კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაასამართლა იური ვაზაგაშვილის ქვრივი და რას არ უვიწყებდა ის ქმარს სიცოცხლეში

თბილისის  საქალაქო სასამართლოში ორი გახმაურებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზურა და იური ვაზაგაშვილების საქმე – ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიაა, ისტორია, რომელმაც ჩვენს საზოგადოებაში გულგრილი  არავინ დატოვა.  გარდაცვლილი შვილის საფლავზე მოკლული მამის ბოლო დღე, ქალბატონი, რომელმაც ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილს გაუძლო და მოგონებები, რაც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი დარჩა. იური ვაზაგაშვილის ქვრივი, ქალბატონი ციალა ამ ყველაფერს ჩვენ გულწრფელი და სევდით სავსე ემოციებით გვიმხელს.   

 

ციალა  ვაზაგაშვილი:  ამ სასამართლო პროცესებმა  თავიდან გაამძაფრა  ჩემი ტკივილი.    მეშინოდა საკუთარი თავის; არ ვიცოდი,  როგორი რეაქცია მექნებოდა, როცა ახლოს ვნახავდი ჩემი შვილისა და ქმრის მკვლელებს.  ამ ხალხს ტელევიზიით ვხედავდი. ახლოს, ცოცხლად არც ერთი არ მყავდა ნანახი. მხოლოდ ერთხელ ვნახე გიორგი  ცააძე    ფუთურიძის სასამართლო პროცესზე. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ მან ესროლა ჩემს შვილს საკონტროლო ტყვია, მაგრამ იმ დროს ძალიან ვიყავი დაჩაგრული, ხმა ვერ ამოვიღე.  ზოგჯერ კი მეშინია იმ პროცესებზე წასვლის, ზოგჯერ  ვფიქრობ, რომ მათ მე უკვე გამასამართლეს და  ახლა მე უნდა ვუყურო მათ გასამართლებას. საკუთარ თავს ვეუბნები: ციალა, შენ უკვე მიიღე შენი სასჯელი, ახლა იმას ხედავ,   რისთვისაც იბრძოდა შენი მეუღლე ცხრა წელი. ახლა იქ დგახარ, სადაც ის უნდა მდგარიყო.  მე მინდოდა, სამართალი დამდგარიყო და აღსრულებულიყო ისე, რომ ეს ჩემს მეუღლესთან ერთად მენახა. ორივე ვნატრობდით, მოვხვედრილიყავით ჩვენი შვილის მკვლელების სასამართლოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო დავრჩი. 
– გქონდათ მცდელობა, სასამართლო პროცესზე რაიმე გეთქვათ თქვენი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის?
–   მე დამკითხეს ორივე სასამართლო პროცესზე, იქ გამოსვლა ურთულესი იყო ჩემთვის, მაგრამ  მაინც შევძელი ჩემი სათქმელი მეთქვა.   ზურიკოს სიკვდილი განმიახლეს. პროცესზე გამოჰყავთ  სპეცნაზელები, რომლებიც  ყვებიან როგორ ესროლეს ჩემს შვილს,  როგორ ჰქონდა დასისხლიანებული მას თავი... რა ვიცი,  საოცარ რამეებს ვისმენ. ამ დროს ვუყურებ ბრალდებულებს – ცააძეს, ფირცხალავას, რომლებიც იცინიან,  ცინიკურად გვიყურებენ. ცააძის ახლობლები ისე მებრძვიან, დაცვა რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მოხდებოდა. აშკარად ვგრძნობ საფრთხეს, „სამი გილპება მიწაში ხო“? – მეუბნებიან ცინიკურად. მაგრამ, მე ამას ვიტან. იმაზე ძლიერი და თავშეკავებული აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. არ ვიცი, რატომ არიან ასეთი აგრესიულები,  მე ხომ არ მითქვამს მათთვის, რომ  ჩემთვის შვილი მოეკლათ. მათთვის რომ მოეკლა ვინმეს შვილი, მაშინ თუ გაიცინებდნენ, ნეტავ?   ზოგჯერ ვქვავდები. ასე მგონია, ვზივარ იქ და არის სპექტაკლი, რომელსაც მე ვუყურებ...  და ვარ მარტო, მარტო ჩემი ყველაზე ძლიერი მეუღლის გარეშე. როდესაც ზურიკო მომიკლეს, იურიმ მიშველა.  სულ გვერდით მედგა, სამსახურის საქმეებზეც კი თან დავყავდი. ფიქრობდა, როგორმე გადამეტანა ჩემი დარდი,  ტირილის საშუალებასაც კი არ მაძლევდა. იური  ძლიერი კაცი იყო. მე ის ძალიან მიყვარდა,  მისი სიკვდილის შემდეგ ამ  სიყვარულმა გამაძლებინა და  დღეს  ამ სიყვარულით ვცოცხლობ ამ ასაკში. 
– მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან ბევრი ხმები გავრცელდა. მათ შორის ბევრი   არასასიამოვნო, რაც ალბათ,  ძალიან მძიმე იყო თქვენთვის.
–  ეს მძიმე იმ შემთხვევაში იქნებოდა, მართალი რომ ყოფილიყო.  კარგად ვიცნობდი ჩემს ქმარს,  ვიცოდი, ყველაფერი მის შესახებ. ამიტომაც  მაინცდამაინც არ განვიცადე ეს ჭორები.  ყველაფერი სპეციალურად თქვეს, მიზანმიმართულად.  თვითონ უფრო განიცდიდა ხოლმე ასეთ ჭორებს, სულ ვეუბნებოდი, რომ გულთან ახლოს არ მიეტანა. ხშირად მიჯერებდა, მარტო ამას კი არა, ყველაფერში ითვალისწინებდა ჩემს აზრს. ფირცხალავა კი  ეძახდა იურის კრიმინალს, კაცი, რომელმაც თავისი ძმის ნარკოტიკებისთვის ამოწყვიტა ეს ბავშვები. იური  კრიმინალი რომ ყოფილიყო, დღეს ფირცხალავა საბრალდებო სკამზე კი არ იჯდებოდა, მიწაში იწვებოდა.  იური ვაზაგაშვილი მკვლელი არ იყო, თორემ უპირველესად თავისი შვილის მკვლელებს მოკლავდა. იურის და ზურიკოს საოცარი მამაშვილობა ჰქონდათ. იური ისეთი აქტიური მამა იყო ჩემს გასაკეთებელსაც თვითონ აკეთებდა, ბიჭებთან სკოლაშიც კი დადიოდა. ერთხანს ზურიკოს თავისი მძღოლობა მიანდო, ყველგან თან დაყავდა.  სადმე ზურიკოს ხმას რომ გაიგებდა, სიხარულით გაუცისკროვნდებოდა თვალები. ზურიკოც ძალიან თბილი იყო, სულ ეფერებოდა, კოცნიდა მამას. ზურიკო მე მგავდა გარეგნობითაც და ხასიათითაც. რბილი ხასიათი ჰქონდა, კეთილი ბიჭი იყო. ერთხელ სოფელში  ჩიტები  დაიჭირა და ერთ ოთახში გამოკეტა. ვუთხარი: დედიკო, გაუშვი ეს ჩიტები და დაგლოცავენ-მეთქი. თითო-თითოდ გაუშვა, მათი  ჟღურტული  დალოცვად მიიღო. პატარა ბიჭიც კი ისეთი კაცური იყო, დიდივით იცოდა მოქცევა. ზურიკოს სიკვდილის შემდეგ ბიბლიის კვლევა დავიწყე. ტექსტთან მიახლოებით ვიცი – ამ ტრაგედიამ მიმიყვანა აქამდე, ტრაგედიამ და რწმენამ. მეტი ვერაფერი გავაკეთე – მე არ ვარ მებრძოლი ქალი, ჩემს გულში ჩავიტანე მწუხარება. ეს არის ჩემი „ბრძოლა”. ბოროტ ქვეყნიერებას ვერ შევებრძოლები, რომ შეებრძოლა ჩემი ქმარი,  დღეს ცოცხალი აღარაა.
   სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ზურიკოც და იურიც ჩემთან ერთად არიან.  მათი ნივთები და ტანსაცმელი  ისევ ისე მაქვს  შენახული, თითქოს კარადას გამოაღებენ და  ჩაიცვამენ. მათი მობილურებიც ხელუხლებელია ისევ. ერთი სამაჯური ჰქონდა ზურიკოს – ოქროს სამაჯური ტყავით, როცა მოკლეს ხელზე ეკეთა. სისხლიანი მოგვიტანეს პროკურატურიდან. იურიმ გაწმინდა სამაჯური, გააფართოვა  და თვითონ გაიკეთა. ყოველ დილით იმ სამაჯურს იკეთებდა, არ დაავიწყდებოდა.  ახლა იმ სამაჯურს იურის სისხლის კვალი აქვს.
   1982 წელს გარდაგვეცვალა ჩვენი   მეორე შვილი, ზვიადი, წლისა და ერთი თვის  იყო. ყარაფილის სასაფლაოზე დავკრძალეთ.   ჩვენთვის ეს საფლავი მეორე სახლად იქცა, იქ ხშირად დავდიოდით.  ზურიკოს გარდაცვალებამდე ჩემი დედამთილი და მამამთილი გარდაიცვალნენ. ისინიც ჩემი შვილის გვერდით დავკრძალეთ. მერე იყო ზურიკოს მკვლელობა – როცა პოლიციის მუნდირს ამოფარებულმა მხეცებმა მომიკლეს შვილი, ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, შეყვარებული. ძალიან მალე დაქორწინებას აპირებდა, რჩეულიც ჰყავდა, არაჩვეულებრივი გოგო. ამ მკვლელობით განადგურდა ჩვენი ოჯახი, სადაც ტირილისა და მოთქმის მეტი არაფერი ისმოდა.  ჩვენ ვიცოდით, ვინ იყო ჩვენი შვილის მკვლელი, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ სამართლის მიღწევა არ იყო იოლი. იური რვა წლის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას შვილების საფლავზე იყო. სოფელში ყველამ იცოდა ეს, ამიტომაც გამოიყენა მკვლელმა ეს მომენტი.  სრულიად შემთხვევით მოხდა, რომ იმ დღეს მე ვერ წავედი ყარაფილაში, წესით, ყველა იქ უნდა ვყოფილიყავით – მეც, მარიამიც, ჯაბაც. მგონი, მთელი ოჯახის ამოწვეტა ჰქონდათ განზრახული, არსებობს ეს ვერსიაც.  ასე მუხანათურად ააფეთქეს იური შვილის საფლავზე. საქართველოში კი არა მსოფლიოში არ მომხდარა, შვილმკვდარი მამა შვილის საფლავზე აეფეთქებინოთ. ეს იყო მკვლელობა  სისასტიკითა და სიძულვილით.  დღეს მე დავტირივარ ჩემი ოჯახის სამ წევრს – ქმარს და ორ შვილს. დაცარიელდა ჩვენი სახლი,  ენით აღუწერელია ჩემი ტანჯვა, მომიკლეს ყველა საყვარელი ადამიანი, მათ გარეშე ცხოვრება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ახლა დამრჩა სამართლის აღსრულების მოლოდინი – ორივე პროცესიდან ველი, რომ ბრალდებულებს მიუსჯიან იმას, რასაც ისინი იმსახურებენ. როგორც არ უნდა გამიჭირდეს, განაჩენს დავესწრები. მათ მე გამომიტანეს განაჩენი, ახლა მე უნდა  გავხდე მათი განაჩენის შემსწრე.

скачать dle 11.3