ღალატი სიყვარულისთვის
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-31(762)
მოულოდნელი, დაუგეგმავი შვებულება დასრულდა... უკვე თვითმფრინავში, სავარძლის რბილ საზურგეს მიყრდნობილი და თვალდახუჭული ანა იხსენებდა თორმეტი დღის განმავლობაში მომხდარს და კმაყოფილს ეღიმებოდა... ლაშა შეუდარებელი იყო, გამაოგნებლად ყურადღებიანი, თბილი, მზრუნველი და მიხვედრილი... ჰო, ძალიან მიხვედრილი. არავითარი ძალდატანება, ყველაფერი ანას სურვილით მოხდა და არც ნანობდა. დარწმუნებული იყო, რომ თბილისში დაბრუნებული კაცი გულსა და ხელს შესთავაზებდა.
***
გახარებულმა სოფომ ქმარს ორივე ხელი შემოხვია და აღტაცებით დაუკოცნა ორივე ლოყა.
– კარგი ახლა, ნუ დამახრჩობ, – შეიფერა ნიკამ, – იმედი მაქვს, გულს აღარ შემიჭამ და დამშვიდდები. ჭკვიანურად, ფრთხილად ატარე. ნაკლები იფიქრე იმაზე, სად ვარ და რას ვაკეთებ და ყურადღება გზისკენ მიმართე.
– მე კარგი მძღოლი ვარ – თავი გამოიდო სოფომ, – და, ასეთი ლაპარაკი არაფერში მჭირდება. ისე გამოდის, თითქოს ქრთამს მაძლევ, რომ კუდში აღარ გდიო. თუმცა, როდის დაგდევდი, ვერ გამიგია.
– სოფო, თავიდან იწყებ? – წარბი შეიკრა ნიკამ, – მოკლედ, შენ მაინც არ მოიშლი შენსას. ქალო, სულ ცოტა თავისუფლება მჭირდება, სულ ცოტა – ჩემი პირადი სივრცე... ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ გიღალატებ? რა არის ამაში გაუგებარი?
– სწორედაც რომ გაუგებარია, თანაც, ძალიან გაუგებარი. მეც რომ მოვითხოვო პირადი სივრცე?
– რა? – ნიკა შეცბა.
– ჰო, – სოფო დოინჯმომარჯვებული მიაჩერდა ქმარს, – რა გაიოცე? იქნებ მეც მჭირდება სულ ცოტა თავისუფალი სივრცე? – გამოაჯავრა და ქმრის გაოგნებული სახის შემხედვარეს გაეცინა, – აჰა! არ გესიამოვნა?
– აუ, სოფო, შენ არ ხარ ადეკვატური. რა სისულელეებს ლაპარაკობ, ხვდები მაინც? ან, რატომ მეჯიბრები, რას მოგცემს ეს? სკანდალი და ჩხუბი გინდა?
– არა, ჩხუბი შენ გინდა, სპეციალურად იქცევი ასე. რისი მიღწევა გინდა? ხომ იცი, არ მივეკუთვნები ისეთი ქალების კატეგორიას, ქმრების ცანცარს მშვიდად რომ უყურებენ. რომ დამირეკე და მითხარი, შენთვის მანქანის ყიდვა გადავწყვიტეო, მეგონა, რაღაცას მიხვდი...
– მივხვდი, სოფო... მივხვდი, რომ შენ გადაადგილებას საკუთარი საშუალება გჭირდება და მანქანაც გიყიდე. მეტი რაღა ვქნა, არ ვიცი.
– იცი! – ფეხები დააბაკუნა სოფომ და გაჭირვეულდა.
– ვაიმე, ეს ქალი გამაგიჟებს. პატარა ბავშვივით აუზროდ და არაფრის გამო რატომ იმწარებ ცხოვრებას და მეც მიმწარებ?
– არაფრის გამო, ხომ? – ამოიოხრა სოფომ.
– რა თქმა უნდა. რამეს გიშავებდე მაინც, ამის დედა ვატირე! – იყვირა ნიკამ.
– ნუ მიყვირი... სულაც აღარ მიხარია ეს მანქანა! – შეუტია ცოლმა.
გაცეცხლებულმა ნიკამ მანქანის ბორბალს გამეტებით მიარტყა ფეხი და შეიგინა.
– იშვიათი ნიჭი გაქვს, ყველაფერი გააფუჭო. მოკლედ, აი, გასაღები. მე წავედი, დღეს გვიან დავბრუნდები.
სოფოს გასაღებისთვის არც შეუხედავს. ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა და ქმარს მართლაც პატარა ბავშვივით შესტირა.
– ნუ იქცევი რა, ასე... არ წახვიდე...
– სამსახურში მივდივარ. არ წავიდე? კარგი, არ წავალ, ოღონდ, მერე პრეტენზიები არ იყოს. სოფო, მართლა სულ ტყუილად ეჭვიანობ, გეფიცები.
– ჩემი თავი დაიფიცე...
– შენ თავს გეფიცები, – ნიკამ ცოლს თმა მოუჩეჩა და ლოყაზე აკოცა, – ხომ ვიცი, ერთი სული გაქვს, შენს დაქალებს მანქანას როდის აჩვენებ. გაიქეცი. მე საქმე მაქვს და, როგორც კი მოვრჩები, ეგრევე წამოვალ. შაბათ-კვირას კი სადმე გავიდეთ და ბავშვიც წავიყვანოთ.
– ქალაქგარეთ რამე აუზიანი სასტუმრო რომ დავჯავშნო?
– კარგი აზრია, მიდი, – ნიკამ ცოლს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სოფომ ცოტა ხანს უყურა მიმავალს, მერე თვითონაც მანქანის საჭეს მიუჯდა და ქმარს აედევნა.
***
ანამ რამდენჯერმე აიღო ხელში მობილური ტელეფონი, მაგრამ დარეკვა ვერ გადაწყვიტა და უკანვე დადო... არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა, თითებიც კი უკანკალებდა მოლოდინისა და მღელვარებისგან... ლაშა არ ჩანდა. არც დაურეკავს და არც მოუკითხავს იმის მერე, რაც აეროპორტიდან სახლში მიიყვანა, მგზნებარე კოცნით დაემშვიდობა და წავიდა... ანას ნერვებს უშლიდა გაურკვევლობა. ფიქრების კონცენტრაციას ვერ ახერხებდა და კიდევ უფრო მწარდებოდა. საკუთარ თავზეც მოსდიოდა ბრაზი, მის ნებას რატომ დავმორჩილდიო... თან, გამამართლებელ მოტივებს ეძებდა – გარემო, ბუნებრივი სურვილი საყვარელ ადამიანთან ყოფნისა... ჰო, ლაშა უყვარდა, ამის არაღიარება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა... შეეცადა, ისევ საქმეზე ეფიქრა და ისევ ჩაესმოდა მისი ალერსით გაჟღენთილი, რბილი, შემპარავი ხმა და ცხელი ხელების შეხებასაც გრძნობდა სხეულზე... როგორ უნდოდა, ძალიან გაბრაზებულიყო მასზე. დაერეკა და ყველაფერი ეთქვა, რასაც ფიქრობდა... მაგრამ ერთბაშად გონება გაუნათდა – შეიძლება ლაშას რაღაც პრობლემა ჰქონდა. ჰო, ნამდვილად ასე იყო... ანას შერცხვა – როგორი ეგოისტი ვარო. მობილურს ხელი სტაცა და დაურეკა. ზარი დიდხანს გადიოდა და არავინ პასუხობდა. უფრო აფორიაქდა... კიდევ დარეკა, მერე კიდევ... თითქმის დარწმუნდა, რომ ლაშას რაღაც საშინელება სჭირდა. მობილური დივანზე მოისროლა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ახლაღა აღმოაჩინა, რომ ლაშასი მარტო მობილურის ნომერი და გვარი იცოდა, მეტი არაფერი. არც ის – სად მუშაობდა, არც ის – სად ცხოვრობდა... მის ერთ მეგობარსაც კი არ იცნობდა... აწკრიალებულ მობილურს ერთი ნახტომით მივარდა და შვებით ამოისუნთქა, როცა ნომერი იცნო...
– მირეკავდი? – ისე კითხა ლაშამ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, – მოგენატრე?
მისი ხმის ტემბრზე ანა მიხვდა, კაცს არაფერი სჭირდა საგანგაშო და ისევ მოერია ბრაზი.
– მეგონა, რაღაც დაგემართა, შენ კი თურმე კარგად ხარ, მშვენივრადაც კი.
– ჰო, კარგად ვარ, ცუდად რატომ უნდა ვიყო? – გულწრფელად გაიოცა ლაშამ.
ანა გამწარდა.
– ჰო?! ერთხელაც არ დაგირეკავს, არც მოსულხარ.
– საქმეები მქონდა, საყვარელო... შენ რატომ არ დამირეკე?
– იმიტომ, რომ ველოდებოდი, შენ როდის დამირეკავდი.
– ანა, საყვარელო, პატარები ხომ არ ვართ, დამალობანას რომ მეთამაშები? გინდოდა ჩემი ნახვა? – დაგერეკა და მივიდოდი.
– ესე იგი, შენ ჩემი ნახვა არ გინდოდა. მე კი მეგონა... მეგონა, რომ ეგვიპტის მერე ჩვენს ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა.
– რა თქმა უნდა, შეიცვალა – ურთიერთობის ახალ და ძალიან საინტერესო ეტაპზე გადავედით. ამიტომ, თამამად შეგიძლია, როცა კი მოგენატრები, მობილური აიღო და დამირეკო.
ანას აღშფოთებისგან სუნთქვა შეეკრა:
– ლაშა, ეს რას ნიშნავს?
– ხომ გითხარი, რასაც ნიშნავს. ვერ ვხვდები, რას მეკითხები.
– შევხვდეთ, – გადაჭრით მიუგო ანამ.
– საღამოს მოვალ შენთან.
– არა, ჩემთან ვერ მოხვალ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ, – მრავალმნიშვნელოვნად განუმარტა ანამ და გაჩუმდა, იმის მოლოდინით, რომ კაცი რაღაცას მიხვდებოდა.
– არ არის პრობლემა. სადაც მეტყვი, იქ მოვალ და ძალიან ბევრს მოგეფერები...
– სალაპარაკო მაქვს.
– ჰო, – გაიცინა ლაშამ, – მაგის გარეშე როგორ იქნება. არც ეგ არის პრობლემა, ვილაპარაკოთ, რამდენიც გინდა და რაზეც გინდა.
ანამ ამოიოხრა. შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ ლაშასთან საკმაოდ მძიმე საუბარი ელოდა.
***
ირინკამ გაჩერებაც არ აცალა მანქანას, კარი გამოაღო და მაშინვე შიგ ჩახტა.
– რატომ დამეკარგეთ? – საყვედურით მიმართა მოღიმარ კაცს და თვითონაც გაუღიმა.
– მინდოდა, ჩემზე გეფიქრა და მოგნატრებოდი, – უთხრა კაცმა და დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა, – მაგრად გამოიყურები, ჩასაყლაპად... სად წავიდეთ?
– რა ვიცი, სადაც იტყვით, ისევ თქვენს გემოვნებას ვენდობი.
კაცმა მოწონებით დაუქნია თავი.
– სწორადაც იქცევი. თუ ასე განაგრძობ, მე და შენ საერთო ენას გამოვნახავთ. ოღონდ, „თქვენობით“ ნუ მელაპარაკები.
– კარგი, აღარ დაგელაპარაკები... შეიძლება, რაღაც გკითხო?
– გააჩნია შეკითხვას...
– ცოლი გყავს? – მოურიდებლად ჰკითხა ირინკამ.
– ჰა, ჰა, ჰა! რატომ მეკითხები, შეგაშინეს ცოლებმა? ჩემს შემთხვევაში, შეგიძლია, მშვიდად იყო, პრობლემას არავინ შემიქმნის.
– ანუ, გყავს თუ არა? – არ მოეშვა ირინკა.
კაცი მოიღუშა:
– საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, როცა ქალი ასეთ შეკითხვას სვამს, მას ორი მიზანი აქვს: ან გეგმავს, ცოლად გამოგყვეს, ან დაიღალა ცოლიან კაცებთან ურთიერთობით და თავს იზღვევს. შენს შემთხვევაში რომელი ვარიანტია რეალობასთან ახლოს?
– არცერთი, – გადაიკისკისა ირინკამ.
– ვითომ?
– ასეა. თუმცა, შენმა პასუხმა მეც გამიჩინა ვერსიები: როცა კაცი სრულიად უწყინარ კითხვაზე იძაბება და კონტრშეკითხვით გპასუხობს, ორი მიზეზია: ან გამოუსწორებელი მექალთანეა, ან ცოლი ჰყავს, რომლისაც ძალიან ეშინია, თუმცა, შანსებსაც ებღაუჭება...
– ჰა, ჰა, ჰა... – გულიანად გაიცინა კაცმა, – კარგად იცნობ კაცების ფსიქოლოგიას, მომწონს. მეტისმეტად შტერ ქალებს ვერ ვიტან...
– ანუ, შტერ ქალებთანაც გქონია ურთიერთობა?
– მხოლოდ ერთჯერადი... აი, შენისთანასთან კი ხანგრძლივი ურთიერთობაც შემიძლია. თავისუფალი კაცი ვარ, ვისთანაც მინდა, იმასთან ვიქნები, თანაც, რამდენ ხანსაც მინდა. მზად ხარ, ჩემისთანა არაორდინარული და არაპროგნოზირებადი კაცის მეგობარი იყო?
– მოფიქრების დრო მაქვს? – გაეცინა ირინკას.
– რა თქმა უნდა. მე სხვის თავისუფლებასაც პატივს ვცემ, აბა, როგორ?
– და, თუ დავთანხმდები, რას მივიღებ? – ეშმაკურად ჩაიღიმა ირინკამ.
– ბევრ ბედნიერ დღესა და ნეტარების წუთებს... და, კიდევ ბევრ კარგ რაღაცას, ოღონდ, ეგ უკვე შენზე იქნება დამოკიდებული.
– ანუ? – ჩაეკითხა ირინკა.
– ანუ, არ უნდა გამაბრაზო.
– ახლავე მეტყვი, რა არ უნდა გავაკეთო?
კაცმა თვალები მოჭუტა:
– პრინციპში, რატომაც არა?! კარგია, თუ თავიდანვე „გავაიასნებთ“ ურთიერთობის ნიუანსებს. მოკლედ, ტვინი არ უნდა გამიბურღო; ზედმეტი შეკითხვები არ უნდა დამისვა; არ უნდა შეეცადო შენი გავლენის არეალში ჩემს მოქცევას... თუმცა, ამას ვერც შეძლებ... ერთი სიტყვით, ვისუნთქებთ ღრმად, თავისუფლად და ბედნიერები ვიქნებით.
ირინკამ თვალები მოჭუტა:
– მივხვდი. ცოლი გყავდა... შეიძლება, რამდენიმე წლის განმვლობაშიც კი იყავი ოჯახის უღელში და ახლა ბოლომდე ეძლევი თავისუფლებით მიღებულ ნეტარებას.
– არა, ცოლი არ მყოლია, თუმცა, მსგავსი ურთიერთობა მქონდა და ძალიანაც დამღალა. ქალებს ერთი ცუდი თვისება გაქვთ – არ შეგიძლიათ რეალობის ისე მიღება, როგორიც არის. არადა, თავიდანვე ყველაფერი იცით... მერე წვალობთ, ცდილობთ, შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია და ნერვიულობთ, არაფერი რომ არ გამოგდით.
– მე არ მივეკუთვნები ასეთი ქალების კატეგორიას, თუმცა მოსაფიქრებლად დროს მაინც გამოვიყენებ.
***
ანამ წვენით სავსე ჭიქა გვერდზე გასწია და სიგარეტს მოუკიდა.
– რა სახე გაქვს, ან, კაფეში რატომ მოინდომე შეხვედრა? – ჰკითხა ლაშამ, საფერფლე მიუჩოჩა და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
– ხომ გითხარი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი.
– მერე, საწოლში ვერ ვილაპარაკებდით? – გაუცინა ლაშამ და ლოყაზე ალერსით მოუსვა ხელი.
– არ გინდა, – შეუბღვირა ანამ, – ჯერ მათქმევინე, თუმცა, შეიძლება, ძალიან არ მოგეწონოს, რასაც ახლა გეტყვი: არ მეგონა, ასეთი უპასუხისმგებლო თუ იქნებოდი.
– დაიწყო! – გაიცინა ლაშამ და ამოიოხრა, – ანა, რა მოგდის, იმ ორი კვირის რეზიუმე გააკეთე და გადაწყვიტე, რომ მაყრიონით უნდა მოგდგომოდი კარზე?
– ეგ რა შუაშია?! – წარბი შეიკრა ანამ.
– აბა, რა არის შუაში, რატომ მებღვირები? ისეთი რა მოხდა ჩვენ შორის, რომ ეჭვიანი ცოლივით როჟას მიკერავ? დავაშავე, რომ არ დაგირეკე? შენ დაგერეკა, ანუ, გამოდის, რომ შენც დამნაშავე ხარ.
ანა გაშრა. არ ელოდა, კაცი ასე თუ მიაწვებოდა. თვალები აუცრემლდა და ტუჩი აუკანკალდა:
– იქით მეჩხუბები? და მეუბნები, რომ ჩვენ შორის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა?
– მოხდა, როგორ არ მოხდა.... ძალიან კარგი რაღაც მოხდა. მინდა, რომ კიდევ მოხდეს და ვიცი, რომ ეს შენც გინდა...
– მე ასე არ შემიძლია... ვერ ვიქნები შენი საყვარელი.
– მერე, მე გითხარი, ჩემი საყვარელი იყავი-მეთქი? არც გამოვა ეგ ამბავი: შენ ქმარი არ გყავს, მე – ცოლი და საყვარლები რანაირად ვიქნებით?
ანამ გაოცებით შეხედა:
– მაშინ საერთოდ ვერაფერი გავიგე... გიყვარვარ?
– სულელური შეკითხვაა. როგორ ფიქრობ, არასაყვარელ ქალთან ორი კვირა გავძლებდი? როგორ ტყუილად იშლი ნერვებს და მეც მაწვალებ. ჩემო პატარა სულელო, ეს ცხოვრება იმად არ ღირს, რაღაცას ნერვები მოაშლევინო... მომენდე და დამიჯერე: ბევრ ლამაზ წუთს გაჩუქებ და, სიხარულსაც.
– მერე? რა იქნება მერე? – ანა მაინც ყოყმანობდა.
– ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი, იმიტომ რომ, ვერავინ გეტყვის, რა იქნება მერე. ვინც გეტყვის, აუცილებლად მოგატყუებს. ხომ არ გინდა, რომ მოგატყუო?
– არა, – თავი გადააქნია ანამ. კაცის რბილი, ხავერდოვანი ტემბრი აბრუებდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს უკარგავდა... როგორც იქ, ეგვიპტეში, ახლაც დაუბინდა გონება ტკბილმა ბურანმა და საღად განსჯის უნარი დაუკარგა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში