როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბითარიშვილი – ბიტარიშვილი
ბითარიშვილი და ბიტარიშვილი ერთი და იგივე გვარია. უბრალოდ, რუსული გავლენით, ასო თ შეცვლილია ტ-თი.
ამ გვარების ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბითა.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ გვარის წარმომადგენლები ოსები არიან. ოსური გვარების გაქართულების ბევრი მაგალითი გვაქვს, თუმცა, ოსები უფრო ბიტაროვს ატარებენ.
ამავე ფუძით ნაწარმოები გვარებია: ბითარაშვილი და ბიტარაშვილი.
საქართველოში 78 ბითარიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 48, გორში – 20, თერჯოლაში – 10.
190 ბიტარაშვილი: დუშეთში – 61, გურჯაანში – 38, მცხეთაში – 34. არიან სხვაგანაც.
170 ბიტარიშვილი: თბილისში – 69, გარდაბანში – 26, კასპში – 24. არიან სხვაგანაც.
20 ბითარაშვილი: გორში – 6, თბილისში – 5, ყვარელში – 4. არიან სხვაგანაც.
ყავრიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყავრი. გადმოცემის მიხედვით, ის წინაპართა საქმიანობის საფუძველზე შექმნილი გვარია, კერძოდ, წინაპრები ყავრის გადამხდელები იყვნენ.
1876 წელს სოფელ გოლთეთში მოიხსენიება ანდრია ყავრიშვილი.
საქართველოში 75 ყავრიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 44, საგარეჯოში – 27, რუსთავში – 4.
ამურველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამურველა.
მათი თავდაპირველი გვარი ამრუმელაშვილი ყოფილა.
1871 წლის აღწერით, მარაბდაში მოიხსენიება გოსტაბაშვილის ყმა – ოქრუა ამურველაშვილი.
ამურველაშვილები დიდ ენაგეთში სოფელ ერწოდან გადასულან.
საქართველოში 100 ამურველაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 49, თეთრი წყაროში – 41, გურჯაანში – 6. არიან სხვაგანაც.
ჯანგებაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანგება.
სიტყვა ჯანგება ნიშნავდა ჯანიანს, ძალით მომგებს.
1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება იესა სოლოღაშვილის ყმა, ზურაბა ჯანგებაშვილი.
საქართველოში 96 ჯანგებაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 70, თბილისში – 25, კასპში – 1.
მურადაშვილი
მურადაშვილი ქართული გვარ-სახელია. ამ გვარის ერთ ნაწილს, არსებული გაუგებრობის გამო, საორჭოფოდ გაუხადეს საქმე: ისინი ჯერ სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებას აზიარეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ეკლესიაში სომეხი ტერტერა გამოჩნდა და სულით ხორცამდე ქართველი მურადაშვილები სომხებად ჩაწერა. ეს ფაქტი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გახდა ცნობილი, როცა მათ პასპორტების აღება დასჭირდათ.
მურადაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი მურადა. ეს სახელი ჩვენს წინაპრებს არაბებისგან უსესხებიათ. მურადი არაბულად სასურველს ნიშნავს. ეს სახელი მეთოთხმეტე საუკუნიდან გვხვდება, ხოლო გვარი მურადაშვილი – მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში იყო ფართოდ გავრცელებული და ის არაერთ ისტორიულ დოკუმენტშია დაფიქსირებული.
1823 წელს ერთი მურადაშვილი ასე მოიხსენიება: „გაბო მურადაშვილი მეუღლითა და შვილებით ცხოვრობდა თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ბორბალოში“.
გვარი მურადაშვილი არის, ასევე, მურაჩატაშვილების განაყოფი გვარი.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, სობისაში მცხოვრებ გიგლა მურადაშვილს, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა მშვილდით ლაშქრობა.
ამავე ძირისაა გვარი მურადელი.
საქართველოში 1 238 მურადაშვილი ცხოვრობს: გორში – 705, თბილისში – 399, ასპინძაში – 134.
74 მურადელი: გორში – 29, თბილისში – 18, ბორჯომში – 10. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით