რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი წინაპრების მიერ ჩადენილ ცოდვებზე და როგორ გამოვასწოროთ დაზიანებული გენეტიკა
დღეს მთელ მსოფლიოში და, ასევე, საქართველოში, განსაკუთრებით მომრავლდა სუიციდის ფაქტები. რას მიჰყავს ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე, როგორია მის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება და არის თუ არა სუიციდი გენეტიკური, ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ეს არის საკითხი, რომელიც ყველას უნდა აწუხებდეს. ეს არის დარღვევა მეექვსე მცნებისა – „არა კაც კლა; „პროტესტი, ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ. ადამიანი, რომელიც ამას საღი გონებით სჩადის, ამბობს, რომ მას არ სჭირდება, არ უნდა ღმერთი, ის სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მისცა. ასეთი ფაქტის დროს ეკლესია წესს არ უგებს თვითმკვლელს მანამდე, სანამ არ გაარკვევს, საღ ჭკუაზე იყო თუ არა ის ადამიანი. თუ საღ ჭკუაზე იყო, მაშინ არ უგებს ეკლესიას წესს, რადგან სულიწმიდის გმობა ადამიანს არც ამქვეყნად ეპატიება და არც იმქვეყნად. სამწუხაროდ, ხშირად ეს საშინელი სენი, დაავადება, ცოდვა, მემკვიდრეობითაც გადადის – ხშირად გვსმენია, რომ თვითმკვლელის მამას, ბაბუას ან ვინმე ახლობელსაც თვითმკვლელობით დაუმთავრებია ცხოვრება. ეს ისეთი თემაა, რომ ძალიან ფრთხილად, სათუთად უნდა მოვეკიდოთ.
– თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აუცილებლად გაიმეორებს წინაპრის ცოდვას, ანუ, მასავით დაასრულებს სიცოცხლეს.
– ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს, სიკვდილიც კი, ღმერთმა თეთრ ფერებში ჩააყენა. გამოვიკვლიოთ, ჩვენს გვარში თუ ვინმე იყო ლოთი, მეძავი, თვითმკვლელი და, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: „უსჯულოებაი ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.” ეკლესიაში რომ მოვდივარ, უნდა მახსოვდეს, რომ ჩემმა წინაპარმა თავი მოიკლა; ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილო, რომ ღმერთის სიყვარული და რწმენა არ დავკარგო; არ ჩავვარდე სასოწარკვეთილებაში, რომ იგივე არ დამემართოს. თუ ეს დამავიწყდება, შეიძლება, იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდე. არავის ეგონოს, რომ ცოდვა ავტომატურად გადადის: პაპამ ტყემალი ჭამა და შვილიშვილს კბილები მოეჭრაო. ეს არასწორი სწავლებაა. უბრალოდ, სულ უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გენეტიკა რით არის დაზიანებული. ყოველი ჩვენი ცოდვა – ეს არის ინიექცია ჩვენს გენეტიკაში. ამით ჩემს გენეტიკას ვაზიანებ და, შედეგად, ზიანდება ჩემი შვილიშვილი, რომელიც მომავალში დაიბადება. ანუ, არ უნდა ვიყოთ უიმედო მდგომარეობაში, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, ჩვენი გენეტიკა რით არის დაზიანებული, უნდა გვახსოვდეს და ფხიზლად ვიყოთ. საშველი ყველაფერს აქვს, მთავარია, არ დავმალოთ. მოძღვარსაც ვუთხრათ: ჩემი წინაპარი ნარკომანი, ლოთი, მეძავი, თვითმკვლელი იყო და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება.
– თანამედროვე ადამიანებს ხშირად გვიყვარს ფაქტის შეფასება: ამან თავი მოიკლა, ეს ასეთია, ის ისეთია, ადვილად ვლაპარაკობთ სხვის გადაწყვეტილებებზე.
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიური სწავლებით, სუიციდის დედა სასოწარკვეთილება, უიმედობა და დეპრესიაა. და როცა ადამიანს ღმერთი არ უნდა, ღმერთი მძლავრებითაც ვერ შეიყვანს მას სამოთხეში. ხშირად სასულიერო პირებიც სწორად ვერ ვაფასებთ ჩვენი მრევლის მდგომარეობას. როცა ვხედავთ, რომ ადამიანი არ არის ადეკვატური ჩვენთან საუბარში, მას თბილად უნდა დაველაპარაკოთ, დავუყვავოთ, ავუხსნათ, რომ უნდა მივიდეს ექიმთან, ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან. სამწუხაროდ, ბევრი გამოუცდელი მოძღვარი ამ დროს კონკრეტულ დიაგნოზსს სვამს: „შეპყრობილია, ეგზორციზმი სჭირდება, ეშმაკის გამოდევნა.” რა თქმა უნდა, ასე ხელაღებით არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება. ცხადია, მას დახმარება სჭირდება და ეს უნდა აღმოუჩინოს მოძღვარმაც და მშობელმაც. მაშინ, როდესაც ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა სასოწარკვეთილებაშია, რაღაც პრობლემები აქვს, მშობლებმა უნდა მიქციონ ყურადღება და კი არ ეჩხუბონ, ექიმთან უნდა წაიყვანონ. ჩვენ მხოლოდ შეფასება არ უნდა გვიყვარდეს, სწორად უნდა მივუდგეთ საკითხს. ამას სჭირდება სიბრძნე როგორც მშობლების, ასევე ნათესავებისა და მოძღვრების მხრიდან.
გამოკვლევებიდან ცნობილია, რომ ადამიანი დეპრესიაში მაშინ ვარდება, როდესაც არაფრის სჯერა; როცა ფიქრობს, რომ არავის სჭირდება. ამ დროს სწორად უნდა მივუდგეთ – ვუთხრათ: მე მჭირდები; მოდი, ერთად წავიდეთ ექიმთან, რადგან მეც ცუდად ვარ. ყველანაირად უნდა დავუდგეთ გვერდში. მაგრამ ჩვენ ძალიან ამპარტავნები ვართ და გვიჭირს თქმა, რომ ჩემს შვილს ფსიქიატრი სჭირდება, ან ჩემი შვილი ფსიქიატრთან დამყავს.
– და ეს ყველაფერი საიდან იღებს სათავეს?
– იოანე სინელი ამბობს: ეშმაკი თავიდან გეუბნება, რომ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი სიყვარულია; როგორც გინდა, ისე იცხოვრე: დააშავე, იმრუშე – ღმერთი ხომ მოწყალეა, მიხვალ და გაპატიებს. როგორც კი კარგად ჩაეფლობი ჰედონისტურ, ამორალურ ცხოვრებაში, მოგინდება ეკლესიაში მისვლა, მარხვა, აღსარება, მაგრამ ამ დროს ეშმაკი გეუბნება: რად გინდა, შენ მაინც არაფერი გეშველება, როგორ უნდა მიხვიდე მოძღვართან, ეკლესიაში; ეს როგორ უნდა უთხრა მოძღვარს, არ გრცხვენია? ამის მერე ადამიანს ერთი გზა რჩება: თვითმკვლელობა. თუ გინდა, რომ შენი შვილი უგუნური, უზრდელი გაიზრდოს, მიეცი სრული თავისუფლება, არაფერი დაუშალო, შენიშვნა არ მისცე და მერე სადამდე მიხვალთ ამასაც ნახავთ. დღეს ბევრი ისეთი მაგალითია, რომ სასულიერო პირების შვილებიც კი ვარდებიან ამ მძიმე ცოდვაში, სასულიერო პირიც არ არის დაზღვეული, ზოგჯერ ჩვენც გვჭირდება ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. რადგან სასულიერო პირები ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განწმენდილები ვართ, წმიდანები. ხანდახან შეიძლება მოძღვარსაც გაუჩნდეს კითხვა: იქნებ, მეც მჭირდება ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი? ოღონდ, აქ საუბარია მართლმადიდებელ, ნორმალურ ექიმზე. არ არის აუცილებელი ყოველთვის წამლებით გაჭყიპო პაციენტი. კარგად უნდა დაუკვირდეს, ვის ესაუბრება: ეშმაკს, ეშმაკისგან დამონებულს თუ, უბრალოდ, პატარა პრობლემის მქონდე ადამიანს, რომ მერე დაეხმაროს და თუნდაც ცხოვრების რეჟიმით გამოასწოროს. საჭიროა დიალოგი, ისე, რომ არ დავაფრთხოთ – გამოვკითხოთ რაღაცეები, თუნდაც მისი ოჯახის წევრების ცხოვრებიდან, ისინი როგორ გარდაიცვალნენ. აღსარების ჩაბარებამდეც ჯობია, გავიცნოთ ადამიანი, რომ წარმოდგენა გვქონდეს, ვის ვესაუბრებთი, რა აწუხებს მას. რომ ვეუბნებით, ილოცეო; ილოცე კარგია, მაგრამ, არ იცის, როგორც ილოცოს და რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს. ჯობია, ჯერ იმის რწმენა გავუჩინოთ, რომ მისი დახმარება შეგვიძლია. ადამიანს ერთი დღე არ ულოცია, არაფერი იცის და მაშინვე ვეუბნებით: დილა-საღამოს ლოცვები წაიკითხე. ზიარების ლოცვების წაკითხვა შეიძლება მე გამიჭირდეს და, იმ ადამიანს ვავალდებულებ, რომელიც დღეს ვიღაცამ მუჯლუგუნით მოიყვანა ეკლესიაში და ვთხოვთ ამ ყველაფრის გაკეთებას. სიჩქარე არაფერში ვარგა, მით უმეტეს – ეკლესიურ ცხოვრებაში.
– სად უნდა გადიოდეს ადამიანის თავისუფლების ზღვარი?
– ყველა ადამიანს ღმერთმა მისცა სინდისი და ნამუსი. შეიძლება, ღმერთი და ეკლესია არ გწამდეს, მაგრამ, რაღაცაზე ხომ წითლდები, რაღაცაზე ხომ ნერვიულობ, ხომ გეუბნება შინაგანი „მე” – ეს არ გააკეთოო? მაგრამ მერე, როცა ამას, ანუ შენს შინაგან „მეს” გადააბიჯებ, ეს თავისუფლება კი არ არის, ეშმაკის მსახურებაში გადადიხარ. ეშმაკის მონობა ცოტა ხნით არის სასიამოვნო, ის დიდი ხნით არ მოგცემს სიამოვნების საშუალებას. როდესაც დადგება აპოკალიფსი, პირდაპირ წერია: ადამიანი კოდირებას გაიკეთებს, სულს მიჰყიდის ეშმაკს და მათი სიხარული მალე დამთავრდება, რადგან მიწა ნაყოფს აღარ გამოსცემს. ანტიქრისტე მათ არ გაახარებს და ძალიან მალე დამთავრდება ასეთი ადამიანების სიხარული.