როდის აღარ აინტერესებს ქალს მამაკაცის შესახებ სიმართლე და რა პრობლემები აქვთ ზედმეტად ემოციურ და შეყვარებულ ქალებს
ძალიან ხშირად, საკუთარ საქციელს ან გაუმართლებელ ნაბიჯს სიყვარულს ვაბრალებთ ხოლმე – მიყვარდა და ყველაფერი ვერ გავთვალეო... უნდა აგოს თუ არა პასუხი ადამიანმა ჩადენილ ქმედებებზე მაშინ, როცა მისი გონება და გული მეორე ადამიანზე ფიქრს აქვს დაპყრობილი?! რა თქმა უნდა, უნდა აგოს, რადგან ჩვენს ქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც ის, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფთა ცხოვრება. ზოგჯერ კი შეცდომის დაშვების უფლება საერთოდ არ გვაქვს...
ლიზა (23 წლის): ჩემზე უკვე ძალიან ბევრი ამბობს, რომ ყოვლად უზნეო, უგულო და უსინდისო გოგო ვარ, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ადარდებს. შეიძლება, შორიდან ასეც ჩანდეს, მაგრამ რეალობა სხვაა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დიდი და ყოვლისმომცველი სიყვარული მარტო წიგნებში და ფილმებში არსებობდა, ოღონდ, ეს არარეალური და გამოგონილი იყო. მეცინებოდა კიდეც ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ჭკუას მარიგებდნენ: აი, შეგიყვარდება და ნახავ – ყველაფერი დაგავიწყდებაო. ვპასუხობდი – მე ასე არ გავსულელდები-მეთქი.
– სიყვარული სისულელეა?
– არა, ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ, ვერ წარმომედგინა სიყვარულის გამო თავის დაკარგვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გრძნობის გავლენით თავის დაკარგვა მხოლოდ ზედმეტად ემოციურ არსებებს სჩვევიათ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე დამემართებოდა ასეთი რამ, მაგრამ, დამემართა ყველაზე ცუდ, წარმოუდგენლად ცუდ სიტუაციაში, იმიტომ რომ, მიყვარს მამაკაცი, რომელსაც არაფერში ვჭირდები და ამის გაცნობიერება მანგრევს, მით უმეტეს, რომ მე მისთვის ყველაფერი დავთმე, ჩემი თავმოყვარეობაც კი...
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ მე ასეთი სიყვარული არ მინატრია. რამდენიმე დღის წინ მან ისე გამოიყვანა, თითქოს მე დავდევდი უკან და მე ვეხვეწებოდი. მაგრძნობინა, რომ არაფერს წარმოვადგენ მისთვის და თავიდანვე მხოლოდ სათამაშო ვიყავი. რეალურად, ამ სამკუთხედში მარტო არ ვყოფილვარ. როგორ წარმოგიდგენიათ?! იმას არ უნდოდა და მე ავეკიდე. ყველა კაცი იტყუება, როცა ამბობს, რომ ქალი ძალით „შეეტენა“ და თვითონ არაფერ შუაში იყო – ძირითადად ეს არგუმენტი აქვთ ცოლებთან თავის გასამართლებლად.
სხვისი ქმარი მართლა არაფერში მჭირდებოდა, არავის ოჯახის დანგრევა და უბედურება არ მინდა. თავიდან არ უთქვამს, ცოლი რომ ჰყავდა, მერე კი უკვე გვიან იყო – ურთიერთობა გვქონდა და მიყვარდა.
– თავს მოტყუებულად გრძნობთ?
– ვგრძნობ. თუმცა, არ ვამბობ, რომ იმ ნაძირალამ მომატყუა, მე კი უწყინარი ბატკანი ვარ-მეთქი, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ერთი რამ მამართლებს – მიყვარს! იმას კი ესეც არ აქვს ნამუსის მოსაწმენდად. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ მის მიმართ რამე პრეტენზია მქონდეს. გული მაქვს ნატკენი და ამაზე გელაპარაკებით... იცით, როგორი დაშაქრული ენით გამომემშვიდობა? ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით. ცოლი რაღაცას ხვდება და, მეშინია, რამე არ აგიტეხოს. ისევ შენ დაცვას ვცდილობ. მიყვარხარ და, ჯობია, მენატრებოდე, ვიდრე საფრთხეში მეგულებოდეო... ერთი სიტყვა არ დამიჯერებია და მხოლოდ ამის მერე მივხვდი, უღირსი კაცი რომ მიყვარს. მე არ ვიცი, სხვა ქალები რატომ აბამენ რომანს ცოლიან კაცებთან – ამ საქმეში ექსპერტად ვერ გამოვდგები, რადგან მე მხოლოდ გრძნობა მამოძრავებდა – გულწრფელად ვამბობ ამას. მერჩივნა, თავიდანვე გულახდილი ყოფილიყო, ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან, ასე ხომ არ მეტკინებოდა?! ახლა კი განადგურებული ვარ და, წარმომიდგენია, რას ეტყვის ჩემზე თავის ცოლს. ალბათ, ქუჩის ქალი გამხადა.
– ეს გაღელვებთ?
– როგორ არ მაღელვებს. იმ ქალს რას ვერჩი, ზუსტად ვიცი, რა წარმოდგენაც ექნება ჩემზე და სრული უფლება აქვს, ასე იფიქროს. რა პრობლემები აქვს თავის ქმართან, ეს ჩემი საქმე არ არის. ფაქტია, რომ მის ცხოვრებაში შევიჭერი. არ გავაკეთებ იმას, რომ მივიდე და ყველაფერი ვუთხრა, რაც იყო და როგორც იყო: როგორ მითხრა მისმა ქმარმა, რომ ჩემთან გატარებული ღამეები არასოდეს დაავიწყდება და რომ ჩემნაირი ქალი არასოდეს ჰყოლია.
– გამორიცხავთ, რომ ცოლსაც იმავეს ეუბნებოდეს, ან კიდევ – სხვა ქალს?
– სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ. მწარე რეალობას უკვე მივხვდი და აღარ მოვტყუვდები, ილუზიებში აღარ ვიცხოვრებ... თავს ისე ვგრძნობ, როგორც ღრმად მოხუცებული ქალი, რომელმაც სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება გაიარა. ყველანაირი გამოცდილება მიიღო და ყველაფერი იცის. ეს ჩემი ტრაგედიაა. შეიძლება, ვიღაცისთვის უმნიშვნელო და სასაცილო, მაგრამ, მეჩვენება, რომ ცხოვრება დასრულდა. მამაკაცები აღარ მაინტერესებს. არადა, ისე კარგად დაიწყო ყველაფერი... ჩემს სიყვარულს ასეთი ბოლო რატომ უნდა ჰქონოდა? ძაღლს ვასეირნებდი პარკში, როცა დავინახე – ბილიკზე დარბოდა მოღიმარი და ძალიან სიმპათიური. მაშინვე მომეწონა. გაჩერდა და ჩემს ძაღლს დაუწყო ყურება. მერე მითხრა. დაკვირვებული ვარ, ლამაზ ქალებს შინაური ცხოველებიც ლამაზები და საყვარლები ჰყავთო. ჩემი ძაღლი არც ისეთი ლამაზია, თუმცა ჯიშიანია, ამიტომ, გამეცინა. გაუკვირდა – თქვენს სილამაზეში გეპარებათ ეჭვიო? ძალიან გამამხიარულა ამ ორაზროვანმა ნათქვამმა... მერე უცებ შემომთავაზა – მოდი, სადმე ყავა დავლიოთო...
– უცხო მამაკაცს ეგრევე დათანხმდით?
– ჰო. ეტყობოდა, რომ ვიღაც ვიგინდარა არ იყო... ყავა დავლიეთ, რაღაცეებს მეკითხებოდა. ტელეფონის ნომერი მივეცი, მანაც მომცა თავისი და იმიტომ არ დავეჭვებულვარ, რომ ცოლი ჰყავდა. ძალიან თავისუფლად იქცეოდა. როცა ჩემი ხმის გაგონება მოგინდება ან ძაღლთან ერთად სეირნობა, მაშინვე დამირეკეო. ისეთი ყურადღებიანი და ინტერესიანი იყო ჩემ მიმართ... მართლა არ ყოფილა ნებისმიერ დროს დარეკვის პრობლემა. მერე გავიგე, რომ, სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ურეკავდა და მისი ცოლი შეჩვეული იყო ხშირ ზარებს – ეს თვითონ მითხრა, როცა ჩემთან ურთიერთობა დაასრულა.
– თუ ცოლის არ ეშინოდა, ურთიერთობა რატომღა დაასრულა?
– ჯერ ერთი, თურმე, ეშინოდა; მეორეც – აღარაფერში ვჭირდებოდი – ყველაფერი მიიღო ჩემგან, რაც უნდოდა, ჩემი გადამეტებული სიყვარული კი უკვე აწუხებდა. სანამ ჩემს გრძნობაში დარწმუნდებოდა, შესანიშნავად ვიყავით ერთად, მაგრამ, როგორც კი შეყვარებული თვალებით დავუწყე ყურება და ეჭვიანობის განცდაც გამიჩნდა, მაშინვე დაფრთხა და მითხრა, ღრმად არ შეტოპო, ცოლი მყავს და მისგან არ წამოვალო. მეხად დამეცა თავზე ეს ამბავი...
– ანუ, რომ გცოდნოდათ, ცოლი ჰყავდა, არ გექნებოდათ მასთან ურთიერთობა?
– არ ვიცი, ახლა ძნელია, ამ კითხვაზე გონივრული პასუხი გაგცეთ, რადგან, ძალიან მიყვარს, საკუთარ თავზე მეტად. იმას რომ არ ეთქვა, უნდა დავშორდეთო, ათი ცოლიც რომ ჰყოლოდა, მაინც ვერ მივატოვებდი. მზად ვიყავი, მის მოლოდინში მეცხოვრა ნებისმიერი სტატუსით... მაგრამ არ ვჭირდები.
– ფაქტია, რომ მის შესახებ სიმართლე თავიდანვე არ გაინტერესებდათ.
– ჰო, არ მაინტერესებდა. ძალიან, ძალიან მიყვარდა და ამიტომ. ჭკუის დაკარგვამდე მიყვარს და მხოლოდ მასზე ვფიქრობ. არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, უცებ რომ დამირეკოს და ურთიერთობის განახლება შემომთავაზოს. ალბათ, მაშინვე უკან გამოვეკიდები. ბევრი მსხვერპლი გავიღე და კიდევ გავიღებ, ოღონდ კი მის გვერდით ვიყო, თუნდაც იშვიათად. ვიცი, რომ ეს სიყვარული არ გამივლის, არადა, აღარ მინდა. მართლა მტანჯავს, მაგრამ, როცა ხარ გრძნობის ტყვეობაში, მისგან გათავისუფლება ადვილი არ ყოფილა.
– ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთია ნამდვილი სიყვარული?
– სადღა შემიძლია რამეზე ფიქრი? მარტო გულით ვგრძნობ და ვხვდები, რომ ძალიან უბედური ვარ, რადგან არ გამიმართლა – მე მიყვარს, მას კი აღარ ვაინტერესებ.