რისი პოვნის იმედით აპირებს „როსნეფტი“ აფხაზეთში ნავთობის საძიებო სამუშაოების დაწყებას და რა შემთხვევაში მოუწევს რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარის შეშვება
რაკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს (გასაგები მიზეზების გამო), დიალოგის რეჟიმად კარასინი-აბაშიძის ფორმატი გამოიყენება. საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს ფორმატიც ზედმეტია და საერთოდაც უბრად უნდა ვიყოთ; მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს ფორმატი უნდა გაფართოვდეს, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე ირანის გამოსვლის პერსპექტივის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა, საქართველოს დამატებით დატვირთვა შესძინოს. თუმცა ამ პროცესში რაღაც ფორმით რუსეთის ინტერესის დაცვაცაა გასათვალისწინებელი, რომ საქართველოს უსაფრთხოება მოექცეს როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის ინტერესის სფეროში. სანდრო თვალჭრელიძე რუსეთთან დიალოგის მომხრეა, თუ რა არგუმენტების გამო, ამას უშუალოდ მისგან შევიტყობთ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგის ფორმატი არ უნდა შემოიფარგლებოდეს კარასინ-აბაშიძის დონეზე. რატომ უნდა გაფართოვდეს ის და რამდენად პროდუქტიული და უსაფრთხო იქნება ჩვენთვის რუსეთთან პირისპირ, პარტნიორების გარეშე ლაპარაკი?
– საერთოდ, ცუდი ლაპარაკი, როგორც წესი, კარგ ომს სჯობია, ამიტომ მე მეჩვენება, რომ ეს ლაპარაკი და მოვლენების ასეთი ლატენტური განვითარება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთში არ მოვა პუტინის შემცვლელი ადმინისტრაცია, რადგან რეალურ შედეგს ჩვენ პუტინის ადმინისტრაციის პირობებში ვერ მივაღწევთ: პუტინი არასდროს წაიღებს უკან თავის აღიარებას და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ამდენად, მოლაპარაკება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ პროცესი არ გაჩერდეს და შესაძლებელია მრავალი ფორმატის მოლაპარაკებები: კულტურა, მეცნიერება, ვაჭრობა. ხომ ნახეთ, საუბარია, რომ ქართული პროდუქცია შეიძლება, არ შეუშვან რუსეთის ბაზარზე. ამდენად, მგონია, რაც შეიძლება, ღრმა უნდა იყოს დიალოგი სხვადასხვა დონეზე.
– თქვენც თქვით ახლა, რომ რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა კვლავ დაიწუნა ქართული ღვინის ხარისხი, გასაგებია, ეს საბაბია და არც ახალი მეთოდია, ასე იქცევა რუსეთი მუდმივად. რუსეთი არის პარტნიორი, რომელიც ასრულებს თავის ვალდებულებებს, არის ის სანდო პარტნიორი?
– რასაკვირველია, არ არის სანდო პარტნიორი, ადამიანი, რომელიც აწერს ხელს ხელშეკრულებას, ვგულისხმობ ელცინს და თავის თავზე იღებს მშვიდობის უზრუნველყოფას აფხაზეთში, მაგრამ იწყებს ომს, როგორ შეიძლება, იყოს სანდო პარტნიორი?! მაგრამ დღეს აღარ არის გასული საუკუნის 90-იანი წლები და საქართველოც ის ქვეყანა არ არის, როგორიც მაშინ იყო. ის უკვე შემდგარი სახელმწიფოა, მის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მილსადენები და არის საერთაშორისო ცივილიზაციის ფორპოსტი, ამიტომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების ასეთი დარღვევები გამოიწვევს სანქციების გაღრმავებას და საბოლოოდ, რუსეთი მიაღწევს იმას, რომ დაიშლება, თუკი პუტინის პოლიტიკა გაგრძელდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე რუსეთში ადმინისტრაცია შეიცვლება.
– ამ იმედის საფუძველს რა გაძლევთ? პუტინის დამმხობი ძალა ჯერ არ ჩანს და სახეც გადაპრიალებული აქვს, ანუ კარგად გრძნობს თავს.
– მე მაინც მგონია, რომ პუტინი იზრუნებს თავისი მილიარდების შერჩენაზე. ამიტომ ის, ალბათ, ჭკვიანურად წავა პოლიტიკადან.
– არის მოსაზრება, რომ დასავლეთი და რუსეთი გარიგდნენ უკრაინის ბედზე და შესაძლოა, სამხერთ კავკასიაზე და სანაცვლოდ მოსკოვი მხარს დაუჭერს დასავლეთს ირანთან მიმართებაში.
– არ მგონია, იმიტომ რომ, ირანი რუსეთის ბუნებრივი მეტოქეა. ირანში ნავთობისა და გაზის მარაგი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში და როდესაც სანქციები მოეხსნება, ირანი მოითხოვს თავის ადგილს „ოპეკში“ და ძალიან მალე ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობსა და გაზს. თუმცა მათ სჭირდებათ ინფრასტრუქტურის შექმნა, მილსადენების გაყვანა, გათხევადებული გაზის ტერმინალების აშენება, მაგრამ ეს გაკეთდება.
– სანამ ეს გაკეთდება, მანამ რუსეთსაც აქვს ბერკეტები ხელის შესაშლელად. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ საქართველომ თუ დასავლეთმა რაღაც ლუკმა უნდა მისცეს რუსეთს, საქართველოს რის მიცემა შეუძლია, როდესაც თვითონაც ლუკმების იმედზეა?
– საქართველომ შეიძლება, ბევრ რამეზე ელაპარაკოს, მათ შორის, ენერგიის გადაწოდების პროექტებზე, თუკი რუსეთს ამ პროექტებში ჩართვის სურვილი გაუჩნდება. რასაკვირველია, „სამხრეთი ნაკადი“ განწირულია, ის მილსადენი არასდროს აშენდება, ისევე, როგორც არ აშენდება არც „ჩრდილოეთის ნაკადი“. ამიტომ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია იმ შესაძლებლობის გარდა, რომ მოელაპარაკოს საქართველოს მილსადენების გაყვანაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
– მარშრუტი?
– ერთადერთი მარშრუტია – აფხაზეთის გავლით, შემდეგ აქეთ და თურქეთისკენ.
– თქვენ ვარაუდობთ, რომ ჩვენ ვიქნებით გამტარები ოთხივე მხრიდან: აღმოსავლეთილან ჩრდილოეთისკენ და პირიქით და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და პირიქით?
– რუსეთი ცდილობს, ჩინეთისკენ გადაისროლოს თავისი ენერგონაკადები, მაგრამ არაფერი გამოსდის, საინვესტიციო ფული არ აქვთ, ხოლო ჩინეთი უარს ამბობს მისლადენების ინვესტირებაზე, თან, ჩინეთის ენერგეტიკის 80 პროცენტი ნახშირზეა დაფუძნებული და ენერგოპროექტებით ჩინეთი დაინტერესებული არ არის. რუსეთს სთავაზობს, გაიყვანე, მაგრამ შენი ფულით. ამის შესაძლებლობა კი რუსეთს არ აქვს. მეტიც, ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც გაჰყავდა შორეულ აღმოსავლეთში, უფულობის გამო გააჩერა სკოვოროდინოში, აღმოსავლეთ ციმბირში და, დაახლოებით, 1 700-კილომეტრიანი მონაკვეთი კიდევ გასაყვანი აქვს. მას შეეძლო ამ მილსადენის გაყვანა, როდესაც ბარელი ნავთობი 140 დოლარი ღირდა, მაგრამ არა დღევანდელი ფასის პირობებში.
– თუ რუსეთიდან მომავალი მილსადენი გაივლის საქართველოზე, მაშინ როგორია ირანული ენერგომატარებლების ტრანსპორტირების პერსპექტივა ჩვენს ტერიტორიაზე?
– მე იმას ვამბობ, რომ რუსეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა ამ პროექტისა, სხვანაირად მას ირანი ჩაანაცვლებს.
– რომელი პროექტია უფრო ხელსაყრელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის?
– ორივე უნდა გავატაროთ და მედიატორები გავხდეთ მათ შორის.
– ეს ორი, ერთმანეთის კონკურენტი, როგორ შეუთავსდება ერთმანეთს ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე? თეორიულად ამის წარმოდგენა იოლია, მაგრამ რელურად?
– რატომაც, არა?! ჩვენთან ღია სივრცეა, ვისაც უნდა ინვესტირება, ახორციელებს ინვესტიციას. ერთი მილსადენის გაყვანა სულაც არ ნიშნავს, რომ მეორის გაყვანა არ შეიძლება.
– გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესია, არ უნდა ემთხვეოდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს?
– მე მეჩვენება, რომ ამის დალაგება შეიძლება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულები იქნებიან, მით უმეტეს, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ ჩვენი ჯარი შევა აფხაზეთში.
– ეს რეალურად გეჩვენებათ თუ თეორიულად მსჯელობთ?
– რეალურად მეჩვენება პოსტპუტინურ ეპოქაში. ეს მილსადენები ერთ და ორ წელიწადში არ აშენდება, ეს არის სამომავლო პროექტი და იმისთვის, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფოებრიობა, მას მოუწევს დათმობაზე წასვლა.
– ვარაუდობთ, რომ პოსტპუტინურ პერიოდში ვიღაც გადახედავს აღიარებას?
– პუტინის შემდეგ პერიოდში, რასაკვირველია, ყველაფერს პუტინს დააბრალებენ.
– რა საჭიროა მაშინ მოლაპარკებები, თუ ჩვენ ველოდებით პოსტპუტინურ პერიოდს?
– არ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება, ჩვენ უნდა დავანახვოთ მსოფლიოს, რომ ყველასთან ლაპარაკისთვის ვართ მზად. სხვათა შორის, იმავეს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი დასავლელი მეგობრები, პოზიცია: ბუტე-ბუტე, გაგებუტე, აღარ გელაპარაკები, არ არის გამართლებული. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია და ამიტომ სახალხო დიპლომატიაა ასამუშავებელი. ბევრი არა, მაგრამ რუსეთში არიან ჯანსაღი ძალები, არიან ნორმალური მენტალიტეტის ადამიანები და მათთან მუშაობა აუცილებელია.
– და ქართული დიპლომატიის პოტენციალი როგორია?
– გასაძლიერებელია არადიპლომატიური რესურებით, უბრალო ადამიანებით, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან კარგი გააზრება, კარგი სტრატეგიის შემუშავება და ადამიანების სნაიპერული სიზუსტით შერჩევა.
– ამჩნევთ, რომ ხელისუფლება ამაზე მუშაობს?
– სურვილს ვატყობ, მაგრამ ჯერჯერობით ქმედებები არ ჩანს.
– უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ევროპის რუსული გაზით მომარაგება არ შეფერხდება?
– არავითარ შემთხვევაში, ეს იქნება ხარაკირი რუსეთისთვის, მაშინვე დაბლოკავენ მის ნავთობს, ანგარიშებს გაუყინავენ და ნუ გავიწყდებათ, რომ პუტინისა და სხვათა ანგარიშები სწორედ დასავლურ ბანკებშია.
– მე მახსოვს, მთავარია, თვითონ პუტინს არ დაავიწყდეს. შევადაროთ რუსეთისა და ირანის გაზისა და ნავთობის მარაგი?
– რუსეთი პირველ ადგილზე იყო საუკუნეების განმავლობაში, ახლა ირანმა გაასწრო. ირანი ამატებს და ამატებს თავის გაზის მარაგებს, ის ფლობს მსოფლიოში ნახშირწყალბადების ყველაზე მდიდარ შელფს სპარსეთის ყურეში, რომელთა ათვისება ნელ-ნელა დაიწყო. ასე რომ, ირანის მარაგი იწევს მაღლა, რუსეთისა კი მცირდება.
– რუსეთის გაზმომარგების საქმე როგორაა?
– რუსეთი მთლიანად არც არის გაზიფიცირებული, მისი მხოლოდ ერთი მესამედი; მთელი აღმოსავლეთ ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი, არაფერს ვამბობ ჩუკოტკაზე, კამჩატკასა და სახალინზე, არ არის გაზიფიცირებული.
– მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდ შემთხვევაში რა ზარალი შეიძლება, მივიღოთ, რომ ორივე მარშრუტი აგვცდეს?
– ყველაზე ცუდი ის არის, თუ არც ერთი მილსადენი არ გავა და ირანმა პირდაპირ თურქეთის გავლით გაიტანა თავისი ენერგომატარებლები, მაგრამ ირანი დაინტერესებულია არა მარტო სპარსეთის ყურეში, არამედ შავი ზღვის აკვატორიაში გასვლითაც. ამიტომ არ მგონია, რომ ეს მოლაპარაკებები ადვილად შეწყდეს, თან, ისინი მრავალი წელია, მიდის.
– რუსეთს რა ალტერანტივა აქვს, თუ ჩვენზე არ გაივლის, რომ თურქეთში მოახვედროს თავისი ენერგომატარებლები?
– ცდილობენ, გაატარონ შავი ღზვის ფსკერზე, მაგრამ, როგორც გითხარით, აქედან არაფერი გამოვა. ამდენად, სხვა ალტერნატივა არ აქვთ, აქვთ გათხევადებული გაზის ტერმინალების აშენების ალტერნატივა, მაგრამ სად ააშენებენ? შავ ზღვაში?! ეს დაკავშირებულია უზარმაზარ ინვესტიციებთან, მაგრამ რის შესაძლებლობა აქვს რუსეთს? უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მონაცემები და 2014 წელს 2013 წელთან შედარებით რუსეთის მთლიანი შიგა პროდუქტი 10-პროცენტითაა შემცირებული. ეს კატასტროფული მაჩვენებელია.
– „როსნეფტმა“ აფხაზეთში ნავთობის საძიებო სამუშაოების ჩატარების უფლება მოიპოვა. არის იქ რამე?
– იქ ბევრი არაფერია, ყველაფერი ფოთის ტრავერსზეა. ჰგონიათ, რომ რაღაცას მონახავენ, მაგრამ რეალურად ვერაფერს, რადგან იქ არაფერი არ არის.
– თუ ხელისუფლებამ მოლაპარკებათა ფორმატი გააფართოვა რუსეთთან, ოპონენტები ხომ გამოიყენებენ ამას, როგორც ვითომდაც პოლიტიკური კურსის ცვლილებას?
– ამიტომ ამისთვის პროფესიული პიარია საჭირო და არა ისეთი, როგორიც ჩვენს მთავრობას აქვს არჩეული. ეს უნდა გააკეთოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ – პიარის სპეციალისტმა.