერქმია. უპირვლეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს ეს სახელი, თან, სასიამოვნოდ დაემთხვა ლიზას ბებოს სახელს და ამით გამოვხატე ჩემი დიდი პატივისცემა ნატას მიმართ.
– მამის გარეშე ბავშვების გაზრდა, ალბათ, რთულია.
– კი, ძალიან რთულია. პირველად მოხდა ტრაგიკული შემთხვევა – ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ლიზა დამრჩა მხოლოდ მე. თუმცა, ამ მხრივ იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს და ნატაშკასთან მიმართებაში არ მიჭირს. უბრალოდ, რთულია ის, რომ დედაც შენ ხარ, მამაც, შენ მუშაობ და პარალელურად, ბავშვთანაც შენ უნდა იყო.