პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატი
პოჩაევოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთში, ვოლინის ეპარქიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, პოჩაევოს ლავრაშია დაბრძანებული. სასწაულმოქმედმა ხატმა თავისი სახელი დაბა პოჩაევოდან მიიღო. დაბასთან არის დაკავშირებული პოჩაევოდ წოდებული მთის სახელიც, რომელზეც ხსენებული ლავრაა აშენებული. ამ მთაზე ბუნებრივი მღვიმეც არსებობს, რომელმაც ასევე გაუთქვა სახელი ამ მთას. ძველ დროში მასში ორი ბერი დამკვიდრდა. ბერები განუწყვეტელი ლოცვით ღვაწლს ეწეოდნენ და უფლის წყალობაც უხვად გარდამოედინებოდა მათზე. ერთხელ, ღამით ერთ-ერთი მოსაგრე მთის მწვერვალზე ავიდა, რათა იქ, ჩვეულებისამებრ, უფლის სადიდებელი ლოცვა აღევლინა. ბერს ლოცვის ჟამს, მოულოდნელად, ცეცხლოვან სვეტში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქალწული გამოეცხადა, რომელიც მწვერვალზე მდებარე ლოდზე იდგა. შემკრთალი ბერი დაუყოვნებლივ მღვიმეში დაბრუნდა და თანამოსაგრეს ყოველივე წვრილად აუწყა. მამები ლოცვითა და გალობით კვლავ მთის თხემისკენ გაემართნენ და ღვთიური ნეტარებით აღვსილნი ისევ ზეციური სასწაულის შემსწრენი გახდნენ. იმავე დროს, სასწაულის მხილველი შეიქნა ერთი მწყემსი, რომელიც ყმებთან ერთად მთის ძირას პირუტყვს აძოვებდა. მწყემსმებმა მთაზე აღმართული მანათობელი სვეტის ხილვისას უმალ მწვერვალს მიაშურეს და იქ მყოფი ბერები იხილეს, რომლებიც მარადქალწულ მარიამს მხურვალედ განადიდებდნენ. ნიშნად თავისი გამოცხადებისა და წყალობისა, ზეციურ დედოფალს სასწაულის ადგილას მდებარე ლოდზე, რომელზეც ის იდგა, მარჯვენა ტერფის ჩაღრმავებული კვალი დაეტოვებინა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მხურვალე სხეულს ლოდი ცვილივით ჩაედნო, ხოლო ღვთაებრივი ნატერფალი კამკამა, წმიდა წყლით გავსებულიყო. ამ სასწაულის შემდეგ პოჩაევოს მთას ურიცხვი მომლოცველი მოაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მომლოცველები მკურნებელ წყალს იქვეც უხმად იმხევდნენ და ჭურჭლებითაც ეზიდებოდნენ, მარადქალწული მარიამის ნატერფალში ჩამდგარ ღვთაებრივ წყალს არაფერი აკლდებოდა. ის მუდამ ერთ დონეზე კამკამებდა. პოჩაევოს მთაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადება და ლოდზე მისი ნატერფალის აღბეჭდვა დაახლოებით 1340 წელს მოხდა. ამ დღის შემდეგ პოჩაევოს მთა უფლის დიდების სამკვიდროდ, ხოლო მარადქალწული მარიამის წმიდა ნატერფალი – უდიდეს სასწაულთა დაულეველ წყაროდ გადაიქცა.
1595 წელს კონსტანტინეპოლის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ რუსეთში იმოგზაურა. მას მეგზურობასა და მასპინძლობას რუსი მემამულე – ქალბატონი ანა გოისკი უწევდა. მიტროპოლიტმა ანას მის მიერ გამოჩენილი კეთილი მასპინძლობისთვის კონსტანტინეპოლიდან წამოსვენებული ღვთისმშობლის ხატი უძღვნა. სიწმიდე ანა გოისკისთან თავდაპირველად დაფარულად ჰგიებდა, მაგრამ მალე ხატის მიერ დიდი სასწაულები აღესრულა. ანა გოისკის ღვთაებრივი ნათლით შემოსილი ზეციური დედოფალი გამოეცხადა, რის შემდეგაც, სასწაულით შეძრულმა ქალმა ხატის წინ ჩაუქრობელი კანდელი აღაგზნო და ყოვლადწმიდა მარიამს მხურვალე ლოცვა-ვედრებას აღუვლენდა. მალე ხატი ახალი სასწაულით გაბრწყინდა. ანა გოისკის ჰყავდა დაბადებიდან ბრმა ძმა – ფილიპე კოზინსკი, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის წინაშე მხურვალე ცრემლებითა და ვედრებით დაემხო და კურნება ითხოვა. სნეულთა მკურნალმა და შეჭირვებულთა მეოხმა ღვთისმშობელმა ქალწულმა ბრმის ვედრება მსწრაფლ შეისმინა და ფილიპეს მაშინვე თვალი აეხილა. ასეთი სასწაულებრივი ძალმოსილების მქონე ხატის სახლში დაბრძანება ანა გოისკის ძლიერ შეეშინდა, ამიტომ მან 1597 წელს მრავალრიცხოვან მორწმუნეებთან ერთად, წმიდა ქალწულის ხატი დიდი პატივითა და ლოცვა-გალობით პოჩაევოს სავანეში გადაასვენა და მთის მღვიმეში მოსაგრე ბერებს სამუდამო მფლობელობაში გადასცა. მალე მთაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აღიმართა.