ნინო მუმლაძის კერძი
საკმაოდ კარგი მზარეული ვარ. წელიწად-ნახევარი მიმყავდა კულინარიული გადაცემა და, სირცხვილიცაა, საჭმელების მომზადება რომ არ ვიცოდე. მიყვარს ტაილანდური, იტალიური და ფრანგული სამზარეულო. მაქვს ჩემი საკუთარი რეცეპტებიც და საკმაოდ გემრიელი კერძები გამომდის. ახლა კი გასწავლით ძალიან მარტივად მოსამზადებელ სალათას, რომელიც ნამდვილი საზაფხულო საჭმელია.
საჭირო ინგრედიენტებია: 200 გრამი პომიდორი, 2 სადილის კოვზი წითელი ღვინის ძმარი, 5 სადილის კოვზი ნიგვზის ზეთი, 80 გრამი სალათის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი მოხალული მარილიანი ნუში, შაქარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: პომიდვრები გაჭერით, ამოაცალეთ თესლი და რბილობი კუბებად დაჭერით. პომიდვრიდან ამოღებული შიგთავსი საწურში გაწურეთ და წვენი რბილობს დაასხით. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ზეთი, შაქარი და ძმარი. ხელით დააქუცმაცეთ სალათის ფოთლები და შეურიეთ პომიდორს, ზემოდან კი მარილიანი ნუში მოაყარეთ.