რა შემთხვევაში ჯარიმდება შინაური ცხოველის პატრონი და რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ მზესუმზირის ნარჩენებით დაანაგვიანებთ ქუჩას
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დაბინძურება გარკვეული ჯარიმებით შემოიფარგლება. ბოლო პერიოდში დანაგვიანების პრობლემა საკმაოდ აქტუალური გახდა. კანონის შემოღების შემდეგ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მზესუმზირის ნარჩენების გამოც კი დაუჯარიმებიათ პიროვნება. ხშირად გამიგონია სიტყვები: „დაბლა არ დააგდო, დაგაჯარიმებენ”. სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ნარჩენების ქუჩაში დაყრის შემაკავებელი პირობა ჩვენთვის არა კულტურა, არამედ ჯარიმა აღმოჩნდა. რა ვითარებაა დღეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით და გაამართლა თუ არა კანონმა, ამ თემაზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს, ქალბატონ ნელი კორკოტაძეს ვესაუბრეთ.
– გაამართლა თუ არა გარემოს დანაგვინებაზე ჯარიმების დაწესებამ?
– ნარჩენების მართვის კოდექსმა ნამდვილად გაამართლა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კანონმა დაძრა მთელი რიგი პროცედურები გარემოს დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით. ვალდებულებები გაუჩნდათ როგორც ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, ასევე, იურიდიულ პირებს, კომპანიებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. ეს ძალიან კარგია, ვინაიდან, კანონი არასრულყოფილია, როდესაც მხოლოდ მოქალაქეებისკენაა მიმართული. 2016 წლის დასაწყისიდან, თვითმმართველი ორგანოები სრულად უზრუნველყოფენ ნარჩენების სერვისს. უფრო კონკრეტულად, მათ დაევალათ ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემების ჩამოყალიბება. მიღებულმა კანონმა მკაფიო დეფინიციები შემოიტანა ნარჩენების განსაზღვრაში. სახელწოდებები ძალიან არეული იყო, გვიჭირდა მათი გარჩევა, რაც საქმეს ართულებდა. ჩვენ ოდესმე ისეთ მართვის სისტემაზე უნდა გადავიდეთ, როგორც ევროპაშია – ისე უნდა „ვმართოთ” ნარჩენები, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული.
– სტატისიტიკის მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენებზე ჯარიმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რომელია?
– დღეისათვის, სტატისტიკის მიხედვით, მაქსიმალურია 80-ლარიანი ჯარიმა, რომელიც გულისხმობს 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას. შემდეგია სამშენებლო და ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელ ტერიტორიებზე. თბილისში სამშენებლო ნარჩენები უსისტემოდ იყრებოდა ხევებში, მდინარეების ნაპირებზე, გარეუბნებში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მისი კონტროლი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. თუმცა, მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩვენც ვმუშაობთ ამ თემაზე. როდესაც მსგავს სიტაუციას ვაწყდებით, მაგრამ არ გვყავს სამართალდამრღვევი პირი, ამ შემთხვევაში ინფორმაციას ვუგზავნით მუნიციპალიტეტს და ისინი ასუფთავებენ დანაგვიანებულ ტერიტორიას, თუმცა, თუ ფაქტზე მოხერხდება პიროვენების დაჭერა, მას ეწერება ჯარიმა, რომელიც 200 ლარს შეადგენს. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურების 127 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო სამშენებლო ან ინერტული ნარჩენებით დანაგიანების 32 შემთხვევაა ცნობილი.
– ხშირად, მზესუმზირის ნარჩენებით დანაგვიანების გამოც დაუჯარიმებიათ.... კიდევ რა შემთხვევებთან გვაქვს საქმე?
– დიახ, მსგავსი შემთხვევებიც დასტურდება. მზესუმზირის ნარჩენებით ქუჩების დაბინძურება, 2 კილოგრამამდე ნარჩენებით დანაგვიანებაში ითვლება და პირი 80 ლარით ჯარიმდება. რა მნიშვნელობა აქვს, ქაღალდს დავაგდებთ ქუჩაში თუ მზესუმზირის ნარჩენებს – ესეც დასჯადი ქმედებაა! როდესაც მსგავს ქმედებებს თბილისში სჩადიან, განსაკუთრებით მაქვს პროტესტის შეგრძნება, ვინაიდან, დედაქალაქი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია ურნებით – თითქმის ყველა გაჩერებასთან დგას ურნა. ქუჩა რომ არ უნდა დაანაგვიანო, ეს ელემენტარული კულტურაა. ყოფილა შემთხვევა და მე პირადადაც ბევრჯერ დამინახავს, როდესაც პირდაპირ მანქანიდან გადმოუყრიათ ნარჩენები, მათ შორის მინის ბოთლებიც. ეს ქმედება არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ, საავარიო სიტუაციასაც ქმნის. მონაცემების მიხედვით, დაუჯარიმებიათ მოქალაქეები, რომლებსაც სახლის პირობებში, ღია წესით დაუწვავთ ნარჩენები. ცნობილი ფაქტია, რომ მოსახლეობა აგროვებს მუნიციპალურ ნარჩენებს და ერთიანად წვავენ. მსგავს შემთხვევაში პიროვნება 200 ლარით ჯარიმდება, მაგრამ, თუ საქმე გვაქვს რეზინის ან საბურავების დაწვასთან, მაშინ ჯარიმა 500 ლარია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქუჩების დანაგვიანების ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება ჯარიმა აღმოჩნდა, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ამ კუთხით საქართველო არ არის გამონაკლისი – თითქმის ყველა ქვეყანაში ჯარიმა უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას.
– მაქსიმალური ჯარიმა 5 000 ლარია. რა შემთხვევაში ჯარიმდება ამ თანხით მოქალაქე და ვინ აკონტროლებს მსგავს სიტუაციებს?
– თბილისის ტერიტორიაზე კონტროლს ახორიცელებს როგორც გარემოს დაცვის დეპარტამენტი, ასევე მერიის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია. 5 000-ლარიანი ჯარიმა იწერება იმ შემთხვევაში, როდესაც არასწორად მოხდება ნაგავსაყრელი ადგილის შერჩევა და უფლებამოსილ პირს საჭირო პროცედურის ჩატარებაში ხელს შეუშლიან. როდესაც მოქალაქე არ გემორჩილება და ხელს გიშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ის კანონით ისჯება.
– თუ ჰქონია პროტესტი დაჯარიმებულ პირს?
– პროტესტს ხშირად გამოხატავენ ხოლმე. არავის უყვარს, როდესაც საკუთარ ჯიბეს სანქცია არტყამს. ჩვენ ვადგენთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მასალები იგზავნება სასამართლოში, ანუ, ჩვენ ჯარიმას კი არ ვწერთ, უბრალოდ, ვაფაქტებთ სამართალდამრღვევ აქტს და ვგზავნით სასამართლოში. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს, პროტესტი გამოთქვას და განაცხადოს, რომ მას არ დაუყრია ნარჩენები კონკრეტულ ტერიტორაზე, მაგრამ ამის დასაბუთება უნდა მოხდეს. ამ ეტაპისთვის არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაემტკიცებინათ საკუთარი მოსაზრება. როდესაც პიროვნება არ იხდის ჯარიმას, აღმასრულებელი ბიურო ერთვება საქმეში.
– დღევანდელი მონაცემებით, სულ რამდენი ადამიანია დაჯარიმებული და რა თანხაა შესული ბიუჯეტში ჯარიმების გადახდის შედეგად?
– მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო 263 ადამიანია დაჯარიმებული. კოდექსში, თითოეულ დარღვევაზე სხვადასხვა ჯარიმაა განსაზღვრული, მათ შორის შედის ხე-ტყის რესურსის არაკანონიერად გამოყენება და სხვა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი საკმაოდ მაღალია და ჯარიმებიც შესაბამისად იწერება. შარშანდელი მონაცემებით, ჯარიმების საერთო რაოდენობა დაახლოებით 300 000 000 ლარს შეადგენდა.
– ამბობენ, სამომავლოდ, შინაური ცხოველების გასეირნებაც გარკვეული ჯარიმით დაისჯება.
– ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ არ დაგვიგეგმავს. მთავარია, ცხოველთა ექსკრემენტებმა არ დაანაგვიანოს კონკრეტული ტერიტორია. თუ დაფიქსირდა, რომ თქვენი ძაღლი ან კატა გარემოს აბინძურებს და თქვენ არ ცდილობთ იმ ადგილის დასუფთავებას, 50-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. თუ პატრონი თავად აიღებს ცხოველის მიერ გამოყოფილ ფეკალიებს, მაშინ არანაირი ჯარიმა არ გემუქრებათ. შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით, ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს მოვუწოდებთ, რომ მოახდინოდნ ტერიტორიების იდენტიფიცირება. მათ უნდა გამოყონ სპეციალური ადგილი, სადაც იქნება ცხოველების გადარეკვის შესაძლებლობა – ამ შემთხვევაში საქმე ფერმერებსა და გლეხებს ეხებათ, რადგან, მათაც უნდა იცოდნენ, რომ ცხოველის ყველგან გადარეკვა არ შეიძლება.