რატომ დაანება ძიუდოზე სიარულს თავი ეთო ლიპარტელიანის ძმამ დის გამო და რას ნიშნავდა მისი ჟესტი ოლიმპიადის მოგების შემდეგ
15 წლის ეთო ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იპონით დაამარცხა მოწინააღმდეგე და მესამე ოქროს მედალი მოუპოვა საქართველოს. ძიუდოზე სიარული 7 წლის ასაკში, საკუთარი სურვილით დაიწყო, მშობლების უკითხავად. თავიდან ლენტეხის სავარჯიშო დარბაზში დადიოდა, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდა და სპორტული კარიერა ქალთა ძიუდოს ნაკრებში განაგრძო.
ეთო ლიპარტელიანი: 1999 წლის 23 სეტემბერს დავიბადე, ლენტეხში. თბილისში საცხოვრებლად ძიუდოს გამო გადმოვედი. საკმაოდ პატარამ თავად გადავწყვიტე სპორტის ამ სახეობაზე შესვლა – 7 წლის ასაკში მივედი სავარჯიშო დარბაზში. თავიდან ლენტეხში ვვარჯიშობდი ბიჭებთან ერთად, ვინაიდან ჩემ გარდა გოგო არავინ იყო. შეჯიბრებებზეც ბიჭებთან ვასპარეზობდი და გარკვეული წარმატებებიც მქონდა. ბევრი ბიჭისთვის მომიგია, ყოველი შემთხვევაში მედლის გარეშე არასდროს დავრჩენილვარ, მეორე-მესამე ადგილზე მაინც გავდიოდი. როცა გარკვეული შედეგი დავდე და ჩემებიც მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ჩემთვის მხოლოდ გართობა, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თბილისში ჩამოვეყვანე და ქალთა ძიუდოს ნაკრებში შევეყვანე. 2010 წელს, 10 წლის ასაკში გამოვყევი ბიძას და მას შემდეგ აქ ვარ.
– მშობლები როგორ დაითანხმე, რომ 10 წლის ასაკში მათ გარეშე გადმოსულიყავი თბილისში საცხოვრებლად?
– მშობლები სვანეთში დარჩნენ, ვინაიდან კიდევ მყავს დედმამიშვილები. მამა ისედაც უცხოეთში იყო, ამიტომ მისთვის შედარებით მარტივი აღმოჩნდა სახლიდან ჩემი წამოსვლა. სიმართლე გითხრათ, თბილისში გადმოსვლა ჩემი სურვილი არ ყოფილა. ბიძაჩემმა დამაძალა და ამის გამო მასზე გაბრაზებულიც კი ვიყავი (იცინის). პირადად მე, მერჩივნა, დედასთან ერთად ვყოფილიყავი სვანეთში. თან, ჩემი პატარა და ერთი წლის იყო და მისი დატოვებაც არ მინდოდა, ასეთი პირობაც კი წავუყენე ჩემებს – თუ ჩემს დასაც გამატანთ, მაშინ წავალ-მეთქი (იცინის). თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მარტოს მომიწია წამოსვლა. ძალიან მიჭირდა თავიდან – უცხო ქალაქი, უცხო ხალხი... პირველი ერთი წელი მაინც ყველაზე რთული იყო. მენატრებოდა ჩემები, არ ვიცნობდი არავის, სკოლიდან ვარჯიშზე მივდიოდი და მერე – სახლში. ბევრჯერ მქონია მომენტი, ისე მომდომებია ჩემებთან ყოფნა, მიტირია კიდეც. როცა ვხედავდი, როგორ ეხუტებოდნენ ბავშვები მშობლებს, მეც მინდოდა, დედა ჩემ გვერდით ყოფილიყო. მართალია, ჩამოდიოდა ხოლმე ჩემს სანახავად, მაგრამ, ხშირად ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, დღეს ნამდვილად არ ვნანობ თბილისში ჩამოსვლას. სვანეთში რომ დავრჩენილიყავი, ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი ბიძაჩემსაც მიუძღვის, რისთვისაც დიდი მადლობა მას.
– ანუ, მშობლების სურვილიც იყო, ძიუდოისტი გამხდარიყავი?
– დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო, სულ მიშლიდა და მეჩხუბებოდა კიდეც (იცინის). ერთხელ საერთოდ გამომიყვანა და დამანებებინა ვარჯიშზე თავი. მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა თბილისში ჩემი გადმოსვლა, სულ ტიროდა, არ უნდოდა, წამოვსულიყავი, მაგრამ, მამა რომ დაელაპარაკა, თან, ყველა ეუბნებოდა, გაუშვიო, ბოლოს დათანხმდა. დედას არ მოსწონდა, რადგან, ლენტეხში არცერთი გოგო არ ვარჯიშობდა და ბიჭებთან მიწევდა ჩხუბი. ძმა მყავს 14 წლის, მაგრამ სპორტისგან შორსაა (იცინის). ადრე ისიც ჩემთან ერთად დადიოდა ძიუდოზე. ერთხელ ფინალში შევხვდით ერთმანეთს, მოვუგე და ამის მერე საერთოდ დაანება ძიუდოს თავი (იცინის). მამა ესპანეთში იყო. რომ გაიგო, ძიუდოზე შევედი, ძალიან გაუხარდა. კარგად მახსოვს ის სიტყვები, რაც მაშინ მითხრა: შენ იჭიდავე, მოიგე და მე არაფერს მოგაკლებო. ვერავინ ვერ დაგანებებინებს თავს, მე ვარ შენ გვერდითო. როგორც კი დავიწყე ვარჯიში, მაშინვე გამომიგზავნა კარგი კიმონო, არადა, თავიდან ვის აქვს ხოლმე კიმონო. საერთოდ, ჩემი ოჯახი ესპანეთში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ, ჩემ გამო დარჩნენ. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ მამასთან უნდა წავსულიყავით ესპანეთში, მაგრამ, შევიტყვეთ, რომ თურმე იქ ძიუდო არ არის კარგად განვითარებული და არსად აღარ წავიდნენ. ყველაფერს მიკეთებენ ჩემები იმისთვის, რომ წარმატებული სპორტსმენი ვიყო.
– ბიჭებთან ვარჯიში რთული არ იყო? არ გაკომპლექსებდა, მარტო შენ რომ იყავი სავარჯიშო დარბაზში გოგო?
– სულ სხვაა, შენს სოფელში რომ ვარჯოშობ და, ასევე, სხვაა სოფელში გაზრდილი ბავშვი. ყველანი და-ძმასავით ვიყავით ერთმანეთთან. არა, არ მაკომპლექსებდა, პირიქით, ეს ბიჭები დიდ სტიმულს მაძლევდნენ, მეხმარებოდნენ. მათთან ერთად რომ ვიყავი, ცუდ სიტყვებსაც კი არ ამბობდნენ (იცინის). სოფელშიც სულ მამხნევებდნენ – რომ დაინახავდნენ, ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი, აბა შენ იციო, – მეუბნებოდნენ. ბევრი იყო ისეთი, ვინც ფიქრობდა, რომ თავი უნდა დამენებებინა, ვინაიდან ეს გოგოს საქმე არ იყო, მაგრამ, არავის ვუსმენდი.
– ახლა რას გეუბნება დედა?
– ძალიან უხარია ჩემი წარმატებები. თვითონ არ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არ ნანობს, რომ გამომიშვა სვანეთიდან. მასაც გაუჭირდა ჩემ გარეშე, თან, მე რომ წამოვედი, ისიც პატარა იყო – 29 წლის. პირველი 2-3 წელი ორივესთვის რთული აღმოჩნდა. თანაკლასელები რომ ამოივლიდნენ ხოლმე ჩემს სახლთან და მე არ ვიყავი მათ შორის, ტიროდა – ნეტა ჩემი ეთო სად არის ახლაო. ბოლოს ორივე შევეჩვიეთ.
– ფინალი იპონით მოიგე, ვისთან შეხვედრა გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
– ფინალში გადასასვლელი ბრძოლის მოგება გამიჭირდა ძალიან. ფინელს შევხვდი, რომელთანაც ორჯერ მქონდა წაგებული. მარტო ამის გამო ვნერვიულობდი – არ მინდოდა, კიდევ რომ წამეგო მასთან. ეს გოგო ევროპის ჩემპიონია და პირველი ადგილი უჭირავს რეიტინგის მიხედვით. მისი დამარცხება მართლა გამიჭირდა. ფინალში პოლონელს შევხვდი და იპონით მოვუგე. საერთოდ, თბილისში რომ ჩამოვედი და გავიგე, 2015 წელს ოლიმპიადა ტარდებოდა, მიზნად დავისახე მოგება და ოქროს მედლის აღება. ჩემთვის ვთქვი მაშინ, აუცილებლად პირველზე უნდა გავიდე, მეორე არ მაწყობს-მეთქი და შევასრულე კიდეც. თავდაუზოგავად ვშრომობდი და დამიფასდა.
– დღის განმავლობაში რამდენ საათს ვარჯიშობ?
– ლენტეხში რომ ვვარჯიშობდი, დილის 6 საათზე ვდგებოდი ხოლმე და აღმართზე დავრბოდი, თან, საკმაოდ დიდ მანძილს გავდიოდი. რუსთავში ვცხოვრობ, მაგრამ სავარჯიშოდ თბილისში დავდივარ. სკოლას 2 საათზე რომ ვამთავრებ, 5-ზე სავარჯიშოდ მივიდვარ და ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ღამის პირველ საათამდეც დარბაზში ვყოფილვარ. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ბიძა დამყვებოდა, მარტო არ მიშვებდა. ვარჯიშიდან დაღლილი რომ გამოვდიოდი, მეძინებოდა ხოლმე „მარშრუტკაში” და, ეშინოდა, არ დაიკარგოო (იცინის). ძალიან ხშირად წამოვსულვარ გვიან ღამით რუსთავში, შემშინებია კიდეც. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, შუა ზამთარში ბაკურიანში კოხტა გორა სულ ტირილით ამირბენია. სიცივეში სველი ფეხებით მირბენია, სიცივისგან მიტირია კიდეც, მაგრამ, გამუდმებით ვიმხნევებდი თავს: „უნდა შეძლო, უნდა ირბინო, უნდა იშრომო!”
– შენი ჟესტი რას ნიშნავდა, რომ მოიგე, თითი ვის მიუშვირე?
– შეჯიბრებას ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავებიც ესწრებოდნენ. ევროპა რომ წავაგე, ბიძაჩემი გამიბრაზდა და მაშინ ვუთხარი, არ ინერვიულო, ოლიმპიადას მოვიგებ-მეთქი და თითიც მისკენ გავიშვირე. სამომავლოდ, 2020 წლის დიდების ოლიმპიადის მოგება დავისახე ახლა მიზნად.
– ანუ, იცოდი, რომ გაიმარჯვებდი?
– სულ ვფიქრობდი, რომ მოვიგებდი. წინა წელს დედაჩემს დაესიზმრა, თითქოს შეჯიბრებაზე ვიყავი, დიდს შემახვედრეს და წავაგე. გარეთ რომ გამოვიდა ცა გაიხსნა – უფალი იყო თუ ღვთისმშობელი არ ახსოვს, მაგრამ ასე უთხრა: ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი 2015-ში ოლიმპიადას მოიგებსო. დედაჩემი ძალიან მორწმუნეა, წინათგრძნობებიც აქვს და, რასაც მეუბნება, ყოველთვის ამიხდება ხოლმე. ოღონდ, შეჯიბრების წინ არასდროს ვეუბნები, რა შეიძლება მოხდეს – არ მინდა, ბრძოლის დროს მოვდუნდე. ერთი მოძღვარია, ჩვენი ოჯახის ახლობელი და, რასაც ის მეუბნება, ყოველთვის მისრულდება. უკრაინაში რომ წავედი შეჯიბრებაზე, დედა შესულა ეკლესიაში სანთლის ასანთებად და იმ მოძღვარს უთქვამს – რა განერვიულებს, მეტოქე ძირს არის უკვეო. მართლაც უკვე მოგებული მქონდა ის ბრძოლა. ოლიმპიადის წინაც უთქვამს – ეთო პირველს აიღებს, დამიჯერეთო. ფაქტობრივად, მიწინასწარმეტყველეს მოგება.