კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ამბავი ატეხა გამსახურდიას ნეშტის დათვალიერების დროს ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტმა იანდარბიევმა და რატომ სცემა ის ანზორ ბალუაშვილმა

„მრგვალი მაგიდა”, შიდა დაპირისპირებები, ახალი ხელისუფლება, თბილისის სამოქალაქო ომი, აფხაზეთი, მხედრიონი... ექვსი მთავარი ბრალდებული, მათ შორის – ყოფილი პრეზიდენტის გვარდიის სარდალი, ხუთი ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში, სამშობლოს ღალატსა და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობაში ბრალდებული ლოთი ქობალია, რომელიც ამ გზით ცდილობდა სახელმწიფო ქონების დატაცებას – 90-იანი წლების ქრონიკა და ამ ფონზე პირველი პრეზიდენტის, ზვიად  გამსახურდიას ჯერაც ბურუსით მოცული სიკვდილი... ამ თემაზე გვესაუბრება მაშინდელი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ანზორ ბალუაშვილი.

 – შეგიძლიათ, გაიხსენოთ ის დღე, როდესაც გამსახურდიას გარდაცვალება გაიგეთ?   
– კარგად მახსოვს, 4 იანვარი იყო. საღამოხანს დამირეკეს, ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი. მითხრეს, სახელმწიფოს მეთაური გთხოვთ, სასწრაფოდ გამოხვიდეთო. მაშინ „იმელის” შენობაში იყვნენ. მივედი. თხუთმეტი წუთი ველოდე. გაიღო კარი და გამოვიდა ავთო იოსელიანი – უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი); უკან მოჰყვებოდნენ ჩრდილოკავკასიელი სუბიექტებისთვის დამახასიათებელი წარმოსადეგი პიროვნებები, ტყავის ქურთუკებსა და ცილინდრებში გამოწყობილნი. ავთომ მითხრა, მეთაური გეტყვით ყველაფერს და მერე მე გადმომირეკეთ, რაცია ჩართული მაქვსო. შევედი. მეც გაკვირვებული ვიყავი და შევარდნაძეც. რა ხდება-მეთქი. ის კაცი ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევია, დანარჩენები კი დეპუტატები არიან, ჩამოვიდნენ და გვაცნობეს, რომ გამსახურდიამ თავი  მოიკლა სამეგრელოშიო. შეიქმნა კომისია. გვითხრეს, რომ მანანა კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა არ მიიღონ მონაწილეობაო;  ასევე, გვითვლიდა, რომ დაკრძალვის ადგილს იმ პირობით გაჩვენებთ, თუ სასახლეს წამოიღებთ, ახდით, დარწმუნდებით, რომ ნამდვილად პრეზიდენტია შიგ და იმავე წუთში თვითმფრინავით დააბრუნებთ ადგილზეო. ამაზე მე კატეგორიული უარი  ვთქვი: როგორ? თუ კაცი გარდაიცვალა, ხომ უნდა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი – თავი მოიკლა, ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა თუ მოკლეს? კიდევ ერთი პირობა შემოგვითვალეს: ვინც ამ ფაქტს შეესწრო, არავინ არ იქნება გამოკითხული, ერთი პირის გარდა, რომელიც გიჩვენებთ, სად არის დაკრძალულიო. ეს წერილი და დადგენილება მოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის სახელით და დღემდე ინახება. ჩვენ ასევე წერილობით ვუპასუხეთ კატეგორიული უარი: მიცვალებული სადაც განისვენებს, იქ იქნება მანამ, სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით. ჩვენს სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს არ ენდობით? კი ბატონო, მაშინ, თქვენ ჩამოიყვანეთ ჩეჩნეთიდან. მათაც არ ენდობით? მართალია, არ გვაქვს საშუალება ბიუჯეტში, ხალხი შიმშილით გვეხოცება, მაგრამ, მსოფლიოში ცნობილ ნებისმიერ ექსპერტებს მოვიწვევთ. ამაზე დაგვთანხმდენენ. მოვიწვიეთ ინგლისიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან – და ჩამოვიყვანეთ თბილისში. ყველანი კრწანისის რეზიდენციაში განთავსდნენ და ველოდებით, რომ ისინიც ჩამოიყვანენ თავიანთ ექსპერტებს. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც იმ დროს ჯანდაცვის მინისტრი იყო. მესამე დღეს გვატყობინებენ, რომ არავითარი საფლავის ჩვენება და არავითარი ექსპერტიზა არ იქნება. ცხონებული გურამ შარაძეც იყო კომისიაში (ჩვენ უნივერსიტეტიდან ვმეგობრობდით). გურამს ვუთხარი: მოდი, ვახტანგ ბოჭორიშვილს ვთხოვოთ ჩვენს კომისიაში შემოსვლა, როგორც დიდი მედიკოსი, ისიც იყოს-მეთქი. წავიდა გურამი  მოსალაპარაკებლად და მოვიდა საღამოს. რა ქენი, გურამ-მეთქი. კაცო, რას ჰქვია, როგორ არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ, ყველაზე დიდი ექსპერტი ამ დარგში აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე გვყავს და, მოდი, თამარიც შევიყვანოთო. ვაჰ, ჩემმა ენამ, – ვფიქრობ, – ახლა ეს ორი მოხუცი სად ვარბენინო სამეგრელოს ტყეებში, არ შემომაკვდნენ გზაში-მეთქი. ჩავრთეთ მაინც კომისიაში. 49 ათასი დოლარი დაჯდა იმ პროფესორების მარტო მგზავრობა. ბოლოს ბოდიში მოვუხადეთ, ავუხსენით, რომ ასეთი მდგომარეობაა, ჩვენც არ გვეგონა, თუ გაგვაწბილებდნენო და უკან გავისტუმრეთ. შევიკრიბეთ ისევ ჩვენ, ავთო მარგიანი დაინიშნა კოორდინატორად. რა ვქნათ? გავგზავნეთ კომისია. მათ გამოგზავნეს კაცი, ვინც იცოდა, სად იყო პრეზიდენტი დაკრძალული. ეს იყო გამსახურდიას დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი. შევთანხმდით იმაზე, რომ მხოლოდ ამოვასვენებთ და გარეგნულ დათვალიერებას მოვახდენთ; არავითარი გაჭრა, მხოლოდ ტყვიის მიმართულებას, ტრაექტორიას დავადგენთ, სად აქვს შემავალი და გამავალი ჭრილობები და თმის პატარა ნაწილს აიღებს ექსპერტ-მედიკოსი, რომ აღდგეს საერთო სურათი. კი ბატონოო. ისინი თავიანთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, ჩვენ კი ჩვენი თვითმფრინავით გავფრინდით სენაკში. მახსოვს, საშინელი თოვლი მოდიოდა, ვერტმფრენიც არ იყო გამართული, კინაღამ ჩამოვცვივდით. დაგვსვეს ჯიხაშკარში. ალბათ, გინახავთ, მეგრული სამზარეულო – ეს არის ძალიან დიდი, ხის ოდა-სამზარეულო, სადაც გამოჰყავთ ლორი, ამზადებენ ელარჯს და მარანი და ყველაფერი შიგნით არის. გვერდით იდგა ორსართულიანი ბრწყინვალე სახლი. მოკლედ, შეგვიყვანეს ამ სამზარეულოში. ერთ კუთხეში სიმინდის ჩალა იყო მიფარებული. ვიფიქრე, პირუტყვი ჰყავთ იქ-მეთქი. გადმოსწიეს ეს ჩალა და გვაჩვენეს – აი, აქ არის დაკრძალული პრეზიდენტიო. გამოიტანეს გარეთ სასახლე და ახადეს – ცოტა ობი ჰქონდა მოდებული. ორი თვე იყო გასული, მაგრამ ძვირფასად იყო შენახული. ვერტმფრენით ბოჭორიშვილი და დეკანოსიძე ვერ წავიყვანეთ, გზაში დაგვეღუპებოდნენ, ამიტომ, სენაკში დავტოვეთ. აეროპორტში სპეციალური მედპუნქტი გაკეთდა, სადაც შეასვენებდნენ, დაათვალიერებდნენ და მოხდებოდა გადაღება. ცხედარი მივიტანეთ, ყველანი იქ ვართ. როგორც კი შეეხო ხელით ბოჭორიშვილი, ხახაზე გვაჩვენა – აქ არის ხვრელიო. ამ დროს, მოვარდა იანდარბიევი და ამხელა კაცს ზურგზე არ დაჰკრა ხელი? – რატომ შეეხეო. ბატონი ვახტანგი მუხლებზე დაეცა. ავთო იოსელიანი იდგა ჩემ გვერდით, ლევან ჩაჩუა და ჯიმი მიქელაძე. ამას მოჰყვა ჩემგან წიხლი მუცელში და ყბაში იანდარბიევს. შენ იცი, ვისზე ასწიე ხელიო? – მეუბნებიან. მე ვიცი, რომ ნაძირალაზე ავწიე ხელი, დაიჭირეთ და შეაგდეთ სენაკის პოლიციაში-მეთქი. ატყდა ამბავი. მერე ვახტანგმა მთხოვა – კარგი, კარგი, დამშვიდდიო. ჩემს სიცოცხლეში ასეთი რამ არავის უკადრებია და ამან რა მაკადრაო, – გაოგნებული იყო კაცი. სხვათა შორის, კოკო გამსახურდიამ გამოსცა მამაზე წიგნი და იქ ერთ-ერთი ექსპერტი იხსენებს ამ ამბავს – ბალუაშვილმა ასე და ასე გაუკეთა იანდარბიევსო.   
– ბატონო ანზორ, როდესაც სასახლე გახსნეს და დაინახეთ პრეზიდენტის ნეშტი,  რა იყო   პირველი, რამაც გაგაოცათ?
– მე მეგონა, ტყვია ხორხში ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ, მერე თამარ დეკანოსიძემ მითხრა, არა, ეს ეგრე ჩანს, თორემ, გამუქებაა, უკვე გაფიტვა იწყებაო. მოკლედ, ინახა ეს შემავალი და გამავალი ხვრელები და ამით დამთავრდა. გვითხრეს: თუ თქვენ გააგრძელებთ ექსპერტიზას, აქ, სამეგრელოში მომზადებულია ჩვენი „სპეცნაზი” და თავს დაგესმხმევიანო. მე ვუთხარი: თუ ღმერთი გწამთ, ახლა აქაც სროლა არ ატეხოთ და მეორე ომი არ დაიწყოთ. აგერ, ბატონო, აქვე დავადასტუროთ, რომ ეს ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ცხედარია; რომ ორივე შემავალი ხვრელი ვნახეთ; მერე, თუ უნდათ, წაიღონ და თვითონ ჩაატარონ ექსპერტიზა და რაც უნდათ ის ქნან-მეთქი. მანანამ დაცვის ბიჭებს უთხრა: ახლა, ბიჭებო, თქვენ უნდა თქვათ, რომ პრეზიდენტს თავი არ მოუკლავსო. კი მაგრამ, თავი თუ არ მოუკლავს, აბა, ჩვენ მოვკალით?! პრეზიდენტი, რომელსაც ლამის სიცოცხლე შევწირეთ, ტყე-ღრეში, უბედურებაში დავყვებოდით, წავიყვანეთ და მოვკალით? ეს როგორო? ყველაზე მეტი სიმამაცე მაინც ბაჩუკი გვანცელაძემ გამოიჩინა. მანანასი ყველას ეშინოდა, თვითონ პრეზიდენტსაც კი. ბაჩუკიმ პირდაპირ უთხრა: შენ, ქალო, ხომ არ გგონია, მოგითმენ; მოგკიდებ ხელს და აქედან გაგაგდებო... რა ვთქვათ, რომ იქ ვიწექით ყველა, შემოვიდა ვიღაც და მოკლა? ვის დავაბრალოთო? მოშორებით პატარა სასტუმროსავით იყო, სადაც გუგუშვილი, გვანცელაძე და კიდევ სხვები ცხოვრობდნენ. მივიდა ცოტნე და უთხრა – შენ დედაჩემს როგორ გაუბედე, უნდა თქვათ, როგორც გითხრათო, – მერე ამოიღო იარაღი, ორჯერ ესროლა გვანცელაძეს და ფეხში დაჭრა. ეს ამბავი გახმაურდა და პრეზიდენტ დუდაევს მოახსენეს. მერე დუდაევი შეხვდა მანანას და უთხრა: ეს ხალხი ჩამოვიდა, ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ თვითმკვლელობაა და ახლა რა ვქნათ, გუგუშვილს ვუთხრათ, თქვენ მოკალითო? ოთხი კაცი იყო და დღესაც, ოთხივე გეუბნება, რომ თავი მოიკლა; ექსპერტიზა გეუბნება, მიბჯნით არის ნასროლიო და, რა უნდა თქვანო?!.

скачать dle 11.3