კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ ასწავლა ადამიანების ამოცნობა მაიკო ჭაფოძეს და რატომ ვერ მოახერხა მან შვიდი წლის განმავლობაში მამასთან შეხვედრა

ენერგიული, ხალისიანი, მომხიბლავი ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე უკვე შვიდი წელია, ყოველ დილით, „რუსთავი 2-ზე“  გადაცემიდან – „დილა მშვიდობისა, საქართველო“, მაყურებელს საინტერესო, „კულტურულ“ ინფორმაციებს აწვდის და სასიამოვნო განწყობაზე აყენებს.

მაიკო ჭაფოძე: შვიდი  წელია, „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემაში ვმუშაობ და, არ მახსოვს, რომელიმე წელი დატვირთული არ ყოფილიყოს. ყოველ წელს ახლავს პლუსები და მინუსები, წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისთვის: მოვიპოვეთ ბევრი ექსკლუზივი; გვყავდა ისეთი სტუმრებიც, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციებსა და სიახლეებს პირველად სწორედ ჩვენთან აჟღერებდნენ. უკვე ისე მივეჩვიე ამ სამსახურს, რომ, სხვა სამსახურში კი არა, სხვა გადაცემაშიც კი ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. სულ ვამბობ, ოღონდ, ბრჭყალებში: მე „კულტურული“ გოგო ვარ, მე დილის გადაცემის ჟურნალისტი ვარ-მეთქი. დილის 5 საათზე გაღვიძება ან დილის 4 საათამდე მონტაჟი უკვე ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი ტემპია.  მინდა, დიდხანს მქონდეს ბევრი ენერგია, რომ არ დავიღალო თუნდაც დილით ადრე ადგომით და წასვლით. რაც მთავარია, დროის სწორად გადანაწილება მასწავლა ამ პროფესიამ.
– კიდევ რა თვისებები შეგძინა ჟურნალისტობამ?
– მასწავლა ადამიანების ამოცნობა – ზუსტად ვიცი, ვის რისი თქმა შეუძლია. წინასწარ ვგრძნობ ხოლმე, ვისთან ჯობია ინტერვიუს ჩაწერა; ზუსტად ვხვდები, ვინ რას მეტყვის. ალბათ, ინტუიცია, ჟურნალისტური გრძნობა ირთვება, როცა შეხედავ ზუსტად იცი,  გეტყვის თუ არა იმას, რაც ძალიან გამოგადგება. შეიძლება, ეს პროფესიული ზრდაც არის.
– არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები, საოცარ ფორმაში ხარ.
– ბოლო დროს განსაკუთრებულად შემიყვარდა თავის მოვლა. შეიძლება, ერთ ხელფასზე საკუთარ თავს სიურპრიზი მოვუწყო და მასაჟი გავიკეთო; მეორე ხელფასზე კი გავგიჟდე – წავიდე და რაღაც პროცედურები ჩავიტარო. თავის მოვლა ბოლო დროს ერთგვარი გატაცება გახდა ჩემთვის. თუმცა, როდესაც საქმე ეხება სხეულს, თმას ან ჩაცმას,  ექსპერიმენტები არ მიყვარს. ასევე, არ მიყვარს ცოტა ჰიპური ჩაცმულობა – ვერასდროს გავრისკავ ასე ჩაცმას, თუნდაც მოსაზომად. მირჩევნია, უფრო კლასიკური, ცოტა დახვეწილი ტანსაცმელი მეცვას. რაც შეეხება სახესა და თმას, ზედმეტს არასდროს არაფერს ვიკეთებ – ძალიან მეშინია.
–  როგორი დასვენება გიყვარს?
– აუცილებლად აქტიური. მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ძალიან ლამაზი სოფელი მაქვს, წლებია, იქ არ ვყოფილვარ, რადგან, არ მიყვარს წყნარი დასვენება. ერთი კვირით მეგობრებთან ერთად მივდივარ ბორჯომში, სადაც კარგად ვერთობით და  ვგიჟობთ. ძალიან მიყვარს მზე და, უკვე ბედნიერი ვარ, როცა მაქვს ზღვა და მზე. წელს შეიძლება საფრანგეთში მომიწიოს მამასთან წასვლა, ბოლო დეტალებიღა დარჩა გასარკვევი. თუ წავალ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან, შვიდი წელია, არ მინახავს.
–  როგორც ვიცი, მამაშენი ჯერ ძალიან ცნობილი და წარმატებული ცხენოსანი იყო, შემდეგ კი – მწვრთნელი. ახლა ის საფრანგეთში მუშაობს თავისი პროფესიით. მომიყევი მის შესახებ.
–  პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მამა წავიდა. მანამდე იპოდრომზე მუშაობდა, საკმაოდ წარმატებული ცხენოსანი იყო. მთელი ცხოვრება ცხენებს შეალია. რაღაც ეტაპზე მწვრთნელადაც მუშაობდა, უფრო მაღალ პოზიციებზეც იყო. ის თავისი საქმის პროფესიონალია, როცა თბილისში იპოდრომზე მუშაობდა, ბევრ ავადმყოფ ბავშვს დაეხმარა, ესწავლათ სიარული – დაუნის სინდრომს და ასევე სხვა დაავადებებს ცხენი რომ კარგად შველის, ეს არავისთვის არის უცხო. მამას, ამ მხრივ, თავისი მეთოდი ჰქონდა და ბევრი მოურჩენია. მაგალითად, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის შვილი დაჰყავდათ მამასთან. ის ბავშვი ექვსი წლის განმავლობაში ნაბიჯს ვერ დგამდა, ჩატარებული ერთწლიანი სამკურნალო კურსის შემდეგ გაიარა. მამა 12 წლიდან ცხენზე ზის და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია. არაერთხელ გამხდარა როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ჩემპიონი. მთელი საბჭოთა კავშირი აქვს მოვლილი, სახლში გვაქვს მისი სიგელები. ასეთი ჩვევა ჰქონდა: რომელი ქვეყნიდანაც ჩამოდიოდა, ჩამოჰქონდა ჭურჭელი, რომელზეც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოსახული ცხენი.
– რა გახსოვს ამ პერიოდიდან?
– 1988 წელს მამა საქართველოს ჩემპიონი გახდა, მერამდენედ – აღარ მახსოვს, მაგრამ, დაბრკოლებების გადალახვისას ცხენიდან გადმოვარდა. არსებობს უნიკალური ფოტო – როგორ ვარდება მამა, ზემოდან კი ცხენი ეცემა. ერთხელ მითხრა, ეს იმ წელს მოხდა, შენ რომ დაიბადეო და მას მერე ისე ჩამყვა გულში, რამდენჯერაც იმ ფოტოს შევხედავ, იმდენჯერ საკუთარ თავს ვადანაშაულებ – მე რომ არ დავბადებულიყავი, არ დაემართებოდა-მეთქი. მეშინია ამ ფოტოსი და, როდესაც ვხედავ, არასასიამოვნო განცდა მაქვს.
 მერე საქართველოდან წასვლა მოუწია. ეს პერიოდი ცოტა რთულად მახსენდება, რადგან ჩემი ბევრი ლამაზი წელი, მთელი ბავშვობა, სწორედ მამასთან ასოცირდება. თუნდაც ცხენზე ჯდომა, სოფელში სოკოს მოგროვება – ყველაფერი ეს მამასთან ერთად მახსენდება. შეიძლება, სოფელშიც სწორედ იმიტომ არ ჩავდივარ, რომ მამას აღარ ჩავყავარ. რაც თავი მახსოვს, მამასთან ერთად ვისვენებდი, ერთად ვაგროვებდით თხილს, მსხალს. მესამე კლასში ვიქნებოდი, როდესაც მამამ ბეთანიაში, იპოდრომის რანჩოზე ყოფნისას, ცხენზე დამსვა. მახსოვს ის შეგრძნება, როგორ შემეშინდა, როდესაც გაჭენდა, მაგრამ მერე მომეწონა. მას შემდეგ სულ ვცდილობდი, იპოდრომზე მევლო და ცხენით მეჯირითა. მამა თავიდან სამუშაოდ წავიდა საფრანგეთში – ხან იპოდრომზე მუშაობდა, ხან სხვადასხვა რანჩოზე. ახლა კი ქალაქ ლიონშია, ერთ-ერთ რანჩოზე მუშაობს, ცხენებს უვლის და ხედნის კიდეც, დაუმორჩილებელ ცხენებსაც იმორჩილებს. სხვათა შორის, როდესაც იპოდრომზე მივდივარ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ზოგჯერ, ცხენს რომ ჩაუვლია და  შემშინებია, იქ მომუშავე ადამიანებს გადმოუხედავთ – მამაშენის შვილი ამას უნდა კადრულობდესო.
– აქამდე რატომ არ მოინახულე მამა?
–  არასდროს გამჩენია წასვლის სურვილი, მაგრამ, წელს აჟიტირებული ვარ და, იმედია, გამომივა. ზოგადად, მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ,  გზა და სიშორე – არა. ადრე ფრენის შიშიც მქონდა, მაგრამ მერე გადავლახე.
– როგორ?
– მივლინებით მივდიოდი ეგვიპტეში. მთელი ამბები იყო: მეშინია, მეშინია-მეთქი, გავიძახოდი. ნინო არაზაშვილმა მითხრა, სანამ თვითფრინავში ახვალ 100 გრამი კონიაკი გადაკარიო. გადავკარი, მშვენივრად ჩავფრინდი და, მას შემდეგ ამ წესს მივმართავ.
– მამასთან შეხვედრა, ალბათ, არაერთხელ წარმოგიდგენია.
– ახლა, რაც გადავწყვიტე წასვლა, დავიწყე ამაზე ფიქრი და ცოტას ვღელავ: რომ ვერ მიცნოს? უკვე დიდი გოგო ვარ. შეიძლება, რაღაც არ მოეწონოს, შეიძლება მითხრას: გასუქდი, გახდი, შეიცვალე, დაბერდიო... მართლა არ ვიცი და ამაზე უფრო ვღელავ, თორემ, თვითონ ისევ ისეთია, ერთადერთი, გაჭაღარავდა და მის ჭაღარას უკვე შეგუებული ვარ. უფრო ჩემზე ვღელავ: მოვეწონები, არ მოვეწონები, რას მეტყვის...
– ახლა მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– საინტერესო რაღაცეები ხდება. არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემს დროსა და  ყურადღებას ვუთმობ. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით  ურთიერთობის დასაწყისია და მომწონს ამ ეტაპზე ეს ურთიერთობა. ვფიქრობ, ურთიერთობა ყველაზე ლამაზი მაშინაა, როდესაც იწყება, როდესაც უნდა გაიცნო ადამიანი, როცა გინდა, რომ მას შენი ყველა დადებითი მხარე დაანახვო. ანუ, ჯერ  ეს ეტაპი გვაქვს, მოგვწონს ერთმანეთი და, მერე ვნახოთ, რა იქნება.

скачать dle 11.3