კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იშოვეს 1 მილიონ მანეთზე მეტი შუა აზიაში ქართველმა თაღლითმა და მისმა მეწყვილემ

„ჭიჭი“
1975 წლის 29 მარტს ლენინგრადის ცნობილ საპყრობილე „კრესტებიდან“ 32 წლის ჭიჭიკო ესაბუა, მეტსახელად „ჭიჭი“ გათავისუფლდა. პატიმარი პირადად ციხის უფროსმა გამოაცილა კარამდე. მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– აბა, ჭიჭი, შენ იცი. მშვიდობით და მეტი აღარ შევხვედროდეთ ერთმანეთს.
– შევხვედროდეთ, რატომაც არა, – გაუღიმა ციხის უფროსს ჭიჭიმ, – ოღონდ აქ არა, სვაბოდაზე.
– სვაბოდაზე კი შენზე უკეთეს მთხრობელსა და ხუმარას სად ვიპოვი. აბა, კარგად, – გამოემშვიდობა პატიმარს კრესტების უფროსი და უკან შებრუნდა.
ჭიჭი ჯერ ფეხით გაუყვა ქუჩას. ორიოდე კილომეტრი გაიარა, შემდეგ ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა:
– შეფ, შეგიძლია, მთელი დღე დამითმო?
– გააჩნია, რა გსურს და რამდენს გადაიხდი, – მიუგო ტაქსისტმა.
– პარტნიორს ვეძებ დროსტარებისთვის. აი, ეს კი შენი სუფთა მოგება იქნება, – ჭიჭიმ ასმანეთიანი დაანახვა მძღოლს, – გაწყობს?
– სულელი ვარ, არ მაწყობდეს? – ტაქსისტმა ასმანეთიანი ჯიბისკენ გააქანა და თქვა – დაჯექი და ბრძანე, სად წავიდეთ.
– „ასტორიაში“. მახსოვს, იქ კარგ სადილს ამზადებდნენ ამ რვა წლის წინ და არც გრძელფეხება, მკერდსავსე გოგოების ნაკლებობა იყო, – მიუგო მძღოლს ჭიჭიმ და გააბოლა.
ჭიჭიკო ესებუა თაღლითი იყო და ექვსწლიანი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარის გაბითურებისთვის. ჭიჭიმ მას 25 ათასი მანეთი გამოსძალა. სანაცვლოდ კი, ვითომ კოლმეურნეობისთვის ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სათადარიგო ნაწილები უნდა ჩამოეტანა. თავმჯდომარეს მან ყალბი საბუთები გადასცა. ქრთამად 25 ათასი გამოართვა და აორთქლდა... აფერისტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააპატიმრეს იალტაში. ის შემთხვევით იცნო „გადაგდებული“ კოლმეურნეობის მთავარმა ბუღალტერმა, რომელიც ყირიმში ისვენებდა. ესებუა რესტორანში ნახა ლამაზმანთა კომპანიაში...
ჭიჭი ქალაქ სენაკში იყო დაბადებული. მხოლოდ 8 კლასის განათლება ჰქონდა და ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც თბილისში ჩამოვიდა და თაღლითობას მიჰყო ხელი. საქართველოს დედაქალაქში 15 წლის ყმაწვილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ ტურისტებს აბითურებდა. ჭიჭი მათზე ფალსიფიცირებულ ჩეხურ ლუდს, სხვადასხვა უცხოურ სასმელსა და სიგარეტებს ყიდდა. ესებუა გადაგდებულ ბოთლებსა და სიგარეტის კოლოფებს აგროვებდა. საბჭოთა ლუდსა და იაფფასიან სასმელებს ასხამდა ბოთლებში, კოლოფებში კი საბჭოთა სიგარეტებს აწყობდა. შემდეგ ამ ყველაფერს ოსტატურად ფუთავდა და ყიდდა... ორი წლის განმავლობაში, ნორჩმა თაღლითმა ამ გზით 11 ათასი მანეთი დააგროვა, რაც იმ დროისთვის, თანაც ასეთი პატარა ბიჭისთვის, კოლოსალური თანხა იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჭიჭი თავის ნათესავთან ცხოვრობდა და ყველას ატყუებდა, რომ თითქოს შემდუღებლის პროფესიას ეუფლებოდა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში... სრულწლოვანი რომ გახდა და პასპორტი აიღო, ჭიჭიკო ესებუა მოსკოვს გაემგზავრა, ვითომდა სწავლის გასაგრძელებლად. სინამდვილეში კი, ყმაწვილს უფრო ფართო ასპარეზი უნდოდა თავისი თაღლითური საქმიანობისთვის. საბჭოთა კავშირის დედაქალაქი კი ამ მხრივ ძალიან მიმზიდველი იყო და ჭიჭიმ მოსკოვში ფრთები გაშალა. შემდეგ ლენინგრადში გადაინაცვლა და რომ არა კოლმეურნეობის ბუღალტერთან საბედისწერო შეხვედრა იალტის რესტორანში, მისი „დამსახურებების“ ნუსხა ბევრად უფრო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იქნებოდა.
გრანდიოზული კომპლექსი
„კრესტებიდან“ გათავისუფლებული ჭიჭიკო ესებუა მხოლოდ ორი თვე გაჩერდა ლენინგრადში. დროსტარების ჟინი რომ მოიჭამა და შავი დღისთვის გადანახული დანაზოგიც ამოეწურა, გადაწყვიტა, ჩვეულ საქმიანობას დაბრუნებოდა. თავის ახლად შეძენილ მეგობარს, 30 წლის მარტოხელა ტაქსისტს, პავლე შკირინს სამსახურისთვის თავი დაანებებინა და მასთან ერთად შუა აზიურ „ტურნეში“ დაემგზავრა.
– პავლიკ, ძმაო, მერწმუნე, მოგეწონება ეს ვოიაჟი, ხოლო, თუ ჭკუაში აღარ დაგიჯდება, შეგიძლია, უკანვე დაბრუნდე და კვლავ საჭე ატრიალო, – ასეთი სიტყვებით დაითანხმა ჭიჭიმ შკირინი და ტანდემი შუა აზიაში გაემგზავრა.
თავდაპირველად, ჭიჭი და პავლე უზბეკეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ჩავიდნენ. რამდენიმე დღე ვითარების გაცნობას მოანდომეს. შემდეგ კი, სოლიდურად გამოწყობილი ჭიჭიკო ესებუა სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს კაბინეტში ესტუმრა. თავი გააცნო საკავშირო კავშირგაბმულობის სამინისტროს მაღალჩინოსნად. შეჰპირდა, რომ ამ მიყრუებულ სოფელში, სადაც მეცხვარეობით იყვნენ დაკავებულები და რვაასი ოჯახი ცხოვრობდა, ყველა ოჯახს ტელეფონს დაუდგამდა. ამის შედეგად, თაღლითმა ქრთამის სახით 40 ათასი მანეთი მიიღო. თავმჯდომარეს შეჰპირდა, რომ ერთ კვირაში სპეციალისტებთან ერთად დაბრუნდებოდა სატელეფონო კვანძის გასამართავად და თავის მეწყვილესთან ერთად გაუჩინარდა.
– რას იტყვი, პავლიკ, დასაწყისისთვის 40 ათასი მანეთი ცუდი არაა, ხომ? – უთხრა ჭიჭიმ შკირინს, მან კი მიუგო:
– თავი ზღაპარში მგონია. ამდენი ფული სიზმარშიც კი არ მინახავს...
მეგობრებმა ერთი თვე კარგად გაატარეს დრო. შემდეგ ტაჯიკეთის ერთ-ერთი რაიონის ნახევრად უდაბნო სოფელს ეწვივნენ. იქაურ ხელმძღვანელობას წყლის გაყვანას შეჰპირდნენ. ქრთამად 60 ათასი მანეთი გამოართვეს და გაუჩინარდნენ.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში თაღლითურმა წყვილმა ყაზახეთსა და თურქმენეთში გადაინაცვლა. ისევ და ისევ მიყრუებულ სოფლებში ჩავიდნენ და მინის ტარის ქარხნის მშენებლობისა და პატარა აეროდრომის ასაშენებლად, ადგილობრივ დოყლაპიებს 70 და 80 ათასი მანეთი გამოართვეს და აორთქლდნენ.
წარმატებებისგან შკირინი ისე იყო თავბრუდახვეული, რომ ჭიჭის მორიგ საქმეზე წასვლას სთხოვდა.  ესებუა კი გამოცდილი თაღლითი გახლდათ და არ ჩქარობდა.
– პავლიკ, ძმაო, ახლა ჩვენ ერთი წლით მაინც ფსკერზე უნდა დავწვევთ და შევირგოთ ეს ფული. თანაც, შუა აზიიდან ავახვიოთ. ალბათ, უკვე გამწარებით გვეძებს მილიცია და თუ დაგვიჭირეს, კარგი დღე არ დაგვადგება, – უთხრა ჭიჭიმ პარტნიორს და წყვილი ციმბირში გაემგზავრა. ერთი წელი იქ გაატარეს და კვლავ შუა აზიაში, ამჟამად ყირგიზეთში დაბრუნდნენ.
ერთ-ერთი დაბის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, ტანდემი რაიონის ხელმძღვანელობას ეახლა. მათ თავი მოსკოვიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებად გააცნეს, რომლებიც რესპუბლიკაში უზარმაზარი სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის ადგილს არჩევდნენ.
– მოსკოვის ოლიმპიადა ახლოვდება. შეჯიბრებების ნაწილი თქვენს რესპუბლიკაში უნდა ჩატარდეს და ამისთვის უზარმაზარი თანხებია გამოყოფილი, – შეაპარა ჭიჭიმ ყურებდაცქვეტილ პარტიულ ფუნქციონერს და დაამატა, – თქვენი დაბა ზედგამოჭრილია ამისთვის, მაგრამ, სანამ სხვა ადგილებსაც არ დავათვალიერებთ, თქვენთან მშენებლობის რეკომენდაციებზე თავს შევიკავებ.
ჭიჭიმ პარტიულ ფუნქციონერს „მომავალი ოლიმპიური ობიექტის“ პროექტიც ანახვა და უთხრა:
– თუკი ეს კომპლექსი აქ აშენდება, ანგარიშზე ასი მილიონი გადმოგერიცხებათ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პარტიულმა ფუნქციონერმა, ობიექტის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ, თაღლითს ერთი მილიონი მანეთი შესთავაზა ქრთამად, რაზეც ჭიჭი დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა. ერთი კვირის მერე კი თანხა მიიღო და შკირინთან ერთად სამუდამოდ გაუჩინარდა.
როდესაც ყველაფერი გაირკვა და პარტიული ფუნქციონერი მიხვდა, რომ გაცურეს, მან მილიციაში განაცხადა და აფერისტებზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
ჭიჭი და პავლე შკირინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მოუხელთებლები იყვნენ. ისინი, მხოლოდ 1980 წლის ივლისში, მოსკოვის ოლიმპიადის დაწყების წინ, ქალაქ ტალინში დააკავეს და გაასამართლეს. ჭიჭის 15 წლით პავლე შკირინს კი 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ორივე თაღლითმა ბოლომდე მოიხადა სასჯელი და მათი ბედი გათავისუფლების შემდეგ უცნობია.

скачать dle 11.3