მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-31(762)
სლავკა ფეხზე ადგა და მოტოციკლისკენ შებრუნდა. დიმკამ კი მას უკანალში წიხლი ჰკრა და მიაყოლა:
– ჩქარა, აქაურობას მოშორდი, შე ნაბოზარო ქათამო!
მოძალადემ უხმოდ დაქოქა მოტოციკლი, ადგილიდან დაძრა და დიმკას დაუყვირა:
– შენი დედაც... ჩამივარდები ხელში და, ნახე, რა გიქნა!
დიმკამ მხოლოდ გადააფურთხა გაქცეული მოძალადის მიმართულებით, რომელიც რაკეტასავით გავარდა პლაჟიდან. დიმკა კი ტანსაცმელშემოხეულ გოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– როგორ ხართ?
– ახლა უკვე კარგად. დიდი მადლობა, რომ გადამარჩინეთ.
– ჩვენთან წამოდით, აი, იქ ვართ დაბანაკებულები, – დიმკამ მარჯვნივ გაიშვირა ხელი.
გოგონა დიმკას წაჰყვა. მანქანასთან რომ მივიდნენ, პოპოვმა ბიჭს ჰკითხა:
– ყველაფერი რიგზეა?
– კი. მოტოციკლით გაიქცა ის ქათამი, – მიუგო დიმკამ.
პოპოვმა ახალმოსული გოგონა შეათვალიერა და ჰკითხა:
– რა გქვია, შვილო?
– გალია, – მიუგო გოგონამ.
– გალოჩკა, ვინ იყო ის ბიჭი და შენგან რა უნდოდა? – დაინტერესდა გენერალი.
– იმ ნაძირალას სლავა ჰქვია. იმ ბინის მფლობელის შვილია, სადაც მე ოთახს ვქირაობ. მთხოვა, რომ დისკოტეკაზე გავყოლოდი, შემდეგ პლაჟზე წამომიყვანა, დანარჩენი კი თქვენც იცით, – თქვა გალიამ.
– რამდენი წლის ხარ?
– ოცის.
– სად ქირაობ ბინას?
– დაბა ლაზარევსკაიაში.
– თვითონ საიდან ხარ?
– სვერდლოვსკიდან. არდადეგებზე ჩამოვედი ზღვაზე დასასვენებლად, ხვალ კი უკან მივემგზავრები მატარებლით... – მიუგო გოგონამ და დაამატა, – გმადლობთ. ახლა კი წავალ.
– სად წახვალ? – ჰკითხა პოპოვმა.
– ლაზარევსკაიაში. ნივთები, ბილეთი და საბუთები იქ მაქვს.
– რით აპირებ გამგზავრებას?
– იქით მიმავალ მანქანას ან მატარებელს გავყვები, სულ რაღაც ნახევარიოდე საათია საჭირო.
პოპოვს ჩაეცინა და გოგონას უთხრა:
– გალოჩკა, როგორ ფიქრობ, სწორი საქციელი იქნება, რომ ახლა შენ მარტოდმარტო, ღამით, ლაზარევსკაიაში გაემგზავრო? ხომ ნახე, ამ ცოტა ხნის წინ რას გადაურჩი, ისევ შარში გინდა გაყო თავი?
– აბა, რა ვქნა?
– ამაღამ ჩვენთან დარჩი, დილით კი ლაზარევსკაიაში მიგიყვანთ. რომელ საათზე გადის შენი მატარებელი?
– სოჭიდან დილის ცხრაზე გამოდის.
– მატარებელშიც ჩაგსვამთ და მშვიდობიანადაც გაგამგზავრებთ. თანაც, იმ ნაძირალა სლავასაც შევახურებთ, – უთხრა გენერალმა გოგონას და დაამატა: – შენ და ნუცა მანქანაში გაათევთ ღამეს, მე და ჩემი შვილი კი ამ პლედებზე დავწვებით.
– კარგი, დავრჩები, გმადლობთ, – თქვა გოგონამ და პოპოვს ჰკითხა: – თქვენ ერთი ოჯახი ხართ?
– ვალერკა ჩემი შვილია, ნუცა კი ჩვენი თბილისელი სტუმარი. ლენინგრადში ვცხოვრობთ და სახლში ვბრუნდებით, – მიუგო გოგონას პოპოვმა. ნუცამ კი გალიას უთხრა:
– კაბა სულ დაგხევია. აი, ჩემი ჩაიცვი, მე მგონი, მოგერგება.
გალიამ ნუცას კაბა ჩაიცვა და მადლობა გადაუხადა, პოპოვმა კი თქვა:
– პირველს გადასცილდა. აბა, დავიძინოთ.
განძის მაძიებლები და მათი ღამის სტუმარი ერთი საათის ჩაძინებულები იყვნენ, როდესაც ძრავების გუგუნის ხმა გაისმა. დიმკას და გენერალს ერთდროულად გაეღვიძათ. თავები ასწიეს და ათიოდე მოტოციკლის ანთებულ ფარს მოჰკრეს თვალი, რომლებიც პლაჟზე ერთ მწკრივად, ნელი სვლით მოდიოდნენ.
– მე მგონი, პრობლემა გვაქვს, შვილიკო, – უთხრა გენერალმა დიმკას.
– როგორც ჩანს, ის ქათამი დაბრუნდა თავის ძმაკაცებთან ერთად და ჩვენ გვეძებენ, – თქვა დიმკამ. ქვებზე წამოჯდა და „პარაბელუმს“ დასწვდა.
– ეგ შეინახე. აი, ჩემი „ტეტე“, მაგრამ სროლა არ ატეხო. იარაღს რომ დაინახავენ, მოკურცხლავენ, – უთხრა დიმკას პოპოვმა და პისტოლეტი მისცა.
დიმკამ „პარაბელუმი“ ზურგჩანთაში შეინახა, „ტეტე“ კი ქამარში გაირჭო და ფეხზე წამოდგა. სულ რაღაც ათიოდე წამის შემდეგ კი პლაჟზე დაბანაკებულები ათი მოტოციკლისტის ალყაში მოექცნენ. თითოეულზე ორ-ორი კუნთმაგარი, ფოლადის ჯაჭვებითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდა იჯდა. მათ ფარები ანთებული დატოვეს და მოტოციკლებიდან ერთდროულად გადმოვიდნენ. დიმკამ მოძალადე თვალით მოძებნა და დამცინავად უთხრა:
– დაბრუნდი, შე ქათამო?
ძმაბიჭების გარემოცვაში მყოფ მოძალადეს გული მიეცა, ნახევარი ნაბიჯით გამოეყო წრეს და ჯაჭვის ტრიალით მიუგო დიმკას:
– ახლა ვნახავთ, ვინაა ქათამი.
– შენ! – მიაგება დიმკამ, – შენი პირით არ მითხარი ეს?
– ვნახოთ, შენ რას გვეტყვი ახლა, – კბილებში გამოსცრა სლავამ და ოცივე ახალგაზრდა, ჯაჭვებ და ჯოხებმომარჯვებულები, ერთდროულად, ნელი სვლით დაიძრნენ წრის შესაკრავად. დიმკამ კი პისტოლეტი ამოაცურა და მშვიდად თქვა:
– აბა, რომელი გაბედავს და პირველი შეუშვერს ტყვიას შუბლს?
წრე ადგილზე გაქვავდა, დიმკამ კი ახალგაზრდებს უბრძანა:
– ჯაჭვები და ბიტები დაყარეთ!
ახალგაზრდებმა უმალვე შეასრულეს ბრძანება.
– ახლა ეს ქათამი გამოვიდეს ორი ნაბიჯით წინ. დაიჩოქოს და ხმამაღლა გაიმეოროს თავისი სახელი! – დიმკამ სლავასკენ პისტოლეტი მიმართა, – აბა, ჩქარა!
მოძალადე ორი ნაბიჯით გამოეყო წრეს, დაიჩოქა და ხმამაღლა თქვა:
– მე ვარ ბოზი და ქათამი... – შემდეგ პაუზა გააკეთა და დიმკას ჰკითხა: – გავიმეორო?
– არაა საჭირო, – მიუკგო დიმკამ, – ახლა გალოჩკას მოუხდი ბოდიშს მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
დიმკამ გალია მანქანიდან გამოიხმო და სლავას უხმოდ ანიშნა, დაიწყეო.
– ბოდიშს გიხდი, გალია, რომ ასე ცუდად მოვიქეცი და გაწყენინე. მეტს აღარ ვიზამ, – ამოილუღლუღა სლავამ.
– იზამ და მიიღებ შუბლში ტყვიას, – ჩაეცინა დიმკას და დანარჩენებს მიმართა: – აბა, ყოჩაღებო, მოახტით ახლა თქვენს რკინის ცხენებს და აქედან გაქუსლეთ. თან, ტვინში ჩაიბეჭდეთ, რომ ასე ქათმურად არასდროს არავის აღარ მოექცეთ. ყველა ჩემნაირი ლმობიერი კი არ შეგხვდებათ, დაგაჭედებენ შუბლში ტყვიას!
მოტოციკლისტებმა უმალვე შეასრულეს ბრძანება – მოტოციკლებს მოასხდნენ. მხოლოდ სლავა დარჩა მოტოციკლის გარეშე, რადგან მის მოტოციკლზე სხვა დაჯდა. მას კი ხელი ჰკრა და უთხრა:
– ბოზებმა ფეხით იარონ. შენს მოტოციკლს კი სახლთან დაგიტოვებ.
– გაქრით ახლა! – უღრიალა დიმკამ ახალგაზრდებს და ყველამ თვალის დახამხამებაში დატოვა პლაჟი.
სლავაც შეტრიალდა და ლასლასით გაუყვა პლაჟს. პოპოვმა კი მას დაუძახა:
– ახალგაზრდავ, გაჩერდი და მომისმინე!
სლავა გაჩერდა და გენერლისკენ შეტრიალდა. პოპოვმა კი უთხრა:
– ხვალ დილით სახლში გამოგივლით გალიას ნივთების წასაღებად და, იცოდე, არაფერი აკლდეს, გასაგებია?
– გასაგებია, – ამოილუღლუღა სლავამ.
– და, კიდევ ერთი: ბოროტმოქმედები არ გეგონოთ, მილიციელები ვართ. მე მილიციის გენერალი ვარ და, მადლობელი იყავი, ასე იოლად რომ გამოძვერი ამ ამბიდან. წესით, მილიციაში უნდა გაბარებდე – იქ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ შენი ქმედების გამო, მოგისჯიდნენ და ციხეში ჩაგსვამდნენ. ამ მუხლით გასამართლებულ პატიმრებს კი რას უშვრებიან, ალბათ, კარგად მოგეხსენება.
– დიახ, საქათმეში სვამენ, – თქვა სლავამ.
– ჰოდა, ჩათვალე, რომ ამას ასცდი. ახლა კი წადი და კარგად გაიაზრე შენი საქციელი, – უთხრა პოპოვმა ბიჭს და გაჩუმდა.
სლავა ჩქარი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას, გალიამ კი პოპოვს ჰკითხა:
– მართლა მილიციელი ხართ?
– მართლა. რატომ გიკვირს? – გაეცინა პოპოვს.
– არ მიკვირს. მამაჩემიც მილიციელია, – უთხრა გალიამ პოპოვს, – პოდპოლკოვნიკია, თანაც, თანამდებობის პირი.
– აბა, ერთი მითხარი, რა თანამდებობაზეა მამაშენი?
– სვერდლოვსკში ლენინის რაიონის სამძებროს უფროსია.
– ძალიან კარგი. რა გვარი ხარ, გალოჩკა?
– მასლოვა, – მიუგო გოგონამ.
– მასლოვა?
– დიახ.
– მამაშენს ოლეგი ხომ არ ჰქვია?
– დიახ.
– მარჯვენა ლოყაზე იარა აქვს? – პოპოვმა თითი ჩამოისვა მარჯვენა ლოყაზე.
– დიახ, თქვენ რა იცით?
– ოი, შე მამაძაღლო, შენა... – პოპოვი თავზე მოეფერა გოგონას, – კბილა ჩემი საუკეთესო ოპერი იყო ლენინგრადში.
– დიახ, მამას მთელი ქალაქი „კბილას” ეძახის. რა თქმა უნდა, ზურგსუკან, თორემ, პირში ამის თქმას ვინ გაუბედავს.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... „კბილა” კი სწორედ მე შევარქვი მამაშენს იმ ორი ქვედა ეშვის გამო, რომლებიც მას მგლის სახეს აძლევს, – გაეცინა პოპოვს და დაამატა: – ოლეგი, ოლეგი... ეგ მგელკაცა ეგა... ერთხელ ორ ბანდიტს ერთად შეება შიშველი ხელებით, რადგან ურთიერთსროლისას თვითონ ტყვიები გამოელია. იარაც მაშინ მიიღო – ერთ-ერთმა მას ფინური დანა მოუქნია და ლოყაში დაჭრა. მახსოვს, ის ორი ბანდიტი ერთმანეთზე ხელბორკილებით გადაბმული მომითრია სამმართველოში. ცალი ხელით მათ მოათრევდა, მეორეთი კი მოთქრიალე სისხლიან ლოყაზე ცხვირსახოცს იდებდა.
– თქვენ კი, ალბათ, ვასილი ანდრეევიჩ პოპოვი ხართ, ხომ?
– დიახ, – მიუგო გენერალმა, – მახსენებს ხოლმე?
– დღე არ გავა, თქვენ რომ არ გაგიხსენოთ და რამე ისტორია არ მოყვეს.
– ეეჰ, შვილო, მოსაყოლის მეტი რა აქვს. ათი წელი ვიმუშავეთ ერთად და, დღე არ გავიდოდა ისე, რომ რამე „ჩეპე“ არ მომხდარიყო. კბილა კი ყოველთვის წინა ხაზზე იმყოფებოდა და თავს არ ზოგავდა, – თქვა პოპოვმა, – მახსოვს, ერთხელ ინფორმაცია მივიღეთ, რომ ერთი, განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, რომელსაც ორი მკვლელობისთვის ეძებდნენ, ერთ-ერთ მისამართზე იმალებოდა. სასწრაფოდ ჩამოვაყალიბე ოპერჯგუფი და მის ასაყვანად გავემართეთ. ოლეგიც, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო.
– კბილა, იცოდე, შენებურად ტყვიებს არ შეუშვირო შუბლი. ფრთხილად ვმოქმედებთ: მივდივართ, ალყაში ვაქცევთ, შევდივართ და გამოგვყავს. ხოლო, თუ წინააღმდეგობას გაგვიწევს, იქვე ვადუღებთ. გასაგებია? – ვუთხარი მამაშენს.
– გასაგებია, ვასილ ანდრეევიჩ, – მომიგო ოლეგმა და ოპერაციაზე წავედით.
ძებნილის ადგილსამყოფელს რომ მივუახლოვდით, მანქანები მოყუჩებულში გავაჩერეთ და ფეხით გავაგრძელეთ გზა. მაგრამ, რად გინდა? ჩვენდა სამწუხაროდ, ის ძებნილი უბნის ინსპექტორს დაუფრთხია, რომელიც სრულიად სხვა საქმეზე მისულა იმ ბინაში. ძებნილს კი, ფორმიანი რომ დაუნახავს, უფიქრია, დამადგნენო, კარის მეორე მხრიდან აუტეხავს სროლა და ინსპექტორი მუცელში დაუჭრია. ერთი სიტყვით, იმ საცოდავმა სულ რაღაც ხუთი წუთით მიგვასწრო.
– მილიციელი დაიღუპა? – ჰკითხა გენერალს გალიამ.
– არა. საბედნიეროდ გადარჩა. ჰოდა, რომ მივედით, იქ, იმ საცხოვრებელ სახლთან უკვე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ძებნილი კი ფანჯრიდან იყურებოდა. ცალ ხელში სამი წლის მომტირალი, შეშინებული გოგონა ეჭირა. მეორეში კი ხელყუმბარა და აფეთქებით იმუქრებოდა, თუკი მას მიმალვის საშუალებას არ მივცემდით.
მე მეგაფონი მოვიმარჯვე და ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ, მანქანასა და თავისუფალ დერეფანს შევპირდი.
– ჯანდაბას თქვენი თავი, ბავშვს გავუშვებ, მაგრამ დედამისს დავიტოვებ. საჭესთან კი შენი ძაღლი უნდა დაჯდეს. გაფრთხილებ, რამე რომ დააპიროს, დაუფიქრებლად ავაფეთქებ „ლიმონკას“ და მათაც თან გავიყოლებ. მე მაინც არაფერი მაქვს დასაკარგი, – ლაკონურად ჩამომიყალიბა იმ ნაძირალამ.
– მოსულა. საჭეს მე მივუჯდები, – მივუგე მე.
– არა. კბილა დასვი საჭესთან. მაგის ჟინი მჭირს და რამე რომ იყოს, სიამოვნებით გავიყოლებ საიქიოში, – გადმომძახა იმ მკვლელმა.
მამაშენს გაუხარდა და თვალები აენთო. მე კი ვუთხარი:
– იცოდე, არაფერი დააპირო. შენი თავი თუ არ გეცოდება, იმ ქალმა რა დაგიშავა?
– ხომ მიცნობთ, ვასილი ანდრეევიჩ, ყველაფერს ხუთიანზე შევასრულებ, – მომიგო კბილამ.
– რომ გიცნობ, სწორედ ამიტომაც გაფრთხილებ. იცოდე, თავგადასავლების გარეშე. გასაგებია? ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. წავიდეს. მაინც დავიჭერთ. შენ კი, თუ რამე იკისრე, იცოდე, ცოცხალი ვერ გადამირჩები-მეთქი, – ვუთხარი მამაშენს.
შემდეგ, ერთ-ერთი ჩვენი მანქანა სახლის წინ მოაგორა კბილამ და ძებნილს ჩამოსვლა შევთავაზეთ.
– კბილა მარტო ტრუსებში დარჩეს და ისე მიუჯდეს საჭეს. უნდა დავრწმუნდე, რომ იარაღი არ უდევს, – გადმოგვძახა ძებნილმა.
ქუჩაში ათი გრადუსი ყინვა იყო. ოლეგმა მანქანის წინ გაიძრო სამოსი და ტრუსებით მიუჯდა საჭეს. ცოტა ხნის შემდეგ ის ნაძირალაც გამოჩნდა. ცალ ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეკავა, მეორე ხელი ქალისთვის ყელზე ჰქონდა მოხვეული. მას იყო ამოფარებული და ფრთხილად მიიწევდა მანქანისკენ. შემდეგ უკანა სავარძელზე მოთავსდა მძევლიანად და კბილას უბრძანა:
– წავედით!
– საით მიბრძანებთ, ბატონო ძებნილო? – ჰკითხა კბილამ. მან კი კბილებში გამოსცრა:
– თუ საიქიოში არ გინდა გამგზავრება, ჩქარა დაძარი!
– გასაგებია. ახლავე, მაგრამ, ნუ ცხარობ. ხელყუმბარას მაგრად მოუჭირე ხელი, რომ არ გაგივარდეს და არ აფეთქდეს, – უთხრა მამაშენმა ბროტმოქმედს. შემდეგ ისეთი მოძრაობა გააკეთა, ვითომ მანქანას ქოქავდა, მაგრამ მკვეთრად შეტრიალდა უკან და იმ ნაძირალას თავისი უზარმაზარი ხელი „ლიმონკიან“ ხელში ჩაავლო და მაგრად მოუჭირა, რომ დეტონაცია არ მომხდარიყო. შემდეგ მეორე ხელიც მიაყოლა. ავაზასავით გადაძვრა უკანა სავარძელზე. ბოროტმოქმედს ცხვირ-პირში თავი ატაკა და ადგილზე მითიშა.
შემდეგ ფრთხილად გამოართვა ხელიდან „ლიმონკა“ და ცალ ხელში მაგრად დაიჭირა. გაოგნებულ მძევალ ქალს ფოლადის თმის სამაგრი გამოართვა. დეტონატორს გაუყარა და გააუვნებელყო. შემდეგ თავი მოახრახნა. ასაფეთქებლები მანქანის წინა სავარძელზე დააწყო. იმ ნაძირალას ხელბორკილები დაადო და გადმოათრია. შემდეგ ქალს მიუბრუნდა, რომელიც გაოგნებული ადგილიდან არ იძროდა და უთხრა.
– ყველაფერი დასრულდა. წადით, თქვენს გოგონას მიხედეთ.
მძევალი რომ გამოერკვა, ატირებული ჩაეხუტა კბილას. კისერზე ჩამოეკიდა და ხელს არ უშვებდა. მამაშენმა კი ქალი ხელში აიყვანა, მანქანიდან გადმოიყვანა და ატირებულ გოგონასთან მიიყვანა, რომელიც მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც დედიკოს ჩაეხუტა.
ჩემმა ბიჭებმა ის მკვლელი მანქანაში შეაგდეს და მილიციის სამმართველოში წაიყვანეს. მე კი მამაშენთან მივიჭერი და განრისხებულმა ვუთხარი:
– ხომ გაგაფრთხილე, იმპროვიზაცია არ გაბედო-მეთქი. რომ არ გამოგსვლოდა და უბედურება მომხდარიყო, მაშინ რას შვრებოდი, შე ურჩო?
– ხომ გამომივიდა, – მშვიდად მომიგო მამაშენმა. მე კი ისე ვიყავი გაცეცხლებული, რომ მივახალე:
– ერთკვირიან ჰაუპტვახტს გიცხადებ! ახლავე მანქანაში ჩაჯექი, ჩემი ხელით მიგიყვან იქ.
– ვასილ ანდრეევიჩ, ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მაინც მომეცით, თორემ ერთი კვირა ტრუსისამარა რა გაძლებს ჰაუპტვახტში? – მითხრა კბილამ და მაშინღა გამახსენდა, რომ ის ათგრადუსიან ყინვაში თითქმის დედიშობილა იდგა.
აი, ასეთი რამ მოხდა მრავალი წლის წინ და საამაყო, გმირი და პროფესიონალი მამა გყავს, – უთხრა პოპოვმა გოგონას.
– ვასილ ანდრეევიჩ, ჰაუპტვახტში აღარ ჩასვეს მამა?
– რას ამბობ, შვილო, კბილას ჰაუპტვახტისთვის მოვაცდენდი? თანაც, ლუდაჩკასთან პაემანი ჰქონდა იმ საღამოს. მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ და ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, – უთხრა გენერალმა გოგონას, – ჰო, მართლა, როგორაა დედაშენი? მახსოვს, რომ გავიცანი, სულ იღიმებოდა და ძალიან უხდებოდა ღიმილი. ალბათ, ისევ ისეთი ლამაზი და კეთილია, ხომ?
– დედა გარდაიცვალა, – თქვა გალიამ.
– რაო? – შეიცხადა გენერალმა.
– კიბო ჰქონდა. შარშან გარდაიცვალა და ერთი თვის წინ წლისთავი გადავუხადეთ.
– რას მელაპარაკები, შვილო. საცოდავი... რა კარგი გოგო იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, – თქვა პოპოვმა და თვალები აუცრემლდა.
– არ უწვალია. ისე დალია სული. აი, მამა კი კარგა ხანს დეპრესიაში იყო. სმაც კი დაიწყო და სამსახურიდან წამოსვლას აპირებდა. თუმცა, მაინც მოახერხა თავის მოთოკვა.
– საცოდავი ოლეგი. დედაშენი ძალიან უყვარდა.
– ვიცი. ხელის გულზე ატარებდა. სხვა ქალს არასდროს გაკარებია და ახლაც მარტოა.
– ჰო. ძალიან ერთგული მამა გყავს, – თქვა პოპოვმა და ჩაფიქრდა, – შვილო, ერთი რაღაც უნდა გითხრა და არ გეწყინოს.
– ბრძანეთ, ვასილ ანდრეევიჩ.
– სიმართლე მითხარი, აქ მამამ გამოგიშვა მარტო?
– არა. მოვატყუე. მას ჰგონია, რომ კურსელებთან ერთად ყამირზე ვარ წასული სამუშაოდ.
– რატომ მოატყუე?
– საკუთარი თავის გამოცდაც მინდოდა მარტოობაში და ზღვაზე დასვენებაც.
– გასაგებია, მაგრამ ხომ ხედავ, რა მოჰყვება ხოლმე ტყუილს? ჩვენ რომ არ შეგხვედროდით, ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა.
– მართალს ბრძანებთ. გამიმართლა. აღარ მოვიტყუები. აი, დავბრუნდები ორ დღეში სახლში და მამას ყველაფერს მოვუყვები. თქვენზეც ვეტყვი.
– არავითარი ორ დღეში. ხვალვე სახლში იქნები, – მტკიცედ თქვა პოპოვმა.
– ხვალვე, როგორ? მატარებლის სვერდლოვსკში ჩასვლას ორი დღე სჭირდება.
– თვითმფრინავით გაგიშვებთ. როგორც კი გათენდება, ადლერში გავემგზავრებით. ბილეთს აგიღებ და გაგიშვებ.
– მეც თვითმფრინავით მინდოდა გამგზავრება, მაგრამ ბილეთები არ იყო. მატარებელზეც ძლივს ვიშოვე.
– დარდი ნუ გაქვს. მე ვიშოვი. გენერალი ვარ და ჯავშანი მეკუთვნის.
– უხერხულია, ვასილ ანდრეევიჩ. არაფერი მიჭირს, მატარებლით წავალ.
– მეტი აღარ შემომედავო. მიფრინავ! ჯერ ლაზარევსკაიადან წამოვიღოთ შენი ნივთები, შემდეგ კი ადლერიდან გაგამგზავრებთ.
– ვასილ ანდრეევიჩ, ტყუილად რატომ უნდა დაკარგოთ ამდენი დრო. თქვენ ხომ ლენინგრადში მიემგზავრებით და უკან, ადლერში რატომ უნდა დაბრუნდეთ?
– ხომ გაგეცი უკვე ამაზე პასუხი? მოდი, მეტს ნუღარაფერს მეტყვი. ახლა კი დავიძინოთ. თითქმის გათენდა და უთენია ვართ ასადგომები.
***
მამაიკის ველურ პლაჟზე დაბანაკებულებმა უთენია გაიღვიძეს. ახალგაზრდებმა ზღვაში იბანავეს. შემდეგ ოთხივემ ისაუზმა. ცოტა დაისვენეს და ლაზარევსკაიაში გაემართნენ გალიას ნივთებისა და საბუთების წამოსაღებად.
– მიემგზავრები გალიჩკა? – მლიქვნელურად ჰკითხა გოგონას ბინის მეპატრონე ქალმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ წინა ღამით ველურ პლაჟზე მომხდარი ამბების საქმის კურსში იყო.
– დიახ, – მშრალად მიუგო გოგონამ და გამოუმშვიდობებლად ჩაჯდა მანქანაში. პოპოვმა კი ვერ მოითმინა და ქალს უთხრა:
– მადლობელი იყავით, რომ ასე იოლად გადარჩით. თქვენი ნაძირალა სლავა კი ჭკუას თუ არ ისწავლის, იცოდეთ, ან ვინმე თავს მოაჭრის, ან ციხეში მოხვდება. იქ მოხვედრას კი მისი სულის არსებას, ისევ სიკვდილი ერჩივნოს.
ქალს არაფერი უთქვამს გენერლისთვის და კოპებშეკრული შებრუნდა სახლში. პოპოვმა მისი მისამართით გადააფურთხა და თქვა:
– არც ეგ ქალი ჩანს წმიდა სულის. როგორც ეტყობა, ეგ სლავა დედამისს ჰგავს. ხომ გაგიგონიათ, – ვაშლი, ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო. წავედით, ნუციკო. შორს ამ უწმინდურებისგან.
ოთხეული რომ ადლერის აეროპორტში მივიდა, დილის რვა საათი იყო. გენერალი დიმკას დახმარებით მივიდა სალაროსთან, სადაც დაჯავშნილ ბილეთებს ყიდდნენ და დააკაკუნა. მძინარე მოლარე ქალმა კარგა ხნის მერე გააღო სალარო და პოპოვს მთქნარებით უთხრა:
– რა კაკუნი ატეხე, რა გინდა?
– ერთი ბილეთი სვერდლოვსკამდე. დილის პირველივე რეისზე, ანუ ათის ნახევარზე, – მშვიდად მიუგო პოპოვმა.
– სამოთახიანი ბინაც ხომ არ გინდა მოსკოვის ცენტრში, – დამცინავად უპასუხა ქალმა გენერალს და ისეთი მზერა ესროლა, თითქოს მათხოვარი იდგა მის წინაშე.
– არა. მხოლოდ ბილეთი, – მშვიდად გაუმეორა პოპოვმა.
გენერლის სიმშვიდემ ყვითელთმიანი შუახნის მოლარე ქალი უკიდურესად გააღიზიანა და პოპოვს აუყვირდა.
– შენ, კაცო, კითხვა არ იცი? ვერ ხედავ, რომ ჯავშნიანი ბილეთების სალაროა და არა მათხოვრების. წადი და სხვაგან მოიკითხე ბილეთი, – ქალმა სალარო მიხურა და ფარდა ჩამოაფარა.
პოპოვმა უკიდურესად დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით კი ის ეწყინა, რომ ქალმა მას მათხოვარი უწოდა და მზად იყო, უზრდელი მოლარე შუაზე გაეგლიჯა. თუმცა, ემოციები შეიკავა და დიმკას გადაულაპარაკა:
– რამხელა კონტრასტია, არა, აქაურ და იქაურ სტუმართმოყვარეობას შორის?
იქაურში გენერალი თბილისსა და საქართველოს გულისხმობდა. დიმკამ ღიმილით მიუგო:
– ეტყობა, ამ ქალს არასოდეს უჭამია ტკბილი და მხოლოდ წიწაკით იკვებება.
– წიწაკას ვუჩვენებ ახლა, – თქვა გენერალმა და ფანჯარაზე მონეტით დააკაკუნა.
ქალმა სალაროს ფანჯარა გააღო და აბეზარ მგზავრს უღრიალა, თან მთელი თავისი სიძულვილი და მრისხანება ჩააქსოვა:
– შენ რა, გიჟი ხარ, კაცო? გაეთრიე აქედან, შე მათხოვარო, თორემ ახლავე მილიციას დავუძახებ!
პოპოვმა მილიციის გენერლის წითელი წიგნაკი სალაროს ფანჯარას ააფარა და კბილებში გამოსცრა:
– შორს წასვლა არ გინდა. აქ ვარ, წაიკითხე.
მოლარე წიგნაკს ჩააშტერდა და რომ გაიაზრა, ვისთან ჰქონდა საქმე, გაფითრდა, ტუჩები კი გაულურჯდა. შემდეგ აკანკალებული ხელით წყალი მოსვა და პოპოვს ენის ბორძიკით უთხრა:
– ბოდიში, ამხანაგო გენერალო, ვერ შეგიცანით.
– ახლა ამხანაგი გენერალი ვარ. წეღან კი მათხოვარი ვიყავი, ხომ?
– ბოდიშს გიხდით. გამოუფხიზლებელი ვიყავი, – თავი იმართლა ქალმა.
– ზრდილობას რა გამოფხიზლება უნდა. ზრდილობა და მეტი არაფერი...
– დიახ. მართალს ბრძანებთ.
– ხომ ხარ ახლა ღირსი, რომ მაგ ადგილიდან მოგაშორო?
– ნუ იზამთ ამას. ოჯახი მყავს და ულუკმაპუროდ დამრჩებიან, – დაიღრიჯა მოლარე.
– მით უმეტეს, წესიერად უნდა მოიქცე, რომ ისინი არ დააღალატო, – აღარ გაამწვავა პოპოვმა და მოლარეს გალიას პასპორტი მიაწოდა, თან უთხრა, – ერთი ბილეთი გამოწერე სვერდლოვსკის ათისნახევრიან რეისზე.
მოლარემ სასწრაფოდ გამოწერა ბილეთი. შემდეგ პასპორტში ჩადო და პოპოვს გაუწოდა, თან ორი მანეთი ხურდაც დაუბრუნა და უთხრა:
– ხურდაც ინებეთ, ამხანაგო გენერალო.
პოპოვმა ფული არ აიღო. მოლარეს შეხედა და ღიმილით უთხრა:
– მისასალმებელია, რომ ასე მალე გამოსწორდი. ასე გააგრძელე. ხურდა კი მაინც დაიტოვე. ძველი მეთოდებით ხარ მიჩვეული მუშაობას და არ დაითრგუნო. აბა, წარმატებულ დღეს გისურვებ.
– გმადლობთ, – თქვა მოლარემ და პოპოვს მლიქვნელურად დაეღრიჯა, ხოლო გენერალი რომ წავიდა, ხურდას ხელი დასტაცა. ფანჯარა მიხურა და ფარდა ჩამოაფარა.
გენერალი გალიასა და ნუცას მიუახლოვდა, რომლებიც მოსაცდელი დარბაზის კუთხეში იდგნენ. გალიას პასპორტი და ბილეთი გაუწოდა და უთხრა:
– აი, გამომართვი და რეგისტრაცია გაიარე. ჩვენ აქ დაგელოდებით.
– გმადლობთ, ვასილ ანდრეევიჩ, – გაეღიმა გოგონას. შემდეგ, ჩანთიდან საფულე ამოიღო, რომ ბილეთის ფული გადაუხადა. მაგრამ პოპოვმა უკან ჩაადებინა და უთხრა:
– სასწრაფოდ შეინახე და რეგისტრაცია გაიარე. აქ გელოდებით.
– გმადლობთ, – თქვა გალიამ და სარეგისტრაციოდ გაემართა. პოპოვმა კი თავი გააქნია და დიმკასა და ნუცას უთხრა:
– ჩამოსხმული დედამისია. ცხონებული ლუდაჩკაც ასეთი ტანწერწეტა და ლამაზი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
გალია ათ წუთში დაბრუნდა და სანამ სვერდლოვსკის რეისზე ჩასხდომას გამოაცხადებდნენ, ნახევარიოდე საათი განძის მაძიებლებთან გაჩერდა. ბოლოს კი ყველა გადაკოცნა, მადლობა გადაუხადა და წასვლა დააპირა. პოპოვმა ის გააჩერა და უთხრა:
– გალოჩკა, შვილო, აეროპორტში აუცილებლად დაგხვდებიან. მამაშენი თუ არა, ვინმე მაინც.
– საიდან გაიგებენ, რომ მივფრინავ?
– მე დავურეკავ.
გოგონა შეიშმუშნა და მიუგო:
– კარგი.
– გალოჩკა, შვილო, გინდა გეწყინოს, მაგრამ ოლეგს ყველაფერი უნდა მოვუყვე. ასეთი რამის დამალვა არ შეიძლება. მაპატიე, მაგრამ ასე რომ არ გავაკეთო, მართალი არ ვიქნები. იმედია, გამიგებ.
– დიახ.
– და კიდევ ერთ რამეს გთხოვ, შვილო, აღარასოდეს მოატყუო მამა. დაუჯერე და გვერდით ამოუდექი. მას შენ მეტი არავინ ჰყავს და გამხნევება სჭირდება.
– კარგი. ასე ვიზამ. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ნახვამდის, – გალიამ განძის მაძიებლებს გაუღიმა. ხელი დაუქნია და წავიდა.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა. პოპოვს ნაღვლიანად გაეღიმა და თვალახვეულ დიმკას უთხრა:
– ერთი, მილიციის ოთახამდე მისვლაში დამეხმარეთ.
– იქ რა გინდა?
– სვერდლოვსკში უნდა დავრეკო და კბილას დაველაპარაკო.
– ფოსტიდან არ ჯობია? – უთხრა დიმკამ.
– სპეცკავშირით დავურეკავ, – მიუგო გენერალმა. შემდეგ დიმკას დაეყრდნო და ადლერის აეროპორტის მილიციის უფროსის ოთახისკენ გაემართა.
ოთახში რომ შევიდა, მაიორის სამხრეებიან შუახნის მამაკაცს ჰკითხა:
– უფროსი თქვენ ხართ?
– დიახ. რით გემსახუროთ?
– თადარიგის გენერალი – ვასილი პოპოვი, – გენერალმა წითელი წიგნაკი გაუწოდა მაიორს და უთხრა:
– წარმომიდექით.
– მაიორი ივან მალცევი, – მილიციის უფროსი მხედრულად გამოეჯგიმა გენერალს.
– სასწრაფო ინფორმაცია მაქვს გადასაცემი და სპეცკავშირის ტელეფონით უნდა ვისარგებლო, – უთხრა გენერალმა მაიორს.
– ისარგებლეთ, – მალცევმა წითელი ტელეფონისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც განცალკევებით იდგა.
– ბოდიში, მაგრამ, მარტო უნდა დამტოვოთ, მალცევ.
– რა თქმა უნდა, – მიუგო მაიორმა და გარეთ გავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში