როგორ მოხიბლა ცალი თვალით ქეთი ქემოკლიძემ ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე და რატომ დაინტერესდა მისით იაპონიის მეფე
მეცო-სოპრანო ქეთი ქემოკლიძეს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ნიჭერ და წარმატებულ ქართველ მომღერალს. მისი შემოქმედების თაყვანისმცემელია არაერთი გავლენიანი პოლიტიკოსი, მსახიობი, მომღერალი და თვით მეფეც კი. სულ ახლახან, ქეთი ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსეს შეხვდა. როგორც გაირკვა, არა მარტო ესპანეთის მეფე, არამედ იაპონიისაც ქეთის შემოქმედებაზეა შეყვარებული და მის სპექტაკლებს ხშირად ესწრება.
ქეთი ქემოკლიძე: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვემსახურები, რაც მინდა და მიყვარს. ბავშვობიდან ჩემს თავს სცენაზე ვხედავდი და მიხარია, რომ ამ გადაწყვეტილებამ დიდ სცენაზე მომახვედრა და წარმატებებისკენ ასე სწრაფად გამიკვალა გზა. გადაწყვეტილება, რომ საოპერი ჟანრს გავყოლოდი, საკმაოდ გვიან, 21 წლის ასაკში მივიღე – იმის მერე, რაც ბელვედერის კონკურსზე გავიმარჯვე და სხვა პროზებთან ერთად, „ლა სკალას” აკადემიაში სწავლის რეზუსიც მოვიპოვე. დამიჯერეთ, ერთხელ თუ იმღერებ „ლა სკალას” სცენაზე, მერე ნაკლებ წარმოსადგენია, იქ დარჩენაზე არ იფიქრო.
– როგორც გავიგე, შენს სპექტაკლებს ხშირად ესწრებიან გავლენიანი ფიგურები და შენს თაყვანისმცემელთა რიცხვში თვით ესპანეთისა და იაპონიის მეფეებიც შედიან. ასეა?
– დიახ, ოპერაში ხშირად დადიან ცნობილი და გავლენიანი პიროვნებები. შესაბამისად, ხშირად სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ მომღერლების მიმართ პატივისცემას და არ მალავენ აღფრთოვანებას. რას შეეხება ესპანეთის მეფის გაცნობას, ვერდის აქვს მის რეპერტუარში გამორჩეულად ლამაზი და რთული ოპერა „დონ კარლოსი”. ის ესპანეთის სამეფოს შესახებ, ერთ-ერთ სიუჟეტს ასახავს და მოქმედება ხდება ელ ესკორიალში, სადაც არის ესპანეთის სამეფო კარის საძვალეც. პირველად, სწორედ ესკორიალში დაიდგა ეს ოპერა, სადაც შედგა ჩემი დებიუტის, მეცო-სოპრანოსთვის, ალბათ ყველაზე რთულ როლში – ესპანელი პრინცესა ებოლასი. პრინცესა ცალი თვალით ბრმა იყო და იქიდან გამომდინარე, რომ კოსტუმები ორიგინალის მიხედვით გახლდათ შექმნილი, მეც ერთი თვალი დაფარული მქონდა, რაც საკმაოდ რთულია სცენაზე. ამ სპექტაკლს ესწრებოდა ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე და მისი მამა და წინამორბედი, მეფე ხუან კარლოსი. სპექტაკლის შემდეგ, ყოფილი და მოქმედი მეფეები ამობრძანდნენ სცენაზე და პირადად მომილოცეს წარმატება. უდიდესი სითბო გამოხატეს ჩემ მიმართ. ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგან მსგავსი ფაქტი, თავს არ ვიქებ, მაგრამ, იშვიათად ხდება. ძალიან მეამაყება, როცა მსგავს სიტუაციებში ვამბობ: მე ვარ ქართველი! მგონი, პირველი ქართველი ხელოვანი ვარ, ვინც ესპანეთის ორივე მეფეს შეხვდა. იაპონიის – უკვე მეორე სამეფო ოჯახია, რომელიც ჩემს სპექტაკლს ესწრება.
– გავიგე, რომ სპექტაკლის წინ, რამდენიმე დღით ადრე ლაპარაკს ერიდები და საერთოდ არ იღებ ხმას. ისიც, გავიგე, თითქოს ხმის იოგების დაზღვევას გეგმავ. ეს სიმართლეა?
– იქიდან გამომდინარე, რომ როლი, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ხმისთვისაც რთულია, ყოველ მეორე დღეს მიწევს ფიზიკური ძალების აღდგენა, ხმის მწყობრში მოყვანა. ამიტომ, „დუმილის კანონი” მაქვს ხოლმე და არ ვლაპარაკობ. ოპერის მომღერლის ხმას ყველაზე მეტად ღლის ლაპარაკი, რადგან ერთი აპარატია სამღერისაც და სალაპარაკოც. ასე რომ, თუ ვინმეთან კონტაქტი მსურს, ამას წერილობით ვახერხებ. არ ვიცი, სადაზღვევო კომპანიები ხმის იოგებს თუ აზღვევენ, თორემ, სიამოვნებით დავეზღვეოდი (იცინის).
– შენ – ესპანეთისა და იაპონიის მეფეების რჩეული მომღერალი, როდის გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?
– ბოლო სპექტაკლს ვითამაშებ ამ სეზონზე და შემდეგ აუცილებლად ჩამოვალ. ერთი სული მაქვს, ჩემს მიწაზე როდის დავდგამ ფეხს და ჩემს შვილიკოს ჩავეხუტები. ბავშვი მანდ არის, სიონში ისვენებს და მეც იქ მინდა დასვენება ამ ზაფხულს. ძალიან მენატრება მშობლიურ და ოჯახურ გარემოში დასვენება. თან, ყოველ ზაფხულს, სულ სიონში ვისვენებ ჩემს მეგობრებთან ერთად და ერთი სული მაქვს, ვნახო ყველა – გავერთო ისე, როგორც ადრეულ წლებში. ცურვა, ტყე, კოცონი, სიმღერა, თამაში, წუწაობა მენატრება. ჩემს ქვეყანაში, განწყობა მიმაღლდება. ყოველთვის მხიარული ვარ და ცხოვრება სხვანაირად მიხარია. ყოველთვის ვამბობ, სადაც არ უნდა ვიცხოვრო, მე სამშობლო ერთი მაქვს და ყოველთვის იქ დავბრუნდები. მადრიდში, რეპეტიციების დროს, ჩემი პატარა საქართველო ვიპოვე – შევხვდი ჩემს უსაყვარლეს კოლეგებს, ჩვენს სასახელო პიანისტს ნინო სანიკიძეს, გამოჩენილ ტენორს შალვა მუქერიასა და ჩემი ბავშვობის მეგობარს, ქართველ მხატვარსა და გალერისტს სოფო ფარჯიანს, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობს ესპანეთში. სწორედ ასეთ ლამაზ, თბილ და მშობლიურ საზოგადოებაში, აღვნიშნეთ მადრიდში ჩემი დაბადების დღე.
– ყველაფრის მიუხედავად, მაინც თავმდაბალი ხარ. ამას როგორ ახერხებ? იმიტომ გეკითხები, რომ ბევრს ერთჯერადი წარმატებაც კი თავში აქვს ავარდნილი...
– მიხარია, რომ წარმატებამ არ შემცვალა, უშუალობა და თავმდაბლობა არ დამაკარგვინა. წარმატება მყისიერი მოვლენაა და სულ შრომა სჭირდება, რომ ერთ დღესაც მივიწყებული არ აღმოჩნდე. როცა შრომობ და იმ საქმეს ემსახურები, ათასობით ადამიანის თვალი რომ გიყურებს და გისმენს, ამპარტავნობისა და ქედმაღლობის უფლება არ გაქვს. რასაკვირველია, როცა ცნობილი ხარ, ცხოვრება უფრო მეტ განსაცდელს გიგზვნის, გიწევს გაცილებით მეტი გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ეს, გეხმარება იმაში, არ გაყოყოჩდე და თავში არ აგივარდეს შენი წარმატება. იცით, რა გამახსენდა? ჩემს შვილს, ლუკას ხშირად ვაყურებინებ ძველ ქართულ მულტფილმებს და „ყურშა გაყოყოჩდა” რომ ნახა, მკითხა: დედიკო, გაყოყოჩდა რა არისო. გამეცინა, ახლა ეს როგორ ავუხსნა, ხომ არ ვეტყვი შვილს: აი, მე შემომხედე, მიუხედავად წარმატებებისა, არ გავყოყოჩდი-მეთქი (იცინის).
– ოჯახი, ქმარი, შვილი, სახლის საქმეები, ხშირი ფრენა ბევრ ქვეყანაში, რეპეტიციები, შეხვედრები, მიღებები... ამ ყველაფერს როგორ ასწრებ?
– ამაში დროის სწორი გადანაწილება, სწორად დაგეგმილი მენეჯმენტი და ჩემი ოჯახის წევრების ხელშეწყობა მშველის. მე არტისტი ვარ მხოლოდ თეატრში, ხოლო სახლში – „ფართუკიანი“ დიასახლისი. მიყვარს ლაგება, სადილების გამზადება და ოჯახში ფუსფუსი. ზოგადად, არ მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ რას ვიზამ, მიწევს პროფესიიდან გამომდინარე. ჩემი დასვენება არის ჩემი ოჯახი.
– გიფიქრია, რომ წლების მერე შენს ვარსკვლავს გახსნიან და, რომელ ქვეყანაში ინატრებდი?
– დაუფიქრებლად გეტყვით – საქართველოში! ვფიქრობ, სანამ ჩემს ვარსკვლავს გახსნიან, მანამდე ძალიან ბევრი მუსიკოსისთვის გვაქვს პატივი მისაგები და არამარტო ვარსკვალავის გახსნით.
– ვარშავაში, დედოფალ ელისაბედის როლი ითამაშე და უცხოეთის პრესა წერდა: ქეთი ნამდვილი დედოფალია, ის ნამდვილი არისტოკრატია და იმსახურებს ბისს! წარმომიდგენია, რა ამაყი ხარ, როცა ასეთ შეფასებას ისმენ ყველაზე კრიტიკული მუსკათმცოდნეებისგან...
– რასაკვირველია, ამაყი ვარ და მიხარია, რომ ჩემს შრომას ასე აფასებენ. მე თავს არ ვზოგავ, ჩემს საქმეში გულს და სულს ვდებ და ამას ყველა ამჩნევს. სხვათა შორის, მაღალი მიოპია მაქვს, ანუ ახლომხედველი ვარ და ლინზებისა და სათვალის გარეშე ძალიან მიჭირს. ვარშავაში როცა გამოვდიოდი დედოფალ ელისაბედის როლში, თავზე მელოტის ეფექტისთვის კანი ძალიან დამიჭიმეს და გავედი სცენაზე, ორი ფრაზა წავიმღერე და... მივხვდი, დირიჟორს ვეღარ ვხედავ. გავიხედ-გამოვიხედე, ვერც სცენაზე ვხედავ ვერაფერს, ვერც დარბაზში დავინახე ხალხი. ასე, ბრმასავით ჩავამთავრე პარტია, ვერ მივხდი რა დამემართა. ხელების ცეცებით გამოვიარე სცენა და კულისებში რომ გამოვედი სამშვიდობოს, მერე აღმოვაჩინე, რომ ლინზები დამკარგვია (იცინის). წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე სპექტაკლზე სამჯერ დამემართა, ყოველ შესვლაზე ლინზები მცვიოდა, ვერაფერს ვხედავდი და ისე ვმღეროდი, მაგრამ არ დავბნეულვარ და ეს არავის შეუმჩნევია.