კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სთხოვა 25 წლის დირიჟორს, მირიან ხუხუნაიშვილს, პაატა ბურჭულაძემ

ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ბოლო წლებია, პოლონეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის ამჟამად, კრაკოვის აკადემიის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტია. 25 წლის დირიჟორი ძალიან ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე პოლონეთშიც.

 მირიან ხუხუნაიშვილი: მუსიკასთან კავშირი ბავშვობიდან მაქვს. ხუთი წლის ვიყავი, როცა ბავშვთა ანსამბლ „მართვეში” მიმიყვანეს. რვა წელი სოლისტი ვიყავი. პატარაობიდანვე ვსწავლობდი ქართულ ხალხურ სიმღერასა და სასულიერო მუსიკის. პარალელურად, დავდიოდი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში, სადაც საგუნდო სადირიჟოროზე ვსწავლობდი. აბიტურიენტობის დროს, არქიტექტურული ძალიან მინდოდა, თან ტექნიკურ საგნებშიც ძლიერი ვიყავი და ზოგი ეკონომიკურსაც მირჩევდა. მოკლედ, ჩემი მუსიკოსობა არავის უნდოდა (იცინის). მუსიკალური სმენა მამისგან გამომყვა, ისიც მღეროდა, მაგრამ პროფესიით არქიტექტორი იყო. საბოლოოდ, ავირჩიე ის სფერო, რასაც გული მკარნახბდა და ჩავაბარე კონსერვატორიაში.
– დირიჟორობა რატომ გადაწყვიტე?
– თავიდან დედამ შემიყვანა სადირიჟოროზე, სურდა, რომ მუსიკალური განათლება მქონოდა. უფრო უნდოდა, პიანისტი ვყოფილიყავი, მაგრამ, რომ გაიგო ფორტეპიანოს დღეში 6 საათი მეცადინეობა სჭირდებოდა, იფიქრა, სამეცადინოდ დრო აღარ დარჩებაო, ამიტომ სადირიჟორო არჩია. დედას სურვილთან ერთად, მეც კარგად გამომდიოდა ეს საქმე, თან მომწონდა. კონსერვატორიაში ჩაბარებამ დიდი სტიმული მომცა. რამდენჯერმე გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მაღალი აკადემიური მოსწრება დამეხმარა მომეპოვებინა სანდრა რულოვსის მიერ დაარსებული, მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდია და სწავლა კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში, მაგისტრატურის საფეხურზე, სიმფონიურ-სადირიჟორო სპეციალობით გავაგრძელე. წელს უკვე, დოქტორანტურის პირველი კურსი დავხურე.
– 25 წლის ხარ, ასაკიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვს. პირველი გამოსვლა გაიხსენე საზოგადოების წინაშე.
– მაშინ ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი იყო, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. 2 500 კაცზე მეტი ესწრებოდა. ვერ გეტყვით ეს რა იყო და რას განვიცდიდი (იცინის). ზაზა ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან, დამირეკა და მითხრა, რომ ჩემზე გაუწიეს რეკომენდაცია და ნოტების გაკეთება უნდოდა. ბოლოს, რომ გაიგო სტუდენტი ვიყავი, მითხრა, შეკრიბე სტუდენტებისგან ორკესტრი, გავრისკავ და გამოგიყვანთ ფილარმონიაშიო. ამ სიტყვების შემდეგ ბედნიერებისგან ღამეები არ მეძინა (იცინის).
– პაატა ბურჭულაძესთან ერთადაც იდექი სცენაზე, როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
– გია ყანჩელის იუბილეზე მომიწია ბატონ პაატა ბურჭულაძესთან  ერთად სცენაზე გამოსვლა. პირადად რეპეტიციებზე გავიცანი, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ, მან მთხოვა, ჩემი სადირიჟორო ჯოხი მეჩუქებინა. მეც ვუსახსოვრე ჩემი ჯოხი. საერთოდ, ცნობილია, რომ ბატონი პაატა იმ დირიჟორების ჯოხებს აგროვებს, ვისთან ერთადაც უწევს სიმღერა.  საოცარი განცდა მქონდა მაშინ. ძალიან ვღელავდი რეპეტიციებზე, იმდენადაც კი, რომ აღარაფერი  მახსოვს. მერე ვიდეოჩანაწერს ვუყურე და აღვიდგინე რაღაცეები (იცინის). მსოფლიო დონის ბანთან ერთად მიწევდა მუშაობა, ეს კი ბევრს ნიშნავს.
– პოლონეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობ. როდის დაოჯახდი?
– დიახ, მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ კრაკოვში. ჩემი მეუღლე ქეთი ფრანგულაიშვილია. ერთმანეთი  2007 წელს, ინტერნეტით გავიცანით. ეს ის პერიოდი იყო, „იაჰუ მესენჯერი” რომ აქტიურად გამოიყენებოდა (იცინის). მოკლედ, დავმეგობრდით და ორი წელი უბრალოდ ვწერდით ერთმანეთს, ინტერნეტმეგობრები ვიყავით. სამი წელი ვმეგობრობდით, ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე, ოჯახის წევრებსაც ვიცნობდით. ბოლოს, 2012 წელს ვიქორწინეთ და პოლონეთში წავედით.  ტრადიციული ქორწილი გადავიხადეთ, არ გავპარულვართ (იცინის). ქეთი პროფესიით მარკეტოლოგია, კრაკოვში ახალგაზრდა მეცნიერთათვის ერთწლიანი სტიპენდია მოიპოვა. ასევე,  შარშან საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა პოლონეთში ერთი წლით.
– ცოტა ხნის წინ მოგზაურობიდან დაბრუნდი, შთაბეჭდილებები როგორია?
– მოგზაურობა კარგი იყო, მაგრამ ცოტა დაუგეგმავი, უცებ მოვიფიქრეთ. სამოგზაუროდ მარტო წავედი (იცინის), ანუ ძმაკაცთან ერთად. ევროპის ბევრი ქვეყანა მოვიარეთ, მანქანით ვიყავით და ორი ან ერთი დღე ვჩერდებოდით. იმდენი სილამაზე ვნახე ერთად, ვეღარ აღვიქვამდი. დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. განსაკუთრებით მომხიბლა ოპერის თეატრმა ბუდაპეშტსა და ვენაში. ასევე, ბუდაპეშტის პარლამენტის შენობამაც. ვენიდან ოცნება წამოვიყოლე (იცინის). მინდა, იმ ოპერის სცენაზე დავბრუნდე, არა როგორც ტურისტი, არამედ  როგორც დირიჟორი.
– ქეთისთან ერთად რატომ არ წახვედი?
– ჩემი ძმაკაცი გაუშვეს სამსახურიდან და მან წამიყვანა. ქეთი იმ პერიოდში ძალიან დატვირთული იყო და დროც არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ქეთი ადრე წავიდა უჩემოდ დაქალთან ერთად სამოგზაუროდ (იცინის).
– რთული პერიოდი თუ გქონია ცხოვრებაში?
– კი, როგორ არა. რთული პერიოდი იყო, როდესაც მამა ოჯახიდან წავიდა. დედაჩემს კი სამი შვილი დავრჩით... და არაფერი. მაშინ, 1995 წელი იყო, ყველას უჭირდა საქართველოში, ბევრი ცუდიც ხდებოდა. სახლში რაც გვქონდა, ყველაფერს ვყიდდით. დედას სამსახურიდან წამოსვლას დაემთხვა მამაჩემის წასვლაც. ისე გვიჭირდა, საჭმელი მეზობელს შემოჰქონდა ხოლმე. ალბათ, ამ ყოველივემ მომცა მოტივაცია, რომ მესწავლა. არ მინდოდა, ჩემს შვილს მსგავსი ცხოვრება ჰქონოდა. არეული პერიოდი იყო, ამიტომ დედაჩემი ზედმეტად მკაცრად გვექცეოდა. არასდროს იყო ჩემით კმაყოფილი. თუ ორი ხუთიანით მივდიოდი სახლში, სამს მომთხოვდა.  ახლაც ასეთია, ბოლოს როდის მითხრა კარგად გამოხვედი კონცერტზეო, აღარც მახსოვს (იცინის).
– მამა რომ წავიდა, რამდენი წლის იყავი?
– 5 წლის ვიყავი. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდი, 10 წლის მერე. ზაფხულში ბებიასთან ჩავედი და ისიც იქ აღმოჩნდა. ეს იყო და მერე, საერთოდ აღარ მინახავს, არ გამოჩენილა. დაახლოებით 7 წელია, მასზე არაფერი გამიგია, ისიც კი არ ვიცი ცოცხალია, თუ მკვდარი. შევეცადე, ინფორმაციის გაგებას, მაგრამ არვინ იცის, სად გაქრა. რაც წავიდა ჩვენგან, სხვა ოჯახი აღარ შეუქმნია.
– საქართველოში ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?
– ეს წელი კონცერტების გამო, თითქმის ყოველ თვეში აქეთ ვიყავი. წელს არ მომნატრებია საქართველო (იცინის). პოლონეთში ყოფნა ჩემთვის რთული არაა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მეუღლე თან მყავს. ასევე, პოლონელებსაც ძალიან უყვართ ქართველები. ახლაც რომ მოვდიოდით, სტუდენტები შეიკრიბნენ და დიდი ოვაციებით გამოგვაცილეს აეროპორტიდან.

скачать dle 11.3