კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაავალა სტალინმა ბერიას, ჰიტლერის უსაფრთხოების დაცვა

1944 წლის 20 ივლისს, შცაუფენბერგისა და ფაშისტური ვერმახტის მაღალჩინოსან სამხედროთა მიერ, ჰიტლერზე განხორციელებული წარუმატებელი ტერორისტული აქტის შესახებ სტალინს სულ რაღაც 2 საათში შეატყობინეს. დიდი ბელადი ამ ცნობას მშვიდად შეხვდა. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ფაშისტური რაიხის დიქტატორი გადარჩა, შვებით ამოისუნთქა და პაპიროსი („ჰერცეგოვინა ფლორცა“) გააბოლა. სუდოპლატოვს, რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და რომელმაც ეს ინფორმაცია პირადად მოახსენა სტალინს, დიდმა ბელადმა მშრალად მიუგო: „ჩათვალეთ, რომ თქვენმა უწყებამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალებას თავი ვერ გაართვა და ჩააგდო, რის გამოც მკაცრ საყვედურს გიცხადებთ, პირად საქმეში შეტანით“. შემდეგ სტალინი ზურგით შებრუნდა, სუდოპლატოვი კაბინეტიდან დაითხოვა და უკვე მოლოტოვს, რომელიც სავარძელში, პატარა მაგიდასთან იჯდა, გადაულაპარაკა: „კიდევ კარგი, რომ ის მტარვალი ვერ მოკლეს, თორემ მთელი გეგმები წყალში ჩაგვეყრებოდა. რომ მოეკლათ, მთელი შეტევის შეჩერება მოგვიწევდა – ანგლო-ამერიკული კოალიცია 180 გრადუსით შეტრიალდებოდა და შეიცვლიდა „პოზიციას“. მოლოტოვმა თავი დაუკრა და ულვაშებში ჩაეცინა, სტალინი კი განაგრძობდა: „ამ დოყლაპია მზვერავებს განსაკუთრებულად დავავალე, რომ ჰიტლერის უსაფრთხოებაზე ეზრუნათ და შესაბამის ინფორმაციებზე ემუშავათ. მათ კი მთქნარების მეტი არაფერი უკეთებიათ, ამხელა შეთქმულების შესახებ ვერაფერი შეიტყვეს. ასეთი რამ, უპირველესად, პირადად ბერიას ბრალია, რადგან მან სათანადოდ ვერ შეძლო დავალების შესრულების უზრუნველყოფა. რომ არა შემთხვევითობა, ჩვენი გეგმების რადიკალურად შეცვალა მოგვიწევდა“. სტალინი გაჩუმდა, ჩიბუხი აიღო ხელში, დატენა და ჩუმად გააბოლა. მოლოტოვმა ამით ისარგებლა და თქვა: „სანამ აქ მოვიდოდი, ბრიტანელი და ამერიკელი ელჩები მეწვივნენ და აღშფოთებას ვერ მალავენ ჰიტლერის გადარჩენის გამო. აშკარად ეტყობათ, რომ მათივე მთავრობებიც ანალოგიურ პოზიციაზე დგანან და არაა გამორიცხული, ისინიც, გარკვეულწილად, მონაწილეობდნენ კიდეც ამ შეთქმულებაში“. სტალინმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მოლოტოვს და დასძინა: „ჩერჩილი, ეს ბებერი, გაიძვერა მელა სულ იმის ცდაშია, მოგვატყუოს და რაიმე გვავნოს. მის წინაშე განსაკუთრებულად ფხიზლად უნდა ვიყოთ. რომ არა ჩვენი სიყოჩაღე, ის ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ შეეკვრებოდა ჰიტლერს და ჩვენ წინააღმდეგ იომებდა. ჩერჩილი განსაკუთრებულად გამოხატული ანტიკომუნისტია და ჯერ კიდევ ოციან წლებში აპირებდა ჩვენს განადგურებას. ხომ გახსოვს, კუდით ქვა რომ ვასროლინეთ ანტანტას ჯარებს, მაშინ ჩერჩილმა ძლივს გაგვასწრო, არ გამიკვირდება, რომ ჰიტლერზე თავდასხმის გეგმა მას წინასწარ სცოდნოდა და არც ბრიტანელთა პირდაპირი მონაწილეობაა გამორიცხული. ჩქარობენ, ჩქარობენ იმ ტირანის მოკვლას ჩვენი მოკავშირეები და მათ ამის საშუალებას თუ მივცემთ, ჩათვალე, რომ წამგებიან პოზიციებზე უნდა დავრჩეთ. რაც მთავარია, გერმანია თავის სამხედრო პოტენციალს შეინარჩუნებს და სულ რაღაც 4-5 წელიწადში კვლავ შემოგვიტევს“. სტალინი რომ გენიალური სტრატეგი და წინმხედველი პოლიტიკოსი იყო, ამ ფრაგმენტიდანაც მშვენივრად ჩანს. ახლა უკვე (საუბარია 1971 წელზე, ანუ ეს ის თარიღია, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა) ისტორიულადაა ჩვენთვის ცნობილი, თუ როგორ ცდილობდა ბრიტანულ-ამერიკული პოლიტიკა პოსტჰიტლერული მთავრობის მოყვანას, მათთან კავშირს და შემდგომ უკვე, ერთიანი ძალებით, საბჭოთა კავშირზე იერიშის მიტანას. მაშინ, ამ ვითარებაში ასეთ რამეს ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. თუმცა, ეს სტალინმა იმთავითვე გააცნობიერა და სათანადო ზომებსაც მიმართავდა. დიდმა ბელადმა კარგად უწყოდა, რომ 1944 წლის ივლისში ფაშისტური პოტენციალი მხოლოდ სანახევროდ იყო განადგურებული (მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწასთან იყო გასწორებული) და ზავი მხოლოდ და მხოლოდ გერმანული მილიტარიზმის აღორძინებას შეუწყობდა ხელს, რაც სულ მოკლე ხანში ასმაგად შემოგვიბრუნდებოდა. ცოცხალი ჰიტლერი სტალინს მხოლოდ და მხოლოდ ფაშიზმის, გერმანული მილიტარიზმის გასანადგურებლად სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ დაავალა პირადად ბერიას გერმანელი დიქტატორის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მან მშვენივრად იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც ჰიტლერის პირად წარმომადგენელს უარი უთხრეს ყოველგვარ მოლაპარაკებებზე, ფაშისტი მმართველი ბოლომდე იბრძოლებდა. სწორედ აქ იყო დამარხული ძაღლის თავი... რადგან იმ პერიოდისთვის ჩვენ უკვე ყველანაირი უპირატესობა გაგვაჩნდა, პოტენციალს ყოველდღიურად ვზრდიდით და ფაშიზმის დამარცხება გარდაუვალი იყო. ასეთი გათვლები, რა თქმა უნდა, ანგლო-ამერიკელებისთვისაც ცნობილი იყო და სწორედ ამიტომ ესწრაფვოდნენ ჰიტლერის მოშორებას, რათა წითელი არმია არ შესულიყო ევროპაში და დაპყრობილი ერები არ გაეთავისუფლებინა. უპირველესად, ყოველივე ეს, იდეოლოგიათა ბრძოლა იყო და არავის სურდა ბურჟუაზიიდან, რომ კომუნისტური იდეოლოგია გაბატონებულიყო ევროპაში. საკმაოდ პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ, ცოცხალი ჰიტლერი სტალინმა საკუთარი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად, კერძოდ კი, ევროპის გასაკომუნისტებლად გამოიყენა. ამგვარად, ჰიტლერი – მწვავე ანტიკომუნისტი, დიდი ბელადის ხელში ევროპის გაწითლების (სტალინის ტერმინი) მთავარ იარაღად იქცა. ეს სტალინმა სხვებზე უკეთ იცოდა და დეტალურად ჰქონდა გააზრებული – ამიტომაც დაავალა ასე საგანგებოდ ბერიას ჰიტლერის უსაფრთხოების დაცვა და შესაბამისად, გაბრაზდა, ტერაქტის შესახებ რომ შეიტყო, რის გამოც საკმაოდ მკაცრად შერისხა ის. სუდოპლატოვის გასტუმრებისა და მოლოტოვთან საუბრის შემდეგ, სტალინს ბერია ეახლა, რომელიც, როგორც ეტყობა, წინასწარ იყო ინფორმირებული სტალინთან მოსალოდნელი საუბრის შინაარსზე. ამიტომ, ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაძაბული იყო. ბერია რომ შევიდა, სტალინი ფანჯარასთან იდგა და ჩიბუხს აბოლებდა, კარგა ხანს არც ხმა ამოუღია და არც შემობრუნებულა. ბერია ხესავით ფესვგამდგარი იდგა კაბინეტის შუაში და დუმდა. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ, სტალინი ფანჯარას მოსცილდა, შემდეგ ტელეფონის ყურმილს დასწვდა და ჩაილაპარაკა: „ამხანაგო მოლოტოვო, პოლიტბიურო შეკრიბე ერთ საათში, უმნიშვნელოვანესი საკითხია განსახილველი!“ ყურმილი დაკიდა. ბერიას, რომელიც კვლავ გაუნძრევლად იდგა, სტალინი თითქოს ვერ ამჩნევდა და ჩიბუხის მოწევას განაგრძობდა. შემდეგ, თავი ასწია, ბერიას გამჭოლი მზერით შეხედა და წარმოთქვა: „ლავრენტი, აქ როგორ გაჩნდი, როდის შემოხვედი ასე შეუმჩნევლად? თუმცა, შენ ხომ ფარული მოქმედების დიდოსტატი ხარ. ასე არაა? ხომ არ ვტყუი? რა ჩუმად ხარ, ხმა ამოიღე!“ ბერია თევზივით დუმდა და სტალინის დაცინვას მორჩილად იტანდა. დიდი ბელადი კი განაგრძობდა: „შენ არა მხოლოდ ფარული მოქმედება შეგიძლია, არამედ ჩემს დავალებებსაც ბრწყინვალედ ართმევ თავს, საყვედური არ მეთქმის. ის კი არა და, ვფიქრობ, დაგაჯილდოვო კიდეც. შენ ხომ მშვენივრად შეასრულე ჰიტლერის დაცვის ოპერაცია და ბომბმა მას მხოლოდ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა. ეს, რა თქმა უნდა, შენ მიერ მიღებული ზომების წყალობით მოხდა და ახლა ფაშისტი დიქტატორი შენს სადღეგრძელოს სვამს!“ საბჭოთა უშიშროების მრისხანე შეფი ყოვლად უძლური იყო დიდი ბელადის კრიტიკის წინაშე და, როგორც მოგვიანებით გაუმხილა თავის მოადგილე გოგლიძეს – სტალინთან იმ საუბრისას 20 წლის სიცოცხლე დამაკლდაო. სტალინი, თანდათან დაცხრა, თუმცა ხელი არ აუღია ბერიას დასჯაზე და პოლიტბიუროს იმავე დღის სხდომაზე, მას მკაცრი საყვედური გამოუცხადა. ამასთან, საბჭოთა საგარეო პოლიტიკის დამუხრუჭებასა და ლამის სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი.
სტალინის წინადადებით, პოლიტბიურომ გადაწყვიტა, ბერიასთვის საგარეო დაზვერვის კურატორის ფუნქციები ჩამოერთმია და საკითხი დააყენეს (თუმცა ის ღიად, განუხილველი დატოვეს), ბერიას უშიშროების მინისტრის პოსტიდან გადაყენების თაობაზე. პოლიტბიუროს გადაწყვეტილება უმძიმესი დარტყმა იყო ბერიას პრესტიჟზე. თუმცა, მან ეს არ შეიმჩნია და საკმაოდ ღირსეული გამომეტყველებით დატოვა პოლიტბიუროს სხდომა. არაერთხელ აღმინიშნავს ბერიას სისასტიკისა და ვერაგობის შესახებ, რაც სულ რაღაც ხუთ დღეში დადასტურდა კიდეც. ამ სხდომის შემდეგ ბერიამ, რომელსაც (მიუხედავად გარკვეული ფუნქციების ჩამორთმევისა) ჯერ კიდევ განუხრელი ძალაუფლება გააჩნდა თავისი მმართველობის ქვეშ მყოფ სისტემაში, ვერაგული მაქინაცია ჩაიფიქრა და განახორციელა – საბჭოთა საგარეო დაზვერვის ერთ ჯგუფს ჯერ ჰიტლერზე თავდასხმის დეტალური გეგმა მოამზადებინა, თავისი ყველა საჭირო ატრიბუტიკით (იარაღი, გეგმა, კონსპირაციული ბინები და ასე შემდეგ), შემდეგ კი მთელი ეს ინფორმაცია „გესტაპოს“ გადასცა და მათ ჰიტლერზე შეთქმულება გაახსნევინა. საინტერესო დეტალია ისიც, რომ ყველა საბჭოთა მზვერავი გერმანულ-პოლონური წარმოშობისა იყო, რათა სტალინს არ გაეშიფრა ბერიას ჩანაფიქრი და რუსი ეროვნების ტერორისტებში ბერიას ხელწერა არ ამოეცნო. ამ აქციით ბერიამ ნაწილობრივ დაიბრუნა სტალინის კეთილგანწყობა. თუმცა, საგარეო დაზვერვა კვლავ სხვის ხელში იყო.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3