როგორ გაუნადგურა 3 მილიონი მარკის ღირებულების დეკორაციები საბჭოთა ტანკისტმა გერმანელ კინემატოგრაფისტებს
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ დრეზდენის სატანკო ნაწილში ვმსახურობდი. ბევრი სამუშაო არ გვქონდა. ჩვენი მოვალეობა გახლდათ, ტანკები მწყობრში ყოფილიყო. ეს იყო და ეს. ჩვენთან ერთი უზბეკი, ვინმე საიდ ყულიევი მსახურობდა. ის დღენიადაგ ანაშას აბოლებდა და ომის დაწყებას ნატრობდა, რომ თავისი ტანკით ბრძოლაში ჩაბმულიყო. ბოლომდე დალაგებული არ იყო და ხშირად დავცინოდით. თუმცა, ის ვერაფერს ხვდებოდა. ყულიევი განსაკუთრებულად აგდებული ჰყავდა პეტროს აბრამიანს, რომელიც საიდს სხვადასხვა ოინს უწყობდა ხოლმე. ერთხელ „კაპტიორკაში“ ვსხედვართ და ვსვამთ. ყულიევი კი ანაშით ბოლდება. ამ დროს აბრამიანი მოვიდა და ყულიევს ეუბნება:
– საიდ, ოცნება აგიხდა!
– რა ოცნება?
– ომი დაიწყო. ფაშისტებმა შემოგვიტიეს და რომ ტრაბახობდი, მტერს გავანადგურებო, აბა, გვიჩვენე შენი ვაჟკაცობა.
საიდი აღეგზნო და პეტროსს ჰკითხა:
– სად არიან ფაშისტები?
– ჩვენგან სამხრეთით ორ კილომეტრში, – მიუგო აბრამიანმა.
საიდი წამოხტა და გარეთ გავარდა. ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მტერსა და ავს... ჩვენგან სამხრეთით ორ კილომეტრში კინოსტუდია „დეფას“ გადასაღები მოედანი იყო, სადაც ომზე იღებდნენ ფილმს და 3 მილიონი მარკის ღირებულების დეკორაციებით იყო გაწყობილი. ყულიევი იქ ტანკით შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა... საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ყველანი დაიმალნენ.
ყულიევი და აბრამიანი საველე ტრიბუნალმა გაასამართლა და ორივე ციხეში ჩასვეს.
თემურ კირთაძის მონათხრობის
მიხედვით