გამომცხვარი ბოსტნეულის სალათა კრემ-სოუსით
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ბადრიჯანი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა.
კრემ-სოუსი: 1 თავი ნიორი, 2 სადილის კოვზი წყალი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 2 სადილის კოვზი (20-პროცენტიანი) ნაღები, 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი.
მომზადების წესი: გარეცხილი და ხელსახოცით გამშრალებული ბულგარული წიწაკები და ბადრიჯანი, მოათავსეთ ფოლგაზე, მოაყარეთ ნიორი, შეფუთეთ ფოლგაში და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთით. გამომცხვარი ბოსტნეული გადაიტანეთ ქვაბში, დაახურეთ თავსახური და ასე გააჩერეთ 20 წუთი – ამის შემდეგ ადვილად გააცლით კანს. კანგაცლილი ბოსტნეული დაჭერით წვრილ ჩხირებად და მოათავსეთ ღრმა თასში. ფოლგაში გამომცხვარი ნიორი გასრისეთ, დაასხით წყალი, ლიმონის წვენი, ნაღები, ზეთი, თაფლი, მდოგვი, მწვანილი, სოიის სოუსი და კარგად ამოურიეთ (უმჯობესია, დააბლენდეროთ). მიიღებთ კრემის მსგავს მასას.
ეს სოუსი მოასხით ბოსტნეულს და აკურატულად ამოურიეთ. ცოტა ხნით მოათავსეთ მაცივარში და მიირთვით.