კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყდა აფხაზეთში ჯარის შეყვანის თარიღად 14 აგვისტოს არჩევა, რატომ აჩქარებდა ედუარდ შევარდნაძე თენგიზ კიტოვანს და როგორ აასრულა ვლადისლავ არძინბამ მუქარა, რომ პირველად ქართველს ასროლინებდა

 მართალია, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების ოფიციალურ თარიღად, რაც, მოგვიანებით თითქმის წელიწადნახევრიან ომში გადაიზარდა, რის შედეგადაც ახლა უკვე რფ-ის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი აფხაზეთი მივიღეთ, 1992 წლის 14 აგვისტო სახელდება, თუმცა მოვლენების განვითარების საომარი ლოგიკა უფრო ადრე იკითხებოდა.


ჩვენ არ შევჩერდებით აფხაზეთში მიმდინარე პროცესების სრულ ანალიზზე, რის გაკეთებაც ერთ საჟურნალე მასალაში შეუძლებელია, უბრალოდ მოვისმენთ იმდროინდელი ვითარების თვითმხილველებისა და მონაწილეების ნაამბობს, რომლებიც უშუალოდ ომის დაწყებამდე არსებულ ვითარებასა და ომის პირველ დღეებს შეეხება.
ომის პრელუდია
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრი აკაკი გასვიანი იხსენებს, რომ 14 აგვისტომდე სამჯერ მოხერხდა ომის თავიდან აცილება. „თავდაპირველად, კონფლიქტური ვითარება შეიქმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს, როდესაც გალში დაინიშნა პრეფექტი და დღის წესრიგში დადგა ოჩამჩირის პრეფექტის დანიშვნის საკითხი. ჩვენთან მოვიდნენ აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლები და პირდაპირ განგვიცხადეს, რომ, თუკი ოჩამჩირეში მათ უკითხავად დაინიშნებოდა პრეფექტი, ისინი ომს დაიწყებდნენ. მაშინვე ჩამოვედით თბილისში, შევხვდით პრეზიდენტ გამსახურდიას, გავაცანით რეალური სიტუაცია. სამწუხაროდ, პრეზიდენტს ატყუებდნენ, თითქოს გვქონდა შეიარაღება და მზად ვიყავით  დაპირისპირებისთვის. მაგრამ, როდესაც დეტალურად მოვახსენეთ ყველაფერი, ვუთხარით, თუ რომელი რუსული სამხედრო ნაწილები უჭერდნენ მხარს აფხაზებს, როგორი შეიარაღება გააჩნდათ მათ, ოჩამჩირის პრეფექტის დანიშვნის საკითხი მოიხსნა. ამის შემდეგ ეშერაში შევხვდით აფხაზებს და დაძაბულობაც განელდა.
მეორე შემთხვევა 1992 წლის აპრილში მოხდა, როდესაც მდინარე ენგურს გელა ლანჩავას მეთაურობით, რამდენიმე ბატალიონი მოადგა. ქართველი და აფხაზი დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ შორის იყო სერგეი ბაღაფშიც, შევხვდით ბატონ ლანჩავას, ავუხსენით, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ შემოსვლას და უკან გავაბრუნეთ.“
საინტერესოა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების შესვლას აფხაზეთის ქართველობა ითხოვდა. 1992 წლის მაისში სოხუმის დეპოც კი გაიფიცა ამ მოთხოვნით, თუმცა აკაკი გასვიანი იხსენებს, რომ მათთან მივიდა აფხაზთა ჯგუფი და გაფიცვის შეწყვეტა სთხოვეს: წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლიანი დაპირისპირება გარდაუვლად მიაჩნდათ.
თუმცა უკვე გამზადებული სცენარი არ ითვალისწინებდა ერთიან სივრცეში აფხაზებისა და ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმას გარდა, რომ მთიელ ხალხთა კონფედერაციამ სოხუმი კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადა და თბილისი ჯეროვნად ვერ აკონტროლებდა აფხაზეთის ტერიტორიას, სადაც ძლიერი იყო პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეების გავლენა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მასობრივად დაიწყო ქართველების თანამდებობებიდან გათავისუფლება, დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ქართველი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ არსებობს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სესიის სტენოგრამა, როდესაც ვლადისლავ არძინბა დაუფარავად ამბობს: „გავაკეთებ ყველაფერს, რომ პირველად ქართველმა ისროლოს“.
არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კონფლიქტის 1992 წლის ოქტომბრამდე დაწყებასაც, რადგან სწორედ ოქტომბერში იგეგმებოდა მთელ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული სამხედრო საბჭო მოგვიანებით სახელმწიფო საბჭოდ ქცეული, ლეგიტიმურ ორგანოს ჩაენაცვლებინა.
ნებაყოფლობით – ხაფანგში
1992 წლის აგვისტოში ქვეყანას მართავდა არა ოთხეულისგან (შევარდნაძე, კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა) შემდგარი სამხედრო საბჭო, არამედ უკვე სახელმწიფო საბჭო, რომლის პრეზიდიუმსაც კვლავ ზემოხსენებული ოთხეული ამშვენებდა.
1992 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის დასაცავად ქართული საჯარისო ფორმირებები შევიდოდნენ (დღემდე სწორედ რკინიგზის ძარცვის შედეგად მიყენებული 12 მილიარდი მანეთი ზარალია აღიარებული ჯარების შეყვანის მიზეზად). საგულისხმოა, რომ პრეზიდიუმის თითოეულ წევრს ჰქონდა ვეტოს უფლება, მაგრამ არც ერთ მათგანს ის არ გამოუყენებია. თუმცა თენგიზ სიგუა დღემდე ამტკიცებს, რომ ჯარების შეყვანის წინააღმდეგი იყო და ოპერაციაში მხოლოდ პოლიციას, შინაგან ჯარსა და რკინიგზის გასამხედროებულ დაცვას უნდა მიეღო მონაწილეობა, ოღონდ ვეტოსთვის არც მას მიუმართავს, მოტივით: „აზრი არ ჰქონდა“.
11 აგვისტოს სხდომის სტენოგრამაში, რომელიც ნათლად გამოხატავს ოთხეულის მთავარი ფიგურის პოზიციას, ვკითხულობთ: „ედუარდ შევარდნაძე: რაც უნდა მოხდეს, თბილისისა და სომხეთისკენ მიმავალი ტვირთები უნდა მივიღოთ შეუფერხებლად. ტვირთების უსაფრთხოებაზე, გატარებაზე მთლიანად იკისრებს პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტრო.
...საერთო ხელმძღვანელობა დაევალება გენერალურ შტაბს. ყველაფერი იქნება, როგორც უნდა იყოს სამხედრო უწყებაში: პროფესიულ დონეზე მომზადებული, დამუშავებული, შედგენილი გეგმები... და რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უკეთესია. ცოტა დრო დასჭირდებათ სამხედროებს, მაგრამ გუშინ ვთხოვე, დაჩქარებულიყო ეს პროცესი. გადადება საქმის არ შეიძლება, არც სხვა გამოსავალი არის. შეიძლება, ზოგიერთმა შემახსენოს, რაც ადრე მითქვამს: მაგრამ ნაადრევია ისევ სირბილისა და გულმოწყალების გამოჩენა, მოსახლეობაში ასეთი განწყობა არ არის...
მე არ ვარ სასტიკი ზომების მომხრე, მაგრამ ახლა სისუსტე, შეიძლება, უფრო ძვირი დაგვიჯდეს მომავალში.“
ფაქტია, ლამის დიპლომატიის მამად აღიარებული ედუარდ შევარდნაძე „შეცდა“, იმაზე ძვირად, რაც 1992 წლის 14 აგვისტო დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს, ძნელად წარმოსადგენია რამის დაჯდომა. 
რატომ 14 აგვისტო?!
თენგიზ კიტოვანმა ოპერაციის მოსამზადებლად 10-დღიანი ვადა ითხოვა, მაგრამ მას თითქოს ედუარდ შევარდნაძე აჩქარებდა. თენიზ სიგუა: „გენერალური შტაბის მიერ დამუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს ყველა რაიონიდან უნდა ჩამოსულიყვნენ ჯარის სხვადასხვა ნაწილები თბილისში. აქ უნდა შემდგარიყო ერთიანი სამატარებლო სისტემა და ტექნიკა და ჯარი ერთობლივად უნდა გასულიყო აფხაზეთში რკინიგზით. მაგრამ, ვინაიდან მოსამზადებლად გამოიყო არა ათი, არამედ, სამი დღე, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. გვარდიის სხვადასხვა ნაწილის ხელმძღვანელები საქმის კურსშიც კი არ იყვნენ. ისინი თავიანთ ნაწილებს თბილისში ჩამოსაყვანად ამზადებდნენ და გზაში გაიგეს, რომ გეზი პირდაპირ დასავლეთისკენ უნდა აეღოთ. შეიქმნა ქაოსი და უკვე რთული იყო იმის გარკვევა, ვინ სად მიდიოდა და რისთვის. შეიარაღებული ნაწილების თბილისში ჩამოყვანის ერთიანი და მწყობრი სისტემა დაირღვა.“
არც ერთ სამხედრო მეთაურს არ ჰქონდა მოქმედების კონკრეტული გეგმა, სამხედრო ნაწილებსა და ხელმძღვანელობას კი – ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება, რომ შეთანმხებულად ემოქმედათ.
რკინიგზის ნაცვლად, ქართული შეიარაღებული ნაწილები აფხაზეთის ტერიტორიაზე საავტომობილო მაგისტალით შევიდნენ. ქართული მილიციის ნაწილს ჩასაფრებიდან აფხაზურმა მხარემ ოჩამჩირესთან ცეცხლი გაუხსნა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა, დაიღუპა ოთხი ქართველი მილიციელი, რამდენიმე კი დაიჭრა. ვლადისლავ არძინბამ რადიოთი მიმართა აფხაზ მოსახლეობას მოწოდებით: „ჩვენი სამშობლო საფრთხეშია, ქართველი ოკუპანტები შემოესივნენ ჩვენს ტერიტორიას”.
თუმცა, სახელმწიფო საბჭოს წევრთა მტკიცებით, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული შეიარაღებული ნაწილების შესვლაც და გადაადგილების მარშრუტიც. 
თენგიზ სიგუა: „სქემა არძინბასთან შეთანხმებული იყო ტელეფონით, 14-ში მე ჩავფრინდი სოხუმში, არძინბა დამემალა და, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, სოხუმში, შუქურაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა. ჩვენ შეგვხვდნენ მეორე, მესამე პირები და ყველამ თქვა, იცოდნენ იმის შესახებ, რომ შევარდნაძე ელაპარაკა არძინბას და ის თანახმა იყო.
დილამდე ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე, ყველა საკითხი შევათანხმეთ. მე ვუთხარი მათ, რომ თბილისის მხრიდან მე მოვაწერდი ხელს, ხოლო სოხუმის მხრიდან კი, მათ უნდა მოეწერათ ხელი. იქ იყვნენ ბაღაფში და ანქვაბი, მათ განაცხადეს, მათ უფლებამოსილება არ გააჩნდათ, ამიტომ აუცილებლად იპოვიდნენ არძინბას და ხელს მოაწერინებდნენ.“
ვლადისლავ არძინბამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, პირველი ტყვიაც გავარდა და ომის ხორცსაკეპი მანქანაც ამოძრავდა ქართული საზარბაზნე ხორცის საფუძვლიანად გადასამუშავებლად.
რუსული ხელგაშლილობა – მძიმე ტექნიკა საჩუქრად
გია ყარყარაშვილმა აფხაზეთში შესვლის შესახებ თავდაცვის მინისტრის მიერ ჩატარებულ თათბირზე შეიტყო. ის წინააღმდეგი იყო, რადგან, მისი თქმით, ამოცანის შესარულებლად ქართული შეიარაღებული ძალები მზად არ იყვნენ სათანადო მომზადების გარეშე. თუმცა ოპერაციას 19 აგვისტოს შეუერთდა თავისი შენაერთით – „თეთრი არწივის“ ბატალიონით და კელასურში დაბანაკდა.
19 აგვისტოს თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი სოხუმში იმყოფებოდნენ. თენგიზ სიგუა: „ჯარი უკვე გასულია ქალაქიდან, ეშერის სტრატეგიული სიმაღლეები ჩვენს ხელშია და ამ დროს ისმის სატელეფონო ზარი. შევარდნაძე მე ან კიტოვანს კი არ მირეკავს, არამედ, ყარყარაშვილს და ეუბნება — ჯარი უკან გადმოიყვანეო. ხაზს ვუსვამ, ლაპარაკია გუმისთაზე გადასული ჯარის უკან დაბრუნებაზე. აი, მაშინ მივხვდით, რომ ის ცუდ თამაშს თამაშობდა.“
ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე საქართველოში დისლოცირებულმა ამიერკავკასიის ჯარების სარდლობამ საქართველოს საკმაო რაოდენობის მძიმე ტექნიკა (მათ შორის, 32 ტანკი) და შეიარაღება გადმოსცა. თენგიზ კიტოვანი იხსენებს, რომ თავად ჩაფრინდა მოსკოვში და ხელიც უპრობლემოდ მოუწერეს ახალციხის დივიზიის გადმოცემის საბუთზე. ახლა უკვე დღესავით ნათელია, რომ თუ საკმარისი რაოდენობის იარაღი არ იქნებოდა, ომის სცენარი სათანადო სიმძაფრით ვერ განხორციელდებოდა, თუმცა ოდნავ გონიერი ადამიანი ამ ლოგიკას მაშინაც იოლად ამოიკითხავდა.
მით უფრო, რომ საქართველოში ამიერკავკასიის ოლქის სარდალმა გარკვევით თქვა: თქვენ გაქვთ საკმარისი შეიარაღება, რომ მოაგვაროთ საკუთარი პრობლემები.
თენგიზ კიტოვანი: „ელცინს მოელაპარაკა გრაჩოვი და სწორედ ელცინმა გასცა ამგვარი ბრძანება. საერთოდაც, ელცინის გარეშე არაფერი წყდებოდა.“
ქართველებმა შეიარაღება სიხარულით გადმოიბარეს და მათ ნაწილს ეჭვიც არ აუღიათ, რომ საბოლოოდ იქცნენ ქვეყნის დაშლის სისხლიანი სცენარის მარიონეტებად.
უაკუმულატორო ტანკები
გუჯარ ყურაშვილი (გენერალი): „ჩვენი ბრიგადა წვევამდელებით იყო დაკომპლექტებული, არც ერთი რეზერვისტი არ გვყავდა. როდესაც აფხაზეთში შესვლის ბრძანება მივიღეთ, თავდაპირველად, სადღაც 700-800 კაცამდე წავედით. ჯერ სამტრედიაში განვლაგდით. სწორედ მაშინ ჩამოვიდა ახალციხიდან ტანკებით დატვირთული ეშელონი. როდესაც ეშელონი ჩამოდგა, ამ დროს სამტრედიის სასტუმროში თათბირი ტარდებოდა, სადაც ითქვა, რომ ეს ტანკები ყველა დანაყოფისათვის უნდა გაენაწილებინათ. ჩემმა ჯარისკაცებმა გადმოიტანეს ის ტანკები, გადმოიყვანეს ქალაქში და მოედანზე განალაგეს. როდესაც გაანაწილეს, ყველა ჩემს ჯარისკაცებთან მოდიოდა და ეხვეწებოდა, გვასწავლეთ, როგორ ავამუშავოთო. სხვათა შორის, არც ერთ ტანკს არ ჰქონდა აკუმულატორი. სიარული და სროლა შეიძლებოდა, მაგრამ შესაძლებლობების ნახევარი დაკარგული ჰქონდათ. ჩვენმა ჯარისკაცებმა ისე ჩაიყვანეს კოლონა აფხაზეთში, რომ ერთი ტანკიც არ გადავარდნიათ, მაშინ როცა ბევრს გაუჩერდა, ზოგს გზიდან გადაუვარდა.“
ერთგულების მტკიცებულება
ფელიქს ტყებუჩავა ომის დროს აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი იყო და მაშინაც დარწმუნებული გახლდათ, რომ აფხაზეთში ჯარების შეყვანის ნამდვილი მიზანი ის იყო, რითაც  დასრულდა ეს ტრაგედია — ქართველების ეთნოწმენდა და ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის. ფელიქს ტყებუჩავა: „ბუნებრივია, იკითხავთ, რატომ იყო ამის გაკეთება აუცილებელი? იმიტომ, რომ შევარდნაძეს განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა საქართველოში, რათა რუსეთისგან უპირობო მხარდაჭერა მიეღო. ერთი სიტყვით, რათა შევარდნაძე ჩათვლილიყო რუსეთის გავლენის გარანტად საქართველოში, მას უნდა შეესრულებინა გარკვეული პირობები. რადგან შევარდნაძეს არ ენდობოდნენ რუსეთში და მათ ამის საფუძველიც ჰქონდათ. კერძოდ, როდესაც ის საქართველოში გამოგზავნეს, ელცინის ადმინისტრაცია და, მით უფრო, რუსი სამხედროები მიხვდნენ, რომ შევარდნაძემ დასავლეთს მიჰყიდა რუსეთის ინტერესები, თანაც, არცთუ უანგაროდ. აქედან გამომდინარე, ის, ფაქტობრივად, მტრად ჰყავდათ გამოცხადებული რუსებს. ხოლო ერთ-ერთი პირობა იმისათვის, რომ შევარდნაძეს დაესაბუთებინა თავისი აუცილებლობა და საკუთარი პერსონის სარგებლობა რუსეთისათვის საქართველოში იმ შემთხვევაში, თუკი დაამხობდნენ ეროვნულ მთავრობას და მას დასვამდნენ ხელისუფლების სათავეში, გახლდათ აფხაზეთის რუსეთისთვის გადაცემა.“

скачать dle 11.3