როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მაიაკოვსკის ქალების მიმართ და რა ფობიები აწუხებდა მას
ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და დებთან ერთად მოსკოვში წავიდა. რუსი პოეტი გამუდმებით იხსენებდა საქართველოს – ქვეყანას, სადაც დაიბადა და ბავშვობის გარკვეული პერიოდი გაატარა. მისი ცხოვრება სავსე იყო სირთულეებით. მოწოდებით რევოლუციონერი პოეტი, მთელი ცხოვრება ერთ ქალზე იყო მიჯაჭვული – ლილია ბრიკზე, რომელიც თავისი გატაცებებით ტანჯავდა ახალგაზრდა პოეტს. ლილია თავის ერთ-ერთ ჩანაწერში წერს: „ვალოდიასთვის ტანჯვა სასარგებლოა: იწვალებს, იდარდებს და კარგ ლექსს დაწერს”. მაიაკოვსკის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე გვესაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაკა ფილინა.
– ქალბატონო მაკა, ცნობილია, რომ მაიაკოვსკის რამდენიმე ჰობი ჰქონია. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?
– ვლადიმერ მაიაკოვსკი ძალიან რთული და დრამატული პოეტი იყო. როგორც ყველასთვის ცნობილია, ის საქართველოში დაიბადა და, ვიდრე მოსკოვში წავიდოდა, განათლებას ქუთაისის გიმნაზიაში იღებდა. მისმა არასწორმა რითმამ ახალი სიტყვა თქვა პოეზიაში და, ფაქტობრივად, ლექსის ახალი სტრუქტურა შექმნა. მისი ტრაგიზმი გამოწვეული იყო როგორც იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობით, ასევე, პირადი ცხოვრებითაც. მაიაკოვსკის უყვარდა რევოლუცია, ვინაიდან მასში სიახლესა და თავისუფლებას ეძებდა. ის ოცნებობდა ადამიანზე, რომელიც ეპოქის სათავეში მოვიდოდა და დასაბამს მისცემდა ახალ ცხოვრებას. მძიმე პერიოდებიდან გამომდინარე, მას ჰქონდა შიშები, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ეს დაავადების დონემდე იყო. ის ყოველთვის აკვირდებოდა ჭუჭყს და ამისათვის განსაკუთრებულ ზომებსაც მიმართავდა, მაგალითად, არასდროს ჰკიდებდა კარის სახელურს ხელს ხელთათმანისა და ხელსახოცის გარეშე; ასევე, თან დაჰქონდა თავისი ჭიქა და სასაპნე. ეს უფრო პიროვნული იყო, ვიდრე ფობია. ჩემთვის, მისი ყველაზე დიდი ფობია იყო ლილია ბრიკი – ქალი, რომლის სიყვარულსაც მან თავი ვერ დააღწია. ლილია იმ ეპოქის სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა და არაერთი პოეტის მუზა გახლდათ. ეს ქალი მთავარი პიროვნება იყო მის ცხოვრებაში, რომელიც მთლიანად ფლობდა პოეტს. ბრიკი მაიაკოვსკის საკუთარ წერილებში ხატავდა როგორც სუსტ პიროვნებას, სიყვარულისგან დატყვევებულ ადამიანს. მაიაკოვსკისთვის ყველაზე რთული იყო ლილიასთან და მის ქმართან ერთად ცხოვრება. ის ცდილობდა, მორეოდა ამ ქალის სიყვარულს, მაგრამ ვერ ახერხებდა მისგან თავის დაღწევას. მიუხედავად იმ დიდი განსაცდელისა, რასაც ის გულით ატარებდა, არასოდეს უყვარდა საკუთარ გრძნობებსა და გასაჭირზე ლაპარაკი.
– როგორც ცნობილია, მაიაკოვსკის ჭუჭყის ჰობია მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო, თან, მარტოობის შიშიც ჰქონია...
– ამბობენ, რომ მაიაკოვსკის მამა ნემსის ჩხვლეტის შედეგად სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა, თუმცა, მეეჭვება, ამას გავლენა ჰქონოდა პოეტზე. ის ძალიან ბავშვური იყო. მაიაკოვსკის მარტოობისადმი მიდრეკილებაც ოჯახის უქონლობით აიხსნება. სიმარტოვის შიში მასთან ჭუჭყის შიშს უტოლდებოდა. მას ჰყავდა დები, მაგრამ მარტო ცხოვრობდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში მისი ოჯახი ლილია ბრიკი იყო. შეიძლება ითქვას, ამ ქალის სიყვარულმა იმსხერპლა პოეტი – მაიაკოვსკიმ მთელი თავისი სიცოცხლე მას მიუძღვნა. ის ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო – მაღალი, ვაჟკაცური აღნაგობის და შესაბამისად, ქალებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. ქალებისადმი მისი დამოკიდებულება სირთულეებით ხასიათდებოდა. ყოველთვის ჰყავდა გვერდით ვიღაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც ლილიას უბრუნდებოდა – ვერ ძლებდა მის გარეშე. ახლახან აღმოაჩინეს, რომ მაიაკოვსკის ამერიკაში ჰყოლია ქალიშვილი, რომელზეც ფილმიც კი გადაიღეს. ის ფიზიკურად ძალიან ჰგავს მას, თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა, ჯერ არ დაუსაბუთებიათ. როგორც ცნობილია, მაიაკოვსკი ამერიკაში მოკლეხნიანი ვიზიტით იმყოფებოდა და მაშინ გაუბამს რომანი ვიღაც ქალთან. ამის შემდეგ ის ამერიკაში აღარ დაბრუნებულა და შესაბამისად, არც ცნობა ჰქონდა იმის შესახებ, რომ იქ შვილი ჰყავდა. მისი რომანების შესახებ ძალაინ ბევრს ლაპარაკობდნენ. მაგრამ მაიაკოვსკი მარტო იყო როგორც პოეტი. მაიაკოვსკის ფობიების შესახებ ახლა ლეგენდები დადის, თუმცა არცერთი არ ჰქონდა ავადმყოფობის დონეზე.
– ამბობენ, პოეტმა სწორედ მარტოობის შიშის გამო მოიკლა თავი, როდესაც ის ვერონიკა პოლონსკაიამ მიატოვა.
– მისი გარდაცვალების შესახებ ბევრი ვერსია არსებობს. იმასაც ამბობენ, რომ მოკლეს და, იმასაც, რომ ავადმყოფობით გარდაიცვალა. დაუდგენელია, ვერონიკა მასთან წინა დღით იყო მისული თუ უშუალოდ მკვლელობის დღეს. ერთ-ერთი მოსაზრებით, როდესაც ვერონიკამ დატოვა მაიაკოვსკი, რევოლვერის გასროლის ხმაც გაისმა, მაგრამ ეს ალბათობის დონეზეა, მისი მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. მას დეპრესია ჰქონდა ქვეყანაში მომხდარი მოვლენების გამო. მაიაკოვსკის სიკვდილის შემდეგ მწერლებს მასობრივად დაემართათ დეპრესია. საყურადღებოა ერთი გარემოება: ის გამოეხმაურა ესენინის თვითმკვლელობას და თქვა, რომ ეს არ იყო ვაჟკაცური საქციელი, თუმცა, 5 წლის შემდეგ თავადაც იგივე გაიმეორა.
– კიდევ რა არის ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან, რიგორი იყო ის ყოველდღიურობაში, ხალხთან ურთიერთობაში?
– მისი ავტობიოგრაფია ძალიან ლაკონურია და მას ჰქვია „მე თვითონ”. თავისი მკითხველებისთვის და საზოგადოებისთვის მაიაკოვსკი ძალიან მხიარული იყო. მას ჰქონდა კარგი ხმა და ხშირად გამოდიოდა ხოლმე სიტყვით. თუმცა, ჰქონდა კომპლექსებიც, რომლებიც ისევ და ისევ ლილია ბრიკთან მიმართებაში გამოიხატებოდა. მას ძალიან უნდოდა ლილიასაგან წასვლა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. მისი პირადი ცხოვრება ვერ შედგა. მაიაკოვსკის ჰყავდა ორი და, რომლებიც ვერ იტანდნენ ლილიას – ისინი მას აბრალებდნენ ძმის მარტოობას. მას არ უყვარდა ყოველდღიური რუტინა, ამიტომ, სულ დადიოდა, მოგზაურობდა. თავისი დეპრესიული მდგომარეობის მიუხედავად, პოეტი არ სვამდა, მაგრამ, რაც უფრო ემატებოდა წლები, მით მეტად ნერვიული და სევდიანი ხდებოდა. ის ცოტა სკანდალურიც იყო, თუმცა, მაშინ სკანდალად სულ სხვა რაღაცეები ითვლებოდა, მაგალითად ის, რომ მაიაკოვსკი პოეზიის საღამოზე შეიძლება არა პიჯაკით, არამედ ნარინჯისფერი ბლუზით ან პერანგით მისულიყო.
– მართალია, რომ ავტომობილი „რენო” პირველად მან ჩაიყვანა მოსკოვში?
– დიახ, მართალია. მაიაკოვსკი წერდა, რომ ახალი ცხოვრება მოვიდა და ადამიანებს არ უნდა ეფიქრათ ნივთებზე; სინამდვილეში კი მას ძალიან უყვარდა ჩაცმა. ლილია წერს, რომ, როცა მაიაკოვსკი უცხოეთიდან ბრუნდებოდა, უამრავი ნივთი ჩამოჰქონდა მისთვის, მაგრამ, ამ ყოველივეს თავად ლილია აბარებდა. მაიაკოვსკიმ რომ „რენო” ჩაიყვანა მოსკოვში, ესეც ლილიას შეკვეთა იყო. მას არ უყვრდა კონფლიქტები და იყო უზომოდ მგრძნობიარე. ტრიბუნიდან ჩანდა, რომ ის ლექსებით მოუწოდებდა ხალხს რევოლუციისკენ, თუმცა, სინამდვილეში, იგი ტრაგიკული ლირიკოსი იყო. მაიაკოვსკის სიკვდილის შემდეგ სტალინმა ის ეპოქის პოეტად აღიარა.