ალუბლის ნამცხვარი
საჭირო ინგრედიენტები: 150 გრამი კარაქი, 1 ჭიქა შაქარი (2 სადილის კოვზი – ცომში, დანარჩენი კი ალუბალს დასჭირდება), 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი ტკბილი ვანილი, 1 ცალი კვერცხი, 100 გრამი არაჟანი, 400 გრამი ფქვილი, 0,5 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 500 გრამი ალუბალი, 50 გრამი საფანელი.
მომზადების წესი: ცომის გამაფხვიერებლის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ცოტა საჭმელი სოდა და ლიმონის მჟავა (2 წვეთი). კარაქი გაადნეთ და თბილსვე შეურიეთ შაქარი, მარილი და ვანილი; დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი და კარგად ამოურიეთ. ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი, კარგად შეკრული ცომი. ააგუნდავეთ, როგორც ბურთი, შეახვიეთ ცელოფანში და 2 საათით მოათავსეთ მაცივარში. ალუბალს გამოაცალეთ კურკები და დაყარეთ თუშფალანგზე, კარგად რომ დაიწუროს.
26 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ მაცივრიდან გამოღებული ცომის ნახევარი, გააბრტყელეთ და ნაპირები ცოტათი აუმაღლეთ (წინასწარ ძირზე ცოტა საფანელი მოაყარეთ). ალუბალს მოაყარეთ შაქარი, ამოურიეთ და დაყარეთ ცომზე. დარჩენილი ცომისგან „მოქსოვეთ“ ბადე, ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. შეგიძლიათ, როცა გამოცხვება, ცოტა შაქრის პუდრიც მოაყარეთ.