„ჯანმრთელი“ ავადმყოფები
ანუ გაკვირვებულის გამკვირვებლები
მართალია, თავად ისეთი ამბავი გადაგვხდა, თითქოს რაღა გაგვაკვირვებდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის მიერ ბუსუსებიანი პრეზერვატივების ყოფნა-არყოფნაზე ცხოველი მსჯელობა მაქვს მხედველობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც გამკვირვებელზე გამკვირვებელი დაილევა.
კერძოდ, შესაძლოა, ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში შეიზღუდოს უცხოეთში სახელმწიფო შესყიდვები პრეზერვატივების, დეფიბრილატორების, სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და სხვა ათეულობით სამედიცინო დანიშნულების რამე-რუმისა.
ამის შესახებ ნათქვამია „მინპრომტორგის“ მიერ მომზადებულ პროექტში, რისი მიზანიც, ოფიციალური ვერსიით, სამედიცინო ბაზარზე კონკურენციის გამწვავებაა (თუმცა, თუ არჩევანი არ იქნა, კონკურენციას რა გაამძაფრებს?!).
პრეზერვატივების შემოტანის შეზღუდვა იქით იყოს და, აკრძალვა უცხოური წარმოების ისეთ პროდუქციას შეიძლება შეეხოს, როგორიცაა რენტგენის აპარატები, სკანერები, სტერილიზატორები, გულის ხელოვნური სარქველები, ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი პრეპარატები.
ამის ფონზე ბავშვურ ახირებად მოჩანს, რომ მიმდინარე კვირას ბელგოროდში რფ-ის პრ.-ის ბრძანებულების თანახმად, გაანადგურებენ შვიდ ტონა ყველს, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა დააპატიმრეს, როგორც გაურკვეველი წარმოშობის და ეჭვით, რომ ის უცხოურია.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რფ-ში პროდუქციის არცთუ სიმრავალფეროვნეა, იქნებ უკრაინული „გოლოდომორის“ განმეორებას აპირებენ უკეთესი შედეგის საჩვენებლად, თან იმის დასამტკიცებლადაც, რომ, საბჭოთა ავადმყოფისა არ იყოს, რუსი ავადმყოფიც ყველაზე ჯანმრთელია ავადმყოფთა შორის! და კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ?! –