ფრანგული ვარიაციები
თემაზე – „ჯერ თავო და თავო“
რაკი საომარი ღრუბლები ევროპის თავზე მოქუჩდა; მოქუჩდა, ვინაიდან უკრაინა ზედ ცენტრალურ ევროპაშია და არა, საქართველოს მსგავსად – კავკასიაში, საფრანგეთიც იძულებული შეიქნა, რომ „მისტრალის“ საქმე, როგორც იქნა, გადაეწყვიტა.
კერძოდ, „ბი ბი სის“ ცნობით, რფ-მ და საფრანგეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი მოსკოვს „მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენმზიდებს აღარ გადასცემს, სამაგიეროდ, პარიზი რფ-ს სრულად აუნაზღაურებს გადახდილ თანხას. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოელს ევროპელისთვის წინასწარ 840 მილიონი ევრო ჰქონდა გადახდილი.
და, ყოველი შემთხვევისთვის, იმასაც გავიხსენებ, რომ ამ ორთა შორის 2011 წელს მოეწერა ხელი იმ შეთანხმებას, რის მიხედვითაც, პარიზი მოსკოვის ორ „მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენმზიდს გადასცემდა, ესე იგი, ეს სიამტკბილობა 2008 წლის შემდეგ შედგა, ანუ მას შემდეგ, რაც რფ-მ ამოგვნაყა, ხოლო საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა კი, როგორც კონფლიქტების მომგვარებელმა მშვიდობის მტრედმა, იშუამავლა (და მერე რა, რომ მოსკოვს თვით იმ სარკოზი-მედვედევისად წოდებული შეთანხმება არც კი შეუსრულებია, ბ-ნმა სარკოზიმ ბიოგრაფია ხომ მაინც გაიმდიდრა?!).
ამჯერად „მისტრალების“ არგადაცემის მიზეზად უკრაინის კონფლიქტი დასახელდა, თუმცა, ჩემი (განვითარებადის სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქის) გუმანი მკარნახობს, რომ უარის მიზეზი მარტივია: ისევ ჩვენ არ დაგვიმიზნოს „მისტრალის“ ლულებიო (ბუნებრივია, „ლულა“ პირობითადაა ნათქვამი).
ვინაიდან, როგორც ჩანს, თვით ევროპის ტერიტორიაზეც აქტუალურია საყველპურო ჭეშმარიტება: „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ცოლ-შვილში“, ცხადია, მცირე-მცირე ზომის განვითარებადი პარტნიორები იგულისხმებიან )“. –