რა ფერისაა ადამიანის ინტელექტი, გრძნობა და ემოციები და რა როლს ასრულებს აურა ჩვენს ჯანმრთელობაზე
რა არის კარმა, კარმული მისია, რა არის ჩადებული გენეტიკურ კოდში და, საერთოდ, საიდან მომდინარეობს ცნება „კარმა” – ამ საკითხებში გარკვევა ძალიან ბევრს აინტერესებს. უმრავლესობამ არ იცის, რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.
კარმის წარმომავლობის რეალური არსი პირველად დაფიქსირდა ინდუიზმში. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში სიტყვა „კარმა” ნიშნავს „ჩადენილს”. კარმა, რეალურად, ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი მოჰყვება. ამასთან, აზრიც ქმედებად ითვლება. როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ბატონი გოგი ამბობს, კარმას თავისი კანონი აქვს – თითოეული ჩვენი ქმედება ანაბეჭდს მომავალში დატოვებს ან წინ დაგვხვდება.
გოგი: თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე და, შესაბამისად, თავისი დანიშნულება კარგად უნდა გაითავისოს – ეს მას საკუთარი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება. პარაფსიქოლოგების, ეზოთერიკოსებისა და ნათელმხილველების მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი აურის მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია. ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს შორის კავშირს ნათელმხილველები აღწერენ როგორც წვრილ, ვერცხლისფერ ძაფს, რომელიც არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ადამიანი ცოცხალია.
– სიკვდილის შემდეგ რა ხდება?
– სიკვდილი საბოლოოდ ყოფს ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს ერთმანეთისგან. ამ კვლევის უშუალო მონაწილე გახლდით და უამრავ ნათელმხილველთან, მსოფლიოში განთქმულ ეზოთერიკოსთან და მეცნიერთან ერთად ვიკვლევდი ადამიანის აურასა და მისი დაზიანების შედეგებს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ ტექსტებში გვხვდება ინფორმაცია ადამიანის აურის ანუ ბიოლოგიური ველის შესახებ. აქ აღწერილია აურა როგორც ადამიანის ენერგეტიკული ორეული, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას.
– როგორც ვიცი, მას ასტრალურ სხეულსაც უწოდებენ, ასეა?
– დიახ, დასავლეთის ტრადიციების მიხედვით, მას „ასტრალურ სხეულს” უწოდებენ; იოგები – „მანათობელ გარსს”. თანამედროვე მეცნიერება და პრაქტიკა ამტკიცებს ბიოლოგიური ველისა და ასტრალური სხეულის უტყუარ არსებობას.
– ადამიანის აურის დანახვა და მისი გაშიფვრა თუა შესაძლებელია, ანუ, როგორ შეიძლება ის განვსაზღვროთ?
– ფართო მასებისთვის აურა უხილავია, თუმცა ყოველთვის არსებობდნენ პირები, ძლიერად განვითარებული ზემგრძნობიარე შესაძლებლობებით, რომლებიც ხედავდნენ მას. მათ ფსიქოენერგეტიკოსებს უწოდებენ. აურა შეგვიძლია შემდეგნაირად განვსაზღვროთ: ადამიანის ბიოლოგიური ველი ობიექტურად არსებობს; აურის გამოსხივება ვრცელდება 35 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე მანძილზე ადამიანის სხეულიდან, რაც დამოკიდებულია მის როგორც სულიერ და სოციალურ, ასევე, ფსიქოფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ მდგომარეობაზე; აურის ველის ზომები, განსაზღვრულ ოპტიმალურ პირობებში შეიძლება გაიზარდოს 30 მეტრამდე. ყველაზე ძლიერი გამოსხივება მოდის თითებიდან, ხელისგულებიდან და თვალებიდან. სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი დაჟინებულ მზერას. აურის დაზიანება, შესაძლოა, ისეთი დაავადების გამომწვევი გახდეს, რომელიც სწრაფ სიკვდილს იწვევს. აურა ადამიანის ორგანიზმის ფსიქოენერგეტიკული და ბიოინფორმაციული, ტალღოვანი და რეზონანსული ღერძია. ის მართავს როგორც ცალკეულ უჯრედებს, ორგანოებსა და სისტემებს, ასევე, მთელი ორგანიზმის მოქმედებასაც. ეს მტკიცდება იმით, რომ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანები იმ მოკვეთილი ნაწილის ყრუ ტკივილს გრძნობენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახსრის ამპუტაციის შემდეგ, ობიექტის ფსიქო-ბიოენერგეტიკული ფორმა შენარჩუნდება.
– ალბათ, ეს თეორია ბევრისთვის გაუგებარი და ცოტა დამაბნეველი იქნება, ხომ მეთანხმებით?
– დიახ, გეთანხმებით, ეს საკმაოდ რთული გასაგებია. აურა რამდენიმე ველის, ანუ რამდენიმე დონისგან შედგება. ყოველი დონე ასახავს ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრული სტრუქტურისა და ფუნქციის მდგომარეობას. მსგავსი თვისება ფსიქოენერგეტიკოსებს ხელს უწყობს დიაგნოსტიკაში, კერძოდ, შეუძლიათ, ავადმყოფის ბიოლოგიური ველის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრონ ჯადოს, თვალის, შელოცვის არსებობა ან ფსიქოტექნოლოგიური ზემოქმედება. აურის განსაზღვრული ფენები ასახავს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც. მაგალითად, ხშირად გრძნობა და ემოციები აღიქმება ელექტრონული ნაპერწკლების ან ღია ვარდისფერი ნათების სახით. ძლიერ განვითარებული ინტელექტი ოქროსფერ-მოყვითალოა. ადამიანის ყოველ ორგანოს აქვს თავისი დამახასიათებელი ფერი. აურა იცვლება შინაგანი დინამიკური და ბიორიტმების რხევის ან გარეგანი ზემოქმედების შედეგად. ხშირად აურის შეცვლა დადებითი და უარყოფითი გრძნობებისა და ემოციების შედეგია. სიყვარული, სიმპათია, ანტიპათია, სიმშვიდე, სიბრაზე, სიავე, სიძულვილი – ყველაფერი ეს აქტიურად მოქმედებს აურის ცვლილებაზე. თითოეული ჩვენგანი ჩაფლულია ფსიქობიოენერგეტიკული ოკეანის ტალღებსა და რეზონანსულ ვიბრაციაში, თუმცა ამას თავად ვერ აღვიქვამთ. ეს რეზონანსული ტალღები და ვიბრაციები აღიქმება აურის მიერ და ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს ადამიანის გრძნობებს, ემოციებს, აზრებსა და საქციელსაც კი. აურა მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს მთლიანობას, როცა ადამიანი ყოველმხრივ ჯანმრთელია, ანუ, როცა სულიერად, სოციალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად კარგად არის. ძილის, ჰიპნოზისა და კომის მდგომარეობაში გამოიყოფა აურის ნაწილი და ახალი ბიოლოგიური ველი წარმოიქმნება. ხანდახან ეს ველი, რომელსაც „ასტრალურ სხეულსაც” უწოდებენ, დიდი მანძილით შორდება სხეულს. ალბათ, ბევრს განუცდია ფრენის, ვარდნისა და მსგავსი მძაფრი შეგრძნებები ძილში, რაც იმის ნიშანია, რომ მისი ასტრალური სხეული სამოგზაუროდ მიემართება. ნათელმხილველები ასეთი გზით იღებენ ინფორმაციას წარსულსა და მომავალზე – მოვლენებზე, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა ან მომავალში მოხდება.
– მართალია, რომ ადამიანი არაერთხელ მოდის დედამიწაზე და მას კარმული ვალებიც თან დაჰყვება ამ ცხოვრებაში?
– ზოგადად, ყველა ადამიანი კარგი აურით იბადება, არ არსებობს ცუდი აურის მქონე ბავშვი. თუ ადამიანი ბოროტია, მისი აურა ენერგიას კი არ გასცემს, შთანთქავს. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა რთულია. როცა ადამიანთან ურთიერთობა გვიჭირს და ვერ ვხვდებით, რატომ, ეს არის ენერგოვამპირიზმი. ინდური ფილოსოფიით, ადამიანი არაერთხელ მოდის დედამიწაზე, ყოველი მოსვლისას მას კონკრეტული მისია აქვს შესასრულებელი და ამიტომ, ირჩევს ამა თუ იმ სხეულს, ფიზიკურ ფორმას, ადგილს, სადაც უნდა დაიბადოს და თავისი კარმული მისია შეასრულოს. კარმის ნათელი ნაწილია ის ჯილდოები, რომლებიც წინა ცხოვრებაში დავიმსახურეთ, ბნელი ნაწილი კი, ანუ, კარმული ვალი, ისაა, რომელთა გასტუმრების შესაძლებლობა გვეძლევა შემდეგ ცხოვრებაში. შესაბამისად, ამჟამინდელ ცხოვრებაში კარმული ვალების მქონე ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ერთგული, კეთილი და დამთმობი. თუ ის ასე არ მოიქცევა, აუცილებლად სერიოზული პრობლემები შეექმნება. კარმის შეცვლა შეუძლებელია და თითოეულ ადამიანს წინასწარ განსაზღვრული მისია აქვს შესასრულებელი. თუ ადამიანი ამოწურავს მისთვის მიცემულ ყველა შესაძლებლობას და ამ მისიას ვერ ასრულებს, ხშირად ის ზედმეტი ხდება დედამიწაზე და იღუპება.