მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომ ითვლება აზარტული თამაშები ცოდვად?
პასუხი: აზარტული თამაშები საკმაოდ მძიმე ცოდვაა, რადგან მის გზაზე შემდგარი ადამიანი კარგავს უმთავრეს საუნჯეს – ნების თავისუფლებას და აზარტის ვნებას ემონება. როგორც წესი, აზარტული თამაშების შემდეგ მოგებული რჩება მხოლოდ ბოროტი ძალა, რომელიც ადამიანს სულიერად და მატერიალურად ფიტავს.
კითხვა: რომელი ლოცვების წაკითხვა შეგვიძლია დამჯდარ მდგომარეობაში?
პასუხი: დამჯდარმა შეგიძლიათ წაიკითხოთ ფსალმუნები.
კითხვა: მიცვალებულს ზოგი მესამე, ზოგი კი მეხუთე-მეშვიდე დღეს კრძალავს. არსებობს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე კანონი?
პასუხი: როგორც წესი, ქრისტიანები მესამე დღეს კრძალავდნენ თავიანთ მიცვალებულებს. მიცვალებულის უფრო გვიან დაკრძალვა საერო ტრადიციაა, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის. დაკრძალვის დიდი ხნით გადავადება სულიერად ფიტავს ჭირისუფალს. მთავარი ამ დროს მიცვალებულის სულისთვის ზრუნვაა და დროის გახანგრძლივებით შეიძლება, სწორედ ეს დააკლდეს გარდაცვლილს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ცხოველს დავარქვათ ადამიანის სახელი?
პასუხი: ცხოველებისთვის ადამიანის სახელის დარქმევა არ შეიძლება, რადგან სახელთა უმრავლესობა წმიდანებს უკავშირდება და ეს დაუშვებელია. შეეცადეთ, აუხსნათ ეს ყველას, ვინც თავის ძაღლს ან სხვა ცხოველს ადამიანის სახელით მიმართავს.