როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენი შვილისთვის საუკეთესო კურორტი და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მთაში და ზღვაზე
ზაფხულის ცხელი დღეებია და თითოეული ადამიანის საზრუნავი კარგი დასვენებისთვის შესაბამისი გარემოს პოვნაა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მშობლებისთვის, რომლებიც მცირე ასაკის ბავშვების დასვენებისა და განვითარებისთვის საუკეთესო კურორტის შერჩევას ცდილობენ. ამ დროს მრავალი კითხვა ჩნდება. სად უნდა დაისვენოს ბავშვმა – მთაში თუ ზღვაზე, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს არდადეგები, როგორ გაატარონ ის და რამდენნაირი ჰაერის გამოცვლაა ჩვენი პატარებისთვის საუკეთესო. ამ კითხვებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა გვიპასუხა.
გიორგი ჩახუნაშვილი: ბავშვი დასასვენებლად ჯერ მთაში უნდა წავიყვანოთ და შემდეგ ზღვაზე. საუკეთესო ვარიანტია, თუ მთაში ერთ თვეს გაატარებს და ორ კვირას ზღვაზე. თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არსებობს. ასეთი ხანგრძლივობა იმიტომაა საჭირო, რომ ბავშვის ამა თუ იმ ადგილთან ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება. პატარა ბავშვებში ეს დრო, დაახლოებით, ერთ კვირას მოიცავს, რადგან მას, ჩვენ რომ გვცივა იმაზე ათჯერ მეტად სცივა, იგივე შეიძლება ითქვას სიცხეზეც. ამიტომ, დასვენების პერიოდი რომ არ გამოვიდეს მხოლოდ ადაპტაცია და ბავშვმა განტვირთვაც მოასწროს, ეს დროა საჭირო. ესაა საუკეთესო შემთხვევა, თორემ გამოუვალ მდგომარეობაში ხუთი დღითაც შეიძლება ჰაერის შეცვლა. მთაში ჟანგბადის ნაკლებობაა, წნევა მეტია და ამიტომ ორგანიზმში მეტი წვა მიმდინარეობს. ორგანიზმში იწვება შლაკები და სუფთავდება. ამის შემდეგ, უკვე დასვენებულ მდგომარეობაში, სასურველია მზის აბაზანების, ანუ, ულტრაიისფერი სხვების მიღება ზღვაზე.
– დროის ხანგრძლივობას ასაკობრივი კატეგორიაც ხომ არ განსაზღვრავს?
– კარგი იქნება, თუ ერთ წლამდე ბავშვს ჰავას რადიკალურად არ შეუცვლით და შორს არ წაიყვანთ. ამის მიზეზი, ძირითადად, ჰიგიენური ნორმებია, რომელთა შენარჩუნება მსგავს კურორტებზე ამ ასაკის ბავშვისთვის არც ისე მარტივია. როცა ბავშვი მეძუძურია და მხოლოდ დედის რძით იკვებება, საფრთხე ნაკლებია, მაგრამ გაცდება თუ არა ამ ასაკს, ბავშვი იწყებს ფაფის, სუპის თუ სხვა პროდუქტების ჭამას. ეს ყველაფერი კი სამზარეულოში მზადდება და იქ ჰიგიენური ნორმების დაცვა საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია წყლის რაგვარობაც. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის ინფექციებისა და ინტოქსიკაციის პერიოდი. შეიძლება, განვითარდეს საკვებისმიერი დიარეა. ამიტომ, ამ ასაკში დიდი ყურადღებაა საჭირო. სასურველია, რომ ქალაქიდან ძალიან შორს არ წახვიდეთ. აქვეა კოჯორი, კიკეთი, წავკისი, წყნეთი და კარგია, თუ იქ წაიყვანთ პატარებს. ჰაერს უცვლი, თუმცა ძალიან დიდი კლიმატური სხვაობა არაა და ბავშვი ადვილად ეგუება. პატარებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობაც პრობლემაა. როცა ბავშვს მგზავრობისას ძუძუს აძლევ, უნდა გაითვალისწინო, ხარ თუ არა ამდენხნიანი მგზავრობისას ჰიგიენურად დაცული. წყლის და სხვა საკვების მიცემის შემთხვევაშიც იგივეს თქმა შეიძლება.
– დასასვენებლად უცხოეთში წაყვანა რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი?
– როცა ბავშვი ბაღის ასაკისაა, შესაძლებელია, სადაც გინდა, იქ წაიყვანო, მაგრამ მე, პირადად, ხუთ წლამდე დიდი მოძრაობის მომხრე არ ვარ. ამ ასაკში მას ადაპტაციის უნარიც გაძლიერებული აქვს და პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვაც შეუძლია. უცხო ქვეყნის საკვები, შეიძლება, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ბავშვმა მასთან ადაპტაცია ვერ მოახერხა, არ არის გამორიცხული, დიარეა დაემართოს. ამ დროს მთელი ორგანიზმი იშლება და იწყება გამოშრობა. ორგანიზმი კარგავს ელექტროლიტებს და მერე შესაძლოა, სხვა, ჩასაფრებულმა ინფექციებმაც იფეთქონ, რაც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. თუმცა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ბავშვებში ყველგან ძალიან ხშირია. ამის თავიდან ასარიდებლად, ორ რამეს უნდა გავუფრთხილდეთ – კუჭ-ნაწლავის ინფექციებს და კვებით ინტოქსიკაციას. პირველი სამედიცინო კუთხეა, მეორე – საყოფაცხოვრებო, რომლის დაცვისთვისაც, დიდი მნიშვნელობა აქვს მალფუჭებადი პროდუქტის სწორად შენახვასა და გამოყენებას. ამ სეზონზე ძალიან ბევრი ხილი გვაქვს. ამიტომ ბავშვმა ის დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს. კარგია 50-100 გრამი წვენი, რომელიც ახალი ხილიდან უნდა გამოიწუროს.
– ზოგადად, წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა გამოიცვალოს ბავშვმა ჰაერი?
– წლის განმავლობაში ბავშვმა მინიმუმ ორჯერ უნდა გამოიცვალოს ჰაერი. ზამთარში აუცილებელია ბავშვი ორი კვირით მთის კუროტზე, თოვლიან ადგილას წაიყვანოთ. ზაფხულში კი, როგორც უკვე ვთქვი, მთაშიც უნდა დავასვენოთ და ზღვაზეც. ბავშვისთვის ორივე ჰავა აუცილებელია. განსაკუთრებით კი, როცა სუსტ ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, როცა საქმე გავაქვს ასთმიან ან ბრონქიტიან ბავშვთან და არ არის იმდენი დრო ან საშუალება, რომ ორივე კურორტი მოვინახულოთ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რაზე უნდა შეაჩეროს არჩევანი? ამ თვალსაზრისით, საუკეთესო კურორტია ცემი. რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს შორის მდებარეობს, ან წაღვერი. ეს არის შუალედური ადგილები, სადაც ხშირად მოავადე ბავშვისთვის დასვენება ზამთარშიც კარგია და ზაფხულშიც. ამიტომ, როდესაც მშობლის შვებულებაზეა საუბარი და მას არ აქვს იმდენი დრო, რომ ჯერ მთაში წავიდეს ამდენი ხნით და მერე ზღვაზე, არადა ბავშვს ჰაერის გამოცვლა აუცილებლად სჭირდება, გაწონასწორებული ჰავა საუკეთესოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან ბევრია ბრონქიტული დაავადება. თუმცა, ვისაც ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, აქვე გვაქვს ფუნიკულიორი, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადგილია ბავშვისთვის ჰაერის გამოსაცვლელად.
– დასვენების დროს, უპირველესად, ხმაურთან და აქტიურ ცხოვრებასთან მოშორობა გვინდა. ამიტომ, ხალხმრავალი ადგილი რამდენად კარგი გარემოა განტვირთვისთვის?
– ეს წესი დიდებისთვის არსებობს. ბავშვები დასვენებისას რაც მეტს ერთობიან და აქტიურად ატარებენ დროს, მით უფრო კარგია მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. როცა ბავშვი პასიურ მდგომარეობაშია, მისი კარგად გამოკვება რთულია. როცა მისი ფიზიკური აქტივობა მაღალია, ძალიან კარგად იკვებება. ზღვაზე ყოფნისას, ბავშვი სანაპიროზე 11-ის ნახევრიდან 12 საათამდე უნდა გავიყვანოთ. პირველიდან ოთხ საათამდე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მზის ქვეშ ყოფნა, რადგან შეიძლება მზის დარტყმა მიიღონ. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს საფრთხე, მხოლოდ უშუალოდ მზის ქვეშ არსებობს. ასე არაა. შესაძლოა, ბავშვი მზეში არ იყოს, მაგრამ მაინც გადახურდეს. ამიტომ ამ შუალედში დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. რაც შეეხება წყალს, იქ ბავშვი რაც უფრო მეტ დროს გაატარებს, მით უკეთესია. საუკეთესო ვარიანტია ხშირად შეყვანა და გამოყვანა. ამ დროს სხეულის მასაჟირება ხდება.
– სხვადასხვა პათოლოგიისთვის რომელი კურორტებია საუკეთესო ბავშვისთვის?
– საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან ბევრი კურორტი გვაქვს. თითქმის ყველა ორგანოს პათოლოგიისთვის მოიძებნება შესაფერისი გარემო. თუმცა ბავშვებში ყველაზე ხშირად ფილტვის პათოლოგიებს ვაწყდებით, რისთვისაც ცემი საუკეთესო ვარიანტია. ძალიან კარგია სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტები, რომელიც ასევე ძალიან ბევრი გვაქვს. თუმცა აქ ზოგადი რჩევა ვერ გამოგადგებათ. ინდივიდუალურ შემთხვევებში ექიმის კონსულტაციაა საჭირო, რათა სწორად იქნეს განსაზღვრული თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გარემო.
– რომელ კურორტს ურჩევდით მშობლებს ალერგიული ბავშვებისთვის?
– ალერგიული ბავშვებისთვის კარგია ცემი, კეჩხობი, შოვი. თუმცა ალერგია შეიძლება ბევრ რამეზე ჰქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ალერგენის დადგენა და დასვენებისთვის კურორტის შერჩევისას ამის გათვალისწინება.
ასევე, ვინც მთაში ცხოვრობს ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ზღვაზე და პირიქით. მთავარია, ბავშვს ჰაერი შევუცვალოთ. წასვლისას, აუცილებელია, თან გვქონდეს გარკვეული პრეპარატები: სიცხის დამწევი, ანტიბიოტიკები, ელექტროლიტები, თერმომეტრი, ბამბა, დოლბანდი, ტკივილგამაყუჩებლები, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა.