რა ხდება ხობში და ვინ გადააქცევს მას წარმოების ქალაქად
თამაზ ბასილაია – კაცი, რომელზეც საქართველოში უკვე ლეგენდები დადის, ნოვატორული იდეებისა და მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი საქართველოში და განსაკუთრებით კი, სამეგრელოს რეგიონში. სულ ახლახან მისი თაოსნობით, ხობის რაიონში კიდევ ერთი ბიზნესპროექტი წარმატებით განხორციელდა და ევროსტანდარტების ქარხანა, თავისი ლაბორატორიებითა და ბაზით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა.
მინი-დოსიე: დაიბადა 1964 წლის 17 ნოემბერს, ხობის რაიონში. პროფესიით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, რეგიონალური ბიზნესსექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი და თვალსაჩინო სახე. ინიციატორი და ავტორი უამრავი სრულიად ახალი პროექტისა. გახსოვთ, ალბათ, პოპულარული ტელეპროექტი „საოჯახო ლოტო”, რომელიც მაშინ ქართულ სინამდვილეში ახალი სიტყვა იყო. ასევე, ბევრი სხვაც, მათ შორის, ახალი ბეთანიის ინფრასტრუქტურული კომპლექსი „რანდევუ ბეთანიაში”, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეულია. თუმცა, თამაზ ბასილაიას ბიზნესაქტივობა ამით არ შემოიფარგლება. ის ჩართულია ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებულ პროექტში „აწარმოე საქართველოში” და მის ფარგლებში, ხობის რაიონში კიდევ ერთი ახალი საწარმოს ბაზაზე ადგილობრივი, ქართული წარმოების სამშენებლო მასალის გამოშვება დაიწყო. თუმცა, ეს ხობის რაიონში მის მიერ ინიცირებული ერთადერთი პროექტი როდია. ჩვენთან საუბრისას ბატონი თამაზი აცხადებს, რომ „ხობი წარმოების ქალაქი უნდა გახდეს” და სწორედ მისი ხელშეწყობით, რამდენიმე წარმოება უნდა ამუშავდეს. ბატონი თამაზის მიერ ხობის რაიონში დაფუძნებულია შემდეგი საწარმოები: 1. ინერტული მასალების ქარხანა – ამუშავდა 2004 წელს. 2. 2006 – წელს, მუყაო-თაბაშირის ფაბრიკა, უპრეცედენტო ამიერკავკასიაში. 3. ინერტული მასალების ახალი საწარმო. 4. ადგილობრივი სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც სულ ახლახან პრემიერმა გახსნა. 5. ყველანაირი პლასტმასის ჭურჭლის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ძალიან მალე, ოფიციალურად გაიხსნება. 6. ორაგულის, ხიზილალისა და სხვა თევზპროდუქტების მწარმოებელი ქარხანა, რომელზეც ასევე, დაწყებულია მუშაობა. 7. მინის ქარხნის პროექტი, რომელიც ქართული წარმოების მინას გამოუშვებს ქართულ ბაზარზე. 8. ასანთის ქარხანა, რომლის პროექტტიც მზადაა და უახლოეს პერიოდში მასზეც დაიწყება მუშაობა.
ხობელები ბატონ თამაზს განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მისი სახელი ეამაყებათ. ის საკუთარ რაიონელებს მალე ეკლესიასაც აუშენებს. ის არის ბიზნესმენი, რომლის ბიზნესპროექტები რისკსა და რისკიან საქმეებს უკავშირდება. საქართველოში ბიზნესის კეთება 90-იან წლებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამის გამო რუსეთში მოუწია გადასვლა. სწორედ მაშინ დაებადა იდეა, რომ პოპულარული სატელევიზიო ლოტო-თამაში საქართველოშიც დაენერგა. რამდენიმე კომპანიონთან ერთად, ხელი მოჰკიდა ამ საქმეს და საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, თამაზ ბასილაიას რისკები ამით არ შემოფარგლულა. ვაკეში, დღეს უკვე ფეშენ-დასახლებად ცნობილი ნინო რამიშვილის ქუჩის განაშენიანება და იქ პირველი საცხოვრებელი კორპუსების აშენება, მის იდეასა და სახელს უკავშირდება. უფრო მოგვიანებით კი, მან ბეთანიის ასევე, ერთობ რისკიან პროექტს მოჰკიდა ხელი. კომპანიამ „რანდევუ ბეთანიაში” ამავე სახელწოდების პროექტის დასრულებას არცთუ დიდი დრო მოანდომა. ეს გახლავთ: სრულად მოდერნიზებული, თანამედროვე სათხილამურო ტრასა, დასვენებისა და გართობის საშუალებები, სასტუმრო და კიდევ სხვა მრავალი კომპონენტი, რომელიც ტურიზმის კიდევ ერთ მიმზიდველ ცენტრს ქმნის და ახალ სიტყვას ამბობს თბილისის შემოგარენის ინფრასტრუქტურის პერსპექტიული განვითარების თვალსაზრისით.
კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ ბასილაია სხვა მრავალი პროექტის ავტორიც გახლავთ. მათ შორისაა, ამიერკავკასიაში პირველი მუყაო-თაბაშირის ქარხანა, რომელიც ხობის რაიონშია და კავკასიის რეგიონში მართლაც უნიკალურია. მოგვიანებით, ინერტული მასალების მსხვილი საწარმოს დამფუძნებელი უკვე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებშიც აქტიურად ჩაერთო. სულ ახლახან კი, როგორც ვთქვით, კიდევ ერთი ქარხანა მოიყვანა სისრულეში და მალე ჩვენ ქართული წარმოების სამშენებლო მასალებს ვიხილავთ. ბატონი თამაზ ბასილაია კი, თავისი საშვილიშვილო პროექტებით, ნამდვილად ოქროს ასოებით შევა ქართული ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების ისტორიაში!