„მწვანეებით გამყარებული“
დიდი კომბინატორის მოტივებზე
რაკი დიადი აღმშენებლობა აწ უკვე ოდესის ოლქისა აქვს განზრახული, ჩვენი ნაპრეზიდენტალი მეტად ენერგიულადაა ჩართული ამ საქმეში. ან კი როგორ არ იქნება, როდესაც აშშ-ის სახდეპარტამენტმა ოდესის ოლქთან უკვე გააფორმა შეთანხმება, რისი წყალობით-მიხედვითაც, ოდესელ ჩინოვნიკთა მაღალ-მაღალ ხელფასებს თავად უზრუნველყოფენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმების სიყვარულს ახლა უკვე „მწვანეებიც“ გაამყარებს, რადგან ვერც მთლად ჯიბეგამოხეული ჩინოვნიკია თურმე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე.
ხოლო, რაკი გადამმოწმებელი არავინაა, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ოდესის ოლქში, გუბერნატორი სააკაშვილი ოდესელებს არწმუნებს, რომ ჯანდაცვის სისტემა საქართველოში სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ამის შედეგად ქართველი ექიმების ხელფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 5 000 აშშ დოლარიდან 15 000 ასევე აშშ დოლარამდეა. მეტიც, არც 6 000-კილომეტრიანი თავის მიერ დაგებული გზა დავიწყებია და არც 4 აშენებული ახალი ქალაქი (ეგ რომელიო, არ მკითხოთ, იმიტომ რომ, არაფერი ვუწყი).
მაინც მოვიხმობ ციტატას: „მე ავაშენე ქვეყანა ნავთობისა და გაზის გარეშე, ისეთი ცათამბჯენები, რომლებიც მათ (იგულისხმებიან რუსები) არც დაესიზმრებოდათ.“
ბუნებრივია, ყოფილ მთავარსარდალს არ უხსნებია, რომ რაღაც-რააცეები არც საქართველოს მოსახლეობას ესიზმრება (კოდორ-ახალგორიანად) და საქართველოს რუკაც ისე დაცოტავდა, რომ იქ ახლა ერთი – საერთაშორისო საზოგადოების და სამი – რუსეთის მიერ აღიარებული პრეზიდენტია.
სავარაუდოდ, ოდესელები მეტად შეაფრთიანა ამ შეგონებებმა და, იქნებ, მეტად პოეტური მოტივითაც: „ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) რეფორმების დღესასწაული.“ –