კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლის შურისძიება

ინსპექტორები მარკუსი და ფულერი ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში დილის თერთმეტი საათისთვის გამოიძახეს და ახლა გვამს ათვალიერებდნენ. მისტერ დრაპერს დიდი, სამზარეულოს დანა შიგ გულში ჰქონდა ჩარჭობილი... საწოლში იწვა და თეთრეულზე სისხლი, პრაქტიკულად, არ იყო, თუ არ ჩავთვლით, მისტერ დრაპერის პიჟამას.
– ჰო, ეს, იცი, რას ნიშნავს? – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ფულერმა, – რომ ეს ტიპი მძინარე მოკლეს. არც განძრეულა, ისე დააკრეს საწოლზე ჰერბარიუმის პეპელასავით. ვნახოთ, რას იტყვის სამედიცინო ექსპერტი.
ექსპერტმა დაახლოებით იგივე თქვა და დაამატა, რომ მკვლელობა ათის ნახევრიდან ათამდე მოხდა. მსხვერპლს, სავარაუდოდ, ღრმად ეძინა.
ფულერმა სასტუმროს ნომერი ყურადღებით დაათვალიერა და მარკუსს მიუბრუნდა.
– ჩავიდეთ ქვემოთ, სასტუმროს ადმინისტრაციაში მოახლე და მენეჯერი გველოდებიან. მგონი, სწორედ მოახლემ ნახა გვამი პირველად. საინტერესოა, სად არის მისის დრაპერი?
– მისის დრაპერი? – გაიოცა მარკუსმა.
– ჰო. ყოველ შემთხვევაში, მისის დრაპერი თუ არა, ქალი, რომელიც ამ ნომერში მოკლულთან ერთად ცხოვრობდა, – ფულერმა ტუალეტის მაგიდაზე მიუთითა, სადაც ბლომად ეწყო კოსმეტიკა და ქალის აქსესუარები.
მისტერ ჰარლანდი ინსპექტორებს კაბინეტში ელოდა. ის მარტო იყო და ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა.
– ჩვენი სასტუმროს პრესტიჟზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს, არ მინდა, გახმაურდეს...
– მისტერ დრაპერი თქვენი მუდმივი მობინადრე იყო თუ მხოლოდ სტუმარი?
– მუდმივი მობინადრე გახლდათ... დიახ, შეიძლება, ასეც ითქვას. ჩვენ კომფორტი გვაქვს და ნორმალური ფასები. ხელსაყრელი პირობებია ისეთი კაცისთვის, როგორიც მისტერ დრაპერი იყო.
– ეგ რას ნიშნავს?
– მისტერ დრაპერს ბევრი მტერი ჰყავდა. არ იყო დადებითი თვისებების ადამიანი. კონფლიქტს ყველასთან ახერხებდა, რასაც მის მეუღლეზე ვერ ვიტყვით.
– აჰა, სწორედ მისის დრაპერზე მინდოდა, მეკითხა... ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება იყოს ეს ქალბატონი და იცის თუ არა, რომ ქმარი მოუკლეს.
– რა თქმა უნდა, იცის. ის სასტუმროში გახლდათ, როცა ეს ამბავი მოხდა. დოლი დრაპერი მისის კენვუდთან იყო სტუმრად, ერთი სართულით ქვემოთ და ახლაც იქ არის. ვეტყვი და ჩაგაცილებენ კენვუდებთან...
– გმადლობ. მას აუცილებლად ვნახავ. ახლა კი, თუ შეიძლება, იმ მოსამსახურეს დაუძახეთ, რომელმაც გვამი პირველმა ნახა.
– დიახ, რა თქმა უნდა. მისის გრინი ახლავე მოვა.
მისის გრინი საშუალო ასაკის, ჩვეულებრივი გარეგნობის ქალი აღმოჩნდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მისი ტყუილიც რომ დაიჯერება.
– მისის გრინ, როგორ აღმოჩნდით მისტერ დრაპერის ოთახში?
– პირსახოცები მივიტანე გამოსაცვლელად. დილით მისის დრაპერმა დამირეკა. ცხრა საათი იქნებოდა. მითხრა, მისტერ დრაპერს სძინავს. მე მისის კენვუდთან ჩავდივარ სასაუზმოდ, შეგიძლია, მოხვიდე და სააბაზანოში პირსახოცები გამოცვალოო.
– მაშინვე მიხვედით? ან, საერთოდ, ყოველთვის მაშინ ცვლით პირსახოცებს, როცა ნომერში მობინადრეს სძინავს? ამ სასტუმროში ასეთი წესია?
– არა, რა თქმა უნდა. ნომრებს მაშინ ვალაგებთ, როცა მობინადრეები იქ არ არიან. მაგრამ, მარტო პირსახოცები უნდა შემეცვალა. თან, მისის დრაპერმა მითხრა, რომ მისი მძინარე ქმარი არ შემეწუხებინა, რადგან თავი სტკიოდა და ცოლმა ტკივილგამაყუჩებელთან ერთად, ძილის წამალიც მისცა...
– პირსახოცები შეცვალეთ?
– არ მახსოვს, სერ... მართლა არ მახსოვს. ძალიან შევშინდი, როცა მისტერ დრაპერის სხეულში ჩარჭობილი დანა დავინახე.
– კარგი. დროებით არსად წახვიდეთ. რამდენიმე შეკითხვა შეიძლება, კიდევ მქონდეს თქვენთან.
სანამ მისის დრაპერთან ჩავიდოდნენ, ფულერმა მარკუსთან თავისი ვარაუდები გამოთქვა.
– თუ დრაპერის ცოლი ახალგაზრდა და ლამაზი აღმოჩნდება, თან, თუ მისტერ დრაპერმა ქონება მემკვიდრეობით ცოლს დაუტოვა ან სიცოცხლე ჰქონდა სოლიდურ თანხად დაზღვეული, მაშინ, მის ქვრივთან სერიოზული საუბარი გვექნება... – თავი გადააქნია ფულერმა.
– შენ ფიქრობ, რომ ცოლმა მოკლა? – ეჭვით შეხედა მარკუსმა.
– ჯერჯერობით ასე ჩანს. მკვლელი საძინებელში დაუბრკოლებლად, კარიდან შევიდა და სავარაუდოდ, უკანაც იმავე გზით გამოვიდა. ფანჯრები მჭიდროდ იყო დაგმანული და ნომერს აივანიც კი არ აქვს, რადგან ძალიან მაღალი სართულია. ესე იგი, მკვლელს გასაღები ჰქონდა. აქ ორი ვარიანტია: ცოლი ან სასტუმროს თანამშრომელი, რომელსაც  ჩვეულებრივ, ყველა ნომრის გასაღები აქვს ხოლმე. მაგრამ, მოტივი მჭირდება.
– მოტივი?
– ჰო, მოტივი, რომელიც შესაძლოა, ცოლს უფრო ჰქონოდა. მოსამსახურეს რატომ უნდა მოეკლა?
– მართალი ხარ. მოსამსახურეს მოტივი არა აქვს. ვნახოთ, ცოლი რას გვეტყვის, – ამოიოხრა ფულერმა.
დოლი დრაპერი, მართლაც, გასაოცარი სილამაზის აღმოჩნდა, სრულიად ნორჩი და მომხიბვლელი. განსაკუთრებული მწუხარება არ ეტყობოდა. კითხვებზე მშვიდად და უემოციოდ პასუხობდა.
– დიახ, ჩემს ქმარს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. ადამიანებთან მუდმივ კონფლიქტში იყო... ვიღაც-ვიღაცეებთან... ვის შეეძლო მოეკლა? – მისის დრაპერმა მხრები აიჩეჩა, – რა გითხრათ, ნებისმიერ მათგანს. ყავის დალევას მე და ჩემი მეგობარი, მისის კენვუდი  თავიდან ჩემთან ვაპირებდით, მაგრამ ერნესტს ძალიან სტკიოდა თავი. წამლები მივეცი და წავედი. ზოგადადაც, ჩემს ქმარს თითქმის შუადღემდე ეძინა ხოლმე და ეს არავის უკვირდა.
ფულერი ქვრივის დაკითხვას მორჩა და გარეთ გამოვიდა. მარკუსი უკან მიჰყვა.
– აბა, რას იტყვი?
– ეს ქალი მკვლელს არ ჰგავს. შეხედე მის სათუთ და მოვლილ ხელებს? დარწმუნებული ვარ, სამზარეულოს დანა ხელში არასოდეს სჭერია. ნომერი კიდევ ერთხელ უნდა დავათვალიერო, – გადაჭრით თქვა ფულერმა და იმ ნომერში დაბრუნდა, სადაც მკვლელობა მოხდა. ერთი საათი მაინც დადიოდა ოთახიდან ოთახში, შევიდა-გამოვიდა... იატაკიც მოათვალიერა და სააბაზანოშიც შევიდა.
– პირსახოცები გამოცვლილი არ არის! – თქვა მოზეიმე ხმით, – მარკუს, იატაკზე პირსახოცებიც არ ყრია.
– ეგ რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ წარმოსახვა უნდა მოიშველიო. წარმოიდგინე, ოთახში შემოდის უბრალო ქალი, ხელებზე სუფთა პირსახოცების დასტა უჭირავს და უცებ ხედავს გულში დანაჩარჭობილ მკვდარს. რა მოსდის? – შეშინებული პირსახოცებს ყვირილით ყრის იატაკზე და გარბის. სულ მინიმუმ, უცვივდება მაინც. თანაც, თავად თქვა, ძალიან შემეშინდაო. ახლა კი გადი დერეფანში და ნომერში შემოდი. მიდი, მიდი, გააკეთე, რასაც გეუბნები. ინსპექტორმა მარკუსმა მხრები აიჩეჩა, დერეფანში გავიდა და მალევე შემობრუნდა. ფულერი მაშინვე დაეტაკა, – მითხარი, საძინებელში რამე დაინახე?
– არა. რა უნდა დამენახა, როცა ჰოლიდან საძინებელი ოთახის კარიც კი არ ჩანს.
– ხედავ? ამაშია საქმე. მოახლეს არ შეეძლო შემოსვლისთანავე დაენახა მიცვალებული, თუ სპეციალურად არ შევიდოდა საძინებელში. ხვდები? მისის გრინმა იცრუა. რატომ უნდა შესულიყო საძინებელში, სადაც, იცოდა, რომ ადამიანს ეძინა? მხოლოდ ერთი მიზეზით – მის მოსაკლავად. მკვლელი მოახლეა!
– კი, მაგრამ მოტივი?
– ორი-სამი დღე მომეცი და მაგასაც გეტყვი.
ფულერი სამი დღე სადღაც გაუჩინარდა. მერე კი მისის გრინის დაპატიმრების ნებართვა ითხოვა.
– არ იტყვი, სად იყავი? – ვეღარ მოითმინა მარკუსმა.
– მიჩიგანში, ჩემო მეგობარო, მიჩიგანში, – მოზეიმე ხმით შესძახა ფულერმა, – ახლა მოტივი მაქვს. მისის გრინი ხუთი წლის წინ მისის დრაპერი იყო.
– რა? ამაში დარწმუნებული ხარ?
– ასი პროცენტით. სახეზეა მიტოვებული ცოლის შურისძიება. ბევრი ვიწვალე, მაგამ ამად ღირდა. ჭკვიანი ყოფილა. ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მკვლელობა მეორე ცოლს დაბრალებოდა.
– ეტყობა, ძალიან გააბრაზა დრაპერმა.
– ჰო... ალბათ, მშრალზე დატოვა, – გაიცინა ფულერმა და ამოიოხრა, – სიმართლე გითხრა, ცოტა მეცოდება კიდეც.

скачать dle 11.3